თვალებმაყვალა
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 221013
რეგისტრ.: 6-July 16
|
#59489722 · 8 Aug 2022, 07:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიორგი ლეონიძე - ნინოწმინდის ღამე 1926 წ. 26 მაისი. ღამე ნინოწმინდის გალავანში:
სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე.
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში - ჯამი აქაფებული; შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა... ჩვენ, როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია! მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს და სიყვარულს ათაბაგის ქალისას; ძუძუები ოქროს კალმახებია, წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული, ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა, აფრენილი ბაზიერის დაფითა, დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები... ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ! * * * * * *
მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამი - ჩუმით ჰქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს, უცბათ ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა, ათას სურნელოვან შვავში ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, სუნი საზოგადოდ ქალის, სუნი საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!
მურმან ლებანიძე * * * ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს – ქარს, და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას!
კონსტანტინე გამსახურდია * * * ქალო, წადი პაემანზე!
გორდას მკერდი დაულეწავს, რაშმა ნისლი გადიყარა, შემოგხედა და უეცრად შეუყვარდი ნარიყალას!
თრთოდნენ თმები და თვალები, სულის ვნება წამწამს იწვა, მოდიოდი ნათრთოლები და მოგქონდა ცა და მიწა.
ნისლი - თითქო დაძრწის მხეცი, ჩამოამსხვრევს ჰანგებს ლოდად, დაიმორცხვე... და ციხეცა მოთმინებით დაგელოდა.
გრიგალის ხმა ცად დამტკბარი, უფლის ცრემლში დაევანა, ნარიყალა, ცა და მტკვარი ცახცახებდნენ პაემანად!
აგრე რატომ გაენაზე, გულზე ცეცხლის შემონთებავ, ქალო, წადი პაემანზე, ნარიყალა გელოდება!
ნუგზარ ჩიკვაიძე * * * მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა, იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს; ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს, და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე? - ვინ იცის! ვინ იცის მერი! ბედი, რომელიც მე არ მეღირსა - ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე, ვის ვევედრები? რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს? ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული!...
გალაკტიონ ტაბიძე
--------------------
"უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია."
აბრაამ ლინკოლნი.
|