წერეთლის საცობში, დიდუბის მეტროსთან, გავიცანი გოგონა. გვერდი-გვერდ მოვხვდით და დრო რომ მომეკლა, გამოვეცნაურე. არ გამოდგა ცუდი ადამიანი. სამსახურის საქმეზე გამოვედი და ნეტა რა მრჯიდაო. მეც მხრები ავიჩეჩე.
ვსაუბრობდით, დრო გაგვყავდა. ის თავისას მიყვებოდა, მე ჩემსას. მისი საოცარი ღიმილი დიდი შეღავათი იყო ამ გაუსაძლის საცობში.
ამასობაში გამოხდა ხანი. უკვე გამოფენასთან ვიყავით რომ მივხვდი მიყვარდა. არ მკითხოთ რატომ დამჭირდა ამდენი დრო მის შესაყვარებლად, მაგრამ ზოგადად ფრთხილი ადამიანი ვარ.
ძალიან დიდი ხანი მაწვალა, მაგრამ კოკა-კოლასთან მითხრა მეც მიყვარხარო. ძალიან გამიხარდა, გადმოვხტი მანქანიდან და ჩავეხუტე.
პირველად ჩემს მანქანაში პანთეონთან დარჩა. მისი თითოეული შეხება, დასტური იყო უღმერთო სიყვარულისა.
მაკდონალდსთან პირველი შვილი შეგვეძინა, რომელსაც კახი დავარქვით და იქვე მოგორავე თეთრი პრიუსის მძღოლს მოვანათლინეთ, რომელიც პირველივე წუთებიდან გულშემატკივრობდა ჩვენს ურთიერთობას.
მეორე შვილი დინამოსთან უწია, რომელსაც რაღა თქმა უნდა ბორისი დავარქვით და ის უკვე ექსკავატორშიკს მოვანათლინეთ, რომელიც პარალელურად ჩვენი მომწოდებელი იყო, საკვებით გვამარაგებდა.
მესამე შვილი შეგვეძინა პირდაპირ ვაგზლის მოედნის წრეზე, რომელსაც წერეთლის საპატივსაცემოდ, აკაკი დავარქვით.
საცობს რომ გამოვაღწიე, უკვე ჩამოყალიბებული ქმარი და 3 მცირეწლოვანის მამა ვიყავი. დასარჩენი არ გვქონდა, ამიტომ პირდაპირ ბანკში წავედით და იპოთეკური სესხი ავიღეთ, რომლის პროცენტიც სახელმწიფომ დაგვისუბსიდირა, როგორც 3 მცირეწლოვანის მშობლებს.
ამ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაგეგმა და შემდეგ ხორცშესხმა დაუწყო წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას.
მე მიყვარს თბილისი
https://facebook.com/story.php?story_fbid=p...mibextid=Nif5oz