ნინო დარბაისელი სტრონი
დოდერი
სულ მიკვირდა და მაფიქრებდა, თუ რატომ ხდება, რომ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან წასული ნიჭიერი ან არცთუ უნიჭო ადამიანების ნაწილი საქართველოს თუ უბრუნდება, უბრუნდება უცნაურ ტიპად.
იერი - იმ ქვეყნის ახალგაზრდული მოდის პარამეტრებში უთავსდება,
აქ რა არის გასაკვირი, აბა, ბებიისთაობელებივით ყორნისფრად შემოსილი ხომ არ ივლიან ახალგაზრდები!
წინათაობელებზე უკეთაც უნდა ჩაიცვან და უკეთაც უნდა გაიხადონ!
ახლა რაღაც შორტებზე ყოფილა ატეხილი ერთი ამბავი. მე პირადად ყოველდღიურად სულ შორტები მაცვია, როგორც ირგვლივ ყველას, ცხელა აქ.
მაინც მეჩვენება, რომ რაღაც, კერძო შემთხვევის მიზანმიმართულ, მაქსიმალურად განზოგადებასთან გვაქვს საქმე - ისედაც დათიშულ-დანაწევრებული საზოგადოების კიდევ ერთ ბინარულ დაყოფასთან: ნათელ-ბნელთა თუ პროგრესულ-რეგრესულ ფენებად.
მაგრამ ამაზე - სხვა დროს!
მოკლედ ზოგიერთებს, საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნებულებს,
ხელში საამაყო უცხოური დიპლომი უჭირავთ,
გზა ხსნილი აქვთ ათასნაირ უცხოურ პროექტში ადგილის მოსაძებნად, უცხო ენაც იციან, კიმპიუტერიც (თუმცა ამის ცოდნით დღეს დაწყებითი კლასის ბავშვებსაც ძნელად გააკვირვებ, ცხოვრება მაინც წინ მიდის) თითქოს რაღაცეებს ამბობენ, ვიღაც მხარდამჭერებიც ჰყავთ - თავისნაირები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რეალური საბაზისო ცოდნა არაფრისა გააჩნიათ. მე ასეთ ადამიანებს დოდერებს ვუწოდებ.
დოდერი რას ნიშნავს?
შარშან ფლორიდაში მოგზაურობისას ,, “ზვიგენთა სანაპიროზე” ვნახე ხეები, ზედ ულამაზესი ყვავილებით.
რასაკვირველია, სურათი გადავიღე და როცა მოვინდომე ჯიშის გარკვევა, მიპასუხეს, რომ დოდერია (dodder).
ხეზე ამოსულ ამ მცენარეს დამოუკიდებლად, მიწაზე არსებობა - არ შეუძლია.
მასპინძელი ხის (host tree) პარაზიტია.
ზედაპირული, მჭიდი- ფესვებივით წამონაზარდებით ეკრობა მას, მისი მოპოვებული წყლით, საკვებით საზრდოობს, ზომიერების ფარგლებში მასპინძელი ხე იტანს კიდეც მას, მაგრამ თუ მეტისმეტად მიეძალა, გამრავლდა, შეიძლება გაახმოს კიდეც იგი, მაგალითად, როგორც “ქაძუმ”, რომელმაც რომელიღაც აღმოსავლური ქვეყნიდან ერთხელ შემოაღწია და ამერიკის ტყეებსაა მოდებული. შესახედავად - მართლა ლამაზია, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონდა. მაგრამ ამიხსნეს, მასპინძელ ხეს ჩაგრავსო.
ამას წინათ დოდერებზე ფიქრი ახლიდან მომეძალა, ალბათ უფრო იმის გამო, რომ ბრიტანეთში წლობის მანძილზე მყოფ ერთ მეგობარს, ძალიან კარგ ადამიანს ვესაუბრე “ფეისბუქ- ქოლით”
ასაკით პატარა არაა, ცუდ დროს მოუწია თბილისის უნივერსიტეტში სწავლა. შესაბამისად, კარგი საბაზისო განათლება იქ ვერ მიიღო და ინტუიციის წყალობით, ცოდნის დეფიციტს რაღაცნაირად ივსებდა. წარმოშობით - არ მიეკუთვნებოდა ქართული ელიტის ფენას. გონებრივად - მშრომელი იყო, მაგრამ ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა წესიერად საქართველოში.
ნიჭიერი იყო, მეტის ცოდნაც უნდოდა და როგორც იქნა, ინგლისური ენის რაღაც ეტაპობრივი გამოცდები ჩააბარა და ბრიტანეთის ერთ უმაღლესის სტუდენტი გახდა.
რომ ჩავედი, ჯერ ენის რაღაც მოკლევადიანი კურსები აქაც გაგვატარეს, მაგრამ საუნივერსიტეტო სწავლება რომ დავიწყეთ, დღე და ღამე კი ვმეცადინეობდი, მაგრამ ნახევარი არ მესმოდაო. უფრო სწორედ, უცხოურენოვანი ინფორმაციის შინაარსის გაგებაზე მიმდიოდა მთელი ძალა და კონცეპტუალურად, ჩაღრმავებით - ვერაფერს ვუღრმავდებოდიო.
საუნივერსიტეტო პროგრამები ძირითადად ისეა აგებული, რომ საბაკალავრო დონეზე - საბაზისო ცოდნას იძენ, ზედა- სამაგისტრო დონეზე უკვე სპეციალიზაცია, არჩევითი კურსები იწყება. მე რომ ენა ისე ავითვისე, სასწავლი გამეგო, აღმოვაჩინე, რომ ბაზისი, რომელიც ვერც საქართველოში შევიქმენი, ბრიტანეთშიც არ მქონია მყარიო. (დავარქვათ ბაზისს - მასპინძელი ხე), საგანგებო ცოდნას კი ვამატებდი, მაგრამ მაინც ათვისებული კლიშეების გამეორება მიხდებოდა, დამოუკიდებლად ვერ ვაზროვნებდიო.
მე ვამაყობ ამ მეგობრით, რომელსაც იმდენი სიკერპე აღმოაჩნდა, რომ საბაზისო ცოდნის შეძენას მიუბრუნდა.
ამასობაში წლებიც კი გაუვიდა, ოჯახიც არ შეუქმნია და ისე შეეთვისა იქაურ გარემოს, მეეჭვება, საქართველოში დაბრუნება ან მოისურვოს ან შესძლოს.
ვინაობას აქ არ ვწერ, ფეისბუქის ამ გვერდზეც ჩემი მეგობარია, საერთო მეგობრებში მრავალი თქვენგანიც მყოლია და თუ სურვილი აქვს, თვითონ გამოჩნდება, რომაც არ გამოჩნდეს, შემთხვევა ხომ ტიპობრივია იმ მომენტამდე, ვიდრე თვითონ გადაწყვიტა, საბაზისო ცოდნას მიბრუნებოდა.
ჩავთვალოთ, რომ მასზე საუბარს იმიტომ შევყევი, რომ შორიდან ასე მოვეფერე და ისევ პრობლემას მივუბრუნდეთ.
დასაწყისიდანვე ენის არასაკმარისად მცოდნე, უცხოეთში საბაზისო ცოდნის ვერშემძენი, ალაგ-ალაგური, აქა-იქური, რაღაც, რემნანტული (გადა-ნარჩენული) ინფორმაციებით საქართველოში დაბრუნებული, დიპლომირებული ადამიანების ნაწილი, ვისაც მე გულში დოდერებს ვუწოდებ, ქართულ რეალობას უკვე ვერ ხედავს, ვერ გრძნობს. თავის მხრივ, ეს რეალობაც - არცთუ
მომხიბლავია.
შედეგად:
წარმოიშობა კიდევ ერთი ან მრავალი კონფლიქტი. რომელიც სულაც არ ემსახურება ისედაც არსებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური პრობლემების დაძლევას, უფრო პირიქით.
და ზოგნი ამის “მამათა და შვილთა ბრძოლის” ფსევდო-პარადიგმად გასაღებას ცდილობენ.
რაშია გამოსავალი?
მართლა არ ვიცი.
ერთი უტოპიური აზრი კი მაქვს.
ნეტა ასეთი რამ ხომ არ უშველის საქმეს?
- რომ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში საწყისი, საბაზისო განათლების სისტემა მაქსიმალურად საფუძვლიანი გახდეს.
ბაკალავრის დონე ასე დაიძლიოს, საქართველოშივე.
უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელთათვის დარჩეს მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
ცალკეულ შემთხვევებში სახელოვნებო დარგებში, ან თუ საქმე ვუნდერკინდთან და მისთ გვაქვს, დაშვებული იქნას გამონაკლისი, - ბაკალავრიატის საფეხურზე გაგზავნა.
თუ ისევ მოქმედებს უცხოეთში წასვლის მსურველთათვის სამოსწავლო საქველმოქმედო პროგრამები - მაღალ კლასებში უცხოეთში გაგზავნა, ეს შეიძლება შენარჩუნდეს, რადგან უცხოეთში ენობრივი და სოციალური ადაპტაციის საფეხურის დაძლევაში ეხმარება სწავლის მოწადინეს
და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, უმაღლესი სასწავლებლის საბაზისო საფეხურის იქ დაძლევისა, თუმცა ქართული გარემოდან გარიდება უკვე სხვა რიგის პრობლემებსაც აჩენს.
საქართველოშივე თუ არსებობს საუკეთესო უცხოურენოვანი სკოლები, რომელიც ცხადია, უფასო ვერ იქნება და ამდენად, ხელმისაწვდომი მხოლოდ , ახალი ქართველებისთვის” აღმოჩნდება, საფიქრებელია, რომ უცხოურს კი შეასწავლიან იმ დონეზე, რომ წარმატებით სკოლადამთავრებულს ქვეყნის გარეთ საბაკალავრო- საბაზისო განათლების მიღების პრობლემა არ შეექმნეს, მაგრამ მეეჭვება, საბოლოოდ საქართველოს, ქართულ საზოგადოებას გამოადგეს მათი ცოდნა, ბავშვობიდანვე მისდამი დუბლირებული გაუცხოების გამო.
მაგალითი ხომ სახეზე გვაქვს.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ძირითადად კომუნისტური ელიტის შვილებისა და მათთან აფილირებული, ცოტა ინტელიგენციის ბავშვებშერეული კონტინგენტისთვის ხომ შეიქმნა გერმანულენოვან სკოლათა ქსელი; მის კურსდამთავრებულთა საკმაო ნაწილი, მერე უკვე საუკეთესო გერმანულ უმაღლესდმთავრებული , თუმცა უკვე ბავშვობიდანვე - დუბლირებული გაუცხოების ნაყოფი, - ხომ დაუბრუნდა საქართველოს; პრივილეგირებულ სამსახურებრივ პოზიციებსა თუ თანამდებობებზეც ხომ გადანაწილდა, ერთმანეთთან მჭიდრო სოციალური ბმაც შეინარჩუნა, ჩამოყალიბდა კლანად და რა!
არგო კი რაიმე ზოგადად ქართულ კულტურას, საზოგადოებას?
შესძლო კი გამოერღვია თავისი კლანის ფარგლები?
ჩემი ფიქრით, ვერა!
თუმცა მე რა ტვინს ვიჭყლეტ, ეს ყველაფერი განათლების სფეროში დასაქმებულ პროგრესულ ადამიანებს ჩემზე მილიონჯერ უკეთ ეცოდინებათ.
მოკლედ, პრობლემა არსებობს, ღრმავდება და მიხედვა სჭირდება.
თუმცა ვინაა მიმხედავი!
This post has been edited by nino darbaiseli on 27 Aug 2023, 17:32
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004