მწერალ ზაზა ბურჭულაძეზე განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო, მწერლების, ხელოვანებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციასთან აპროტესტებს და მომხდარი ძალადობის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. აქციაში რეჟისორი სალომე ჯაში, მწერალი პაატა შამუგია, დრამატურგი დათო გაბუნია, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი თეა თუთბერიძე და სხვა პირები მონაწილეობენ.
თავად დაზარალებულს თავდამსხმელის წინააღმდეგ სარჩელი არ შეაქვს, თუმცა ასეთი თხოვნით მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციას მწერლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა მიმართა. შესაბამისი ხელმოწერები ამ წუთებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან გროვდება. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, მოძალადეებს არ უნდა მიეცეთ ხელოვანებზე ზეწოლის უფლება, ხოლო ასეთ ფაქტზე თვალის დახუჭვა მორიგი ძალადობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.
მომხდარს ისინი განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობის გამოხატულებად აფასებენ. გარდა ამისა, პოლიციასთან შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ პოლიციის რეფორმის ფარგლებში ისეთი ტიპის დამნაშავეებისთვის, როგორებმაც თავდასხმა განახორციელეს ზაზა ბურჭულაძეზე, უნდა გაიხსნას სპეციალური კარცერ-ლუქსები და დამნაშავეებს ლიტერატურის კითხვა მიესაჯოს. პირველ რიგში კი, კონკრეტული ავტორის მთელი შემოქმედების წაკითხვა. პოლიციასთან შეკრებილთა თქმით, აგრესიის ინსპირირება მოახდინა გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიერ ბურჭულაძის ნაწარმოებიდან ფრაგმეტის არასწორი კონტექსტით წაკითხვამ. დღეს პოლიციასთან წაიკითხეს მისი ნაწარმოების სრული ფრაგმენტი და ამით ხაზი გაუსვეს, რომ ნაწარმოების ის ფრაგმენტი, რომელიც ეთერში გაჟღერდა, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
ზაზა ბურჭულაძემ თავდაპირველად დაგმო გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ხოლო შემდეგ, მოგვიანებით სატელევიზიო დებატებში შეკამათება მოხდა მწერალსა და პუბლიკაციის ავტორს შორის. 5 ოქტომბერს კი რუსთაველის გამზირზე მას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ზაზა ბურჭულაძემ ტვინის შერყევა მიიღო.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...rotesteben.html