სნეგირი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8353
წევრი No.: 132220
რეგისტრ.: 7-June 11
|
#58631634 · 22 Nov 2021, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი წლის წინ უსაქმურობამ ჩამომაწერინა:
1. ჯერ კიდევ დაბადებამდე გავიმარჯვე მილიონობით სპერმატოზოიდს შორის სასიცოცხლო რბოლაში. მსგავსი მასშტაბების გამარჯვება მას შემდეგ აღარასდროს მიზეიმია.
2. სამი წლის ასაკში ვფლობდი მიმატება-გამოკლების ოპერაციებს ასის ფარგლებში. დედაჩემი არ მეთანხმება, მაგრამ მე მაინც ცხონებული მამაჩემის სიტყვებს ვენდობი.
3. სამი წლის ასაკში შემეძლო ჭადრაკის თამაში წესების სრული დაცვით. დედაჩემი არც ამაში მეთანხმება.
4. ოთხი წლის ასაკში ზეპირად ვიცოდი მსოფლიოს ნახევარზე მეტი ქვეყნების დედაქალაქები. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში დედაქალაქების სახელები დამავიწყდა, მსოფლიოში არსებულმა ქვეყნების რაოდენობამ კი იმატა.
5. ოთხი წლისას ეზოში ქვიშაში თამაშისას მივხვდი, რომ ბავშვებს საკმარისი სათამაშოები ჰქონდათ, ამიტომ დედაჩემს ვთხოვე ჩემები სახლში აეტანა.
6. ოთხი წლისას, როდესაც რუსეთის სოფელში ბებიაჩემთან ვიმყოფებოდი, ეზოში თამაშისას ერთ-ერთმა მეზობელმა გადაწყვიტა ჩემი ოჯახის შიდა ამბების ჩემგან, ანუ ბავშვისგან, შეპარვითი კითხვებით გაგება. დასმულ კითხვებზე პასუხად განვუცხადე, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობდი და უზუსტობების თავიდან ასარიდებლად უმჯობესი იქნებოდა პასუხები პირადაპირ პირველწყაროსგან, ანუ ბებიაჩემისგან მიეღო. შემდგომ ეს ამბავი ბებიაჩემს თავად მეზობელმა მოუყვა.
7. ოთხი წლისამ მამაჩემთან და ბაბუაჩემთან სტუმრად მოსულ ჩემთვის უცნობ ძიას მეორე ოთახიდან პლასტმასის სტაფილოს ბუტაფორია პირდაპირ სახეში ვესროლე. მიზეზი დღემდე უცნობია.
8. ხუთი წლის ასაკიდან ჩემ მშობლებს თოვლის ბაბუის არარსებობის ფაქტს შეგნებულად ვუმალავდი, რათა ეს „უპირატესობა“ სურვილების ხმამაღლა გაჟღერებისთვის გამომეყენებინა.
9. ხუთი წლის ასაკში ჩემ ძმასთან ერთად ჩვენი ნების წინააღმდეგ პირველად გაგვაგდეს ეზოში დამოუკიდებლად სათამაშოდ ერთსიტყვიანი არგუმენტით: "დროა!". პირველივე დღეს ჩხუბი მოგვივიდა ჩვენზე 3-4-ჯერ მეტი რაოდენობის უბნელ ბიჭებთან. ჩხუბი ყაიმით დასრულდა.
10. ხუთი წლისას ჩემ ძმასთან ერთად ვწერდით წიგნს რობოტოტექნიკაზე. მე ჯერ წერა არ ვიცოდი, ჩემი ძმა კი უკვე პირველ კლასში იყო, ამიტომ ის წერდა, მე - ვკარნახობდი. წიგნში ილუსტრაციებიც იყო.
11. პირველ კლასში სწავლისას სკოლის ბუფეტში თანაკლასელი გავიყოლე, რათა ორი ცალი რაღაც ტკბილეული მეყიდა. მეორე, თურმე, ჩემი ძმისთვის იყო.
12 შვიდი წლისას ერთ-ერთ მშვენიერ საღამოს სახლში დარჩენა მომისაჯეს. ჩემის მხრივ, ამ უსამართლობას არ დავეთანხმე და პროტესტის ნიშნად "გაპარვისას" სადარბაზოს კარი მშობლების გასაგონად ძლიერ მოვაჯახუნე. რამდენიმე წუთში განრისხებული დედაჩემი უკვე გარეთ მეძებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამოსული არავის ვუნახივარ, ამიტომ კიდევ რამდენიმე წუთში დიდიან-პატარიანად უკვე მთელი უბანი გაგიჟებული მეძებდა. ძებნამ რამდენიმე საათს გასტანა, მანამ სანამ ჩემმა ძმამ სახლში საწოლის ქვეშიდან გადმოყოფილი ხელი არ შეამჩნია. აღმოჩნდა, რომ როგორც დამჯერი ბავშვი, მართლაც არსად გავსულვარ და საწოლის ქვეშ დამალულს ჩამძინებია. მომდევნო ორი წელი ხალხი მიცნობდა, როგორც ბიჭს, რომელიც საწოლის ქვეშ იპოვეს.
13. ერთხელ დედაჩემმა გაიხსენა, რომ როდესაც დაახლოებით 7 წლის ვიყავი, მან მე და ჩემ ძმას ორი კანფეტი მოგვცა. ცოტა ხანში შემოსულმა ორივე კანფეტის დაკუჭული შესაფუთი ჩემ ხელში დაინახა და უმალვე ამ ფაქტზე ჩემ ძმას ჩაეძია. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ჩემი ძმისთვის მითქვამს, რომ კანფეტები ძალიან მიყვარდა, რაზეც მას უპასუხია, რომ მასაც უყვარდა. ამაზე, მას ავუხსენი, რომ მე უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე მას, რაზეც ჩემ ძმას საპირწონე არგუმენტები გამოელია.
14. რვა წლის ასაკში შავ-ბნელი 90-იანების უშუქობის პერიოდში სხვა ქუჩაზე მყოფი მივხვდი, რომ ჩემ სახლამდე მისვლას და კიბეებით VIII სართულზე ასვლას ვერ ვასწრებდი, ამიტომ იმავე ქუჩაზე მცხოვრები ჩემი მეგობრის ბინის კარზე დავაკაკუნე. კარები მამამისმა გააღო. რამდენიმეწამიანი უშედეგო ახსნის მცდელობის შემდეგ, ფარ-ხმალი დავყარე და მისი გვერდის ავლით მათი საპირფარეშო ოთახისკენ გავექანე. მამამისს ეგონა, რომ კაკას, ანუ კამფეტს ვთხოვდი.
15. პატარაობისას, როცა ჩემზე გაბრაზებული დედაჩემი ქამრით დასასჯელად მომდევდა, ხშირად თავს საწოლის ქვეშ შევარდნით ვიძვრენდი. ერთხელაც, ასეთი შევარდნისას, მთელი სხეული ჩემი ერთი წლის დის განავალში ჩაფლული აღმოვაჩინე. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ აღმოჩნდა ის იქ.
16. 10 წლისას პირველად დამეჯახა მანქანა. დაშავებულთა შორის მხოლოდ ავტომობილი აღმოჩნდა.
17. 12 წლისას ზაფხულში სიონის წყალსაცავთან კოტეჯებში დასვენებისას ჩვენზე ოდნავ უფროსი გოგოები დაგვცინოდნენ ბიჭებს, იმაზე რომ არცერთმა არ ვიცოდით ცურვა და ამიტომ კამერებით „ვჭყუმპალაობდით“ ნაპირთან. ამაზე გაბრაზებულმა სანაძლეო დავუდე, რომ 21 წლისას ცურვაში გავეჯიბრებოდი და გავასწრებდი ნებისმიერ მათგანს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ ჩემი ცხოვრების მომდევნო სამ წელს სრულიად სპორტულ ცურვას და ვარჯიშს მივუძღვნიდი. The North Remembers!
18. 12 წლის ასაკში ბაბუაჩემმა ჭადრაკის სასახლეში მიმიყვანა. ჩემმა იქ მეცადინეობამ სულ ორ თვეს გასტანა. ამ დროში მოვახერხე ორ სათანრიგო ტურნირში გამარჯვება, მეორე სპორტული თანრიგის აღება და საჭადრაკო კომბინაციებზე ყოველდღიური სიზმრის ნახვა. უკანასკნელი იმდენად გაპრობლემურდა, რომ ამ სახეობაზე საბოლოოდ განვაცხადე უარი.
19. 14 წლის ასაკში ერთ გოგოზე შეყვარებულს შემეძლო ორი საათი წვიმაში გარეთ ლოდინი მხოლოდ იმის სანახავად, თუ როგორ გამოდის ის თავისი მეგობრის სადარბაზოდან და შედის თავისაში. დღემდე ვირწმუნები რომ არავინ მყვარებია.
20. X კლასის დაწყებამდე მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მისაღებ გამოცდებში. როგორც შემდგომ გაირკვა, იმ წელს გამოცდებში მონაწილეობა მიუღია 150-მდე მოსწავლეს. ჩაირიცხა მხოლოდ ერთი. მაპატიეთ, ბავშვებო.
21. ახალ სკოლაში, როგორც ახალ მოსწავლეს, იმ დროისთვის იქ არსებულ ყველა საძმოსთან სათითაოდ მომიწია "გაუგებრობების" მუშტი-კრივით გარკვევა. ყოველ ჯერზე, ჩემ მხარეს, მხოლოდ მე და ჩემი ეგო ვიჭერდით. ამან და დირექტორის კაბინეტში დღეგამოშვებით დაბარებამ, საბოლოოდ ძალიან გამომფიტა და ნახევარ წელიწადში ძველ სკოლას დავუბრუნდი. ძველი სკოლის (რომელიც ვაკეში მდებარეობდა) ერთ-ერთმა მასწავლებლები ჩემ დაბრუნება ცივილურ ნაბიჯად შეაფასა. დიახ, ზუსტად ამ სიტყვით.
22. XI კლასში ჩემ სკოლაში სიარულის ნაცვლად სხვა სკოლებში ვიპარებოდი. ამისთვის კი სხვადასხვა ხრიკების მოფიქრება მიწევდა. ზოგიერთი მოფიქრებული ხრიკი დღემდე მაოცებს.
23. 16 წლის ასაკში ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად აუზზე თბილისიდან რუსთავში დავდიოდი, რადგან ზაფხულში თბილისში გარუჯული გოგოებით სავსე ღია აუზში ვარჯიში შეუძლებლად მივიჩნიე და ამის გამო მხოლოდ გზაში ავტობუსით მგზავრობაზე ჯამში ორ საათზე მეტს ვხარჯავდი. საბოლოოდ, ორთვიანმა ასკეტიზმმა თავისი ჰქნა და გარუჯული გოგოების ცქერით ტკბობის სურვილმა იმარჯვა.
24. სკოლის ბოლო ზარზე ვარჯიშის გამო დავაგვიანე და მისულს მხოლოდ ხუთი ნაცნობი სახე დამხვდა. რამდენიმე დღეში ხუთი წარწერის მქონე პერანგი დედაჩემს მათეთრებლით გავარეცხინე და ის ისევ ჩემი ჩვეული გარდერობის რიგებს დაუბრუნდა.
25. სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე დასადები 150 ლარი მეძვირა და მისთვის განკუთვნილი თანხით აუზის აბონემენტი გავაგრძელე. ალკოჰოლს მაშინ მაინც არ ვსვამდი. პრინციპში, არც ახლა.
26. პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგანი ქართულის გარდა მომზადების გარეშე ჩავაბარე. უკანასკნელში მომზადებას კი გამოცდისწინა ორი დღე დავუთმე. შედეგად, მივიღე 100%-იანი დაფინანსება და ოთხი დაკარგული წელი.
27. პირველ უმაღლესში „მაღლივში“ სწავლისას ჯგუფელებმა მხოლოდ მესამე კურსზე გამიცნეს. ისიც ნახევარი სემესტრით. შემდეგ ისევ გავუჩინარდი.
28. მეორედ აბიტურიენტობისას, ეეგ-ის საგამოცდო ბარათის ასაღებად რიგში მომლოდინემ, აგრეთვე ამ რიგში მყოფ და მის დამრღვევ სამ სხვა თავხედ აბიტურიენტს რიგის წესების დაცვისკენ მკაცრად მოვუწოდე. შემდგომ ქუჩაში გაგრძელებული ერთრაუნდიანი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ასფალტზე დაცემისას მასში დავტოვე ჩემი ერთ-ერთი წინა კბილის ნაწილი. ასე რომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ რიგის წესებს კბილებით ვიცავდი. ჩემი გატეხილი ცხვირიც ამ მოვლენის შედეგია.
29. მეორე ბაკალავრიატზე „განივში“ პირველ კურსზე სწავლისას, კალკულუსის ლექტორთან სანაძლეოს მოგების შედეგად, 10 ქულიან საკონტროლოში 11 ქულა დავაწერინე. რამდენაც ვიცი, სხვა მსგავსი ფაქტი თსუ-ში არ დაფიქსირებულა.
30. პირველი შემთხვევიდან 13 წლის შემდგომ, 23 წლის ასაკში ავტომობილი კვლავ დამეჯახა. საინტერესო ფაქტი: მძღოლმა ეს ცალმხრივი მოძრაობის გზაზე მისთვის ანთებულ წითელზე მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართულებით მოძრაობით მოახერხა. დაშავებულთა შორის, ამჯერად უკვე მე აღმოვჩნდი.
31. 24 წლის ასაკში ერთ-ერთი ბანკის მიერ შემოთავაზებული თხუთმეტიათასლარიანი სამომხმარებლო სესხის აღებაზე თანხმობა განვაცხადე. ისე, უმიზეზოდ. აღებული თანხის დახარჯვას ოთხი თვე მოვანდომე, გასტუმრებას - მომდევნო ოთხი წელი. მსგავსი აღარასოდეს განმეორდება!
32. 26 წლის ასაკში საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით ეეგ-ის მსგავსად ისევ ავიღე 100%-იანი დაფინანსება. ეს გახდა ჩემი და სამხედრო კომისარიატის 8-წლიანი ომის დასასრული. გაიმარჯვა თავისუფლებამ!
33. 28 წლისამ ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზში სარბენ ბილიკზე ზუსტად ხუთი სააათის განმავლობაში ზუსტად 40 კმ შეუჩერებლივ გავირბინე. სამწუხაროდ, ეს პროცესში წყლის მიღების გარეშე გავაკეთე, რამაც სრული გაუწყლურება დამმართა.
--------------------
Кольцо на пальце, признак того, что как минимум одна женщина тебя очень сильно рекомендует.
|