http://alia.ge/news/2103აქაა სია
* * *
http://alia.ge/news/3342„ალიას“ სკანდალურ დოკუმენტებს აწვდიან - «ამ დოკუმენტებით დგინდება პარლამენტარ ისკო დასენის მევახშეობა!»
არასამთავრობო ორგანიზაცია «თანადგომა და სამართლიანობის» საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მირანდა ლაღიძემ «ალიას» ამჯერადაც ძალიან საინტერესო დოკუმენტები მოაწოდა.
მირანდა ლაღიძე:
- ამ დოკუმენტებით, რაც ამჯერად თქვენ მოგაწოდეთ, კიდევ ერთხელ და ფაქტობრივად, დგინდება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის, ისკო დასენის მევახშეობის საკითხი. ამ მდგომარეობით, მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ძალიან ბევრი იპოთეკის ხელშეკრულების გარიგება უფიქსირდებათ საჯარო რეესტრში. ასევე, სხვა რაღაც ბიზნეს-გარიგებებშიც არიან ჩართულნი.
- კონკრეტულად, ვინ?
- ისკოს ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, არიან: კნიაზ დასენი, ტიტალ დასენი, სვეტლანა დასენი და შარინა დასენი. ყველა ეს პიროვნება ერთსა და იმავე საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია ვთქვათ, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან. დასენებზე, იპოთეკის ხელშეკრულებებთან ერთად, ასევე, ფიქსირდება ყიდვა-ნასყიდობის ხელშეკრულებებიც, წილის დათმობები და სხვადასხვა ტიპის გარიგებები. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იპოთეკის ხელშეკრულების უკან სხვა პიროვნება იდგეს, მაგრამ რეალურად, თანხა ამათია და ესენი ატრიალებენ... საერთოდ, ადამიანს, რომელსაც მრავალგზის აქვს გაკეთებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ეს მისთვის უკვე საქმიანობაა და ითვლება შემოსავლის წყაროდ. ასეთი ადამიანები აუცილებლად უნდა იხდიდნენ ქონების გადასახადს და ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ რამდენიმე წლის წინათ, ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრობის დროს, სამინისტროს გადავეცით იმ მევახშეების 850-კაციანი სია, სადაც ყველაზე მწვავე და მწარე მევახშეები გვყავდა დასახელებული. ვიცით, რომ მათგან ბევრი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ბევრს დაუყადაღეს ქონება, რომლებიც დღესდღეობით შემოსავლების სამსახურს გააქვს აუქციონზე სარეალიზაციოდ. ახლაც გვაქვს ზუსტად იმ ტიპის სიები, რომელთა ნაწილი დღეს თქვენც მოგაწოდეთ (ინტერვიუ ჩაწერილია 30 ივნისს. - ნ.ლ.) და ვაპირებთ, ეს სიებიც გადავცეთ ფინანსთა სამინისტროს, შემდგომში რეაგირების მიზნით.
«ალია» ფოტოს სახით ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ იმ მევახშეების ჩამონათვალს, რომელთა სახელზეც არაერთი ათეული იპოთეკური ხელშეკრულებაა გაფორმებული.
«ალია» კომენტარისთვის ისკო დასენსდაუკავშირდა:
- არასამთავრობო ორგანიზაცია «თანადგომა და სამართლიანობამ» მოგვაწოდა საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები, სადაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები: კნიაზ დასენი, ტიტალ დასენი, სვეტლანა დასენი და შარინა დასენი ფიქსირდებით...
- სვეტლანა დასენი ვინ არის? რაღაც შეცდომაა და ჩემზეც არაფერი არ იქნება, ტყუილია.
- კნიაზ დასენი თქვენი ოჯახის წევრი არ არის?
- ჩემი შვილია.
- ტიტალ დასენიც თქვენი შვილია?
- დიახ, ერთი 38 წლისაა, მეორე 37 წლის და ყველა თავის ოჯახში ცხოვრობს. გისმენთ.
- კი, ბატონო. ანუ სვეტლანა დასენი თქვენი ოჯახის წევრი არ არის?
- ასეთი არავინ გვყავს, ვინ არის სვეტლანა დასენი, საერთოდ არ ვიცი.
- შარინა დასენი?
- ჩემი რძალია. აბა, მითხარით, რას ეხება და შეიძლება გამახსენდეს.
- აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში, იმ ადამიანებზე, ვინც მე ახლა ჩამოგითვალეთ და მითხარით, რომ თქვენი ოჯახის წევრები არიან, იპოთეკური ხელშეკრულებები ფიქსირდება. ზოგი ნასყიდობის ხელშეკრულებაა... ანუ ამ დოკუმენტების მიხედვით, თქვენი ოჯახის წევრების იპოთეკარობა დგინდება.
- როგორ, რა? ჩვენ გვაქვს სესხი გაცემული? არა, არა, ტყუილია, რაღაც შეცდომაა, დამიჯერეთ... მოდით, იცით, რა? თუ გინდათ დაგაკავშირებთ წარმომადგენელს, რომელიც ნახავს და ნორმალურად გიპასუხებთ. დამიჯერეთ, შეცდომაა. ჩვენ სესხად ფულს არ გავცემთ, ეს არის აშკარა ტყუილი. ან ლიპაა, ან რაღაც ხდება. მე დეპუტატი ვარ, ხომ იცით?
- კი, ბატონო, ვიცი.
- ტყუილს ხომ არ ვიტყვი, არა? მომისმინეთ. ჩვენ სესხით ფულს არ გავცემთ, ტყუილია ეს. იქნებ თქვენ ამბობთ «ლიდერ კრედიტზე»? მიკროსაფინანსო ორგანიზაცია «ლიდერ კრედიტი».
- არა, ეგ, ეტყობა, კიდევ სხვა ისტორიაა (ამ ორგანიზაციის შესახებ ისკო დასენს დეკლარაციაში აქვს მითითებული. - ნ.ლ.). ამჯერად კონკრეტულად, იპოთეკაზე გეკითხებით. სხვადასხვა მისამართები ფიქსირდება ხოლმე და ამ შემთხვევაში...
- რა მისამართები, აბა, მითხარით? იპოთეკური სესხი გამორიცხულია, რა გაქვთ თქვენ, მე არ ვიცი. იმიტომ გეუბნებით, რომ ჯობია... გინდათ, მე დავარეკვინებ თქვენთან, ან თქვენ ჩაიწერეთ ნომერი და დაურეკეთ.
- ვის დავურეკო?
- დათო წითურს.
- და ეს დათო წითური ვინაა?
- ეს არის ჩემი ადვოკატი, რომელიც ყველაფერზე გიპასუხებთ. დამიჯერეთ, ტყუილია... იცით, რა? არ გამოვიდეს, რა, ახლა რაღაც ისეთი დაწეროთ, რომ მერე მე უნდა მოგთხოვოთ პასუხი და მერე დავიწყოთ დავა..
- ჩვენ ახლა იმიტომ გირეკავთ, რომ თქვენი კომენტარი გვჭირდებოდა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად არ ვუშვებდით.
- მომისმინეთ? სუფთა ადამიანურად გთხოვთ, რა... ეს არის რაღაც ტყუილი. ან ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ, ან ისევ რაღაც შოუ მზადდება ჩვენს გარშემო.
- ამ წამსვე შემიძლია, გითხრათ კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, სარეგისტრაციო წარმოება ერთ შემთხვევაში დასრულებულია 2014 წლის 25 აპრილს, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, დაინტერესებული პირი ისკო დასენი, ქ. თბილისი, აგლაძის ქუჩა #39. კიდევ შემიძლია გითხრათ, მაგალითად...
- ერთი წუთით, ერთი წუთით... აგლაძის #39-ში არის ფართი მეოთხე სართულზე, რომელიც არის ჩემი ოჯახის წევრების. იპოთეკური სესხი რა შუაშია?
- ვინ იყო ამ ფართის წინა მფლობელი?
- მაგდენი არ ვიცი... იმიტომ გეუბნებით, რა, დაგირეკავთ თქვენ დათო წითური, სადაც იტყვით, იქ მოვა და უცბად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე.
- ბატონო ისკო, პირდაპირ ვუყურებ ახლა დოკუმენტებს. შემიძლია, კიდევ გითხრათ ფაქტები, მაგალითად, ეს: დიდი დიღომი, მესამე მიკრორაიონი, იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, დაინტერესებული პირი ისკო დასენი.
- ეგ ჩემი ბინა იყო დიდი დიღომი, მესამე მიკრო, მეექვსე კორპუსი, ბინა 80.
- ეს ბინა თქვენ პირისგან შეიძინეთ, თუ იპოთეკური გარიგების შედეგად?
- როგორ გეკადრებათ? ეს ამხანაგობა... საბჭოთა კავშირის დროს ჩადებული მქონდა, დავფარე, ჩემზე იყო და ბოლოს ჩვენ გავყიდეთ. ვერ გავიგე, რაზეა ლაპარაკი?
- მაშინ რატომ არის დაფიქსირებული იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია?
- ჩემმა მეზობელმა იყიდა, დამიჯერეთ, სისულელეა. რაღაც სისულელეა. ლაღუნდარიძეებია ბოლოს?
- გვარი აქ არ ჩანს.
- აა, მომისმინეთ, ეგ მე გამახსენდა და აი, გპასუხობთ ახლა: ჩემმა მეზობელმა აიღო სესხი ბანკიდან, ვაკეშია ის ბანკი. იქიდან აიღო სესხი, მე გამისტუმრა და ის ბინა მაგან წაიღო. ამის მერე... მე მახსოვს, ეგენი მერე ვერ იხდიდნენ ბანკში, მერე პატრიარქიც ჩაერია მაგ საქმეში და ყველაფერი დაიფარა. მერწმუნეთ, რაღაც სისულელეა, რა. მომისმინეთ: ბინა იყო ჩემს სახელზე, რადგან მე შევიტანე, მე შევიძინე... მაშინ, სხვათა შორის, მე საქართველოს რადიოში ვმუშაობდი. ესე იგი, ამის მერე უკვე გადის 5-6 წელი, ჩემმა მეზობელმა გადაწყვიტა ამ ბინის ყიდვა, მას ნაღდი ფული იმდენი არ ჰქონდა. შეთანხმდა ბანკთან, რომელიც არის ვაკეში, ჭავჭავაძის ბოლოშია ის ბანკი, მგონი, «ლიბერთია», არ მახსოვს. მახსოვს, მაგასთან ერთად მივედი იქ, მაგან ბანკიდან აიღო სესხი, მაგრამ ბინა ხომ იყო ჩემს სახელზე? ამიტომ მეც იქ მოვაწერე ხელი, მიმიხვდით? რომ ამ ბინის საფუძველზე ლაღუნდარიძემ აიღო სესხი.
- ანუ მეზობლის გამო თქვენ თქვენი ბინა ჩადეთ?
- ჩავდე, მაგრამ იყიდა მაგან საბოლოოდ ჩემგან. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ იმ ბინას ყიდულობდა. მიმიხვდით, ხომ?
- და დღეს ის ოჯახი ცხოვრობს იქ?
- აბა, რა... მაგის მერე მე ვიცი, ის ბინა სამჯერ გაიყიდა, სხვათა შორის. შეგიძლიათ, ნახოთ ის ხალხი, ვინც დღეს იქ ცხოვრობს, თქვენ გენაცვალეთ. რა გქვია, გენაცვალე?
- ნინო.
- ძალიან გთხოვთ... სიტყვასიტყვით, მგონი, ნორმალურად აგიხსენით.
- რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით დავწერ. ასეთი კითხვა მაქვს: ახლა ხელთ მაქვს 11 გვერდი ოფიციალური დოკუმენტი, ყველაფერს ვერ წაგიკითხავთ ახლა, იმიტომ გეუბნებით აქა-იქ ფაქტებს ამ დოკუმენტებიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერის 11 გვერდი მაქვს, რომლის ყველა გვერდზეც ან თქვენ ხართ ნახსენები, ან თქვენი ოჯახის წევრები, როგორც იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შემთხვევებში, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევებში.
- საკუთრებისა და იპოთეკის არის სხვადასხვა რამ, მეც იურისტი ვარ.
- გასაგებია, მაგრამ...
- (მაწყვეტინებს) მომისმინე ყურადღებით, გენაცვალე? საკუთრება არის საკუთრება, ჩვენი საკუთრებაა და საკუთრებაა. მე თუ ჩემი რამე მაქვს, ჩემია, მაგაზე მე გაგცემთ პასუხს. აბა, მითხარით, რა და გიპასუხებთ.
- ჰოდა...
- სადაც იპოთეკაა, მე, ისკო დასენი, ვფიგურირებ?
- დიახ.
- აბა, რომელი?
- მაგალითად: იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია, თამარ მეფის გამზირი, წინამძღვრიშვილის ქუჩა #172.
- კი, ბატონო, მაგრამ იპოთეკა რა შუაშია?
- იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ბატონო ისკო. დაინტერესებული პირი ისკო დასენი.
- ანუ ჩადებული გვაქვს და სესხი გვაქვს ბანკიდან?
- მაგას ვარკვევ ახლა ზუსტად თქვენთან.
- ჩვენ გვექნება ჩადებული და სესხი გვექნება აღებული, კი, ეს შესაძლებელია. ჩვენ თანხა სესხად არ გაგვიცია, მიმიხვდით? ისკო დასენს, არც მისი ოჯახის წევრებს, ღმერთს ვფიცავარ, კაპიკი ფული არ გაგვიცია სესხად... სესხად კი არა, იპოთეკად, ხომ? სესხად ბევრი გაგვიცია, რომელიც ან ბრუნდება, ან ვერ გიბრუნებენ, მიმიხვდით? ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის, გაჭირვებულებისთვის... მაგრამ იპოთეკით თანხა არ გამიცია არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, ღმერთია მაგის მოწმე და ტყუილი არ დაიწეროს, ძალიან გთხოვთ. მე თუ ვიფიცები, ეს სიმართლეა, იცოდეთ.
- გასაგებია, უბრალოდ, თქვენი კომენტარი, რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, გპირდებით, აბსოლუტურად შეულამაზებლად, შინაარსის დაკარგვის გარეშე გავა გაზეთში.
- ხო, ოღონდ არ დაწეროთ მერე - გაცემული აქვს და ისკო დასენი უარყოფს...
- მე მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინტერვიუ და ამის შემდეგ იქნება თქვენი ინტერვიუ-კომენტარი, სადაც ამ ყველაფერზე საუბრობთ.
- ხო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა, ეს სიტყვასიტყვით დაიწეროს: ისკო დასენს, მისი ოჯახის წევრებს, არცერთი კაპიკი იპოთეკური სესხის სახით არ გაუცია. თუ რამე დოკუმენტს ნახავთ, მაშინ კი, ბატონო... ამ ბოლო დროს ჩემზე მიდის ნამდვილი ნადირობა, «რუსთავი 2»-მა დაიწყო, ახლა თქვენ... აშკარად ჩემ მიმართ ინტერესია.
- უბრალოდ, უცნაურია, ბატონო ისკო. ხომ გეუბნებით, 11 გვერდი მიდევს წინ-თქო და ჩემთვის ეს არ არის პატარა საქმე.
- კი, ბატონო, საკუთრება ჩემი ოჯახის წევრებს აქვთ, მე ამას არ უარვყოფ, ჩემი ბიჭები არიან ბიზნესებში, მე მაგათთან ერთად ვიყავი, ახლა პარლამენტის წევრი ვარ და არ ვარ მე ბიზნესმენი.
- თქვენ ამ მომენტში რამდენი ქონება გიფიქსირდებათ?
- უშუალოდ ჩემზე?
- დიახ.
- ახლა ხომ გეუბნებით, არა? მაგალითად, თამარ მეფის ქუჩაზე დარწმუნებული ვარ, ჩემზე რაღაც უნდა იყოს. დანარჩენი მე არ მახსოვს. აგლაძის 39-ში არის ფიტნეს-კლუბი, რომელიც ჩემი ბიჭისაა და მასზე უნდა იყოს გაფორმებული. დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტი არაფერი არ არის. თუ რამე არის, მითხარით.
- თუკი დღეს თქვენს სახელზე რამე ქონება არის, ბატონო ისკო, ეს აუცილებლად უნდა გქონდეთ ასახული დეკლარაციაში. ამიტომ უნდა იცოდეთ, რა ქონებებია თქვენს სახელზე.
- არა, ზეპირად რატომ უნდა ვიცოდე?
- და რატომ არ უნდა იცოდეთ?
- ზეპირად არ ვიცი, არ მაინტერესებს. ჩემი ჩემია. შეგიძლიათ, შეხვიდეთ და ჩემი დეკლარაცია ნახოთ. ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული და დეკლარაციაში რაც არის, მაგაზე ყველაფერზე პასუხს ვაგებ.
- დეკლარაციაში რაც გაქვთ ასახული, იმის გარდა თქვენს სახელზე არაფერი არ არის?
- არაფერი არ არის, დარწმუნებული იყავით.
«ალიამ» მოიძია დეპუტატ ისკო დასენის ქონების დეკლარაცია, რომლის შევსების თარიღად 2016 წლის 30 დეკემბერია მითითებული.
საქართველო, თბილისი, რაფაელ აგლაძის ქ. #25 სართული 4 შენობა #1, ფართობი - 324.80 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, თბილისი, წინამძღვრიშვილის #172/ გამზირი, თამარ მეფე #13, ფართი #29, ფართობი - 34.52 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, თბილისი, გამზირი თამარ მეფე #13, ფართობი - 48.28 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, თბილისი, გამზირი თამარ მეფე #11, შენობა #6, ფართობი - 15.39 კვ.მ. ავტოფარეხი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, თბილისი, გამზირი თამარ მეფე #11, შენობა #2, ფართობი - 12.00 კვ.მ. ავტოფარეხი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, რუსთავი, კაპანაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ფართობი - 128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ქონების მესაკუთრე ისკო დასენი 100-პროცენტიანი წილით;
საქართველო, ქ. სიღნაღი, გორგასლის ქუჩის მიმდებარე, მერუბანი, ფართობი - 426.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ქონების მესაკუთრე ლეილა არაბიანი (ისკო დასენის მეუღლე) 100-პროცენტიანი წილით;
დეკლარაციის შევსების მომენტში ისკო დასენის, ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები:
ფასიანი ქაღალდის ემიტენტი «მისო ლიდერ კრედიტი», ფასიანი ქაღალდის სახეობა - თამასუქი, რაოდენობა - 1, ფასიანი ქაღალდის ნომინალი - 100 000 ამერიკული დოლარი, მესაკუთრე ისკო დასენი;
ფასიანი ქაღალდის ემიტენტი «მისო ლიდერ კრედიტი», ფასიანი ქაღალდის სახეობა - თამასუქი, რაოდენობა - 1, ფასიანი ქაღალდის ნომინალი - 50 000 ამერიკული დოლარი, მესაკუთრე ისკო დასენი;
ფასიანი ქაღალდის ემიტენტი «მისო ლიდერ კრედიტი», ფასიანი ქაღალდის სახეობა - თამასუქი, რაოდენობა - 1, ფასიანი ქაღალდის ნომინალი - 50 000 ამერიკული დოლარი, მესაკუთრე ლეილა არაბიანი;
ფასიანი ქაღალდის ემიტენტი «მისო ლიდერ კრედიტი», ფასიანი ქაღალდის სახეობა - თამასუქი, რაოდენობა - 1, ფასიანი ქაღალდის ნომინალი - 50 000 ამერიკული დოლარი, მესაკუთრე ლეილა არაბიანი;
ფასიანი ქაღალდის ემიტენტი «მისო ლიდერ კრედიტი», ფასიანი ქაღალდის სახეობა - თამასუქი, რაოდენობა - 1, ფასიანი ქაღალდის ნომინალი - 50 000 ამერიკული დოლარი, მესაკუთრე ლეილა არაბიანი;
საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება აქვს დეკლარაციის შემდგენ პირს, ან მისი ოჯახის წევრს:
«თბი-ბი-სი» ბანკი, ანაბარი, 6062.05 ევრო კრედიტი (+), ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი ისკო დასენი;
«თი-ბი-სი» ბანკი, მიმდინარე ანგარიში 13 411.98 ლარი კრედიტი (+), ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი ისკო დასენი;
«თი-ბი-სი» ბანკი, სახელფასო 1324.10 ლარი კრედიტი (+), ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი ისკო დასენი;
«თი-ბი-სი» ბანკი, მიმდინარე ანგარიში 7990.46 აშშ დოლარი კრედიტი (+), ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი ისკო დასენი;
დეკლარაციის შემვსების, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც აღემატება 4 ათას ლარს:
ისკო დასენი, 200 000 აშშ დოლარი.
დეკლარაციის დანარჩენი გრაფები ცარიელია.
„ალია“, ნინო ლაბარტყავა