ეს ქალია.
ქალს აქვს ორი ფეხი, ორი ხელი და ორი ყური.
აქვს ერთი ენა და ერთი თავი.
ქალს აქვს სხვა ორგანოებიც, მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ მათი გამოყენებისთვის
საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს ტვინი და შეუძლია ფიქრი,
რაც არ ნიშნავს, იფიქროს მაშინ, როცა მოუნდება.
ისე, როგორც მოუნდება.
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს ხმა და შეუძლია ლაპარაკიც, მაგრამ
ზოგმა ქალმა არ იცის, რომ ყველაფრის თქმა არ შეიძლება.
ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს აქვს საშვილოსნო და შეუძლია გააჩინოს შვილი,
მაგრამ ამისათვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია არ გააჩინოს შვილი,
ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია უყვარდეს,
რაც არ ნიშნავს, რომ აქვს სიყვარულის უფლება
მაშინ, როცა მოუნდება.
ისე, როგორც მოუნდება.
ყველა ქალმა არ იცის, რომ საჭიროა შესაბამისი ნებართვა.
ქალს შეუძლია არ უყვარდეს,
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ ამისათვის
საჭიროა სპეციალური ნებართვა.
ქალი მიდრეკილია გაუჩნდეს საკუთარი სურვილები,
ამიტომ საჭიროა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ,
რადგან
ყველა ქალმა არ იცის, რომ მისი სურვილები
სურვილები არ არის.
ეს ქალია.
ქალს აქვს ორი ფეხი, ორი ხელი და ორი ყური.
აქვს ერთი ენა და ერთი თავი.
ქალს აქვს სხვა ორგანოებიც,
საკმარისი იმისთვის, რომ რომელიმე მოაჭრა.
ეს ქალია.
ქალს შეუძლია იცოცხლოს.
მაგრამ
ყველა ქალმა არ იცის, რომ
ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული ნებართვა.
ეს ქალია.
ქალი ადამიანია.
ყველამ არ იცის, რომ ქალი ადამიანია.
–
ლია ლიქოკელი
This post has been edited by Bobgure on 16 Jul 2016, 01:59
მიმაგრებული სურათი