პალესტინის ისლამური ჯიჰადის (PIJ) განცხადებით, თუ ისრაელის ძალები გილბოას ციხიდან გაქცეული 6 პალესტინელი პატიმრის მოსაძებნად ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში შევლენ, დაჯგუფების წევრები ებრაელებს წინააღმდეგობას გაუწევენ.
ისრაელმა მასშტაბური დევნის ოპერაცია ექვსი უაღრესად საშიში პატიმრის დასაპატიმრებლად მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ორშაბათს დილით ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უსაფრთხოების ციხიდან გაიქცნენ.
ამ დროისთვის გაურკვეველია, თუ სად იმალებიან გაქცეული პატიმრები, თუმცა ითვლება, რომ ნაწილმა თავი ქალაქ ჯენინთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკს შეაფარა, სადაც მათი ოჯახები ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ჯენინზე, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, პალესტინის საერთაშორისოდ აღიარებულ ხელისუფლებს კონტროლი გარკვეულწილად შენარჩუნებული აქვს.
ისრაელის მოსალოდნელი შეჭრის გამო PIJ-მა და ფატაჰმა დამატებითი მებრძოლები გააგზავნეს ჯენინში საკუთარი ძალების გასაძლიერებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების ძალები მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სპეცოპერაციას ჯენინის მიმდებარე სოფლებში, სადაც გილბოას ციხიდან გაქცეული პატიმრების არაერთი ნათესავი დააკავეს.
პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ციხეში აბუნტდნენ პალესტინელი პატიმრები და საკნებს ცეცხლი წაუკიდეს. ისრაელის ციხის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ყველა ციხეში ლოკალიზებულია, ამავდროულად კი ამოქმედდა უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
https://www.aljazeera.com/news/2021/9/8/pal...nter-jenin-camp