ჰარტლანდი
ნაწილი II
(ნაწილი I -
ფარენგეიტი 8–07ეს ჭეშმარიტება არაა,
ეს მისი ერთ–ერთი ძირითადი ვერსიაა!
დროისა და მოთმინების უქონლობის შემთხვევაში
სჯობს საერთოდ ნუ დაიწყებთ კითხვას
შესავალი
წინამდებარე თემის გახსნა ერთმა მიზეზმა გადამაწყვეტინა, ამ ფორუმზე იუზერთა ნაწილი რატომღაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ცალკე აღებული, სხვა მოვლენებისა თუ მიზეზებისაგან დამოუკიდებლად განიხლილავს, არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ კონფლიქტის რეალური საფუძვლის შესახებ და ხშირად იქამდეც კი მიდის დავა – ომი მიშამ დაიწყო თუ პუტინმა. ჩაიკითხეთ ეს პოსტი ბოლომდე და ეცადეთ უფრო მასშტაბურად შეხედოთ კონკრეტულ მოვლენას.
გეოპოლიტიკა
იმისათვის, რომ წინამდებარე თემის გაგება გაგიიოლოთ გთავაზობთ გეოპოლიტიკის, როგორც ტერმინის განმარტებას:
გეოპოლიტიკა – თანამედროვეობაში ამ ტერმინს სამი განმარტება გააჩნია :
ა) რეაქციული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც არახელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ამართლებს და ასაბუტებს ექსპანსიურ პოლიტიკას და ტერიტორიების დაპყრობას, ამ გზით ე.წ. „სასიცოცხლო სივრცის“ შექმნის აუცილებლობას;
ბ) მოძღვრება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფოტა საგარეო პოლიტიკურ ქცევას საფუძვლად უდებს გეოგრაფიულ მახასიათებლებს;
გ) სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში.
ჰარტლანდის თეორია
ჰარტლანდი – ეს გახლავთ გეოპოლიტიკური თეორია , რომელიც მე 19–ე და მე 20 –ე საუკუნეების მიჯნაზე, ინგლისელი გეოგრაფის ჰ.მაკინდერის მიერ შეიქმნა, ამ თეორიამ ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული მოსაზრებები მსოფლიოზე ბატონობის შესახებ, თუ მანამდე ამ მიზნის მისაღწევ მთავარ საშუალებად ზღვაზე ბატონობა მიიჩნეოდა, მე 19–ე საუკუნიდან მსოფლიო ბატონობისათვის „საყრდენი წერტილი“ – იგივე ჰარტლენდი (ინგ.Heartland) ხდება ცენტრალური აზია, სივრცე გადაჭიმული მდ. ვოლგიდან ციმბირამდე, არქტიკიდან ჰიმალაიმდე (ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებული თითქმის მთლიანი სივრცე - იხ. რუკა -
http://s53.radikal.ru/i139/0810/e3/e98a0309929e.jpg . მაკინდერის თეორიის მიხედვით, ის სახელმწიფო, რომელიც გააკონტროლებს ჰარტლანდს, იქნება კიდეც მსოფლიო ჰეგემონი. ჰარტლანდის თეორია იმთავითვე რომ სერიოზული განხილვის საგანი და ანგარიშგასაწევი იყო, ისიც ადასტურებს, რომ I მსოფლიო ომის შემდგომ, ვერსალის კონფერენციაზე (1919წ.) იზრუნეს გერმანიასა და რუსეთს შორის ბუფერული სახელმწიფოების შექმნაზე , რათა არ მომხდარიყო ამ ორი იმპერიის დაახლოება და მათ მიერ ჰარტლანდის ერთობლივი კონტროლი .
მაკინდერის თეორიის მიხედვით „მსოფლიო კუნძული“ (დედამიწის ყველაზე დასახლებული, რესურსებისა და შესაძლებლობების მხრივ ყველაზე მდიდარი რეგიონი) შედგებოდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებისაგან, სწორედ ამ კუნძულის გულია ჰარტლანდი რომელზე ბატონობისთვისაც აუცილებელია აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლი და არა მარტო:
„ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის აკონტროლებს ჰარტლანდს“
„ვინს აკონტროლებს ჰარტლანდს, ის ბატონობს მსოფლიო კუნძულს“
და ბოლოს:
„ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ეს ბატონობს მსოფლიოზე“
ჰარტლანდი XX საუკუნეში
პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ცივი ომი სხვა არაფერი იყო თუ არა ბრძოლა ჰარტლანდისათვის, 1917 წელს მეფის რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ ძირეულად შეცვალა ძალთა ბალანსი, ინდუსტრიალიზაციამ და კომუნიკაციების სწრაფი ტემპით განვითარებამ რუსეთს საშუალება მისცა საბჭოთა კავშირად გარდაქმნილიყო და ჰარტლანდის გულის კონტროლიდან გამომდინარე მსოფლიოზე ბატონობის პრეტენზია გამოეთქვა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მხოლოდ საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა მსგავსი პრეტენზია და რესურსები მის განსახორციელებლად, იგი ამ დაპირისპირებაში მესამე რაიხის პირისპირ აღმოჩნდა. დასავლეთისათვის არ არსებობდა იმაზე საშინელი კოშმარი, ვიდრე გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის გაყოფაზე, ამ გზით ისინი ფაქტიურად თანხმდებოდნენ ერთობლივ კონტროლზე, გავლენის სფეროების დაყოფაზე და მსოფლიო ბატონობაზე, მაგრამ ეს შეთანხმება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ საბჭოთა კავშირის ამბიციები და გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე განუზომლად გაზარდა, აუცილებელი გახდა მისი იზოლაცია და ამ გზით ნეიტრალიზაცია, საჭიროებამ მიწოდება განაპირობა და ჰარტლანდის თეორიას გაგრძელებაც მოეძებნა – არსებული სინამდვილიდან გამომდინარე ჰარტლანდის გაკონტროლების პერსპექტივა არარეალური ჩანდა, საჭირო იყო მისი ნეიტრალიზაცია და ამის ერთადერთ საშუალებად განხილული იქნა ჰარტლანდის გარშემო არსებული რკალის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია) – ანუ რიმლანდის კონტროლი და დასავლეთის მიერ და ამ გზით საბჭოთა ექსპანსიის შეჩერება. ეს ყველაფერი მხოლოდ თეორია არ იყო! ჰარტლანდის ნეიტრალიზაციას ემსახურებოდა სწორედ ცივი ომი, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა, ამასთანავე დამთავრდა ჰარტლანდისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპიც – აღმოსავლეთ ევროპა საბოლოოდ ჩამოსცილდა რუსულ ორბიტას, მას საიმედო იზოლატორის როლი დაეკისრა დასავლეთსა და რუსეთს შორის, სწორედ ამან განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებსა და უპირველეს ყოვლისა ნატოში, თუ გავიხსენებთ იმავე ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულებას, ეს სახელმწიფოები სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე, ამ აზრს ისიც განამტკიცებს, რომ აშშ–მ თავისი ანტისარაკეტო სისტემები სწორედ ჩეხეთსა და პოლონეთში განათავსა, ნატო კი წარმატებით უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის კონტროლს.
ჰარტლანდ–რიმლანდის თეორია იყო და არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ა.შ.შ–ს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზა, ამ პოლიტიკის განხორციელების იარაღად კი მსოფლიოს ეტაპობრივად მოევლინენ ნატოს, სენტო და სეატოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკები.
ბერლინი – კორეა – ახლო აღმოსავლეთი – ვიეტნამი – ავღანეთი უახლოეს წარსულში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რიმლანდისათვის დაპირისპირების გამოხატულებაა; ეს დაპირისპირება გრძელდება დღესაც და პოლიგონი ამჯერად კავკასიაა!
რატომ კავკასია?!
რუკაზე ორი წუთით დახედვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გასცე (რუკა -
http://s58.radikal.ru/i160/0810/b1/5af29b82eb7c.gif. ეს პატარა რეგიონი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი მეტ–ნაკლებად საიმედო სარკმელია რადგან:
ა) გამორიცხულია რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დასავლეთის მიმართულებით „არა თავისი“ მარშუტი (იქნება ეს მილსადენი თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია) გაატაროს;
ბ) თურქეთი – ამ სახელმწიფოს სამხრეთიდან აშკარად ანტიდასავლური სირია ესაზღვრება, სამხრეთ აღმოსავლეთიდან კი ერაყი და ირანი, ირანზე ყველას კარგად მოგეხსენებათ, რაც შეეხება ერაყს, მისი ჩრდილოეთი ნაწილი თურქებით დასახლებულ რეგიონებს მოიცავს და იქ რაიმე მარშრუტზე ლაპარაკიც კი ამ ეტაპზე გამორიცხულია. ესეც რომ არ იყოს, ერაყის რესურსების ტრანსპორტირება დასავლეთს ზღვითაც თავისუფლად შეუძლია და ამ შემთხვევაში „ველოსიპედის გამოგონება“ საჭირო აღარაა
გ) სომხეთი – ამ ქვეყანაში რუსული ბაზების არსებობის პირობებში რაიმე მარშრუტზე საუბარი არარეალურია.
გ) აზერბაიჯანი – ერთადერთი „ნეიტრალური“ სახელმწიფო, რომელსაც ხელი მიუწვდება კასპიის ზღვაზე და მოკავშირე საქართველოს დახმარებით აქვს რეალური გასასვლელი შავ ზღვაზე.
მივიღეთ ე.წ. კავკასიური საყრდენი, რომელიც აზერბაიჯანი–საქართველოს სახით საკმაოდ ხელსაყრელ დერეფანს ჰქმნის დასავლეთისათვის ასე საჭირო რესურსების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია რომ მხოლოდ რესურსებისათვის ხდება ამხელა დაპირისპირება, სასწორზე დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიებიც დევს და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ უსაფრთხოების სისტემაში კი საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იმთავითვე უდიდესი როლი ეკისრებოდა (გაიხსენეთ ისტორია – ყველა მეტ–ნაკლებად ძლიერი იმპერია ცდილობდა საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, ეს არ ხდებოდა არც ბუნებრივი რესურსების ან მატერიალური დოვლათის ხელში ჩასაგდებად, იმპერიებს ერთიც და მეორეც თავზე საყრელი ჰქონდათ, ყველა ამ აგრესიის მიზეზი კავკასიური კარიბჭე იყო, კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის)
ბრძოლა რესურსებისათვის
მიმდინარე ეტაპზე რუსული პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი კასპიის ზღვის აუზის მდიდარ რესურსებზე მონოპოლიის მოპოვებაა, ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალება კი რესურსების ტრანსპორტირების გზების ხელში ჩაგდებაა, რადგან თავისთავად რესურსების ფლობა, თუ მისი რეალიზაციის გზებსაც არ აკონტროლებ არაფერს ნიშნავს. დღეისათვის კასპიის რესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების (რუსეთის გვერდის ავლით) ერთადერთი გზა აზერბაიჯანი – საქართველოს მარშრუტია და ამ ეტაპზე მას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთმა უკვე კარგად დაანახა მთელ სამყაროს, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტები მხოლოდ რუსეთის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს და ისინი მაშინ გამოდიან მწყობრიდან, როცა ეს რუსეთს სჭირდება ვინმეს შანტაჟისათვის. ზემოთ ვახსენე, რომ აზერბაიჯანი–საქართველოს მარშრუტს ალტერნატივა არ აქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ალტერნატივა არც მომავალში იარსებებს, იმავე რუკაზე დახედვითაც კი მაშინვე თვალში მოგხვდებათ აზერბაიჯანი–სომხეთი–თურქეთის მარშრუტის პერსპექტივა და თუ ეს პერსპექტივა ამ ეტაპზე არარეალურია, დარწმუნებული ვარ, დასავლეთი უახლოეს მომავალში ყველაფერს გააკეთებს, რათა მან რეალური კონტურები შეიძინოს, ამაზე ადრეც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ, თურქეთისა და სომხეთს შორის ყინულის ლღობის დაწყება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ა.შ.შ–დან ყარაბაღის კონფლიკტის მოგვარებისათვის მზადყოფნის გახმაურება, სხვა არაფერია თუ არა ამ მოსაზრების დადასტურება. უახლოეს მომავალში, ჩემი აზრით, აქტიურად დაიწყება ბრძოლა სომხეთის ნეიტრალიზაციისათვის – ანუ ამ ქვეყნიდან რუსული ბაზების გასაყვანად და ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად (ან დიდი ხნით დასაკონსერვებლად).
ცივი (?!) ომი II
მე ვეცადე მოკლედ წარმომედგინა ის გეოპოლიტიკური „სცენა“, რომელზეც მოვლენები ვითარდება, ვიღაცისათვის შეიძლება ჰარტლანდი მხოლოდ მითია, მაგრამ მოვლენების განვითარება ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას მე პირადად არ მაძლევს. საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ დიდი გეოპოლიტიკური „დრამის“ მორიგი „მოქმედებაა“ და მხოლოდ აგვისტოს მოვლენების ანალიზით ჭეშმარიტებამდე ვერ მივალთ. ის რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში ხდება უფრო მეტად გადამწყვეტი შეტაკების შთაბეჭდილებას სტოვებს ჩემში, რაც არ უნდა ამტკიცონ სარკოზიმ და მერკელმა, გნებავთ რაისმა, რომ ცივი ომი არავის უნდა და მას არავინ დაუშვებს – ფაქტი სახეზეა, ომი უკვე დაწყებულია და ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ომი „ცხელ“ კონდიციამდე არ მივა.
პ.ს. ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე ფორმატშია წარმოდგენილი, ბევრ საკითხს და დეტალს თემაში საერთოდ არ შევხებივარ და ასე ვთქვათ – ღიად, განსჯისათვის დავტოვე, ბევრსაც განხილვის პროცესში დავაზუსტებ.
მოკლედ, აგერ „მოედანი“, „ბურთაობა“ თქვენზეა
This post has been edited by choxa79 on 17 Oct 2008, 17:48
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა