კელი დეგნანი - ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა - ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიცამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირისგან 75 მლნ-იანი დახმარება არ სჭირდება, სიურპრიზი იყო.
როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, რეფორმები, რაზეც გასულ წელს საქართველო და ევროკავშირი მუშაობდნენ, უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენთვის ცოტა სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება, მიუხედავად პანდემიისა, უმუშევრობისა და იმ ვითარებისა, რაც საქართველოშია. ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც. მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს - ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია.
კონგრესი უყურებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს - 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.
======
კახა კალაძე ევროკავშირის დაფინანსებაზე - თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალითურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, ეს არ არის მართალი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მეორე ტრანშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სესხსა და დახმარებას შორის მნიშნველოვანი განსხვავება არსებობს. შესაბამისად საუბარი, რომ ხელისუფლებამ დახმარებაზე უარი თქვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
,,ეს არ არის დახმარება, საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არის სესხი. რა სხვაობაა დახმარებასა და სესხს შორის? გაქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.
====================