არაზუსტი დარიცხვების გამო "თელმიკო" 75 ათასი ლარით, "თელასი" კი 50 ათასით დააჯარიმეს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დაადგინა, რომ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიები აბონენტებს მოხმარებულ ელექტრო-ენერგიაზე არაზუსტ თანხას არიცხავდნენ. კომპანიები კომისიამ დღეს, 12 აგვისტოს დააჯარიმა.
სემეკის წესების უხეში დარღვევის გამო
შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" - "თელმიკო" - 75 000 ლარით დაჯარიმდა;
სს "თელასი" - 50 000 ლარით.
"დაჯარიმების მიზეზია ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები... სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე", - აცხადებენ სემეკში.
სემეკის ამ გადაწყვეტილებით, კომპანიას ვალდებულია შეამოწმოს გახარჯული ელექტრო ენერგიის მოცულობა და დარიცხული თანხები ერთმანეთს და უზუსტობის შემთხვევაში გაასწოროს. აბონენტებს დამატებით შეუძლიათ კომპანიას წერილობით მიმართონ ამ მოთხოვნით (info@telmico.ge).
კომისიაში აცხადებენ, რომ სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას. ეს დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31406243.html