შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე"- საპატრულო სკანდალები
"შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე"- საპატრულო სკანდალები
23-03-2015
ბოლო პერიოდში ის ინციდენტები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს უკავშირდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რამდენიმე ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელეს და ხელისუფლება პატიოსანი პოლიციელების დევნაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, ის პოლიციელები, რომლებმაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახლობლები დააჯარიმეს თუ დააკავეს, თავად გახდნენ დევნის ობიექტები და აქეთ დაატოვებინეს სამსახურები. საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვები: მართლა არსებობს საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა, თუ ეს ყველაფერი პროვოკაციაა? Aსაზოგადოებას არანაკლებად აინტერესებს ის, თუ როგორ ხვდება პოლიციელთა სამსახურებრივი ვიდეოჩანაწერები “"ნაციონალთა"” ხელში. იმედია, ამ კითხვებზე საზოგადოება ამომწურავ პასუხებს მიიღებს.
"შევცდი, რომ "ნაციონალებს" დავუჯერე" - ყოფილი პატრულის სკანდალური განცხადება
"ნაციონალების" მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, ბორჯომში მომხდარ ინციდენტს ასახავდა. მათი მტკიცებით, იმის გამო, რომ პატრულმა გიორგი ლომსაძემ მთვრალი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ბერიკაშვილი დააკავა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბერიკაშვილი კი დააწინაურეს. ეს ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თავად ლომსაძემაც დაადასტურა. თუმცა, დღეს ამბობს, რომ საქმე სულ სხვანაირად იყო.
- ეკიპაჟში შევდიოდით მე და ჩემი მეწყვილე დავით გვიმრაძე. სინამდვილეში, სამსახურიდან ამ ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წამოვედი, ჩემი მეწყვილე კი დააწინაურეს. სამსახურიდან წამოსვლა სულ სხვა ფაქტმა განაპირობა. საქმე ის არის, რომ მყავდა ავტომობილი, რომელიც გავყიდე და რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ავტომობილი ისევ ჩემს სახელზე ირიცხებოდა, არ იყო ახალ მფლობელზე გაფორმებული. ამ ფაქტის გამო პასუხისმგებლობა ვიგრძენი და 2014 წლის ნოემბერში სამსახურიდან ჩემი ნებით წამოვედი.
- როგორ მოხდა, რომ თქვენი გათავისუფლება ამ ინციდენტს დაუკავშირდა?
- მქონდა და მაქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, საბანკო კრედიტები მაქვს აღებული. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ახლობლებმა, ნათესავებმა მირჩიეს, რომ მიმემართა დახმარებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის შტაბისთვის. ასეც გავაკეთე და მივმართე გელა დემეტრაძეს, თუმცა, ყოველგვარი დახმარების გარეშე დავრჩი...
"ნაციონალური მოძრაობის" შტაბში მირჩიეს, რომ ჩემი გათავისუფლება დამეკავშირებინა ზურაბ ბერიკაშვილის ინციდენტისთვის, მეც აღელვებულმა დავუჯერე და განვაცხადე, რომ ზურაბ ბერიკაშვილისა და იმ შემთხვევის გამო გამომიშვეს სამსახურიდან...
ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მაგათ დავუჯერე და ეს ამბავი დავადასტურე.
სადღაც თებერვლის პირველ რიცხვებში დამირეკა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც შემომთავაზა დახმარება,
მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან არანაირ პოლიტიკურ სიტუაციებში არ მსურს ჩარევა.
- საიდან მოხვდა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, თქვენ მიეცით?
- არა, ამაზე წარმოდგენა არა მაქვს.
http://www.kvirispalitra.ge/justice/24612-...skandalebi.html