მიხეილ სააკაშვილი - მოღალატეთა 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს... და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებული
21:56 13-06-2011
მოღალატეთა 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს, ამაშიც კი ვერ გაერთიანდნენ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მოსწავლეთა დაჯილდოებისას განაცხადა .
სააკაშვილის თქმით, საქართველოში მოღალატეთა ჯგუფებს, ყველას ერთი პროგრამა აქვს, რომ შეეკრან რუსეთს, თუმცა ვერ თანხმდებიან. "მოღალატეების ჯგუფებსაც კი, ბოლო თვეებში რამდენიმე შეიქმნა საქართველოში, ყველას ერთი პროგრამა აქვს _ შევეკრათ რუსეთს, დამპყრობელს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა, მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს დღე და ღამ. იმაშიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებულები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ხშირად ამაყობს დიდი ბრძოლებით, თუმცა, ყველაზე დიდი ბრძოლა საქართველოს არა მხოლოდ უცხოელ დამპყრობლებთან, არამედ თვითონ ქართველებს შორის ჰქონდა. "სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ- კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ასე გრძელდება დღემდე და დღესაც ქართული პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი რუსი დამყპრობლებისგან ფინანსდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაასამაროს. "არაფერი ახალი არ არის. თბილისში ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, ამაში ფულსაც იღებენ და მერე ცხინვალის გავლით გარბიან მტრებთან და თავს აფარებენ. მთელი შუა საუკუნეები ასე იყო. ჩავიდოდნენ მურვან ყრუსთან, შაჰ-აბასთან, შემოიყვანდნენ იმის ლაშქარს, რომელიღაც უფლისწული, რომელსაც ტახტი არ შეხვდა ან ერთი მთავარი, რომელსაც მეორე სამთავროზე ეჭირა თვალი და მიწასთან ასწორებდნენ თავიანთ ქვეყანას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნა ახალი თაობა, რომელიც ამ თამაშის წესებს არ იღებს. "შეიქმნა ახალი თაობა და ესენი არიან არა მხოლოდ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სხვანაირ თამაშს თამაშობენ, არამედ ამ პირობებში გაიზარდა სრულიად ახალი თაობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...dakavebuli.html