მე ვარ, მაშასადამე - მე მინდა. მინდა არა ჰაერი, რომელსაც უსასყიდლოდ ვისუნთქავ, არამედ ის გამოსუნთქვა, რომელიც მიკმაყოფილებს მისი სურვილის მუდმივ არსებობას...
ინსტინქტურად მინდა... ისევე, როგორც გავჩნდი ამქვეყნად... ქვეცნობიერად მინდა, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვზღუდავ ჩემი უდიდესი სურვილის გამოთქმის საშუალებას ჩემში, რადგან მისი დაკმაყოფილების მომდევნო წამშივე ისმის კითხვა: "კიდევ რა გინდა?!"
კიდევ მინდა... მინდა ის, რაც განვიცადე იმის მიღებით, რაც აქამდე მსურდა. მინდა და შენ ეს უკვე უნდა იცოდე... იცოდე, თუ რა მინდა და არა - შენგან რა მინდა!
ჩემს "მინდასა" და შენს "რა გინდა? - ს" შორის იმხელა განსხვავებაა, რომ ვერც ენით და ვერც კალმით ისე ვერ აღწერ, რომ ეგ შეკითხვა მეორედ აღარ დამისვა... შენ იცი, რაც მინდა!
მავნე ჩვევა, რომელიც სურვილს დრო და დრო გიკმაყოფილებს და საბოლოოდ გვნებს, სწორედ ეგ ვნება მინდა განვიცადო საბოლოოდ. მაშინ, როდესაც ბოლო ნაფაზს დავარტყამ სიგარეტს ანდაც ბოლო ზახოდს გავუშვებ ვენაში...
სასარგებლო ჩვევებს მიჩვეულს არ მსურს მხედავდეს თვალი, რომელიც მუდამ ნაკლს ეძებს... მინდა ნაკლოვანებით გავლიო წუთისოფელი, რომელსაც ისედაც ვერვინ გამიგრძელებს, ვერც შვილი და ვერც მშობელი... არც შვილი და არც მშობელი. მინდა დავტოვო სახელი, რომლის ხსენებაზეც შვილს ცრემლი მოადგება და მშობელს ხალისი.
კიდევ რა მინდა? - შენ უკვე გარდაცვლილებს ესაუბრები, დროა ექიმს გაესინჯო...

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Cxvirchatlaxa2 on 20 Aug 2021, 13:48