ირაკლი კობახიძის განცხადებით, მკაფიო ნიშნებია, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება.
ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე: ფინანსური ნაკადები კიევიდან მოდის? -კობახიძემ უპასუხა: „როგორც ამბობენ ხოლმე „თბილა“, ცნობილი თამაშიდან, შეიძლება „ცხელა“ კიდეც. ხო, ნიშნები ამის მკაფიოდ არის!“
„ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა საქართველოში თებერვალში. იქაც გვაქვს ლოგიკური დასკვნები ჩვენ ინფორმაციაზე დაფუძნებით. ლოგიკური დასკვნები ძალიან კარგად უკავშირდება დაფინანსების წყაროებსაც“, - აღნიშნა კობახიძემ.
დეტალებზე კობახიძეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ „ამის დროც მოვა“.
„მარტივი კითხვა მინდა დავსვა - აქამდე ხომ გასწევს ეს პარტია ხარჯებს? ოფისები აქვთ, რეკლამაში ფულს ხარჯავენ, „ფეისბუქზე“ არეკლამებენ. თქვენ იცით ვინ არის ამის დამფინანსებელი? მათ აქვთ დეკლარირებული მაგალითად, რომ პარტიაში ფულის შემტანები არიან მათივე დეპუტატები, რაც ღიმილის მომგვრელია. ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად დაფინანსების წყარო აბსოლუტურად სხვა არის. ფული აქვთ, რაც ვერ იქნება რამდენიმე ადამიანის, პოლიტიკოსის მხრიდან. ყველას შეუძლია დაფიქრდეს, ვინ არის ეს წყარო. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია გვაქვს და რაღაც მომენტში ამის გასაჯაროებაც არ იქნება ცუდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
* * *
ირაკლი კობახიძე - გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო "ბოლი"
გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო "ბოლი" - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა.
მან უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა თბილისში, მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძესთან ერთად ვიხილოთ გიორგი გახარიას კანდიდატურაც. კობახიძის თქმით, თბილისში მეორე ტური არ იქნება.
„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.
მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.