კვიპროსი - საქართველო | ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლარნაკაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 17 ივნისს, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, ლარნაკაში გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ აეკ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):„გადავწყვიტეთ, რომ შეკრება ადრე დაგვეწყო, რადგან რამდენიმე ფეხბურთელს სეზონი უკვე დასრულებული ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მინიმუმ 10-დღიანი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონოდათ. დადებითად შევაფასებ საწვრთნელ შეკრებას. არ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, კმაყოფილი ვარ მზადების ხარისხით და ვიმედოვნებ, რომ ეს კარგი მატჩის ჩატარების საშუალებას მოგვცემს.
გუნდში 25 ფეხბურთელია, მათ სრულად ვენდობი. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე. ითამაშებს თუ არა, ამას ხვალ იხილავთ. წილისყრის შემდეგ, თემურ ქეცბაიასთან ხანგრძლივი, სასიამოვნო საუბარი მქონდა. მას პირადად არ ვიცნობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი კვიპროსის ტაქტიკასთან დაკავშირებით. ყოველთვის მაბედნიერებს, როდესაც მეტოქის მწვრთნელი ჩვენი გუნდის რომელიმე ფეხბურთელზე გამორჩეულად საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და ეს საამაყოა ჩემთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს სხვა მოთამაშეები. დარწმუნებული ვარ, თუ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება, აუცილებლად იპოვის გზას ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.
ლუკა ლოჩოშვილი მარტში ტრავმისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს, სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის. საბა საზონოვის და დავით ხოჭოლავას არ ყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, რომ გიორგი გველესიანმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, რომ მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.
თემურ ქეცბაია ქართველია და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელია. მან კარგად იცის ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობები და მისი გაკვირვება რთული იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და 3 ქულის გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.
კვიპროსთან საქართველოს ნაკრებს კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ იქნება სასტარტოში შოტლანდიასთან. ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მზად არის ეროვნული ნაკრების შემდეგ 21-წლამდე ნაკრებს დაეხმაროს. კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც ამ შეკრებაზე იმყოფება ჩვენთან ერთად.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა:გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდასხმა:გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)
კვიპროსი - საქართველოს მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"