გირჩებმა 7 პუნქტიანი გეგმა შეკრეს, რომელიც ქვეყანაში ორნიშნა(!) ეკონომიკურ ზრდას მოიტანს ახლო მომავალში.
ჩემი აზრით 5 მაინც ისეთი ცალსახა ჭეშმარიტებაა, რომ განხილვას და კამათს საერთოდ არც ექვემდებარება. ორზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მოწინააღმდეგეებს არ მგონია ადეკვატური არგუმენტები ჰქონდეთ.
სამწუხაროდ ალბათ ვერ ვეღირსებით ამ ყველაფერს, ღროცების მხრიდან პოლიტიკური ნება არ იქნება, რადგან თემაში გაუთვითცნობიერებელი ხალხის მასებს ვერ აწყენინებენ, რეიტინგი დაეკარგებათ.
https://www.facebook.com/GirchiParty/posts/1835953563122761.
"7 ნაბიჯი ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის
ახალი მთავრობა გვყავს. უამრავი რამ მოვისმინეთ საპარლამენტო განხილვებისას. თუმცა ახალი, პრინციპულად ახალი პრაქტიკულად არაფერი. რამდენჯერმე იყო აქცენტი ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე, თუმცა ითქვა რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას წლები დასჭირდება.
გირჩის აზრით ერთადერთი საკითხი რაზეც უნდა ვიყოთ მთელი ქვეყანა ფოკუსირებული - ეკონომიკის სწრაფი განვითარებაა. კონკრეტულად ამ ერთ ცვლადზე არის დამოკიდებული ის თუ რამდენად სწრაფად წავალთ წინ ყველა მიმართულებით.
სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია უკვე მომავალ წელს, სწორი რეფორმებისა და შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ჩვენი აზრით ამისთვის აუცილებელი ნაბიჯებია:
1. მთავრობის ხარჯების შემცირება
მთავრობის ხარჯები არის შესამცირებელი 13 მლრდ-იდან მინიმუმ 9 მლრდ-მდე 2018 წლისთვის. ამის გაკეთება შესაძლებელია ბიუროკრატიის შემცირებისა და არაერთი არაეფექტური სახელმწიფო პროგრამის გაუქმების ხარჯზე. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, რომელიც ამჟამად შემოსავალს იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან და რეალურად არანაირ სიკეთეს არ ქმნის გადასახადების გადამხდელებისთვის, უნდა გათავისუფლდეს. ამ ადამიანებმა უნდა მოიძიონ საკუთარი თავის რეალიზაციის გზები კერძო სექტორში. მათ შესაძლოა შეუნარჩუნდეთ არსებული შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 წლის განმავლობაში, რადგან ისინიც მსხვრეპლი არიან არსებული სისტემის. საბოლოო ჯამში, მომდევნო წლებში მთავრობის ხარჯების მოცულობა უნდა დავიდეს მშპ-ს 15%-მდე და დაფიქსირდეს ამ ნიშნულზე.
2. ვალების შემცირება
დაზოგილი 4 მლრდ ლარი საშუალებას მოგვცემს არ ავიღოთ ახალი სახელმწიფო ვალი, გავისტუმროთ ძველი ვალების ნაწილი ან შევამციროთ გადასახადები.
3. პრივატიზაცია
უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია, სახელმწიფო შპს-ების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების ჩათვლით. ამ მიზნით შესაძლებელია ე.წ. ჰოლანდიური აუქციონის წესის გამოყენება.
4. ლეგალიზაცია
2018 წლის დასაწყისშივე უნდა მოხდეს კანაფისა და კანაფის პროდუქტების რეგულირებული დაშვება საქართველოს ბაზარზე, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნით გამოყენებისთვის.
5. სანდო ფული
უარი უნდა ვთქვათ საკუთარი მონეტრაული პოლიტიკის გატარებაზე და გავაუქმოთ ლარის ერთადერთი საგადამხდელო საშუალების სტატუსი. მიმოქცევაში დაშვებული უნდა იქნას ნებისმიერი ვალუტა, კრიპტოვალუტების ჩათვლით. გადასახადებისთვის, ბიუჯეტის დაგეგმისთვის და სახელმწიფო ხარჯებისთვის შეიძლება შეირჩეს ერთი, ხანგძლივად სტაბილური ისტორიის მქონე ვალუტა.
6. მიწა
უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმება. ყველა მიწა დაჩქარებული წესით უნდა დაურეგისტრირდეს მის ტრადიციულ მესაკუთრეს. ამის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მიწები უნდა პრივატიზირდეს დაჩქარებული წესით.
7. ანაკლიის პროექტი
ანაკლიის პროექტის არსი უნდა შეიცვალოს და უბრალოდ პორტის მშენებლობიდან ფოკუსი გადავიდეს ე.წ. Charter City-ს კონცეფციის სრულყოფილად რეალიზაციაზე, რაც გულისხმობს პროექტის მმართველი კომპანიისთვის მაქსიმალური თავისუფლების მინიჭებას და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ თუ სამართლებრივ საკითხებში ჩაურევლობის მაქსიმალური გარანტიების შექმნას. მხოლოდ ასე შეიძლება გაჩნდეს შანსი ანაკლიის პროექტი იქცეს ახალ, ჰონ-კონგისა და შენ-ჟენის მსგავს ეკონომიკურ სასწაულად.
ყველა ეს რეფორმა უნდა დაანონსდეს წინასწარ, რაც შეიძლება სწრაფად და განხორციელება დაიწყოს 2018 წლიდან.
2007 შემდეგ საქართველოს არ ჰქონია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სწრაფ განვითარებას, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავალს მოქალაქეებისთვის, მეტ კეთილდღეობას, მეტ უსაფრთხოებას, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს განათლებას და ნაკლებ სიღარიბეს. ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საქართველოს 2018 წელს, პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში ექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
ამაზე შეგვიძლია მთელმა გირჩმა დავიგინოთ ☺."