მოსადმა საკვანძო ბირთვული ობიექტის ასაფეთქებლად ირანელი მეცნიერები დაიქირავა
დივერსიული აქტის შედეგად განადგურდა ქარხნის ცენტრიფუგების 90%, რამაც ატომური კომპლექსის ფუნქციონირება, მინიმუმ, 9 თვით შეაფერხა. ეჭვმიტანილი 43 წლის ირანელი მეცნიერი რეზა კარმლი. ფოტო ირანულმა ტელევიზიამ გაავრცელა.
წლის დასაწყისში მოსადის აგენტებმა გადაიბირეს ირანელ ბირთვულ მეცნიერთა ჯგუფი. The Jewish Chronicle-ის მტკიცებით, სპეციალისტები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ დაცულ ბირთვულ ობიექტზე მუშაობდნენ. მოსადმა სწორედ მათი დახმარებით შეძლო დივერსიული ოპერაცია ამავე ობიექტზე.
მოსადის აგენტები დაუახლოვდნენ ათამდე ირანელ მეცნიერს, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იდგა სინამდვილეში ამ ადამიანების უკან. აგენტებმა მათ თავი გააცნეს საერთაშორისო დისიდენტური ჯგუფის წევრებად, რომელთა მიზანიც იყო ბირთვული იარაღის განადგურებაა მსოფლიოს მასშტაბით. უსაფრთხო პლანეტაზე ოცნებით მეცნიერებმა თანხმობა თქვეს, ირანის ცენტრალურ ნაწილში, ისფაჰანის პროვინციაში ქალაქ ნატანცის ახლოს ბირთვული ქარხნის ტერიტორიაზე განეხორციელებინათ აგენტების მიერ შეთავაზებული გეგმა. გეგმის მიხედვით მეცნიერებს უნდა აეფეთქებინათ ქარხნის ძირითად დარბაზში არსებული, A1000 ტიპის ცენტრიფუგები.
ნატანცის ბირთვული ქარხანა
მოსადის აგენტები ქარხნის ტერიტორიაზე დრონების მეშვეობით ყრიდნენ ასაფეთქებელ მასალებს, რასაც უკვე მათ მიერ გადაბირებული მეცნიერები აგროვებდნენ. ასაფეთქებელი ნივთიერებების დიდი ნაწილი დაცულ ტერიტორიაზე მოხვდა ასევე მალულად, საკვები პროდუქტების გადამზიდი სატვირთოების წყალობით. ყველაფერი განხორციელდა მოსადის გეგმით და აფეთქება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, რომ შესამჩნევი ქაოსი გამოიწვია ირანის ელიტურ პოლიტიკურ წრეებში. დივერსიული აქტის შედეგად განადგურდა მოქმედი ცენტრიფუგების 90%, შეფერხდა ატომური იარაღის შექმნის პროცესი და თვით ბირთვული ქარხანა 9 თვით სრულად გამოვიდა მწყობრიდან.
A1000 ტიპის ბირთვული ცენტრიფუგების დანიშნულება ურანის გამდიდრებაა. გამდიდრებული ურანი გამოიყენება სწორედ ბირთვული იარაღის დასამზადებლად.
ირანში მოსადის მიერ 11 თვის ინტერვალით ჩატარებული საიდუმლო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. პირველი ორი ოპერაცია 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის აპრილში განხორციელდა, ისინი სწორედ ნატანცის ბირთვული ქარხნის წინააღმდეგ იყო მიმართული. მესამე საიდუმლო ოპერაცია, რომელიც მოსადმა მიმდინარე წლის ივნისში განახორციელა და რომლის დეტალები პირველად ქვეყნდება, იყო ირანის ცენტრიფუგების ტექნოლოგიების კომპანიის (TESA) იერიში კვადროკოპტერების გამოყენებით. ეს კომპანია მდებარეობს ქალაქ კარაჯიში, თეირანიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში.
უფრო მეტი დეტალი:
- მოსადის აგენტებმა, რომლებიც უთვალთვალებდნენ ნატანცის ბირთვული ქარნის ცენტრიფუგების დარბაზის მშენებლობას, 2019 წელს, სამშენებლო მასალებში შენიღბეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და როდესაც დარბაზის მშენებლობა დასრულდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა, ეს ასაფეთქებლები დისტანციურად აამოქმედეს 2020 წელს.
- 2021 წლის აპრილში მოსადმა ირანელი მეცნიერების დახმარებით განახორციელა დივერსიული აქტი იმავე ნატანცის ბირთვულ ქარხანაში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ბოლოს, 2021 წლის ივნისში განხორციელებული უმაგალითო დივერსიული ოპერაცია, რომელიც 18 თვე მიმდინარეობდა და მასში 1000-მდე ტექნიკოსი, ანალიტიკოსი და მზვერავი მონაწილეობდა, პლუს ირანში ფარულად მოქმედი აგენტურაც.
- აგენტებმა ირანში ნაწილ-ნაწილ შეაპარეს შეიარაღებული, ნაწილებად დაშლილი კვადროკოპტერი, რომელიც ზუსტად მოტოციკლეტის წონა იყო და TESA-ს კომპლექსზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
- ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე სამეტაპიანი თავდასხმა დაიგეგმა მხოლოდ მოსადის მიერ, რომელიც მარტო მოქმედებდა და არა შეერთებულ შტატებთან ერთად. აღნიშნული ოპერაციები ისრაელის სადაზვერვო წრეებში ცნობილია როგორც "ლურჯ-თეთრი ოპერაცია".
ეს ყველაფერი კი ხდება იმ მზარდი შეშფოთების ფონზე, რასაც ოფიციალური ირანის ქმედებები იწვევს. თეირანი აცხადებს, რომ მზადაა განაახლოს ვენის მოლაპარაკებებში მონაწილეობა, პარალელურად კი მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში ისრაელმა დასავლელ მოკავშირეებს გააცნო დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციები, სადაც ნათქვამია, რომ ირანი ემზადება ურანის 90%-მდე გამდიდრებისთვის, რაც პირდაპირ მიუთითებს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაზე. ისრაელმა სწორედ ზემოთ აღნიშნული ინფორმაციით დაასაბუთა მის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშების აუცილებლობა, რადგან იქ სადაც მოლაპარაკებები შედეგს ვერ აღწევს, სხვა ტიპის მოქმედებაა საჭიროა საფრთხის აღსაკვეთად. ისრაელის ოფიციალურმა მხარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ფარული ოპერაციები და დივერსიული აქტები ირანის ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნატანცის ატომური ქარხნის ტერიტორიაზე მოწყობილი საბოტაჟი ვენაში ბირთვულ თემატიკაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა. უმნიშვნელოვანეს ობიექტზე შეღწევა და იქ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანა, მით უფრო მკაცრად დაცულ ობიექტზე, ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, თუმცა არა მოსადისათვის. ამ ორგანიზაციამ შეძლო ყველაფერი ისე დაეგეგმა, რომ როდესაც ირანმა განაცხადა, IR-5 და IR-6 ტიპის ცენტრიფუგების წარმოებაში ჩაშვებაზე, რომელთა უშუალო დანიშნულებაცაა ურანის გამდიდრება, ცენტრიფუგების დარბაზში დამონტაჟებული მოწყობილობები ააფეთქა დაახლოებით 5000 მოწყობილობა გაანადგურა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მწყობრიდან გამოვიდა ბირთვული ქარხნის ელექტრომომარაგების სისტემა და ამან თითქმის უფუნქციო გახადა ქარხანა მომდევნო ცხრა თვით.
“მეცნიერებს განსხვავებული მოტივაცია ამოძრავებდათ,“ - აცხადებს წყარო. - მოსადმა გაიგო, თუ რა ოცნებები ჰქონდათ ამ ადამიანებს და შესაბამისი შეთავაზებები გასცა. იყო შიდა წრე, რომელიც უშულოდ მონაწილეობდა ოპერაციაში და იყო ასევე გარე წრეც, რომელსაც დეტალებზე წარმოდგენაც არ ჰქონდა.“
აფეთქების შემდეგ ოპერაციაში მონაწილე ყველა მეცნიერი ევაკუირებულ იქნა ქვეყნიდან და როგორც მოსადი აცხადებს, ისინი სრულიად უსაფრთხოდ იმყოფებიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ირანმა გაავრცელა ერთ-ერთი მეცნიერის რეზა კარმლის ფოტო, რომელიც წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ყველასთვის უცნობია. აფეთქების ადგილას წარმოქმნილი კრატერის დათვალიერებისას, ირანის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შიგ ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.
ეს იყო ისრაელის მიერ ჩატარებული რიგით მეორე ოპერაცია, რომელიც სამი ნაწილისგან შედგებოდა და რომელიც მიმართული იყო ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, რომელიც ურანის გამდიდრებას და მის ბირთვულ შეიარაღებაში გამოყენებას ითვალისწინებდა.
წყარო: The Jewish Chronicle
მოამზადა: ლევან ჯანგირაშვილმა
