არაჟნებში მიშა იჯდა... - რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აღძრა და ახლა სააკაშვილი ახალი ბრალის წარდგენას ელოდება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ამბობს, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მან საჯაროდ გამოსვლა ვერ შეძლოს. რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? - ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც ამ დღეებში ისმის და რომლის პასუხი ოფიციალური უწყებებიდან ჯერჯერობით არ ჩანს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით არაჟნებში მიშა იჯდა...
“ცნობილია, რომ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს, საღამოს, ქვიშხეთის ქუჩაზე, ელგუჯა ცომაიას ბინიდან აიყვანეს. პოლიციამ ბინის კარი გასაღებით გააღო. ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაჩხრიკეს, მერე კი უთხრეს, რომ ჩხრეკა მის ბინაშიც უნდა ჩაეტარებინათ, სადაც სააკაშვილი “აღმოაჩინეს”. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან იმ ბინიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსალოდნელი დაკავებაც ახსენა. მართალია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ყველა ნაბიჯს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ და დასაკავებლად ხელსაყრელი მომენტი შეირჩა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს პრემიერის ვერსიის არ სჯერა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერჯერობით ძალოვანები საქმის დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სააკაშვილი ფოთის პორტში 29 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ჩამოვიდა უკრაინული კომპანიის გემ “ვილნიუსით”. ამ გემზე აფხაზეთიდან დევნილ ელგუჯა ცომაიას ტრაილერის კონტეინერი იდო. ეს კონტეინერი არაჟნით იყო სავსე და სწორედ არაჟნებში იჯდა მიშა. ასე იმგზავრა მან უკრაინიდან და ასე შემოიპარა ქვეყანაში. პორტში ეს კონტეინერი ცომაიას ტრაილერზე გადადეს და მანქანამ პორტი განბაჟების გარეშე დატოვა, რადგან, კანონით, ტვირთის განბაჟება მეპატრონეს თბილისშიც შეეძლო. დღეს ელგუჯა ცომაია დაკავებულია და დანაშაულის დაფარვა ჰბრალდება, თუმცა პროკურორი ლევან ვეფხვაძე ცომაიასა და მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებისთვის ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე მათაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან და გასულ კვირას პატიმრობაც შეეფარდათ. წოწორიები პორტის თანამშრომლები არიან და ცომაიებთან ნათელმირონობა და მეგობრობა აკავშირებთ. ძალოვანებისთვის ცნობილია, რომ სწორედ წოწორიების მანქანაში გადაჯდა კონტეინერში მყოფი პრეზიდენტი და აბაშამდე ასე ჩავიდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანებს ხელთ აქვთ ქუჩის ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჯდება წოწორიების მანქანაში სააკაშვილი. როგორც ჩანს, სწორედ ამ კადრების გაშიფვრის შემდეგ მიაგნეს მანქანის მძღოლსაც და გადაადგილების მარშრუტსაც. ახლა ძალოვანები იძიებენ, ეს დანაშაული იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეზე სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჯერჯერობით უწყებაში არ ამბობენ, იცოდა თუ არა მისი ჩამოსვლის დეტალები მისი გუნდის რომელიმე წევრმა. ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინიდანაც მოახერხა არალეგალურად გამოსვლა და სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი დღე “ქართული ოცნების” ლიდერები ირწმუნებოდნენ, სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებიაო. ახლა უკრაინელი სამართალდამცველებიც იძიებენ, როგორ მოახერხა მან საზღვრის გადაკვეთა”, - დასძენს გამოცემა.
“სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ატვირთული ვიდეოებითაც იოლად შეიძლება მისი გადაადგილების მარშრუტის აღდგენა. ფაქტია, ის დაუბრკოლებლად შემოვიდა ქვეყანაში, მოიარა ბათუმი, გზა მსუბუქი ავტომობილით გააგრძელა, თბილისამდე კი სხვადასხვა ადგილას ფოტოებსაც იღებდა და ვიდეოსაც წერდა. ბათუმში გადაღებული მისი ვიდეოები, სავარაუდოდ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არის ატვირთული. რატომ არ დააკავეს სააკაშვილი ფოთში, ან თუნდაც ბათუმში? იურისტების ნაწილი თვლის, რომ ძალიან ადვილად მოახერხებდნენ მის აყვანას ბათუმში ღამით, როცა ის მარტო წერდა ვიდეოს. სწორედ ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებმა გვიან შეიტყვეს, ამის შემდეგ ატყდა განგაში, გაშიფრეს ყველაფერი და მის კვალსაც მიაგნეს. დღეს ექსპრეზიდენტი დაკავებას აპროტესტებს. მან დაპატიმრებისთანავე შიმშილობა დაიწყო. მასთან ყოველდღე ათეულობით მნახველი შედის. პატრიარქის კურთხევით ის მოინახულა ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმაც” - წერს სტატიის ავტორი.
“8 ოქტომბერს სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც მოინახულა. “საკვები არ მიუღია, გეფიცებით ყველაფერს. ჩაუტარდა რუტინული კვლევა სისხლისა და შარდის. რაღაცები მომატებულია, რამდენიმე დღეში საფრთხის წინაშე იქნება, რადგან აქვს ანემია...…თუმცა არის ძალიან მხნედ და მოტივირებულია. თავს გრძნობდა კარგად. რომ ნახოთ, ვერც შეამჩნევთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია”, - თქვა ციხიდან გამოსულმა ექიმმა. მართალია, მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ სხვა ინფორმაციას ავრცელებს სასჯელაღსრულების სისტემა. პენიტენციარული სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თაფლისა და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო - როგორც უწყებაში ამბობენ, სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი შეიძინა. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შიმშილობა 1-ლ ოქტომბერს, დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ მსჯავრდადებულს ჩაუტარდა კლინიკო- ლაბორატორიული დაინსტრუმენტული გამოკვლევები; ასევე ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები... ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ”, - ამბობენ უწყებაში.უწყების განცხადებას ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა და განმარტა, რომ “თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა. მიშა სააკაშვილი შიმშილობს და ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი...” - დასძენს სტატიის ავტორი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/67...oxilva-11102021