sandy
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 30614
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
|
#59961330 · 30 Dec 2022, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ავტორები: ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე ---------------- 2022 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი და შემზარავი მოვლენა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო, ამიტომ წლის ბოლო გამოძიება სწორედ ამ თემას მივუძღვენით. რუსეთი ყველაფერთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომსაც აწარმოებს და მასში ნებსით თუ უნებლიეთ სხვა ქვეყნებიც ერთვებიან. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ ვის მხარესაა საქართველოს მთავრობა ამ “ომში”. ხუთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, რას ამბობდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები, თითქოს აჯანყებული და “ოცნებიდან” განდგომილი პოლიტიკოსები, რუსული პროპაგანდის მთავარი საყვირის, “ალტ-ინფოს” წევრები. აღმოჩნდა, რომ საქართველოსა და რუსეთში ერთი ერთში მეორდება უკრაინის ომთან დაკავშირებული გზავნილების შინაარსიც და პათოსიც. საეჭვოდ ემთხვევა მათი გაჟღერების დროც. ------------------- "საქართველოს მთავრობა როგორც რუსული დეზინფორმაციის გამტარი"[B] * * * “უკრაინამ ომი თავიდან ვერ აირიდა” --- ამ ნარატივს ერთნაირად აჟღერებს რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosti, პრორუსული “ალტ-ინფო,” “ქართული ოცნება” და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
“ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები,” – ამბობდა ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს.
მანამდე, ომის დაწყებისთანავე, “ალტ-ინფოს” საგანგებო ეთერში ზურაბ მახარაძემ თქვა: “იყო მომენტი, როდესაც უკრაინელებს შეეძლოთ ამის თავიდან აცილება. ამისთვის საჭირო იყო რუსებისთვის იმ გარანტიების მიცემა, რომელსაც ითხოვდნენ, ანუ ნატო-ში არგაწევრიანების იურიდიული გარანტიები”
ამ განცხადებებს წინ უსწრებდა “ ria.ru”-ს, “lenta.ru”-ს და “kp.ru”-ს სტატიები იგივე აზრით, რომ ზელენსკის შეეძლო კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. ასეთ სტატიებს რუსული გვერდები 21 თებერვლიდან მოყოლებული ავრცელებდნენ. 24 თებერვალს კი “კომსოლოვსკაია პრავდას” სტატიის სათაური იყო: “ზელენსკის შეეძლო სიტუაცია კონფრონტაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ ეს ლონდონმა დაიჟინა”.
* * * “სანქციები არ მუშაობს” --- “ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება,” – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 თებერვალს. ზუსტად მაშინ, როცა თითქმის მთელი მსოფლიო შეთანხმდა და რუსეთს ერთმანეთის მიყოლებით უწესებდნენ შეზღუდვებს. სანქციების არაეფექტურობაზე კი მხოლოდ კრემლი და მისი პროპაგანდისტები საუბრობდნენ.
“სანქციებით ვერავინ ვერაფერს გააჩერებს. სანქციები დათვლილია, [რუსეთში] იციან რა შედეგი ექნება და მაგაზე წავიდნენ შეგნებულად. მთელი ეს დაძაბულობა გაცნობიერებული იყო რა მოჰყვებოდა და გაცნობიერებულად მოხდა ამ ყველაფერზე წასვლა,” – ამბობდა შოთა მარტინენკო 24 თებერვალს “ალტ-ინფოს” ეთერში.
მარტივი მისახვედრია, სადაა ამ სიტყვების სათავე. იქამდე, იმავე შინაარსის განცხადება გააკეთეს რუსეთის ახლანდელმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა. “ამა თუ იმ გზით მზად ვიყავით იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებთან დაკავშირებით,” – თქვა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს. “ჯოჯოხეთური სანქციებით გვაშინებენ, რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. სანქციები ობამამაც დაგვიწესა, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უნდა გაენადგურებინა. სად არის ახლა ობამა? როგორც ამბობენ, პენსიაზე. ჩვენი ეკონომიკა კი ცოცხალია და ვითარდება,” – ამბობდა დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი 27 იანვარს.
საქართველოს ხელისუფლება რომ სანქციებს არ შეუერთდა, ტაში დაუკრეს რუსეთში. „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – ამ ამბავს ასე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედიის, “russia today”-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი “ტვიტერზე” 25 თებერვალს. ხუთი თვის შემდეგ კი “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამაც აღნიშნა, რუსეთს ახლანდელი ხელისუფლება სწორედ სანქციებისგან თავშეკავების გამო მოსწონსო. * * * “ზამთარი დადგება, ევროპა გაიყინება” --- ზამთრის მოსვლასთან ერთად დასავლური სამყარო რომ უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს და მთავარი საზრუნავი გათბობა ექნებათ, ამას ერთნაირად ვისმენდით საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებისგან და პროპაგანდისტული მედიებიდან. ჯერ ოკუპანტ ქვეყანაში დაიწყეს, აქ კი, მოგვიანებით, იმავე ხმაში აჰყვნენ.
“ნოემბერი რომ დადგება და ცოტა ევროპელებს ტაკუნები შესცივდებათ, ზოგ-ზოგიერთ მმართველს და გაზს რომ ვერ ჩართავენ და არ იმუშავებს ის თემა, მეგობრებმა ერთად იბანავებთ დუშშიო… მაშინ ზელენსკის ეტყვიან – ეს ყველაფერი კარგი იყო, შენ ახლა წარგადგენთ ნობელის პრემიაზე, ომი კი ვერ მოიგეთ, მაგრამ აგერ ხო გაგატანეთ ევროვიზიაო…,” – ამბობდა “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია 19 ივლისს.
“ზამთარი იქნება დიდი” – სექტემბრის დასაწყისში რამდენიმე “იუთუბ” არხზე ამ სათაურით აიტვირთა ვიდეორგოლი. მასში აღწერილია სცენარი, როგორ წყვეტს გაზის მიწოდებას “გაზპრომი” და როგორ იყინებიან ევროპის მოქალაქეები. “გაზპრომს” არ ჩამორჩა რუსული მედიაც. გუგლში იპოვით ათეულობით სტატიას და სიუჟეტს, რომ ევროპელები გადავიდნენ ეკონომიურ ცხოვრებაზე, თიშავენ ესკალატორებს, ვერ იხდიან კომუნალურებს და მათ გადასახდელად სატელევიზიო ლატარეაში მონაწილეობენ. გაზის შეზღუდვის გამო კი გაუჩნდათ საფიქრალი, ცხელი წყლით დაიბანონ თუ არ დაიბანონ. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტმა ისიც კი თქვა, ფრანგები ზამთარში გასათბობად პანიკურად იმარაგებენ “ვალინკებს” (საწვიმარ რეზინის ბოტებს), რომელსაც ისევ “კეთილი რუსეთი” აწვდისო.
სექტემბრის ბოლოს იმავე სცენარზე ალაპარაკდა ირაკლი ღარიბაშვილიც: “ევროპაში ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ, იმაზე თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ბევრი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მთავრობების საზრუნავი.” * * * “დასავლეთი ომში გვითრევს” --- მას შემდეგ რაც რუსული არმიის დაუმარცხებლობის მითებმა არ გაამართლა, გაჩნდა პროპაგანდის ახალი გზავნილი, თითქოს დასავლეთს უნდა ფრონტი სხვა ქვეყნებშიც გაიხსნას, ანუ ომში ჩაგვითრიოს. ეს ვერსია სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში, უნგრეთში, ბელარუსში, იტალიაში, საბერძნეთსა და სერბეთში.
მკვლევრებმა 13 ორგანიზაციიდან (ჩეხეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი) გამოიკვლიეს ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ბელარუსში, საქართველოში, სლოვაკეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში უკრაინის ომის შესახებ მაისიდან ოქტომბრამდე გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები. მათ მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, “ომში ჩათრევის” შესახებ ვერსია პროცენტულად ყველაზე ხშირად ისმოდა ბელარუსში და შემდეგ საქართველოში.
საქართველოს მთავრობის წევრებმა მიიწერეს, თითქოს მათი დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბომბები თბილისის ცაზეც არ სცვივა. ეს გზავნილი საახალწლო სლოგანშიც აისახა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის გარშემო წერია – “თბილისი – მშვიდობის ქალაქი.”
“მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი ასე ვთქვათ, მოწოდებებისა და პროვოკაციებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დამართნოდა, ეს არის ომი,” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილი 29 ივლისს.
იგივეს ამბობდა მარტში “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც: “აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.”
ივნისის ბოლოს “ქართულ ოცნებას” თითქოს აუჯანყდა და პარტია დატოვა სამმა დეპუტატმა – დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა. მოგვიანებით სხვებიც შეუერთდნენ და აგვისტოში ახალი პარტია “ხალხის ძალა” დააფუძნეს. მალევე აშკარა გახდა, რომ ეს გამიჯვნა ფარისევლობა იყო. სინამდვილეში, “ოცნების” წინააღმდეგ არ ამხედრებულან. მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ მმართველი პარტიის რიგები იმიტომ დატოვეს, დასავლეთი უფრო თამამად და ხისტად რომ ეკრიტიკებიათ, ეთქვათ, რომ აშშ-ის საელჩოს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. “დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს – ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს,” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ 13 ივლისს “პალიტრანიუსის” ეთერში.
“ალტ-ინფოსგან” კი ომის პარალელურად, სხვადასხვა დროს ვისმენდით, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რკალის შექმნა და სხვისი ხელებით ომის გაჩაღებაა. მათი თქმით, “აგვისტოს ომიც” ამის შედეგი იყო. “რაც უფრო მეტი დაძაბულობის კერა გაჩნდება რუსეთის საზღვართან, ხომ მათ[ამერიკელებს] აწყობთ? საქართველოშიც რომ ომი გაჩაღდეს, შუა აზიაშიც, ბელარუსშიც, ამაზე რუსეთს რეაგირება ხომ მოუწევს, მოუწევს დამატებით ჯარის, აღჭურვილობის, ფულის დახარჯვა. ჩვენ რა ფუნქციას ვასრულებთ? ვართ საზარბაზნე ხორცი,” – ამბობდა გიორგი ქარდავა პროპაგანდისტული მედიის, “სეზონის” ეთერში 8 ივლისს.
“უკრაინის ომზე ხელისუფლების განცხადებები ავსებს და ლეგიტიმაციას აძლევს იმ ჯგუფებს, რომლებიც წლებია ამტკიცებენ, რომ დასავლეთს საქართველოსთვის ცუდი უნდა. გავრცელების და გავლენის კუთხით, ბუნებრივია, ვერც ერთი ღიად პრორუსული ჯგუფი, თუნდაც “ალტ-ინფო,” ვერ შეედრება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციის ზიანს,” – გვეუბნება “რეფორმების ასოციაციის” მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.
ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი მკვლევარი გიორგი ბუტიკაშვილი გვიხსნის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც რუსეთს აწყობს: “ზურაბ მახარაძემ “ალტ-ინფოსთან” ინტერვიუში დუგინს ჰკითხა, 2008 წელს ამბობდით, რომ თბილისიც უნდა აგეღოთ ტანკებით. დუგინმა უპასუხა, რომ ეს ლიბერალური ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ 2008 წელს თბილისი რომ აგვეღო, ისეთი ხელისუფლება გეყოლებოდათ, როგორიც ახლა გყავთო.”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა დეკემბერში თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა რუსეთთან არამტრული დამოკიდებულების შედეგია. ისიც დაამატა, თუ ამ ორბიტაზე მოძრაობას გავაგრძელებთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებით და პირდაპირი ფრენების აღდგენით “დაგვასაჩუქრებენ.”
This post has been edited by sandy on 30 Dec 2022, 11:00
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|