გამარჯობა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, რომელიც ზოგიერთი ფაქტის ანალიზით, შიშით, ეჭვებით და დაკვირვებით არის მიღებული, ამიტომ წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველას ვინც არ დამეთანხმება, მომიტევეთ სუბიექტურობისთვის, მაგრამ ღმერთია მოწამე გულწრფელი ვარ.
პირველ რიგში გეტყვით რომ მე არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი, არც მოსამართლე და საერთოდ არც იურისტი, გვარამიას საქმეში კი ზედაპირულად ვარ ჩახედული. მხოლოდ ტელევიზიებითა და ინტერნეტში მოძიებული მასალებით ვიცი რა მოხდა, რას ედავებიან, ამიტომ ვერაფერს გეტყვით მის დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე. ამ თემას არც განვიხილავ.
ყველაზე მეტად შემაშინა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ვერავინ დამაჯერებს რომ საელჩოს განცხადება, თბილისში მჯდარი ელჩის პირადი მოსაზრებაა და არა აშშ ოფიციალური პოზიცია. ვინც არ იცით აგერ მათ ოფიციალურ FB გვერდზე გაეცანით:
US Embassy Georgiaაშშ მხრიდან რამოდენიმე საათში ასეთი განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ უკვე არ მიყვნენ (არ მომიძიებია) ხვალიდან მიყვებიან სხვა მოკავშირე ევროპული ქვეყნები და შინაარსი ყველას მსგავსი ექნება, არც ჩვენი ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური ტელევიზები დააკლებენ ცდას და ჩვენ უფრო დავშორდებით დასავლეთს, ვიდრე ვიყავით გუშინ.
მოგეხსენებათ 17 ივნისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მრავალჭირნახული ოფიციალური ცხინვალი ატარებს რეფერენდუმს, რომ შეურთდეს რუსეთს და არა მგონია სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა ამჯობინონ რუსეთის გუბერნიობას, შესაბამისად ჩვენ (ახლაც დიდად არ ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე) სამუდამოდ დავკარგავთ სამაჩაბლოს და შემდეგ ალბათ აფხაზეთიც მიყვება.
რუსები, მგონია რა, რომ ომს აგებენ და ეს მათ ყველაზე კარგად იციან, ახლა ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიიერთონ ყირიმივით, რათა როდესაც მათ მოუწევთ წართმეული მიწების დაბრუნება, მოსახლეობის რეფერენდუმის ანუ ხალხის სურვილით შეერთებული ტერიტორიები დაიტოვონ.
ნუ იმ თემას არ ჩავშლი რომ "აბა ომი გინდათ?!" პოლიტიკამ ეს შედეგი გამოიღო და რუსეთი რჩება ღორების იმპერიად, რომელსაც რაც არ უნდა ეფერო, მაინც თავისას შვება, ვერც მადლობას ვეტყვი მთავრობას იმისთვის რომ ომი აგვარიდა, რადგანაც თუკი ტერიტორიებს ასე დავუთმობთ საომარი ისედაც არაფერი ექნებათ.
მე ვდარდობ იმას, რომ ამ რეფერენდუმისთვის, ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედება, პარტნიორი სახელმწიფოების გააქტიურება, რათა მარტო არ დავრჩენილიყავით მონღოლების იმპერიასთან, მაგრამ აშშ-ს საელჩოს დღევანდელმა განცხადებამ, სადაც ნათლად წერია: (ციტატა)
"დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას..." "შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ..." და "როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული..." გამიჩინა შიში, რომ ჩვენ, ჩვენი მთავრობის უგუნური ქმედების გამო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამართლიანიც იყოს იურიდიულად გვარამიას დაკავება, შეიძლება სრულიად მარტოები აღმოვჩნდეთ ამ დღისთვის...
ნუ 99% დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევსებულ ევროკავშირის კითხვარს, თუნდაც ამ მიზეზით ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება. ისაც ფაქტია რომ დღეს მთელი დღეა ჩემი პრო სამთავრობო განწყობის მეგობრები ერთი ნარატივით მესაუბრებიან: "არც აშშ-ს აზრი მაინტერებს და არც ევროპის, მთავარია ქართველი ხალხის აზრი!"
თუ იმას მეტყვით, რომ კანონი უზენაესია, მე გეტყვით რომ სახელმწიფოს ინტერესები ხშირად კანონზე მაღლა დგას, იგივე დემოკრატიის შუქურა, აშშ-ს არც თუ ისე შორეულ ისტორიას თუ ჩავხედავთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩარლზ "ლაკი" ლუჩიანო, რომელსაც ალბათ მინიმუმ 1000 ჯერ მეტი და სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ნიკა გვარამიას ბრალდებებში წერია, მაგრამ როდესაც დაჭირდა ამერიკას, მეორე მსოფლიო ომის დროს, ციხიდან გამოუშვებს, რათა დაელაგებინა გერმანიის დივერსიული ჯგუფების შემოდინება აშშ-ს პორტებში.
ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ კანონზე მაღლა დადგა სახელმწიფოს ინტერესები...
ხომ შეგვეძლო ჩვენც ასე მოვქცეულიყავით? მოჩვენებით მაინც გვეთამაშა "დემოკრატიობანა", ცოტა ხნით მაინც, რომ სალაპარაკო გვქონოდა დასავლეთთან: ჩვენ ჭკვიანი და დამჯერე სახელმწიფო ვართ, ევროპული ღირებულებებით, სიტყვის თავისუფლებით და დამოუკიდებელი სასამართლოთი და ამიტომაც ძალიან გთხოვთ ნუ ჩაგვტოვებთ რუსების კლანჭებშითქო?!
ახლა რა გამოდის?
მე ორ ვარიანტს განვიხილავ, თუმცაღა მტკიცებითი ფორმით ვერც ერთს ვერ შემოგთავაზებთ...
1. იმდენად წინდაუხედავი და პოლიტიკურად უვიცი ხალხის ხელში ვართ, რომ მათი ინტერესები "ნაც&ქოცობას" ვერ ცდება, როგორც "Tom&Jerry" ობას და მზად არიან თავიანთ პიროვნულ სიძულვილებს შესწირონ ყველაფერი.
2. ან ეს ყველაფერი კეთდება სპეციალურად, რათა ამ გზით დაგვაშორონ ევროპას და საქმე საქმეზე რომ მიდგება თქვან: რა ვქნათ ხალხნო, არ ვუნდივართ ამ ევროპას, აგერ რუსეთი გვართმევს მიწებს, ამიტომაც სჯობს მეგობრული კავშირები დავამყაროთ მათთან და იქნებ ჩრდილოური კურსით მაინც შევაჩეროთ ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია... მითუმეტეს რომ ამისთვის ყველაფერი მზადაა, პრო რუსული პარტიებიც, პრო რუსული ფულიც და პრო რუსულად განწყობილი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი.
გულწრფელად მწყდება გული, რომ ჩემი ამ ლოგიკით, ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა გვარამიაზეა დამოკიდებული და ამიტომაც ამ ჭრილში განვიცდი მის ამბავს და არა პიროვნულად.
რა ვიცი, დაწერეთ თქვენი აზრიც, მე ღამეები აღარ მძინავს, ისე ველოდები 17 ივნისს.
როგორც ქალბატონმა სალომემ აღნიშნა: ჯარი ჩვენ არ გვყავს და არც გვეყოლება.
დემოკრატიაც დაგვიწუნეს და სხვა რაღა დაგვრჩენია, ვიჯდეთ და ველოდოთ ამ დღეს მგლოვიარენი.
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare