დარხეული გვაქვს და რაღაცეების შენარჩუნების და განვითარების მაგივრად გავაუარესეთ და უარესი მივიღეთ
ნაწყვეტი ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ინტერვიუდან
https://www.interpressnews.ge/ka/article/75...stvis-igi-cdeba29.05.2023 / 09:34
როგორია ეს პრობლემები?- დამოუკიდებლობის მიღწევის პირველივე დღიდან თანდათან იშლებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი, პრაქტიკულად გაუანალიზებელი, დანაშაული ჩაიდინა. კორუფციასთან ბრძოლის ბაირაღით ფრიალით მან მოსპო ქართული მეცნიერება, განათლება და საინჟინრო ტრადიცია.
ოდიოზური და მიუღებელია მის მიერ შემოღებული კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც ყურადღება ექცევა ფასს და არა ხარისხს. შედეგად, ვიღებთ მდინარე ვერეს, დარიალის ხეობის ან თუნდაც ვაკის პარკის ტრაგედიებს, ვინაიდან პასუხისმგებელ პირებს არც გამოცდილება და არც სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ.
საერთოდ, საქართველოში თანდათან ქრებიან ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანები, ახლები კი პრაქტიკულად არ ჩნდებიან. ჩემს მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც საუკეთესონი არიან უნივერსიტეტებში, ელემენტარული მწიგნობრობა აკლიათ.
ქართული გრამატიკის წესები ქრება. სტუდენტები წერენ „გვერძე“ „გვერდზე“-ს მაგივრად, დ-სა და თ-ს სწორი ხმარება კი ხომ მათთვის გადაულახავი პრობლემაა. მათ შეიძლება იცოდნენ, ვინ იყო ფეხბურთელი შნელინგერი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, ვინ იყო კვანტური მექანიკის ფუძემდებელი შრედინგერი. სახელმწიფო გამოცდების წარმატებულ ჩამბარებლებს კი გამრავლების ტაბულა არც კი დაუზეპირებიათ: მობილური ტელეფონებით სარგებლობენ.
ყველაფერ ამას ჩვენი მთავრობა უწყობს ხელს - საუნივერსიტეტო ინსტიტუტებში მეცნიერებათა დოქტორს უფრო დაბალი ხელფასი აქვს, ვიდრე სუპერმარკეტის მოლარესა და მეეზოვეს. ინსტიტუტები გაურემონტებელია, გათბობის გარეშე დარჩენილი, სახურავებიდან წყალი ჟონავს..
შედეგად, დაბალანსებული ქართული საზოგადოება მომხმარებელთა საზოგადოებად გადაიქცა. გზებს ჩინური კომპანიები გვიშენებენ, რასაც მეწყრების ჩამოწოლა მოჰყვება.
აი, ეს არის ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ.
მომხმარებელთა საზოგადოებას სტრატეგიული მომავალი არ გააჩნია. ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე და ამ პრობლემების მოგვარება მოვთხოვოთ ხელისუფლებას. დავანებოთ თავი პოლიტიკურ კინკლაობას.