საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ამერიკის საიდუმლო აგენტი კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა
საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ამერიკის საიდუმლო აგენტი კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდადღეს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ერთი, საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ოპერაციის შესახებ მინდა მოგითხროთ. "სოლო" - ამ კოდური სახელწოდებით იყო დაშიფრული ეს სპეცოპერაცია, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.ამას წინათ კა-გე-ბესა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საიდუმლო არქივში (ე.წ. ბუკოვსკის არქივი) ერთ, ძალზე საინტერესო დოკუმენტს წავაწყდი. 1980 წლის ზაფხულში აშშ-ის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გეს ჰოლი საიდუმლოდ დაუკავშირდა კა-გე-ბეს რეზიდენტურას აშშ-ში და
საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელთან, იური ანდროპოვთან საიდუმლო თხოვნა გადასცა. საბჭოთა ბიუროკრატიული მანქანა ამგვარ შემთხვევებში ძალზე ოპერატიულად მოქმედებდა. 1980 წლის 22 აგვისტოს სუკ-ის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი სრულიად საიდუმლო წერილით მიმართავს სკკპ ცკ-ს. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტის თარგმანს: "ამხ. გეს ჰოლმა თხოვნით მოგვმართა, რათა საბჭოთა კავშირში სპეცსწავლებაზე მივიღოთ მისი პირადი წარმომადგენელი, რომელიც სპეციალურ დავალებებს ასრულებს. სუკ-ის აზრით, სასურველი იქნებოდა მისი მიღება 1980 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 45 დღით. სუკ-ი თავის თავზე იღებს გეს ჰოლის წარმომადგენლის მომზადების ორგანიზებას".
ანდროპოვის ამ საიდუმლო წერილს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილების მიერ პოლიტბიუროსთვის მომზადებული ცნობა მოჰყვა, სადაც ერთი, ძალზე საინტერესო წინადადებაა: "პარტიის ხელმძღვანელობის წევრი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამხ. გეს ჰოლის განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა, მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლებულია ამ მოვალეობისგან".
1980 წლის 5 სექტემბერს კი სკკპ ცკ-მა #სტ227/39 "სრულიად საიდუმლო" დადგენილება მიიღო, სადაც აღნიშნული იყო: "1. დაკმაყოფილდეს ამხ. გეს ჰოლის თხოვნა მისი პირადი წარმომადგენლის სპეციალური სწავლებისთვის 1980 წლის სექტემბერში 60 დღის ვადით მიღების შესახებ;
2. ამხ. გეს ჰოლის პირადი წარმომადგენლის მიღება და მომსახურება დაევალოს სკკპ ცკ-ის საგარეო განყოფილებას და საქმეთა მმართველობას, ხოლო სპეცსწავლება - სსრკ სუკ-ს".
ეს სრულიად საიდუმლო დადგენილება "განსაკუთრებულ საქაღალდეში" უნდა შენახულიყო, თუმცა საბჭოთა უშიშროებამ არ იცოდა, რომ უკვე ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ დაგებულ "ოპერატიულ ხაფანგში" იყო გაბმული და ამერიკელებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ გეს ჰოლის ძველი და ახალი წარმომადგენლები კრემლში. ჩემი აზრით ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი. ახლა კი თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს.
ეს ისტორიული ფაქტი ბოლო წლებამდე გასაიდუმლებული იყო. ბუნებრივია, მარცხის აღიარება არავის უყვარს, მითუმეტეს - კა-გე-ბე - ეფ-ეს-ბეს. აბა, წარმოიდგინეთ: 22 წლის განმავლობაში აშშ-ის გფბ-ს აგენტს გულთბილად იღებდნენ საბჭოთა ლიდერები: ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი, კომუნისტური იდეოლოგიის "ცერბერი" მიხეილ სუსლოვი, კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი, ჩინეთის ბელადი მაო ძე-დუნი და კუბის ექსცენტრული ლიდერი ფიდელ კასტრო.
ეს იყო გფბ-ს ყველა დროის ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო და წარმატებული ოპერაცია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
მორის ჩაილდსიფოტო: მორის ჩაილდსი
კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის კომპარტიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თანდათან გასცდა ამერიკის საზღვრებს, საგარეო დაზვერვით ოპერაციად იქცა და მთელი სოციალისტური ბანაკი მოიცვა. ყველაფერი კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების ოპერატიული და საარქივო მასალების ანალიზის კარგი უნარისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად დაიწყო. გფბ-ს შეფის, ედგარ ჰუვერის ხელქვეითებს აშშ-ის კომპარტიაში 1940-იანი წლების ბოლოს არსებული დაპირისპირება და განხეთქილება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ისინი გამოცდილი მონადირის მოთმინებით მიჰყვნენ კვალს და "ნადირობაც" წარმატებით დაასრულეს. ვინ იყო "სოლო"? - მორის ჩაილდსი (ნამდვილი სახელი მოიშა შილოვსკი) დაიბადა 1902 წლის 2 ივნისს კიევში, ებრაელი მეწაღის ოჯახში. 1911 წლიდან ოჯახი ჩიკაგოში გადასახლდა. სულ ახალგაზრდა მორისმა აშშ-ის კომპარტიის მომავალი ლიდერის, კომინტერნის აგენტისა და დიდი სტალინისტის, ერლ ბროუდერის ყურადღება მიიპყრო და მალე მისი თანაშემწე გახდა. 1929 წელს მორის ჩაილდსი მოსკოვში ჩავიდა და ე.წ. კომუნისტური ინტერნაციონალის ე.წ. ლენინურ სკოლაში დაიწყო არალეგალური პარტიული მუშაობის მეთოდებისა და ხერხების შესწავლა. სულ მალე იგი საბჭოთა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და საიდუმლო თანამშრომლობაზე დაითანხმეს. კომინტერნის სკოლაში მისი მასწავლებლები, იმხანად ახალგაზრდა ლექტორები, მომავალში კი საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები - ოტო კუუსინენი (კა-გე-ბეს მომავალი თავმჯდომარის და გენერალური მდივნის - იური ანდროპოვის მფარველი) და მიხეილ სუსლოვი (საბჭოთა იდეოლოგიის მომავალი "მამა") იყვნენ. ეს ნაცნობობა, განსაკუთრებით კი - სუსლოვთან, "ამხანაგ მორისს" შემდგომ ძალზე გამოადგა.
1932 წელს, როდესაც მორისმა მოსკოვი დატოვა, იგი უკვე არა მარტო კარგად მომზადებული პარტიული მუშაკი, არამედ - საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტიც იყო. ასევე, აქტიურად ჩაერთო პარტიულ-აგენტურულ საქმიანობაში მორისის უმცროსი ძმა - ჯეკიც.
ამერიკაში დაბრუნებული მორის ჩაილდსი ათ წელზე მეტხანს პარტიულ მუშაობას ჩიკაგოში ეწეოდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი უკვე აშშ-ის კომპარტიის გაზეთის - "დეილი უორკერის" რედაქტორი და მოსკოვში სპეციალური კორესპონდენტი იყო. ამ პერიოდში იგი განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან.
ბრეჟნევი და კარტერიფოტო: ბრეჟნევი და კარტერი
1947 წელს აშშ-ის კომპარტიაში შიდა ინტრიგებმა ძალზე იმძლავრა, რის შედეგადაც მორის ჩაილდსი - კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ისე მოულოდნელად გაათავისუფლეს გაზეთის რედაქტორობიდან და გამოიყვანეს პარტიის ხელმძღვანელობიდან, რომ წინასწარ არც გაუფრთხილებიათ. სრულ კრახს პარტიულ კარიერაში მორისის ოჯახური პრობლემები და სერიოზული ავადმყოფობაც თან დაერთო, ამის გამო, იგი კარგა ხნით ჩამოსცილდა აქტიურ მოღვაწეობას და მრავალი წელი ჯერ ნიუ-იორკში, ხოლო შემდეგ - ჩიკაგოში, ნაქირავებ ბინაში მარტოდ-მარტო, ყველასგან მივიწყებული, დიდ სულიერ და მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირში 1950-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მორიგი რეპრესიებისა და უშიშროების მინისტრების სისტემატური ცვლის (უფრო ზუსტად, დახვრეტის) პირობებში, ერთი რიგითი ამერიკელი აგენტის ბედი არავის აინტერესებდა. არც გაემტყუნებოდათ - ყველა თავისი "ტყავის" გადარჩენაზე ზრუნავდა. თუმცა ქართული ანდაზისა არ იყოს - "ზოგი ჭირი მარგებელიაო" და მორის ჩაილდსი აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ დაპატიმრებას მხოლოდ მძიმე ავადმყოფობის გამო გადაურჩა, მაშინ, როდესაც 1950-იან წლების დასაწყისში გფბ-მ კომპარტიის თითქმის ყველა ლიდერი (იუჯინ დენისი, გეს ჰოლი და სხვ.) დააკავა და სასამართლომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პარალელურად, გფბ-მ შეიმუშავა სპეცოპერაცია აშშ-ის კომპარტიის არალეგალური წევრების და დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ოპერატიული მასალებისა და არქივების შესწავლის შედეგად გფბ მორის და ჯეკ ჩაილდსებზე გავიდა. დაიწყო კარგად გათვლილი ოპერაცია მათ გადმოსაბირებლად. თავდაპირველად უმცროსი ძმა დათანხმდა გფბ-სთან თანამშრომლობას, მალე კი - მორისიც დაითანხმა (ასე რომ, ოჯახური პრობლემები, კრახი კარიერაში, ფულის, სასმელის და ამურული თავგადასავლების გადამეტებული სიყვარული აგენტურის გადაბირების ის, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით იყენებენ სპეცსამსახურები).
ამერიკის სპეცსამსახურმა ჯერ მომავალი ორმაგი აგენტის ჯანმრთელობაზე იზრუნა და რამდენიმე ათასი დოლარი დაახარჯა სამედიცინო კლინიკებში მის მკურნალობას, ხოლო 1954 წელს, ფარული ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებით, ხელი შეუწყო მორის ჩაილდის აშშ-ის კომპარტიაში პოზიციების აღდგენას. სამი წლის შემდეგ მორისი უკვე მეორე კაცი იყო პარტიაში და მას სოციალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხის აშშ-ის კომპარტიისთვის გადაცემის საიდუმლო ოპერაციის შესრულება ევალებოდა.
1958 წლის ბოლოს მორის ჩაილდსი, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჩავიდა, სადაც ცნობილ პარტიულ ფუნქციონერებს, თავის ძველ მასწავლებლებს - მიხეილ სუსლოვსა და ბორის პონომარიოვს შეხვდა. გადაწყდა, რომ აშშ-ის კომპარტია ფარულად 275 ათას დოლარს მიიღებდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მოსკოვიდან მორისი ჩინეთში გაემგზავრა და მაო ძე-დუნთან ჰქონდა შეხვედრა.
* * *
საბჭოთა კავშირის ფარულად, ჩინელმა კომუნისტებმაც დაიწყეს აშშ-ის კომპარტიის დაფინანსება. ორი ატომური ზესახელმწიფო, სსრკ და ჩინეთი, აშშ-ის კომპარტიის გადასაბირებლად წლების მანძილზე თანხებს არ იშურებდა.
ამ უნიკალურ აგენტურულ ოპერაციას გფბ-მ "სოლო" უწოდა, რადგანაც რეალურად მთელი ოპერაცია ერთი კაცის (მორისის, იგივე აგენტ "58"-ის) ოპერატიულ შესაძლებლობებზე იყო აგებული და, მართლაც, მისი "სოლო პარტია" იყო.
მორისის, როგორც ორმაგი
აგენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, როცა მან მეორედ დაოჯახება გადაწყვიტა, მისი საცოლის (ევა ლიბის) ბიოგრაფიას სამი სპეცსამსახური (კა-გე-ბე, გფბ და აშშ-ის კომპარტიის შიდა უსაფრთხოების სამსახური) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე თვე სწავლობდა.
1962 წელს მორისი და ევა დაქორწინდნენ და ამის შემდეგ, 15 წლის მანძილზე ისინი ერთად სწევდნენ ორმაგი აგენტის "უღელს". მოსკოვში ვიზიტისას მათ საჩუქრად ყოველთვის მიჰქონდათ შოკოლადი, შოტლანდიური ვისკი, ამერიკული სიგარეტი "კენტი", სუნამოები და მედიკამენტები. ამიტომ მორისის და ევას ჩასვლას მოუთმენლად ელოდნენ საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები და მათი ფაშფაშა ცოლები.
1957-1977 წლებში მორისი 52-ჯერ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში. უკვე საკმაოდ ხანშიშესული წყვილი საღამოობით მოსკოვის სასტუმროს ნომერში ჩაკეტილნი, საბნის ქვეშ. . . .…, ფანრის შუქზე. . . . , გამალებით. . . . იწერდნენ პოლიტბიუროს წევრებთან კონფიდენციალური საუბრების და საიდუმლო დოკუმენტების ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს.
მორისს და ევას ყოველთვის დიდი პატივით იღებდნენ სოციალისტურ ქვეყნებშიც, თუმცა მორისს მაინც განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყვეს 1977 წელს მოსკოვში. სასტუმროდან გამოსულ მორისს შავ ლიმუზინთან პირადად კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი ელოდებოდა. ის თავად გაუძღვა "ამხანაგ მორისს" (მეტი საოცრება რაღა უნდა იყოს, საბჭოთა უშიშროების შეფი გფბ-ს აგენტს მიაცილებს საბჭოთა კავშირის პირველ პირთან!!!) კრემლში, სადაც მორისის 75 წლისთავის აღსანიშნავად ლეონიდ ბრეჟნევმა, თავად ჩინ-მედლებისა და ქეიფის დიდმა მოტრფიალემ, იუბილარს წითელი დროშის ორდენი საზეიმო ვითარებაში გადასცა, სამჯერ, ჩვეულებისამებრ, "კაცურად" ჩაკოცნა და კრემლში დიდი ბანკეტი გაუმართა. თანაც სამახსოვრო სურათი გადაიღო "ნამდვილ ბოლშევიკ, ამხანაგ მორისთან". მაშინ ბრეჟნევს ის რომ სცოდნოდა, "ისტორიულ ფოტოსურათში" ამერიკის აგენტთან ერთად, რომ იწონებდა თავს, ალბათ, ხუთი წლით ადრე "დაგვტოვებდა" და თვითონაც დაისვენებდა და ჩვენც დავისვენებდით.
გფბ-მ, რისკის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა ჩაილდსების "თამაშიდან გაყვანა" და 1977 წლის შემდეგ, სიბერის და ავადმყოფობის მოტივით, ისინი აშშ-ის საზღვრებს უკვე აღარ ტოვებდნენ. ოთხი წლის მანძილზე კა-გე-ბეს ოპერატიული თანამშრომლები აშშ-ის კონტრდაზვერვისგან "ფარულად" ხვდებოდნენ ჩაილდსებს ან წინასწარ მოწყობილი სამალავების საშუალებით გადასცემდნენ ფულს და ინსტრუქციებს, თან მორისისგან იღებდნენ ოპერატიულ ცნობებს ამერიკის კომპარტიის შიდა "სამზარეულოს" შესახებ.
ოპერაცია "სოლო" იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ 18 წლის მანძილზე აშშ-ის არც ერთმა სტრუქტურამ (თვით პრეზიდენტმა, ცსს-მ, და სხვ.) არ იცოდა საიდუმლო ინფორმაციის წყაროს ნამდვილი ვინაობა. გფბ-ს დირექტორმა…კლარენს კელიმ მხოლოდ 1975 წელს გაუმხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს და სახელმწიფო მინისტრ ჰენრი კისინჯერს აგენტის ნამდვილი ვინაობა. ორივე გაოგნებული დარჩა. ხოლო, როცა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა შეიტყო, თუ რა საიდუმლო წყაროებიდან მოდიოდა სუპერმნიშვნელოვანი ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ, აღფრთოვანება ვერ დამალა და წამოიძახა: "ეს ოპერაცია მსოფლიოში ყველაზე მაგარი რამაა . . . ნაყინის შემდეგ".
იმ პერიოდში ამერიკის არც ერთ სპეცსამსახურს მორისის ოპერატიული შესაძლებლობების აგენტი არ ჰყავდა. ცსს-ს მხოლოდ ოცნება შეეძლო ისეთ აგენტზე, რომელსაც საბჭოთა ლიდერები პირად მეგობრად სთვლიდნენ და სრულიად საიდუმლო ინფორმაციას უზიარებდნენ. ცსს იმდენად იყო შოკირებული კოლეგა-კონკურენტების წარმატებით, რომ ამ ოპერაციაში თუნდაც მინიმალური მონაწილეობის მისაღებად გფბ-ს ხელმძღვანელობას ოპერაციის თანადაფინანსებისთვის ნებისმიერ თანხას სთავაზობდა.
ოპერაცია "სოლოს" მრავალწლიანი წარმატება განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ გფბ-ს ხელმძღვანელობამ ისე წინდახედულად დაშიფრა ეს ოპერაცია, რომ მიღებული ოპერატიული ცნობების ანალიზისას ყველას ამ ინფორმაციის წყარო აგენტი კი არა, არამედ - ფარული მიყურადების "ხოჭო" ან სეიფიდან მოპარული დოკუმენტი ეგონა.
საბჭოთა კავშირისთვის მორის ჩაილდსი აშშ-ის კომპარტიის მეორე, და ისეთი სანდო პირი იყო, რომ საბჭოთა ფულის ამერიკელი კომუნისტებისათვის გადაცემას მხოლოდ მას ანდობდნენ. სულ ამერიკის კომპარტიას საბჭოთა კავშირმა იმ პერიოდში, დაახლოებით, 28 მლნ დოლარი გამოუყო (მიზანი ერთი იყო - აშშ-ში დესტაბილიზაციის დაფინანსება, რასაც დღესაც ცდილობენ რუსეთის სპეცსამსახურები), რომლის გადაცემის და ხარჯვის პროცესის დეტალები გფბ-ს მიერ სათანადოდ იყო გაკონტროლებული. როგორც ირკვევა, ამ თანხის უდიდესი ნაწილი აშშ-ის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა გესს ჰოლმა პირად საჭიროებებზე დახარჯა. ჩაილდსი გეს ჰოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი იყო, რომელიც საბჭოთა ფინანსებით უზრუნველყოფდა მას.
1981 წლის აგვისტოდან ჩაილდსები გარეშე პირთათვის "გაუჩინარდნენ", რადგანაც ამ პერიოდიდან უკვე აშშ-ის ადმინისტრაციის "მოწმის დაცვის" პროგრამაში იყვნენ ჩართული.
გფბ-ს ხუთი უმაღლესი ჩინოსნის გარდა, არავინ იცოდა მათი ახალი გვარი და საცხოვრებელი ადგილი. ამგვარი სიფრთხილე აუცილებელი იყო იმიტომ, რომ ამერიკელ აგენტებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან სამაგიეროს გადახდის ეშინოდათ.
"პენსიაზე გასული" მორისი ხანდახან ლექციებს კითხულობდა გფბ-ს კუანტიკოს აკადემიაში. დანარჩენ დროს მოხუცი მეუღლეები სახლში ატარებდნენ და წარსულს იხსენებდნენ. ისინი სიცოცხლის ბოლომდე პენსიას იღებდნენ სახელმწიფოსგან. 1987 წელს მორისი და მისი ძმა ჯეკი (სიკვდილის შემდეგ) პრეზიდენტ რეიგანის გადაწყვეტილებით, "თავისუფლების" მედლით დააჯილდოვეს.
მორის ჩაილდსი 1991 წლის 2 ივნისს გარდაიცვალა. მას რვა დღე დააკლდა 89 წლის შესრულებამდე. მისი, თითქმის 25 წლიანი, აგენტურული მოღვაწეობის ძირითადი შედეგები, მართლაც რომ შთამბეჭდავია:
1. მან ჯერ კიდევ 1950-იანი წლების ბოლოს მიაწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას უტყუარი ინფორმაცია საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებაზე. ამან კი საშუალება მისცა ამერიკის საგარეო უწყებას და ადმინისტრაციას, მათთვის სასურველი კუთხით გამოეყენებინათ ეს დაპირისპირება;
2. 1963 წლის ნოემბერში დაარწმუნა აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ "რუსები" არ იყვნენ გარეულნი პრეზიდენტ კენედის მკვლელობაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი, ძალზე სერიოზული გართულებების თავიდან აცილება;
3. აშშ-ის ადმინისტრაციას სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა ხელმძღვანელების და პოლიტბიუროს წევრების შესაძლებლობებისა და სისუსტეების, ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, პოლიტბიუროს შიგნით ძალთა გადანაწილების, ახალი კადრების დაწინაურების და ა.შ. შესახებ;
4. ამასთან ერთად, სისტემატურად აწვდიდა კრემლს დეზინფორმაციას აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ.
მხოლოდ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გახდა შესაძლებელი ამ ისტორიის დღის სინათლეზე გამოტანა, თუმცა საბჭოთა კა-გე-ბეს მემკვიდრეები - რუსეთის სპეცსამსახურები ოპერაცია "სოლოს" შესახებ დღესაც დუმილს ამჯობინებენ. მარცხის აღიარება არავის უყვარს.
https://www.kvirispalitra.ge/besik-aladashv...imyofeboda.html