მოკლედ ბევრი რომ არ შეგაწუხოთ ეს მასალა გადაიკითხეთ და მოსაზრებებიც დადეთ
http://www.caucasia-experts.org/?p=13164&language=kaსაქართველო რევოლუციური ცვლილებების მოლოდინში
ნაწილი პირველი - დიქტატურა რევოლუციის მოლოდინში
(26 მაისი, 2009)
ლევან გუდაძე
თითქმის ორი თვეა საქართველოს დედაქალაქში პოლიტიკური ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ორი თვეა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პროტესტის შედეგს ელის თუმცა ამაოდ. ამაოდ, რადგან ოპოზიციის რეალური მიზნებისა და ქმედუნარიანობისადმი სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება იმთავითვე გამორიცხავდა საპროტესტო აქციების მეშვეობით სააკაშვილის გადადგომას, რაც ოპოზიციის ძირითადი დეკლარირებული მიზანი გახლდათ. სააკაშვილი არ გადადგა და სავარაუდოდ არც უახლოეს მომავალში დატოვებს ხელისუფლებას, რადგან დღეის მდგომარეობით ოპოზიციის აქციები მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დისკომფორტს არ უქმნის. ადმინისტრაციული რესურსი, რომლითაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ქვეყანაზე კონტროლს ინარჩუნებს, ხელუხლებელია და ფუნქციონირებს, სახელისუფლებო პროპაგანდის “მანქანა” კი სახელისუფლებო მედიის სახით, ცვლილებების მოლოდინში მყოფი მოსახლეობის იმედებს დაუნდობლად უსწორდება და პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში კვებავს საზოგადოებას ვირტუალური საქართველოს ჯერ არ ნახული მიღწევებით.
იქმნება ვითარება, როცა საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური გაერთიანება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არსებული მოლოდინის აღმსრულებელი ვერ ან არ არის, რადგან დასავლეთიდან მიღებული ღია თუ ფარული მითითებების შესაბამისად მოქმედი პოლიტიკოსები “ბრძოლის” ახალ ფაზაში გადაყვანისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კრიმინალური მეთოდებით მებრძოლი სააკაშვილის რეჟიმთან უკიდურესად რადიკალური მეთოდებით დაპირისპირებისთვის მზად არ არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის მიერ არჩეული სტრატეგიის არაეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, როდესაც ოპოზიციონერთა განცხადებით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა უინდა დაიწყოს.
ასე “საპროტესტო ტალღების” ორგანიზებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის 26 მაისი მართლაც საბედისწერო თარიღი და პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისიც შეიძლება აღმოჩნდეს. მით უმეტეს რომ ორი ათეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ საპროტესტო შეკრებაში უკეთესს შემთხვევაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი თუ მიიღებს მონაწილეობას, რაც ფრიად არასაკმარისი რაოდენობა იქნება აღნიშნული თავყრილობისთვის საერთო ეროვნული კრების სტატუსის მისანიჭებლად, უარეს შემთხვევაში კი ხალხის სიმცირის გამო, ოპოზიციურ წიაღში აქციის გადადების მორიგი “ორიგინალური” მიზეზი გამოიძებნება და მოსახლეობასთან ურთიერთობებსაც პოლიტიკოსები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “სახლებში წავიდეთ თითო ჭიქით დავილოცოთ” სტილში გაარკვევენ.
უცნაურია, მაგრამ ეს ყოველივე ხდება მაშინ, როცა 2007 წლის ნოემბრისა და 2008 წლის აგვისოტოს მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისადმი უარყოფითად განწობილი მოსახლეობის რაოდენობა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით 60-70% აღწევს, თუმცა იგივე 2007 წლის ნოემბრის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი საზოგადოებაში არსებული კრიტიკული დამოკიდებულება არ იცვლება. სავარაუდოდ არც ახლო მომავალში შეიცვლება, რადგან საფუძვლიანად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა საზოგადოების ნდობით აღარ სარგებლობს და ფაქტობრივი ბანკროტია. სხვაგვარად ალბათ ვერც იქნებოდა, რადგან პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც მთავარია სოციალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა პოლიტიკური ოპოზიციისგან არა “საპროტესტო ტალღებს” არამედ კონკრეტულ შედეგებს, ვალდებულებებსა და გეგმას ითხოვს იმისა თუ როგორ აისახება მოქალაქის უკიდურესად რთულ სოციალურ მდგომარეობაზე სახელისუფლებო ცვლილებები თუ ეს ცვლილებები საერთოდ განხორციელდა.
9 აპრილიდან დღემდე არანაირი გეგმა და ვალდებულება ოპოზიციას მოსახლეობისთვის არ წარუდგენია გარდა “ჯერ სააკაშვილი გაუშვათ და მერე დავილაპარაკოთ მომავალზე” შინაარსის ზეპირი განცხადებებისა და შედეგიც ლოგიკურია, მოსახლეობის დაკვეთისადმი გულგრლი ოპოზიციური სპექტრი საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობს, “სააკაშვილი არა და ვინც გინდა, რაც გინდა და როგორც გინდა” მიდგომა კი პოლიტიკოსთა ცინიზმითა და არაადეკვატურობით გადაღლილ მოქალაქეებზე აშკარად აღარ მოქმედებს. ვერც ვეღარასდროს იმოქმედებს, რამეთუ ქართულმა საზოგადოებამ, როგორც სჩანს გადალახა რუბიკონი, რომლის შემდეგ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას თუ არსებული ოპოზიციური სპექტრიდან რომელი პოლიტიკოსი რომელ კოლეგას გადააბრალებს საპროტესტო აქციების წარუმატებლობას, ვინაიდან ოპოზიციის რეპუტაციული ნგრევის ძირითადი მიზეზი თავად იმ ადამიანებშია, რომელთა უმრავლესობა ცივილიზებულ ქვეყანაში უკეთეს შემთხვევაში სასაწყობე მეურნეობას თუ უხელმძღვანელებდა მხოლოდ, საქართველოში კი პოლიტიკოსის მანტია მოირგო და ცუდსა და უარესს შორის არჩევანის მდგომარეობაში ჩაყენებული მოსახლეობის ხარჯზე წლიდან წლამდე იქმნიდა არაფრით დამსახურებულ საზოგადოებრივ (ელიტარულ) მდგომარეობასა და პირად კეთილდღეობას.
მივიღეთ სურათი, როგორიც მივიღეთ. მოსახლეობის სოციალური და სამართლებლივი მდგომარეობის უკიდურესი გაუარესების გამო საპროტესტო მუხტი დღიდან დღემდე იზრდება ოპოზიციის საპროტესტო აქციები კი იმ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, რომლის შემდეგ კონსტიტუციის მიერ დაწესებული ფარგლებიდან წლების წინ გასული მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დემონტაჟი მხოლოდ რევოლუციური ანუ იმთავითვე არაკონსტიტუციური მეთოდებით თუ იქნება შესაძლებელი. საზოგადოების ერთ ნაწილში რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი უკვე იკვეთება და იკვეთება სააკაშვილის რეჟიმის მზადებაც თავდაპირველად სავარაუდოდ ლოკალური ხასიათის სპონტანური შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში აუცილებლად გადაიზრდება ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში და სააკაშვილის რეჟიმის დასრულების მთავარი მიზეზიც გახდება.
დღეის მდგომარეობით პროცესების განვითარების აღნიშნული მოდელი შესაძლოა ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდეს, თუმცა პირადად ჩემთვის ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორია და საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ზოგადად სოციალური პროცესები, მოსახლეობის პროტესტის რევოლუციურ ქარტეხილში გადაზრდისა და ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის ურთიერთობების გარკვევის რევოლუციური გზით განვითარების პროგნოზირების საფუძველს იძლევა.
1. რატომ რევოლუცია და დაპირისპირება როცა 90-იანი წლების გამოცდილება არსებობს?
2. ვინ და როგორ მოახერხებს შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზებას ტოტალური თვალთვალისა და ტერორის პირობებში?
3. რა იდეოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს რევოლუციას და რა შედეგები ქვეყნის შიდა მოწყობისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით?
ამ რამდენიმე კითხვაზე პასუხიც კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადეკვატურად შეფასდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სიმძიმე და ამ კითხვებს შორის ერთ ერთი უმთავრესია ალბათ კითხვა რატომ რევოლუცია და დაპირისპირება როცა 90-იანი წლების გამოცდილება გვაქვს?
პასუხი იმდენად კომპლექსურია რომ მხოლოდ იმ რამდენიმე ასპექტს შევეხები, რომელთა გამო რეჟიმსა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შორის უკიდურესი დაპირისპირება არა იმდენად პოლიტიკური შეხედულებებით იქნება მოტივირებული, რამდენადაც ადამიანის თვითგადარჩენის ინსტიქტით. ვსაუბრობ უკიდურესად მძიმე ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოქალაქის როლზე ამ პროცესებში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 40-50% მძიმე ან ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების უმრავლესობა საპენსიო ასაკთან მიახლოებული ან საპენსიო ასაკის ადამიანია, თუმცა დღითიდღე იზრდება 25-35-45 წლის შრომის უნარიანი და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ბრძოლისუნარიანი ასაკის ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე არც დასაქმების შესაძლებლობა გააჩნიათ და შესაბამისად არც შემოსავლის მუდმივი წყარო. შრომის ბირჟებისა და უმუშევრობის კომპენსაციის სისტემის არ არსებობის გამო, ტოტალური უმუშევრობის პირობებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი უძრავი ქონებისა და პირადი ნივთების გაყიდვა დალომბარდებით ცდილობს ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას, თუმცა სტაბილური შემოსავლის არ არსებობის პირობებში ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებულ პუქნტებში მცხოვრები მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაუვლად აღმოჩნდება შიმშილის საშიშროების პირისპირ, რაც თავის მხრივ გაბანკროტებული პოლიტიკური ოპოზიციისა და ზოგადად პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზების პირობებში პროცესების ერთადერთი გზით განვითარების შესაძლებლობას ტოვებს და ეს გზა სოციალურ აფეთქებასა და შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე გადის.
ექსპერტული საზოგადოებისთვის შესაძლოა კამათის საგანი გახდეს ის თუ დროის კონკრეტულად რომელ მონაკვეთში დაიწყება საქართველოში სოციალურ ნიადაგზე ვნებათა ღელვა-შიმშილი, თუმცა ეკონომიკაში არსებული მდგომარეობით თუ ვიხელმძღვანელებთ და ეკონომიკური აქტიურობის შედეგებს, სავალუტო რეზერვების მოცულობას და უცხოურ ვალუტაზე არსებულ სტაბილურ მოთხოვნილებას გათვალისწინებთ, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის სააკაშვილის რეჟიმს ან პურზე და ზოგადად სურსათის გარკვეულ კალათზე ვაუჩერების გაცემა ან სოციალურ აფეთქებასა და შეიარაღებულ წინააღმდეგობასთან გამკლავება მოუწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და შემოდგომისთვის მოსახლეობა, როგორც ლარის დევალვაციის, ჰიპერ ინფლაციის და სასურსათო ვაუჩერების ასევე შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრე შეიძლება გახდეს.
ამდენად სოციალური უკმაყოფილება ქვეყანაში პროცესების რევოლუციური გზით განვითარების ერთ ერთი ძირითადი კატალიზატორი იქნება. საკამათო არ არის, რომ ქართულ რეალობაში სააკაშვილის რეჟიმისა და არსებული ოპოზიციის მკვეთრად პროამერიკული და ანტირუსული, ძირითადად ულტრა მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლგიისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეები (მომავალში რევოლუციონერები), წინააღმდეგობის მოძრაობის პირველ ეტაპზე იდეოლოგიურ დონეზე რევოლუციური პროცესების მომზადებასა და ფართო მასების, თავისუფლების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეების გარშემო გაერთიანებას, რიგი ობიექტური მიზეზების, მათ შორის კრიმინალური რეჟიმის მხრიდან მიმდინარე ტერორის, ტოტალური თვალთვალისა და მედიასაშუალებებზე პრაქტიკულად აბსოლიტური კონტროლის გამო ვერ შეძლებენ. კითხვა - ვინ და როგორ მოახერხებს შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზებას ტოტალური თვალთვალისა და ტერორის პირობებში? შესაბამისად ნაწილობრივ პასუხ გაცემულია, რადგან შესაძლო შეიარაღებული წინააღმდეგობა თავდაპირველად ყველა შემთხვევაში მცირე მასშტაბებისა და სპონტანური ხასიათის იქნება. წინააღმდეგობის მოძრაობაში ფართო მასების ჩართვის მისაღწევად, სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფი მოსახლეობის პროტესტის ორგანიზება და რეჟიმთან ბრძოლის იდეოლოგიური აღჭურვა გარდაუვალი აუცილებლობა გახდება, ეს კი სავარაუდოდ ბრძოლის პარალელურ რეჟიმში განხორცელდება მხოლოდ და შესაბამისად უშუალოდ რეჟიმთან დაპირისპირებაც დროში ფრიად გაწელილი, ხანგრძლივი პროცესი იქნება.
როგორც უკვე ავღნიშნე, მოვლენების წარმოდგენილი სცენარით განვითარების შემთხვევაში რეჟიმთან დაპირისპირებული მოსახლეობის ერთობის იდეოლოგიური საფუძველი, თავისუფლებისთვის, ტანასწორობისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება. რევოლუციური მოძრაობის იდეოლოგისა და ლიდერის ფუნქცია კი იმ პოლიტიკური მსოფმხედველობის ადამიანებს დაეკისრებათ, რომელთათვისაც ამჟამად ქვეყანაში მოქმედი კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და ამ სისტემის პირობებში მოღვაწეობა პრინციპულად მიუღებელი გახლდათ. ალბათ შეუძლებელიც, რადგან სოციალური სახელმწიფოს იდეა ისევე როგორც საქართველო-რუსეთის თანამშრომლობა და პერსპექტივები შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის მონდომებით დღემდე ტაბუირებულ თემად რჩება. არადა დღესავით ნათელია რომ ქვეყნაში არსებული რთული სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება სჭირდება, ეკონომიკის განვითარებას პოლიტიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სტაბილურობა კი მიუღწეველია პროამერიკული პოლიტიკითა და რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებებით.
რა იდეოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს რევოლუციას და რა შედეგები ქვეყნის შიდა მოწყობისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით?
იდეოლოგიაზე ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ და ცხადია რომ რევოლუცია საქართველიში ავტომატურად იქონიებს გავლენას გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მიღწევა არსებულ რეალობაში მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ფედერაციაში მოქმედმა ქართველმა ბიზნესმენებმა და სხვა დაინტერესებულმა ძალებმა ლოგისტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ რევოლუციურ მოძრაობას, თუ რათქმაუნდა ეს მოძრაობა საერთოდ შედგა და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მითYუმეტეს რომ საქართველოში რევოლუციის გამარჯვება აგვისტოს მოვლენების შემდეგ რეგიონში ვაშინგტონის ისედაც შერყეულ პოზიციებს ფინალურ დარტყმას მიაყენებს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიიდან ფაქტობრივ განდევნას გამოიწვევს.
რათქმაუნდა ჭეშმარიტების ღაღადებაზე პრეტენზია არ მაქვს და ამ პუბლიკაციაშიც მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ჩემი ლოგიკით გაანალიზებას ვცდილობ, ლოგიკით, რომელიც მკარნახობს, რომ სოციალური აფეთქებისა და მოვლენების რევოლუციური განვითარების შესაძლებლობაზე არა მარტო მე, არამედ ამერიკის სპეც-სამსახურები და მათი ქოლგის ქვეშ მოქმედი ვაშინგტონის მარიონეტი სააკაშვილის გარემოცვაც ფიქრობს. ფიქრობს და ემზადება, რამეთუ ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს მოვლენების შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა თითქოსდა თავდაცვითი უწყებისთვის 700-900 მილიონი ლარის სპეც ტექნიკა შეიძინა. ამ ტექნიკის დიდ ნაწილს ჩემი ინფორმაციით, არა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის და არმიის ბრძოლისუნარიანობისთვის აუცილებელი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვითი და საარტილერიო სისტემები, არამედ პოლიციური ოპერაციებისთვისა და ტერიტორიების პატრულირებისთვის ვარგისი მსუბუქად შეჯავშნული “კობრას” კლასის ყველგანმავალი ავტომანქანები, მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია წამალი, არალეტალურ შედეგზე გათვლილი სპეციალური დანიშნულების იარაღი და ტყვია წამალი, ცრემლსადენი გაზი და სპეციალური ოპერაციებისთვის განკუთვნილი სხვა სპეც-ტექნიკა წარმოადგენს, რაც შესაძლოა ადეკვატური აღჭურვილობა იყოს სახალხო მღელვარებისა და პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად, მაგრამ ფრიად არაფეფექტური შეიარაღება ომის დროს.
სააკაშვილის რეჟიმის მზადება რთული მომავლისთვის სხვა პროცესებშიც მჟღავნდება და ამ საკითხებზეც გავამახვილებ ყურადრებას, რათა უფრო ნათლად წარმოჩინდეს ქვეყანაში რეალურად არსებული ვითარება და არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის კავშირი მოსალოდნელ სოციალურ აფეთქებასა და რეჟიმსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობების გარკვევის რევოლუციურ ფორმატში განვითარებასთან მიმართებაში. ეს ერთგვარ აუცილებლობასაც წარმოადგენს, რამეთუ ერთის მხრივ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება, მეორეს მხრივ კი უკიდურესად მცირეა ანალიტიკური მასალები, რომელთა მეშვეობით დაინტერესებული საზოგადოება, ხელისუფილების მიერ დაშვებული პროპაგანდის ჩარჩოებს მიღმა არსებული მოსაზრებების გაცნობას შეძლებს.
მოკლედ სააკაშვილის რეჟიმის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზადება არა მხოლოდ პოლიციური სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენაში მჟღავნდება, არამედ არმიასთან დამოკიდებულებაშიც და გასულ კვირას ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოჩინდა, როცა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურმა პოლიციამ მუხროვანის არარსებული ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოფიცრების თითქოსდა დასაკავებლად განხორციელებული სპეც-ოპერაციის შესახებ ამცნო საზოგადოებას. ცხადია, რომ ხელისუფლება შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებასა და ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაყვანას ცდილობს. ალბათ ამ მიზანს ემსახურებოდა მუხროვანის ბატალიონის ტერიტორიაზე გათამაშებული სპექტაკლი “ამბოხება” რის შემდეგაც სააკაშვილის რეჟიმმა არმიაში ტერორის რეპრესიული მანქანა აამუშავა და არა მხოლოდ დააკავა ათეულობით ოფიცერი, არამედ რეჟიმისთვის საშიშ ან არასასურველ სამხედრო პირთა ფიზიკური განადგურების ყველაზე გახმაურებული პრეცედენტიც შექმნა.
გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევა ამის ნათელი დადასტურებაა, რადგან ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ვერსია თითქოსდა “მეამბოხე” კრიალაშვილი ორ სხვა თანამებრძოლთან ერთად პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებას შეეწირა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცაღა კრიმინალურ რეჟიმს საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორც სჩანს ზედმეტი ენერგიის ხარჯვად მიაჩნია, არადა პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია. მათ შორის მე პირადად მაინტერესებს როგორ მოხდა რომ სამი პროფესიონალი სამხედრო მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე 15 წუთიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შედის პოლიციის სპეც-რაზმთან და არც შემთხვევის ადგილს და მიმდებარე შენობა ნაგებობეს ინტენსიური ცეცხლის კვალი არ ამჩნევია. თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის, გარდაცვლილი კრიალაშვილის ოჯახის წევრებისა და აღნიშნული ოპერაციისას დაჭრილი, აგრეთვე არარსებულ ამბოხებაში ბრალდებული კობა ოთანაძის ადვოკატის, ონისე მებონიას განცხადების თანახმად სააკაშვილის რეჟიმმა კრიალაშვილი გახმაურებულ ინცინდენტამდე მოკლა, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი იმ მიკროავტობუსში დაჭრეს, რომელშიც სოდის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ და არანაირი ორმხრივი ცეცხლი ან ცეცხლის გახსნის მცდელობა დაჭრილი ოფიცრების მხრიდან არ ყოფილა.
კონკრეტულად ამ შემთხვევას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, მუხროვანის ინცინდენტი კი იმითაც არის საყურადღებო, რომ ამბოხებაში ბრალდებული სატანკო ბატალიონის მძიმე ჯავშანტექნიკა და ჯავშანტრანსპორტიორები მე-4-ე ბრიგადის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ დაქვემდებარებაში გადაიყვანეს. მე-4-ე ბრიგადა კი ის სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საჯაროდ არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პირობებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მყოფი ვინმე ბაჩო ახალაიას მიერ ორგანიზებული მუდმივი ტეორისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით მე-4-ე ბრიგადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე კარგად გაწვრთნილი, ეკიპირებული, მძიმედ შეიარაღებული და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ლოიალური სამხედრო დაჯგუფებაა და ვფიქრობ არ არის გამორიცხული, რომ მუხროვანის ინცინდენტი ხელისუფლებამ სწორედ ამ ბრიგადის შენიღბული შეიარაღება-გაძლიერებისა და სხვა სამხედრო დანაყოფებში ტოტალური ტერორის ორგანიზების მიზეზით გაითამაშა, რაც თავის მხრივ ლოგიკურად ჯდება სააკაშვილის რეჟიმის ძალაუფლებისთვის ბრძოლის სამზადისში.
ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ მუხროვანის ინცინდენტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მაგისტრალური საავტომობილო ტრასების გადაკეტვის დღეს, რამაც სააკაშვილს ერთგვარი ალიბიც შეუქმნა, რადგან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ არაფერი თქმულა მეოთხე ბრიგადის მნიშვნელოვანი გაძლიერების შესახებ მაშინ, როცა თითქმის ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა მუხროვანის მოვლენები ერთმნიშვნელოვნად საპროტესტო აქციასა და თითქოსდა ამბოხებული ბატალიონის მეთაურების მხრიდან ამ აქციის დარბევაზე უარის თქმამ განაპირობა. ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობის გამო ოპოზიციის ფრიად აბსურდული ვერსია მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა როგორც სჩანს მიიღო, თუმცა ტანკებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით დახმარებით ასეულობით ავტომობილის მიერ ჩახერგილი გზის და შედეგად წარმოწმნილი საავტომობილო საცობის გაწმენდა სააკაშვილი რეჟიმის ინტელექტუალური დონის პირობებშიც კი მეტისმეტად იდიოტური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ამ აბზაცს ალბათ უფრო განსჯისთვის წარმოგიდგენთ, რადგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური სპექტრი აღარც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასა და რიგ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმზეც კი. ალბათ ამიტომ, სულ უფრო და უფრო იკვეთება ის მიზეზები, რის გამოც 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ვივარაუდე, რომ ოპოზიციის რეალურ მიზანს არა მიხეილ სააკაშვილის გადაყენება, არამედ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტის ნეიტრალიზება წარმოადგენდა და საპროტესტო აქციების მსვლელობითა და შინაარსით თუ ვიმსჯელებთ ეს ასეც ხდება. უფრო მეტიც, თავად ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური პარტიების არსებობაც კი აბსურდის ელფერს იძიენს, რადგან საზოგადოებისთვის, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაერთი პოლიტიკური “აფიორა” იხილა პრინციპში სულ ერთია ვაშინგტონის მიერ მართული რომელი პარტია და პოლიტიკოსი იქნება ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი, რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალასამიასთან ალიანსი და ალასანია, ახლად აღმოცენებული დემოკრატები და ბურჯანაძე თუ კიდევ სხვა. ოპოზიციის რაობასა და მდგომარეობაზე სტატიის დასაწყისშიც ვისაუბრე, რის გამოც ამ პუბლიკაციის ფორმატში თემა ამოწურულად მიმაჩნია, თუმცა ერთი კი უნდა ითქვას და ითქვას ხაზგასმით, რომ საპროტესტო აქციებმა მასში საზოგადოების ფართო მასების არ მონაწილეობის გამო, პროტესტულად განწყობილი მოქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხვის მიზანს არ და ვერ მიაღწია, თუმცა როგორც სჩანს საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ ძალებს მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი დაკვეთის შესრულება მოუწევს და ეს დაკვეთა საზოგადოებრივი არეულობის ნებისმიერი ფორმით ინსპირირება წარმოადგენს, რათა დღემდე ვაშინგტონის ფავორიტ მიხეილ სააკაშვილს რეპრესიული მანქანის ამოქმედებისა და ფორმალურად ავტოკრატიულად შეფასებული რეჟიმის დიქტატურაში ტრანსფორმირების შესაძლებლობა მიეცეს. მოვლენების ამგვარი განვითარება აგრეთვე ჯდება მოსალოდნელი რევოლუციური პროცესების კონტექსტში, რადგან საკამათო არ არის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი “იმედი” და დასაყრდენი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ტერორისა და ქვეყნის იმპერატიული - დიქტატორული მეთოდებით მართვის პირობებში თუ შეინარჩუნებს ვაშინგტონისთვის ესოდენ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგოდერეფანზე კონტროლს, რომელიც დღეს ჯერ კიდევ თბილისის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიებზე გადის.
პუბლიკაციის მიწურულს კი დაუბრუნდები ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პოლიციის მიერ თითქოსდა მეამბოხე ოფიცრების დაკავების სპეც-ოპერაციას, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები თუ რატომ დატოვა რეჟიმმა ცოცხალი ოთანაძე და ამირიძე თუ კრიალაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში სპეც-სამსახურებისთვის დამახასიათებელი “ზედმეტის მცოდნე მოწმის მოშორების” ფაქტს ჰქონდა ადგილი. პასუხი მარტივია, რადგან აღნიშნული სპეც-ოპერაცია სავარაუდოდ სწორედ საზოგადოებაში არსებული ვერსიების დეზაუვირებასა და ახალი ვერსიების წარმოშობას ისახავდა მიზნად. აღნიშნულის ფაქტობრივ დადასტურებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ, რამეთუ შემიძლია ვივარაუდო, რომ როგორც კი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პოლიტიკური ოპოზიცია ამერიკისა და სააკაშვილის სპეც-სამსახურების უკანასკნელი დაკვეთის შესრულებას და შესაბამისად საზოგადოებრივი არეულობის ინსპირირება იმიტაციას დაიწყებს, მმართველი რეჟიმი სხვა ვიდეო და აუდიო მასალებთან ერთად ამჟამად დაჭრილი ოფიცრების ოთანაძისა და ამირიძის აღიარებით ჩვენებსაც გამოამზეურებს, რომელთა მიხედვით აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის (რეჟიმისთვის არასასურველი) ერთი ნაწილი თურმე სამხედრო გადატრიალებას, ქვეყანაში რუსეთის არმიის მოპატიჟებას, მაიას ტომის ინდიელებთან ალიანსსა და კიდევ ათას სისულელეს გეგმავდა. ეს სისულელე სახელისფლებო პროპაგანდის მანქანის მიერ, ნაციონალური ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, იმედი-სა და პირველი არხი-ის მეშვეობით იმდენჯერ მიეწოდება საზოგადოებას რამდენჯერაც თავად რეჟიმი ჩათვლის საჭიროდ და ისიც დამოუკიდებელი პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და უბრალოდ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანების მასობრივი დაპატიმრებების ფონზე. ეს ყოველივე უკვალოდ რათქმაუნდა არ ჩაივლის და ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი დიქტატურის გაფორმებით იქნება დაკავებული მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილი შოკის ტყვეობაში აღმოჩნდება, რომლისგან თავის დაღწევა სტატიის პირველ ნაწილში აღნიშნული რევოლუციური მოძრაობის მეშვეობით თუ გახდება შესაძლებელი,. ისევე როგორც თავად სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის დემონტაჟი.
P.S.
როგორც უკვე ავღნიშნე ამ პუბლიკაციას ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ გააჩნია, მხოლოდ ჩემ ხედვას წარმოგიდგენთ იმისა თუ რა შეიძლება როგორ შეიძლება და რატომ შეიძლება მოხდეს და ისიც მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ფორმატში, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი უშედეგოდ არ ჩაივლის და უახლოეს მომავალში კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლა 2 ათწლეულის მანძილზე რეპრესირებული საზოგადოების ძირითადი საზრუნავი გახდება. ბრძოლა იქნება ცხოვრების წესი და ბრძოლაში იქნება თვით გადარჩენაც.
და მაინც რა ელის ამ ქვეყანას ხვალ ???
This post has been edited by makusa on 26 May 2009, 03:48