Forbes Georgia-მ, თავისი 15-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ქვეყნის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი წარადგინა. ეს არ არის მხოლოდ ციფრების ერთობლიობა - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდა.
"ახალი თავი Forbes Georgia-ს ისტორიაში: თქვენ წინაშეა საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი. ჩვენ უკვე 15 წელია, ვწერთ მდიდარ ადამიანებზე, თუმცა ქვეყნის კერძო კაპიტალის ზუსტი საზომი ფართო საზოგადოებისთვის პირველად ხდება ხელმისაწვდომი", - წერს გამოცემა.
რეიტინგის მიხედვით, ასეულში შემავალი ადამიანების ჯამური ქონება 60.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 60%-ია. საინტერესოა, რომ სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ სიის სათავეშია - პირველი ხუთეული მთლიანი ქონების თითქმის ნახევარს ფლობს.
Ambebi.ge უმდიდრესი ქართველების სიიდან 10 მილიარდერის შესახებ გიამბოთ, რომელთა გავლენა ქართულ ბაზარზე ძალიან დიდია:
1. მიხეილ ლომთაძე - უპირობო ლიდერი
სიის სათავეში 15.8 მილიარდი ლარით მიხეილ ლომთაძე მოექცა. ყაზახური ციფრული გიგანტის, "კასპის" (Kaspi) CEO და თანადამფუძნებელი, გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს. ბათუმში დაბადებულმა ბიზნესმენმა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო, კაპიტალი ყაზახეთში დააგროვა. საინტერესოა, რომ ის ახლა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "უიკომბ უონდერერსსაც" ფლობს.
2. ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი
მეორე ადგილზე 7.2 მილიარდი ლარით ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონება, რომელიც ძირითადად ინვესტიციებიდან მოდის, გლობალურ სიაში 1362-ე პოზიციას შეესაბამება. სტატიაში ნახსენებია მისი ცნობილი ფრაზაც: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება. ორასი მილიონი საკმარისია. დანარჩენი მხოლოდ სპორტია".
3. გიორგი ჯოხთაბერიძე - 2.76 მილიარდი ₾
"მაგთიკომის" დამფუძნებელი მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ტელეკომუნიკაციების სფეროს ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის სიძე, ბიზნესის გარდა, ხელოვნების უმსხვილესი კოლექციონერია. მისი ოჯახის კოლექციიდან 3500-მდე ნამუშევარი მის მიერვე დაფუძნებულ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
4. ირაკლი რუხაძე - 2.22 მილიარდი ₾
"ლიბერთი ბანკის", "მაგთის" წილისა და "რუსთავის ფოლადის" მფლობელი მეოთხე ადგილზეა. რუხაძე, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია, კაპიტალს მრეწველობასა და ფინანსურ სექტორში აკონტროლებს. რუხაძე 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ "იმედს“, რომელიც დღემდე წაგებაზე მუშაობს
5. თემურ ჭყონია - 1.74 მილიარდი ₾ (კოკა-კოლა და მაკდონალდსი)
თემურ ჭყონია ერთადერთი ბიზნესმენია, რომელმაც მოახერხა და Gen-Z თაობისთვის "ქულ" ტიპად იქცა. ის ფლობს "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 87%-ს და "მაკდონალდსის“ 90%-ს. მისი ბიზნესი 1993 წლიდან იწყება, როცა საქართველოში პირველი "კოკა-კოლა" ჩამოასხეს. ჭყონია იმდენად პოპულარულია, რომ 2024 წელს TikTok-ზე სიმღერაც კი მიუძღვნეს: "ყველაზე მაგარი კაცი არი თემური / Gen-Z თაობისგან ასიანი ქებული“.
6. პაატა კურტანიძე - 1.56 მილიარდი ₾ (ავერსი)
"ავერსის“ დამფუძნებელი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. მისი იმპერია მოიცავს ქვეყნის მე-10 ყველაზე შემოსავლიან სააფთიაქო ქსელს, ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი რაციონალს“ და კლინიკების ქსელს, რომელიც მოგების მიხედვით საქართველოში მესამე ადგილზეა.
7. გიორგი რამიშვილი - 1.48 მილიარდი ₾ (სილქ როუდ ჯგუფი)
გიორგი რამიშვილი, "სილქ როუდ ჯგუფის“ მმართველია. მის პორტფელშია "სილქნეტი“, რომელმაც თავის დროზე "ჯეოსელი“ შეიერთა, ასევე ფეშენებელური სასტუმროები: "რედისონ ბლუ ივერია“ და "ტელეგრაფი“. საინტერესო ფაქტი: 2010-იანებში ის დონალდ ტრამპთან ერთად საქართველოში "ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, თუმცა პროექტი ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუქმდა.
8. კახაბერ ოქრიაშვილი - 1.14 მილიარდი ₾ (PSP)
ოქრიაშვილი PSP-ს აქციების 95%-ს ფლობს. გარდა წამლების ბიზნესისა, ის პოლიტიკური "რეკორდსმენია" - 20 წლის განმავლობაში პარლამენტის ხუთი მოწვევის წევრი იყო. საინტერესოა მისი პოლიტიკური გზა: ის დეპუტატის მანდატს ფლობდა ჯერ "ნაციონალური მოძრაობიდან“, შემდეგ "ქართული ოცნებიდან“, ბოლოს კი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა.
9. ხვიჩა მაქაცარია - 1.13 მილიარდი ₾ (თელასი, თბილისი ენერჯი)
ხვიჩა მაქაცარიასთან ფლობს წილებს "თბილისი ენერჯისა“ და "თელასში“, რომლებიც დედაქალაქის ენერგომომარაგების მონოპოლისტები არიან. 2022 წელს მან მობილური ოპერატორი "სელფი მობაილიც“ (ყოფილი "ბილაინი“) შეიძინა.
10. გია გორგოშაძე - 1.04 მილიარდი ₾ (გორგია)
გია გორგოშაძე "გორგიას“ ერთადერთი მფლობელია - რეგიონის უმსხვილესი კომპანიისა მშენებლობისა და რემონტის დარგში, რომელიც 1998 წელს დაარსდა და ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ჯამში 13 ფილიალს მართავს.
11. ვახტანგ კარიჭაშვილი, ქონება (მილიონი ₾): 835,32
წყარო: ქართული სპირტი
სფერო: ალკოჰოლური სასმელები
ასაკი: 53
ვახტანგ კარიჭაშვილი 80%-იან წილს ფლობს 2017 წელს დარეგისტრირებულ შპსში „კ და ქართული სპირტი“. კომპანია და მასთან დაკავშირებული საწარმოთა ჯგუფი საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებს, აწარმოებს ღვინოსა და საკონიაკე სპირტს. ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.
12. მაკა ასათიანი, ქონება (მილიონი ₾): 806,56
წყარო: TRADE STONE IBERIA
სფერო: ავტოინდუსტრია და ვაჭრობა
ასაკი: 52
მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მფლობელობაში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა. მათ შორისაა „მერსედეს-ბენც ჯორჯია“ (შპს „აკა”),
რომელსაც ასათიანი დასთან და დედასთან ერთად ინაწილებს და უძრავი ქონების კომპანია შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“. ამ უკანასკნელის გავლით ასათიანი 30%-ს ფლობს ყულევის ახალი ნავთობტერმინალის ოპერატორ „ბლექ სი პეტროლიუმში“, რომელმაც
ოქტომბრიდან რუსეთიდან შემოტანილი ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყო.
13. ლევან ფხაკაძე, ქონება (მილიონი ₾): 791,73
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 52
ლევან ფხაკაძე დივერსიფიცირებულ პორტფელს ძმასთან, სოსო ფხაკაძესთან ერთად ფლობს. ის მოიცავს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, სარეკლამო კომპანია „ალმას“ და „ვ-ჯეო რესტორნებს“, რომელიც აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტების ქსელებს
– „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. თუ კომპანიების უმეტესობაში ძმები აქციებს თანაბრად იყოფენ, „ვისოლში“ 7%-ით დიდი წილი ლევანს სოსოზე მდიდრად აქცევს.
14. სოსო ფხაკაძე, ქონება (მილიონი ₾): 767,24
წყარო: ალმა
სფერო: ავტოგასამართი სადგური და გარე
რეკლამა
ასაკი: 54
სოსო ფხაკაძეს ძმასთან, ლევან ფხაკაძესთან ერთად, დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს – მას ეკუთვნის 31%-იანი წილი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ და აქციების 50% სარეკლამო კომპანია „ალმასა“ და „ვ-ჯეო რესტორნებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს სწრაფი
კვების ობიექტების ქსელებს – „ვენდისს“, „საბვეისა“ და „დანკინ დონათსს“. სოსო ფხაკაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტიცაა, რომელიც მსხვილი კომპანიების ინტერესებს იცავს.
15. მინდია საბანაძე, ქონება (მილიონი ₾): 766,98
წყარო: სითი მოლი
სფერო: უძრავი ქონება
ასაკი: 55
მინდია საბანაძე ფლობს „აი ჯი დეველოპმენტს“, რომელიც ოქტომბერში „ფორბსმა“ ყველაზე ძვირადღირებულ უძრავი ქონების მართვის კომპანიად დაასახელა. „აი ჯი დეველოპმენტს“ ეკუთვნის „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.
16. თემურ კოხოძე, ქონება (მილიონი ₾): 758,27
წყარო: თეგეტა
სფერო: ავტოინდუსტრია
ასაკი: 67
თემურ კოხოძის ყველაზე მსხვილი ბიზნესი კომპანია „თეგეტა მოტორსია“, სადაც აქციების 92%-ს ფლობს. „თეგეტა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე მცირე მაღაზია იყო. 2025 წელს „ფორბსმა“ „თეგეტა“ საქართველოს მე-6 ყველაზე შემოსავლიან კომპანიად დაასახელა. მათი საქმიანობა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოიცავს. კოხოძე პარლამენტარი იყო 2008-2012 წლებში.
17. მამუკა ტოგონიძე, ქონება (მილიონი ₾): 740,15
წყარო: თელასი
სფერო: კომუნალური სერვისი
ასაკი: 52
მამუკა ტოგონიძეს 25%-იანი წილი ეკუთვნის კომპანია „თბილისი ენერჯიში“, რომელსაც მონოპოლია აქვს საქართველოს დედაქალაქის გაზით მომარაგებაზე.
18. მამუკა ხაზარაძე ქონება (მილიონი ₾): 732,28
წყარო: თიბისი ბანკი
სფერო: ფინანსები და დეველოპმენტი
ასაკი: 59
მამუკა ხაზარაძე TBC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციების 10%-ის მფლობელია. 1992-2019 წლებში იყო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მას ასევე ეკუთვნის კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ 25%-იანი წილი. 2019 წელს პოლიტიკაში გადაინაცვლა – დააფუძნა პარტია „ლელო“. იყო პარლამენტის წევრი 2020-21 წლებში.
19. გიორგი დიასამიძე, ქონება (მილიონი ₾): 600,03
წყარო: თოდუას კლინიკა
სფერო: ჯანდაცვა
ასაკი: 27
გიორგი დიასამიძეს უკუთვნის თოდუას კლინიკა, რომელიც ბაბუამისმა, ფრიდონ თოდუამ, 1991 წელს დააარსა. თოდუას კლინიკას ამჟამად სამი ფილიალი აქვს თბილისში.
20. დავით ბეჟუაშვილი ქონება (მილიონი ₾): 593,36
წყარო: ჯიაიჯი
სფერო: დივერსიფიცირებული
ასაკი: 57
დავით ბეჟუაშვილი 1994 წელს დაარსებული „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ჰოლდინგის მმართველობაში მრავალფეროვანი პორტფელია, რომელიც მოიცავს კომპანიებს 10-ზე მეტი ინდუსტრიიდან, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ასეულის დანარჩენი წევრები აქ
https://forbes.ge/saqarthvelos-100-umdidresi-metsarme/ასეულში 12 ქალია: მაკა ასათიანი, ევროპროდუქტი მფლობელი ნინო ბრეგვაძე, ანაგის მფლობელი ნანა აროშიძე, ბეთლაივის მფლობელი ნანა ჯანაშია, რიკო კრედიტის მფლობელი დალი ურუშაძე. პეის ჯორჯიას მფლობელი ლაურა ლარიონი, ნიკორას თანამფლობელები თალიკო ცირეკიძე და მაკა სალუქვაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მფლობელი ხატია გოგლიძე, ალტას თანამფლობელი თეა კაკაბაძე, აიესარის თანამფლობელი ნანი ანდიაშვილი, გუდვილის მფლობელი ირინე ქოსაშვილი.