თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ დღეს, 16 მაისს გამოცხადებული განაჩენით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მოსამართლე ჩხიკვაძემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით(მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. ამასთან, როგორც მოსამართლემ განმარტა, "სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა, ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით".
"სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 საათიდან და ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ დაკავებულ იქნას სასამართლოს სხდომის დარბაზში", - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. "ყოჩაღ!" - ამ რეპლიკით შეხვდა ნიკა გვარამია მოსამართლის განაჩენს. მის გამოცხადებამდე, სასამართლოს შენობაში შესვლის წინ, გვარამიამ მედიას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ სრულიად უდანაშაულოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სამი სხვა მუხლით - 194-ე(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 221-ე(კომერციული მოსყიდვა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება).
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენიაც და მას სასჯელად შეუფარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. მოსამართლემ გაამართლა საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ამავე საქმეზე, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია ბრალდებულია „წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში“. „ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალად ედებოდა „კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31852346.htmlგაგსროკეს ნიკუშ ?
ჰა ჰა ჰაა