Judas Iscariot
by Carl Anderson

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29618
წევრი No.: 21599
რეგისტრ.: 13-July 06
|
#18655769 · 24 Mar 2010, 12:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მეც დავდებ რა გვახარიას ერთ წერილს თუ წიგნს თუ მონოგრაფიას - კაი ტონად ითვლება ეს. ლეომ მომიწვია ფეისბუკზე ამის განხილვაში და მომეწონა...
შიგ არის ძალიან ორიგინალური და ზუსტი პარალელი: წითელ ინტილიღენციას, ყოფილ კომუნისტებს დღეს უკვე არა ცეკას შენობაში, არამედ საპატრიარქოში უყვართ მიბრძანება
და კიდევ ვბევრი საინტერესო რამე.
ეხლა კიდე ტექსტი რომელსაც სუ ცოტას ცოტას შევამცირებ თორე ჩემ ფეხებს წაიკითხავთ.
რუსოფობია - დასავლეთის საზღვარზე გიორგი გვახარია
ნაწილი 1
გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო. ზღვისა და მთების რაღაც იდუმალი კონტაქტის ხილვა სარფში პირადად მე «ღრმა სიჭაბუკეში» გადამიყვანს ხოლმე - გამუდმებით მახსენებს გაგრას, განთიადს, ლესელიძეს, იმ «ზონას», სადაც მთავრდებოდა სამშობლო და იხსნებოდა ახალი სივრცე - განსხვავებული დიზაინით, ფერით, ენით. საბჭოთა კავშირი
როცა დაინგრა და ლესელიძე-ვისიოლაიას გამშვები პუნქტი ოფიციალურად იქცა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად, ეს ადგილი საბოლოოდ დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში, როგორც სამშობლოს დასავლეთი საზღვარი, როგორც ფანჯარა დასავლეთში, ე.ი. ევროპაში... არა რუსეთში, არამედ ევროპაში!
1992 წელს, ომის დაწყებამდე 2 დღით ადრე გადავკვეთე ეს საზღვარი მანქანით და უნგრეთისკენ გავემართე. «პერესტროიკის» ეპოქა დამთავრებული იყო. მიხეილ გორბაჩოვმა თავისი მისია ამოწურა და ხელისუფლება ბორის ელცინს გადაულოცა. საქართველოში პუტჩი მოხდა და თბილისს «პერესტროიკის» ერთ-ერთი იდეოლოგი, ედუარდ შევარდნაძე დაუბრუნდა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც გამსახურდიას დამხობას დაუჭირა მხარი, დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანა პროვინციული ჩაკეტილობისგან გათავისუფლდებოდა და ედუარდ შევარდნაძე, «ბეიკერის, ბუშის, გენშერის მეგობარი», დასავლეთთან ქვეყნის ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. თავადაც ასე თქვა, - ცოტა ხანში სამშობლოს «შვეიცარიად» ვაქცევთო. მაგრამ, შვეიცარიის ნაცვლად, მივიღეთ ტერიტორიებდაკარგული, დსთ-ში შეყვანილი საქართველო, რომელსაც ყველაფერთან ერთად დასავლეთის ეს საზღვარიც დაეკარგა.
გავა კიდევ რამდენიმე წელი და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე «ჩეჩენი ტერორისტების» გადაადგილების თავიდან ასაცილებლად რუსეთი სავიზო რეჟიმს დაგვიწესებს, ატყდება დიდი ამბავი; თბილისი რუსეთის ამ ჟესტს «აგრესიად» აღიქვამს. იმ საღამოს გადაცემა მექნება «რუსთავი 2»-ში. აკაკი ასათიანი მოვა სტუდიაში და იტყვის, - მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამ დღეზე - ბოლოს და ბოლოს რუსეთმა ვიზები დაგვიწესა - ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარაო.
ცოტა ხანში თურქეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან. დასავლეთთან კონტაქტის წერტილი ლესელიძე-ვესიოლაიადან სარფში გადაიწევს და ახლა თურქეთი გახდება საქართველოსთვის ცივილიზაცისთან ინტეგრაციის საშუალება. სტამბოლის აეროპორტი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობა შეუძლია, გადაიქცევა ნამდვილ ტრანზიტულ ზონად - ყოფილ საბჭოთა სივრცეში გაჭედილ საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზაციას შორის.
დასავლეთის საზღვრის ასეთმა გადატანამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ნელ-ნელა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
დაიმსხვრა პირადად ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ილუზია - რუსული საზოგადოების ცნობიერებაში დასრულდება საბჭოთა კავშირი და საქართველოსაც ეშველება... არ მოხდა ასე - რამდენემე წლის წინ ბერლინში ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა გულდაწყვეტილმა მითხრა, - ეჰ, რა კარგი დრო იყო ბერლინალეზე მოსკოვის გავლით რომ მიფრინავდი, სტუმრად მოდიოდი ჩვენთან, ყავას ვსვამდით და ვჭორაობდითო. წელს კი მოსკოვის კინოფესტივალზე სწორედ ეს ჩემი მეგობარი აღმოჩნდა თანაავტორი რეტროსპექტივისა «ქართული კინო - «ფიციდან» - «მონანიებამდე»...
ჰო, იმ ფესტივალზე «საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტად» წარდგენილი ბატონი ჩხეიძე რომ გამოვიდა დიდი მისასალმებელი სიტყვით - «ჩემი სამშობლო, ამ შემთხვევაში, საქართველოო...», «უწმინდესი ილია მეორე გვეუბნება, - ჯერ მეზობელი და მერე მზეო...», ე.ი. ჯერ თქვენ, რუსებო, და მერე მზეო...
არ ვიცი, როგორი გზით ჩავიდა ბატონი რეზო ჩხეიძე მოსკოვში.სტამბოლით თუ გადაფრინდა, ისიც გაივლიდა «ტრანზიტულ ზონას» და უთუოდ დაწყდებოდა გული იმის გამო, რომ ჩრდილოეთის მეზობელთან მოსახვედრად სამხრეთის მეზობელი უნდა გაიაროს; «მართლმადიდებელ ძმასთან» მოსახვედრად «თათრების» აეროპორტში უნდა მოუწიოს ყურყუტი.
ამ უსამართლობას იგი და კიდევ ბევრი სხვა ქართველი «საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი», ყოფილი კომუნისტები (რომელთაც დღეს უკვე არა ცეკას შენობაში, არამედ საპატრიარქოში უყვართ მიბრძანება), როგორც წესი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აბრალებენ.
კი, 90-იან წლებშიც არ მოსწონდათ ქართულ ბაზარზე თურქეთის აქტიური შემოჭრა - ხმას ავრცელებდნენ, - თურქული შოკოლადი და «პეჩენია» უხარისხოა, მაგას «კრასნი ოქტიაბრის» პროდუქცია ჯობსო; აგრესიულები არიან, ჩვენი ქალები მეძავებად აქციეს(!), არ ბანაობენო.
მაგრამ დღეს, უფრო სწორად, გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთის წარმოდგენა «ერთმორწმუნე ძმად» უბრალოდ სამარცხვინო გახდა, კიდევ უფრო გაძლიერდა ასეთი ტიპის ადამიანების აგრესია იმის მიმართ, ვინც რუსეთს ჩაენაცვლა - სულ ერთია, ევროპა იქნება, ამერიკა, თუ დასავლეთის სარკმელი საქართველოში - მუსლიმური თურქეთი.
თავად რუსეთში თურქეთის მიმართ ეჭვიანობამ და იმ ერთმორწმუნე ხალხის სიყვარულმა, რომელიც მუსლიმთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საუკუნეებს გაუძლო. დიახაც, სიყვარულია ეს - სიყვარული, რომელიც კლავს, ახრჩობს, და არა აცოცხლებს (მთლად შექსპირმა აღწერა თავის დროზე ეს ვნება), ...და სწორედ ასეთი სიყვარული მგონია მე ქართულ-რუსული ურთიერთობაც. თურქეთის მიმართ ეჭვიანობამ რუსეთი საშინელ პროვოკაციამდე მიიყვანა მეოცე საუკუნის დასაწყისში
სომხეთში პროვოკაციამ გაჭრა. საქართველოში, მრავალი მიზეზის გამო, ეს ვერ მოხერხდა. თუმცა არაა გამორიცხული, «ერთმორწმუნე ძმებმა» ამ მხრივ კვლავაც გააგრძელონ მუშაობა; «საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებმა» გამუდმებით გაგვახსენონ, რომ რუსეთმა ჩვენ სწორედ მუსულმანი დამპყრობლების შემოსევებისგან გვიხსნა, ჩვენი რწმენა გადაარჩინა, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ფრესკები... მერე რა, რომ ქართულ ფრესკებს რუსული «გადაახატეს»? მთავარია, ვინაა გამოხატული ამ ფრესკებზე - ვისი გვწამს ჩვენ და რუსებს; თანაც, ერთნაირად!
1839 წელს ფრანგი მოგზაური, ასტოლფ დე კიუსტინი რუსეთში მოგზაურობის შემდეგ გაოცებული წერდა, - რუსებს საოცარი შიში აქვთ «ინოზემცების». ჰგონიათ, რომ ყველა უცხოელს მათი დაპყრობა უნდა - ამ ხალხში უკიდურესი თვითკმაყოფილება და მუდმივი ტრაბახი შერწყმულია თავის თავში დაურწმუნებლობასა და გაუბედაობასთანო. არის რაღაც საერთო, არა?
ეგრევე გაგახსენდებათ, პროვინციული ქართული ქსენოფობია, ჩვენი, უკვე კარგად გააზრებულ-შესწავლილი ნარცისიზმი და ჩვენივე ინფანტილიზმი. ამ თვალსაზრისით, ქართველებს და რუსებს იმდენი აქვთ საერთო, რომ 80-იან წლებში აკადემიკოსმა სახაროვმა კინაღამ გული გაუხეთქა თავის აქაურ თაყვანისმცემლებს, როცა რუსეთს «დიდი», საქართველოს კი «მცირე» იმპერია» უწოდა.
მაგრამ ეს საერთოა სწორედ მოჩვენებითი - ის შემთხვევაა, როცა გერმანული ანდაზა გაგონდება - «ყველა შედარება მოიკოჭლებს». ამ არააგრესიული, ყოფითი ქსენოფობიის მიუხედავად (ედუარდ შევარდნაძემ მას «პროვინციული ფაშიზმი» უწოდა - ვიღაცამ ასწავლა, როგორ დაახასიათოს «ზვიადისტები», დასავლელი ლიბერალების გული რომ მოიგოს), ქართველებს სწორედ უცხოს გაიდეალება-გაფეტიშება ეხერხებოდათ კარგად.
ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ეს ტენდენცია, რომ არა რუსულ კულტურაში შეღწევა და «ერთმორწმუნე ძმასთან» ინტეგრაცია - თანაც, ინტეგრაცია ენის დონეზე - რუსულად საუბარი «სვეტსკი» წრეებში, რუსული სკოლების პრესტიჟულობა... მახსოვს, სკოლაში, როგორი თავაწეულები დავდიოდით ისინი, ვისაც ე.წ «მოსკოვის ფორმა» გვეცვა და რაოდენ დათრგუნულად გრძნობდნენ თავს «ისანის» ფაბრიკის ფორმაში გამოწყობილი თანაკლასელები.
იმ წლებს გაიხსენებს სწორედ მერაბ მამარდაშვილი, როცა იტყვის, - 30 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და მჯეროდა, რომ ქართველები რუსებივით ბნელები არ არიანო (ჰო, ასე წერს «ტიომნიე»), მჯეროდა, რომ ქართველებს უყვართ სიცოცხლე, რადგანაც იუმორის გრძნობა და რაინდობის შეგრძნება აქვთ შენარჩუნებული, ე.ი. ინდივიდუალისტები არიან, სკეპტიკოსები და ა.შ.. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საბოლოო დამორჩილება შეუძლებელიაო. ამას ვიმეორებდი მოსკოვში ცხოვრების დროს, თითქმის ყოველ დღეო. «მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ილუზია იყო და რომ მენტალური, ფსიქიური, სიტყვიერი გახრწნის პროცესი ძალიან შორს წავიდა».
რა გამოდის ამ სიტყვებით? რომ რუსეთმა გახრწნა ქართული მენტალობა? კეთილი, ვიყოთ ოდნავ უფრო პოლიტკორექტულები (რათა მერე «საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებმა» ფაშისტები და ქსენოფობები არ გვიწოდონ) და ჯობს, ასე ვთქვათ, - «საბჭოთა რუსეთმა გახრწნა ქართული მენტალობა»? «საქართველოს ჰყავს მტერი - ეს არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი სიმძიმე ამ მტრული ძალისა არის რუსეთში, მოსკოვში», - ამბობს მერაბ მამარდაშვილი 80-იანი წლების ბოლოს, თბილისის ფიზიკის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.
ქართული პროვინციული ნაციონალიზმი მას კვლავაც არ აშორებს კოსმოპოლიტის სტიგმას, მაგრამ მამარდაშვილი თანმიმდევრული რჩება საბჭოთა რუსეთის შეფასებაში. დიახ, ის სივრცე, რომელსაც მამარდაშვილი გულისხმობს, არაა «სუფთა რუსული»...
ანუ, ისევ და ისევ, დღევანდელი ქართველი რუსოფილების საყვარელ გამოთქმას თუ გავიხსენებთ, ეს არაა «დასტაევსკის რუსეთი» («ამათ უნდათ, რომ არ ვიკითხოთ დასტაევსკი»! - იმეორებს ხოლმე ქ-ნი ბასა), მაგრამ «საბჭოთა რუსეთის» კულტურა არც მთლად ცარიელ ნიადაგზე შექმნილა. მას თავისი საფუძვლები ჰქონდა, თუ გნებავთ - სწორედ მანდ, «დასტაევსკის რუსეთში». «ერების თანასწორობა ისევე აუცილებელია, როგორც ინდივიდების თანასწორობა», «ერებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ» - ამ სიტყვების ავტორი, კარლ მარქსი თავის დროზე ისეთი ანტირუსული შეფასებებით გამოვიდა, რომ მოგვიანებით საბჭოთა იდეოლოგები იძულებულნი იყვნენ, უარი ეთქვათ მარქსისა და ენგელსის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემაზე. «სლავი ბარბაროსები ნამდვილი კონტრრევოლუციონერები არიან, დემოკრატიის განსაკუთრებული მტრები», - ამბობდა მარქსი და თავის ნათქვამს იმასაც აყოლებდა, რომ პეტერბურგის აშენება რუსეთის საზღვართან დიდი ტაქტიკის ნაწილი იყო - რუსეთი აპირებდა დასავლეთის დაპყრობას და პეტერბურგის დედაქალაქად გამოცხადებას
«სანამ რუსული სახელმწიფო არსებობს, ევროპაში ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება», - დაუმატა მოგვიანებით მარქსის ნათქვამს ფრიდრიჰ ენგელსმა... ანუ პროგრესს, განვითარებას, რევოლუციურ ცვლილებებს დასავლეთში (ცვლილებებს ყველა სფეროში - პოლიტიკაში, მეცნიერებაში, კულტურაში) ხელს უშლის «ყველაზე დიდი აღმოსავლურ-ბარბაროსული ქვეყანა» - რუსეთი! დღეს «გამართლმადიდებლებული» რუსი იდეოლოგები, ყოფილი კომუნისტები და ნაციონალ-ბოლშევიკები კარლ მარქსს «პათოლოგიურ რუსოფობს» უწოდებენ... თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა უარს არ ამბობს ბოლშევიკური რევოლუციის იდეებზე და არც მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის გადატანას ჩქარობს.
რუსეთში ლამის ბესტსელერად იქცა სერგეი კარამურზას წიგნი «მარქსი რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ», რომლის თანახმად, რუსული რევოლუცია ეწინააღმდეგებოდა მარქსის მოძღვრებას და მის რუსოფობულ იდეებს. კარამურზას მტკიცებით, ბოლშევიკურმა რევოლუციამ უბრალოდ გადაარჩინა რუსეთის იმპერია მენშევიკი-მარქსისტების გეგმის განხორციელებას; გეგმის, რომელიც რუსეთის დაშლას, რუსული იდენტურობის რღვევას და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე კაპიტალიზმის დამკვიდრებას გულისხმობდა. ამით კარამურზა ფაქტობრივად ამართლებს სტალინურ რეპრესიებსაც - ვინ, ვინ და, სწორედ სტალინმა გამოუცხადა ბრძოლა მენშევიკებთან «ალიანსში შემჩნეულ» ტროცკისტებს, გაანადგურა ყველა, ვისაც ბიზანტიურ-ავტორიტარული ვერტიკალის დანგრევა სურდა რუსულ იმპერიაში.
რუსი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი გარკვეული თვალსაზრისით მართალია - ბოლშევიკურმა რევოლუციამ შეუძლებელი გახადა რევოლუცია დასავლეთში. ე.ი. სოციალისტური რევოლუცია მოხდა არა იქ, სადაც მარქსი ელოდა - ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში... არამედ ჩინეთში, კუბაზე, რუსეთში - იქ, სადაც დამკვიდრებული იყო გლეხურ-თემური მენტალიტეტი, რომლისთვისაც, თავის მხრივ, კაპიტალიზმი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმითა და სამოქალაქო საზოგადოებით, მოსისხლე მტერია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, «თანასწორობისა და ძმობის» იდეამ გავრცელება დაიწყო გლეხურ თემში, სადაც ყველა ისედაც «ერთნაირი» იყო... სადაც არ არსებობდა ინდივიდუალიზმის გამოცდილება...
60-იან წლებში, სახელგანთქმული მეოცე ყრილობის შემდეგ, როცა ხრუშჩოვმა სტალინის კულტი დაგმო და მოგვიანებით, 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირში «პერესტროიკის» ეპოქა დაიწყო, აშკარად შეიმჩნეოდა მარქსიზმისა და სოციალ-დემოკრატიისკენ ქვეყნის დაბრუნება. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა იდეოლოგიის დაშლას. საქართველოს მაშინ მიეცა უნიკალური შანსი, გამიჯნოდა რუსეთს სწორედ რუს სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობით, როგორც ეს ნაწილობრივ გააკეთეს ბალტიისპირელებმა. მაგრამ რუსეთის აგენტურამ მოასწრო და სახელი გაუტეხა სოციალ-დემოკრატიას საქართველოში («ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს!» - ბოლშევიკების მიერ შეთითხნილ მითს კვლავაც ბევრი იზიარებს საქართველოში).
«სტალინურ თემს» ჩაენაცვლა «ნაციონალისტური თემი», ძველ კომუნისტურ ხატებს ახალი ხატები (რომლებიც «ტირიან») და კაპიტალიზმს, ინდივიდუალიზმს, ე.ი. დასავლეთს ისევ გადაეკეტა გზა. საზღვარი დაიკარგა. მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა.
--------------------
მოკვდა დავით მეფე, ურჯულო, რომელმაც დაიპყრო თბილისი -- შიზოიდიზმია ეს თემა რა. მკვდრების თემაა ფაქტიურად. მკვდრები შეიყარენ და საუბრობენ
|