რას ნიშნავს ავღანეთიდან ამერიკის გასვლა საქართველოსთვის?ქართველებმა დასავლეთთან ერთგულების დასამტკიცებლად საუკეთესო საშუალება დაკარგეს. „ჩვენ აუცილებლად თქვენთან უნდა ვიყოთ,“ - ეს სიტყვები ამ სტატიის ერთ-ერთ ავტორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა უთხრა და ის ზუსტად აღწერს დილემას, რომლის წინაშეც საქართველო უკვე დადგა შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2004 წელს საქართველო ამერიკის გვერდით დადგა ერაყის კოალიციაში. მას შემდეგ ქვეყანა მუდმივად ამაყობს საკუთარი როლით ნატოს თუ ამერიკის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ამყარებს საქართველოს იმიჯს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევების სრულფასოვანი მონაწილის. აღნიშნული ფაქტორი თბილისის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, ყოველ შემთხვევაში, 2004 წლიდან მოყოლებული ნამდვილად.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო მისიებში. მაგალითად, 2007 წელს ერაყში 2000 ქართველი სამხედრო იყო მივლენილი, რაც მას, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მესამე ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყნად აქცევდა. თანაც ეს იმ დროს, როდესაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ნატოს წევრმა ქვეყნებმაც კი დაიწყეს საკუთარი სამხედროების დაზოგვა. ამ დროს ქართველები მოქმედებდნენ ყოველგვარი დათქმების გარეშე და შეიძინეს კიდეც შესაბამისი რეპუტაცია აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლებში.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეჭრამ საქართველოში თბილისი აიძულა ერაყიდან საკუთარი ძალები გაეყვანა, თუმცა ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ქართველები ისევ დადგნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით, ამჯერად ავღანეთში.
2012 წლისთვის ქართული კონტინგენტის რიცხოვნობამ ავღანეთში 1 570 სამხედროს მიაღწია. ქართველი ჯარისკაცები სრული სპექტრის ოპერაციებს ატარებდნენ და თანაც ავღანეთის ყველაზე სახიფათო რეგიონებში. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ნატოს ეგიდით წარმოებული საბრძოლო მისია დასრულდა. ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო დარჩა. მათ უსაფრთხოების ხელშემწყობი მისია განაგრძეს და მსახურობდნენ როგორც ინსტრუქტორებიც. ავღანეთის მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი მონაწილე გახდა, რაოდენობრივად კი მეოთხე კონტრიბუტორად. საერთო ჯამში ავღანეთში 22 175 ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა და 8 495-მა ერაყში.
ავღანეთის მისიის დასასრული მხოლოდ ერთია იმ მიზეზებს შორის, რაც ქართულ პოლიტიკურ ელიტას აშინებს, რომ ნატოში გაწევრების იმედი, რომელიც ისედაც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, კიდევ უფრო არ გაფერმკრთალდეს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულება ნიშნავს, რომ აღარ ჩატარდება ავღანეთში გადასროლის წინა წვრთნებიც. შესაბამისად, უახლოეს თვეებში საქართველოდან გავლენ ის საზღვაო ქვეითები, რომლებიც 2010 წლიდან მოყოლებული მუდმივად იდგნენ საქართველოში. ამით ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ამ მიმართულებასაც წერტილი დაესმება.
2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაც“, რომელმაც 2018 წლის მაისში დაიწყო და მიზნად ისახავდა ცხრა ქართული მსუბუქი-ქვეითი ბატალიონის გადამზადებას. GDRP-ზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამერიკის მიერ საქართველოში წამოწყებული ყველაზე ამბიციური სამხედრო პროგრამა. ის შექმნილია ქვეყნის თავდაცვის ძალების გასაწვრთნელად და უშუალოდ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად.
GDRP შეიცავს კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს, დაეხმაროს საქართველოს იმ შესაძლებლობების შენარჩუნებაში, რომელიც მას აშშ-მა მიაწოდა. სიგნალი, რომელსაც ამერიკული პროგრამა თბილისს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის განვითარების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ უგზავნის, უდავოა.
პროგრამის დასრულება, იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვის ავღანეთის მისიის შეწყვეტაც, სერიოზულად აშფოთებთ საქართველოში. მართალია, ვაშინგტონი და თბილისი მუშაობენ მომდევნო პროგრამებზეც, თუმცა ის საუკეთესო შემთხვევაში 2022 წლის შემოდგომამდე არ დაიწყება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თეთრი სახლისგან საბოლოოდ მიიღებს მწვანე შუქს. თბილისის შეშფოთება გასაგებია. ქვეყნის მმართველებს ეშინიათ, რომ მათი თანამშრომლობა ნატოსთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ერთ ადგილზე გაიყინება.
მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს ძალისხმევა ნატოს შიგნით საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ. ქართველები ყოველთვის ეძებენ ახალ საშუალებებს, სადაც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ იყვნენ სასარგებლონი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ამერიკას და საქართველოს უკვე გააჩნიათ თანამშრომლობის ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილება.
ქვემოთ გთავაზობთ ხუთ გზას, როგორ შეუძლია საქართველოს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი როლის თამაში სამომავლოდაც.
1. საქართველო შესაძლოა მიიწვიონ ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ ბატალიონში, რომელიც პოლონეთში ნატოს „გაძლიერებული მოწინავე განლაგების“ (Enhanced Forward Presence) ინიციატივის ფარგლებში დგას. მართლია ნატოს არაწევრ ქვეყანას დღემდე მასში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა თუკი ქართველებს შეუძლიათ ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) სამსახური, უნდა მიეცეთ შანსი, მონაწილეობა მიიღონ ასევე EFP-შიც.
2. ქართველების მიწვევა შეიძლება ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვის შესაძლო მისიაში. ნატოს უკანასკნელ სამიტზე ბრიუსელში თურქეთმა დაადასტურა, რომ მზადაა დარჩეს ავღანეთში უფრო დიდი ხნით, რათა უზრუნველყოს ქვეყნის უმთავრესი აეროპორტის უსაფრთხო მუშაობა. საქართველოს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააჩნია. ვფიქრობ, საქართველოსთვის სრულიად ლოგიკური იქნებოდა ქაბულის მისიაში მონაწილეობაც.
3. საქართველო შეიძლება მიიწვიონ ნატოს მიერ დაგეგმილ ერაყის სასწავლო მისიაში. როგორც ზემოთ ვწერდით, საქართველოს წლების განმავლობაში შეჰქონდა წვლილი ერაყის სახელმწიფოს უსაფრთხოებაში. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2021 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ერაყში საკუთარი სასწავლო მისიის გაფართოებას გეგმავს 400-დან 4000 ინსტრუქტორამდე, რისი მიზანიცაა, ერაყის უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობათა გაძლიერება.
4. შესაძლებელია საქართველო მიიწვიონ ოპერაციებში, რომლებიც სპარსეთის ყურეს უსაფრთხოებისთვის ტარდება. 2008 წელს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად სრულად განადგურდა რუსების ხელით. მას მერე ქვეყანა ნაცვლად ფლოტის აღდგენის მცდელობისა, აქცენტს აკეთებს სანაპირო თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებაზე. ამის მიუხედავად საქართველოს ნამდვილად შეუძლია სააბორდაჟო ჯგუფების გაგზავნა, რომელთა განთავსება ამერიკულ გემებზე შეიძლება. მსგავსი ვარიანტი, არატრადიციულია, თუმცა წარმოადგენს ერთგვარ შემოქმედებით მიდგომას, თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში.
5. დაბოლოს, შეიძლება საქართველოს შეთავაზების მიღება, რათა ქვეყანა ნატოს ძალების სასწავლო ცენტრის ადგილსამყოფელად იქცეს. ნატო-საქართველოს ერთობლივი მზადებისა და შეფასების ცენტრი თბილისთან ახლოს ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის შესაფერის გარემოს სთავაზობს, სადაც ნატოს ძალებს შეუძლიათ წვრთნების გამართვა ევროპის რიგ ქვეყნებსა თუ ამერიკაში არსებული შეზღუდვის გარეშე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ მაღალი შეფასება დაიმსახურა გერმანელი სამხედროებისგან ავღანეთიდან, კერძოდ ბაზა „მარმალიდან“ ბუნდესვერის ქვედანაყოფების და ტექნიკის გაყვანაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკუთარ ტეროტორიაზეც შეუძლია ნატოს ძალების მიღება და დახმარება.იმისთვის, რომ აღნიშნულმა შეთავაზებებმა იმუშაონ, ვაშინგტონში, ბრიუსელსა და თბილისში აუცილებელია ნამდვილი პოლიტიკური ლიდერების მუშაობა და შემოქმედებითი მიდგომა. თბილისში იციან, რომ მისი წევრობა ალიანსში უფრო მეტად პოლიტიკურ საკითხადაა ქცეული, რადგან ქვეყანამ დიდი ხანია შეასრულა ან გადააჭარბა ყველა იმ სამხედრო დათქმას, რასაც ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ გაწევრიანების პრეტენდენტებისგან მოითხოვდა. ქართველ ლიდერებს ესმით ისიც, რომ ნატოსთან ერთად ოპერაციებში მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხედველობის არეში დარჩეს.
თბილისის აზრით, ნატოს ოპერაციებში მისი თავდაცვის ძალების ჩართვა აუცილებელია, თუმცა ეს მაინც ვერ გახდება გარანტია, რომ ქვეყანას წევრობას შესთავაზებენ. მეორე მხრივ, თუკი თბილისი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს თითქმის იქნება იმის გარანტია, რომ მას არც არასდროს მიიწვევენ გასაწევრებლად. საქართველოში განსაკუთრებით აფასებენ იმ განსაკუთრებულ თანამშრომლობას, რომელიც ამერიკელ და ქართველ სამხედროებს შორის ჩამოყალიბდა ათეულობით წლის განმავლობაში ერთობლივი წვრთნებისა თუ საომარ მოქმედებებში გვერდი-გვერდ მოქმედებებისას.
საქართველო საშიშ სამეზობლოშია, რუსეთი კი თავის მხრივ მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველომ თავდაცვის მიმართულებით სერიოზული რეფორმები ჩაატარა და აგრძელებს უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობას ბევრად უფრო ინტენსიურადაც კი ვიდრე ნატოს ბევრი წევრი ქვეყანაც კი. სწორედ ამიტომ არის საჭირო, შეერთებულმა შტატებმა იმუშაოს ნატოში და დაარწმუნოს წევრი ქვეყნები, რომ საქართველო რჩება გაწევრიანების გზაზე და განაგრძობს თავდაცვის ძალების შესაძლებლობათა განვითარებას.
წყარო: defenseone.com
ავტორები:
რობერტ ჰემილტონი. ფილოსოფიის დოქტორი. ამერიკის არმიის ომის კოლეჯის ევრაზიული კვლევების პროფესორი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი
ლუკ კოფი. დაგლას და სარა ელისონების სახელობის ჰერითიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
გამოქვეყნებულია: 17.07.2021
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
https://www.facebook.com/permalink.php?stor...172533996144609 This post has been edited by jangula on 21 Jul 2021, 09:50