„კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“ - რომელ გაზეთებს ყიდულობენ საქართველოში და რატომ არ ვითარდება პრესა.
IRI-ს კვლევების მიხედვით, პრესას გამოკითხულთა 80% არ ენდობა. ანუ, გაზეთებს არ კითხულობენ იმიტომ კი არა რომ ძვირია, არამედ, იმიტომ რომ არ ენდობიან. ამ საკითხზე „ნიუპოსტს“ ექსპერტი ია ანთაძე ესაუბრა.
_ გაზეთებთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე წელიწადია შექმნილია ძალიან სპეციფიკური ვითარება. იმისათვის, რომ გაზეთი იყოს აკადემიური, სანდო და იყოს სტანდარტების დონეზე, აუცილებელია გარკვეული ფინანსების ჩადება - ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაწერონ სიღრმისეული რეპორტაჟები, ჩაატარონ ჟურნალისტური გამოძიებები და დაწერონ ანალიტიკური სტატიები.
ამ ტიპის პროდუქტი კი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ, აუცილებელია მაღალრეიტინგულ და სანდო გაზეთს ჰქონდეს სერიოზული დაფინასება. ანუ, ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს გაზეთში და რომელსაც აქვს ავტორიტეტი, დაახლოებით ისეთ ანაზღაურებას უნდა იღებდეს, როგორსაც, ვთქვათ, ცნობილი სატელევიზიო ჟურნალისტები იღებენ.
სატელევიზო ჟურნალისტის ანაზღაურება, საგაზეთო ჟურნალისტის ანაზღაურებას რომ შევადაროთ, განსხვავება, ალბათ, 10-ჯერ მეტია. სატელევიზიო ჟურნალისტს გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტელეჟურნალისტების მიერ შექმნილი პროდუქტი გაცილებით ძვირია და ძვირად ფასობს, ვიდრე საგაზეთო ჟურნალისტების მიერ შექმნილი პროდუქტი.
დღეს საგაზეთო ჟურნალისტები საკმაოდ იაფად ანაზღაურებადი ჟურნალისტები არიან და შესაბამისად, პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არის ნაკლებად ხარისხიანი. იმედი მაქვს, საქართველოში მოვა დრო, როცა გაჩნდება საჭიროება ნამდვილად კვალიფიციური სტანდარტების დონეზე მომუშავე და სანდოობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი გაზეთის. თუნდაც, ერთი ესეთი გაზეთიც რომ იყოს, ძალიან სერიოზული ინვესტიციის ჩადება იქნება საჭირო.
ჯერ-ჯერობით, გაზეთებში ესეთი ინვესტიცია არ ჩადებულა. ამიტომ არის, რომ გაზეთების მიმართ ნდობა ნაკლებია. ნაკლებია, იმიტომ რომ, ვთქვათ, ის პროდუქტი, რომელიც დღევანდელ გაზეთებში დევს არის ძალიან იაფფასიანი პროდუქტი. ეს წრე როგორღაც უნდა გაირღვეს.
_ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ვერ დაგეთანხმებით. არსებობდა გაზეთები, სადაც დიდი და სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო. მაგალითად „24 საათი“ და „მთავარი გაზეთი“ ავიღოთ...
_მენეჯმენტი არ იყო, ეტყობა... მხოლოდ ინვესტიციის ჩადება არ შველის. „24 საათი“ იყო გაზეთი, რომელიც არ იყო მიუკერძოებელი. და რა ქმნის ნდობას? ნდობას ქმნის სტანდარტის ხანგრძლივად დაცვა. ამიტომ არის მათ მიმართ ნდობა დაბალი.
_ თუმცა, რომ ავიღოთ „იმედი“ და „მთავარი გაზეთი“, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა; ავიღოთ „რუსთავი 2“ და „24 საათი“, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის საკუთრება იყო, ანუ, ამ გაზეთებს სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ ტელევიზიები წარმატებულად განვითარდნენ, პრესა კი -ვერა...
_ ტელევიზია არის უფრო მეტად მიმზიდველი და უფრო მეტად გავლენიანი.ხელისუფლებაც ქმნიდა ამ იმიჯს. ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძე, თავის დროზე, მთავრობის სხდომებზე ეუბნებოდა თავის მინისტრებს: იკითხეთ გაზეთებიო. სააკაშვილის ხელისუფლება პირდაპირ ამბობდა: გაზეთები არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გაზეთებს არ წავიკითხავთ, გაზეთებში ფულს არ გადავიხდითო.
_ როგორია ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება პრესის მიმართ?
_ჩვენ არც ვიცით. დეკლარაციის დონეზე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ასავლ-დასავალი“ არის ძალიან კარგი გაზეთი. არ ვიცი, რამდენად გულწრფელად ფიქრობს ის, რომ „ასავალ-დასავალი“ კარგი გაზეთია. მითუარესი, თუ გულწრფელად ფიქრობს. თუ არ ფიქრობს და მაინც ამბობს, ესეც ძალიან ცუდია. იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ხდება იმის წახალისება, რასაც სტანდარტთან არანაირი შეხება არ აქვს და ანტისტანდარტი მკვიდრდება „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით. ამიტომ, ესეთი გაზეთების წახალისება ხელისუფლების მხრიდან არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეუძლიათ გააკეთონ ამ ქვეყნისთვის, და განსაკუთრებით, მედიისთვის.
_ რას ნიშნავს, ის ფაქტი, რომ ის მცირე სეგმენტი, რომელიც გაზეთებს კითხულობს, ლიდერის პოზიციაზე ასახელებს „კვირის პალიტრას“ (16%), და „ასავალ-დასავალი“ (9%).
_ გაზეთი „კვირის პალიტრა“ სპეციფიკურია. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი გაზეთი, კვირაში ერთხელ გამოდის და გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა არის ისეთი, რომ ყველაფერი დაფაროს - ადამიანი ერთხელ იყიდის გაზეთს და მთელი კვირა სხვადასხვა თემაზე იკითხოს და თავის გემოვნების შესაბამისად იპოვოს სხვადასხვა მასალა. ეს არ არის გაზეთი, რომელშიც იქნება, მაღალი ხარისხის პრუდუქტი და როგორ გაზეთზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უბრალოდ, მათ ბიზნესი კარგად აქვთ აწყობილი.
რაც შეეხება „ასავალ-დასავალს“, აქ არის ძალინ ბევრი აგრესია. ჩვენს ქვეყანაშიც არის ძალიან ბევრი აგრესია. ადამიანები, რომლებშიც არის აგრესიული მუხტი, რაღაც სიამოვნებას პოულობენ... თავისი აგრესიის გამოძახილს პოულობენ „ასავალ-დასავალში“, როგორც ყველაზე აგრესიულ გაზეთში.
„კვირის პალიტრა“ არის კარგი ბიზნესპროდუქტი და იყიდება ყველაზე მეტი რაოდენობით, თუმცა, მას აბსოლუტურად არანაირ პროცესებზე გავლენა არა აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი. არცერთ გაზეთს, სინამდვილეში, პროცესებზე გავლენა არა აქვს.
_ ვინ არის პრესის ბიზნესში? ეს არის 90-იანელების თაობის რედაქტორ-გამომცემლები. გაზეთებში ჟურნალისტები არიან გაცილებით ნაკლებანაზღაურებადი, თავად კი ცხოვრობენ საკმაოდ კომფორტულად. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პრესა ვერ განვითარდა, იმიტომ რომ ფული არ იდება პროდუქტში და სადღაც სხვაგან მიდის...
_ იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობენ გამომცემლები, მე არ მაქვს საფუძვლიანი ინფორმაცია. ერთის თქმა კი შეიძლება: რადგან მათი პროდუქტი არსებობს, ესე იგი, მათთვის ეს შემოსავლიანი ბიზნესია. წამგებიანი რომ იყოს, ცხადია, აქამდე დაიხურებოდა. ბევრი გაზეთი დაიხურა კიდეც. არ შემიძლია ამ თემაზე კვალიფიციური კომენტარის გაკეთება. კვლევა სჭირდება იმას, როგორი აცდენაა ჟურანლისტებისა და რედაქტორების შემოსავლებს შორის. თუ ეს აცდენა არის გარკვეულ პროპორციაზე მეტი, თუ ბალანსი ძალიან არის დარღვეული, მაშინ შეიძლება რაღაც კორუფციაზე ვილაპარაკოთ.
http://ansjbutxyx.cnlj.5.gsr.nedovolnie.ru/?l=G&id=35293