#60412801 · 29 May 2023, 23:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი ინდუსი ბიჭი ეზოს პირს ზის და წანდილს ჭამს, როცა უეცრად, გასხივოსნების წადილი შეიბყრობს. შინ დაიბარებს, რომ სატაცურის მოსაკრეფად მიდის, მაგრამ სინამდვილეში წმინდა ტაძრის საძიებლად დაეშვება ჩუჩუნდრას ველზე. გზად აგურის ქარხანა უდევს, რომელიც აგურის მტვრის ვარდისფერ ნისლშია გახვეული და ადამიანთა ლანდები თუღა ჩანს, რომლებიც ერთმანეთს კეტებით დარევიან და გნიასი აყრუებს იქაურობას. ინდუსი ბიჭი, რომელსაც ჭიტა ჰქვია, ფიქრობს, რომ ეს გამოცდაა მისთვის გამზადებული და გადაწყვეტს შუაგულში გაიაროს გულხელდაკრეფილმა, როგორც ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველმა. ასეც იქცევა. ბოლოში, სამშვიდობოს გასვლას არაფერი აკლია, როცა თავდაჯერებას კარგავს და პანიკა მოიცავს. უკან მოიხედავს და ხედავს რამდენიმე ხელკეტიანი მისკენ მორბის. ჭიტა თვალებს ჭყიტავს და თავქუდმოგლეჯილი გარბის, გზიდან გადავა და შლიგინ-შლიგინით შევარდება ანწლიანში, თეთრი აგურის ღობეს მიადგება, გადაძვრება და ერთ ეზოში აღმოჩნდება, რომლის შუაგულში ბანიანი ნაგებობა დგას. ავა და ფეხშიშველა ჭიტა გრძნობს, რომ კოჭებამდე დგას რაღაც თბილ მასაში. საღამოს ბურუსში ჯერ კიდევ შეიძლება საგნების დანახვა და ჭიტა ხედავს, რომ მთელი ბანი ნეხვითაა დაფარული. ასევე შენიშნავს, რომ შორეულ კუთხეში, ნეხვში, ფეხმორთხმით ზის უცნობი წმინდანი და მედიტირებს. წმინდანი თვალს გაახელს და ბიჭს ეუბნება, რომ დაე მისი გული ნუ შეცბუნდება, რადგან ეს უბრალო ნეხვი არ არის, რამეთუ ეს წმინდა ტაძარია, სადაც ინდური ხარია დამბული. ურჩევს, მთელი დღის გამთბარ ნეხვში ჩაწვეს და დაიძინოს - ღამე აცივდება - ხოლო რიჟრაჟზე, ქვევით ჩავა და თვით დიად სიდიადეს შეხვდება. ჭიტა დაწვება, სასთუმლად აგურს დაიდებს და სანამ ძილი წაიღებს, ამის გაფიქრებას მოასწრებს: ნეხვიცაა და ნეხვიც...
|