წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი პრობლემა, ჩვენმა მოქალაქეებმა უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, ათეულობით საქმე არის პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამ საკითხზე, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან, ასევე პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე.
„ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამნისტია არ გავრცელდება მოხელის, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.
„სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს – გადაიხდის შესაბამის ღირებულებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
https://rustavi2.ge/ka/news/264278ეს ### ირაკლი ღარიბაშვილი ისეთ მძიმე დანაშაულს როგორიცაა თაღლითობა უფრო ახალისებს რა ამნისტია შმანისტია ? პირიქით თაღლითობაზე სასჯელი უნდა გამკაცრდეს.
მუხლი 362. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
11. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი, აგრეთვე მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბება −
ისჯება ჯარიმით.
2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
მუხლი 180. თაღლითობა
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.