"იცით, რა ღირდა მიშას დროს სამეგრელოში და გურიაში თხილი? 11-14 ლარი 2011 წელს". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველთან საუბრისას.
ხაბეიშილის თქმით, ქართული წარმოების 1 კილოგრამი თხილი მარკეტში 80-90 ლარი ღირს, ხოლო გურიასა და სამეგრელოში გლეხებს თხილის 2-3 ლარად ჩაბარება უწევთ. ამას ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულ მთავრობას მიაწერს და აკონკრეტებს, რომ "მონოპოლისტებმა გაძიძგნეს და გააღატაკეს" ფერმერები.
ევროპული საქართველოს წევრი თენგო კირთაძე ხაბეიშვილის ამ განცხადებას მავნებლობასა და ფაქტებით მანიპულირებას უწოდებს.
"როგორც ვნახეთ ამ დღეებში, ნაციონალურ მოძრაობას აქვს გარკვეული მესიჯ ბოქსი – ამას ეძახიან მონოპოლიურ გარიგებებს და მონოპოლიურ ბიზნესს, რასაც დეფინიციითაც კი მონოპოლიასთან კავშირი არ აქვს. ამას უფრო კარტელური გარიგება შეიძლება ეწოდოს – მწარმოებლების, ანუ გლეხების ხარჯზე ექსპორტიორები ათანხმებენ ფასებს და ამაში ხედავენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს.
ამის საილუსტრაციოდ ჰქონდა ჩართვა [ხაბეიშვილს], როდესაც 100-გრამიანი გარჩეული თხილიდან, რომელიც მარკეტში იყიდება, გამოთვალა კილოს ფასი, რაც თავისთავად უკვე ნონსენსია და შეადარა ნაჭუჭგაუცლელ, ნედლ პროდუქტს". – აღნიშნავს კირთაძე.
რამდენად ადეკვატურია მარკეტში გასაყიდი თხილის და ჩასაბარებელი თხილის ფასების შედარება?
ბაზარზე გაყიდული თხილის ფასი მეთხილე ფერმერის მიერ გაყიდული თხილის ფასის ეკვივალენტური არასდროს არ არის. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ფასში სხვაობა განაპირობოს.
მიწოდების ჯაჭვი რომ განვიხილოთ, ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის, თხილი გადის სხვადასხვა ეტაპს მანამ, სანამ ის მომხმარებლამდე მიაღწევს. ეს ეტაპები მოიცავს: თხილის დამუშავებას, შეფუთვას, ტრანსპორტირებას, ხოლო შემდეგ მის დისტრიბუციას. თითოეული ეტაპი თხილის საბოლოო გასაყიდ ფასს ზრდის, რაც იწვევს სხვაობას თხილზე მარკეტში არსებულ და ჩასაბარებელ ფასებს შორის.
კონკრეტულად თხილის შემთხვევაში კი, საჭიროა მისი გაწმენდა, დახარისხება, შეფუთვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საბოლოო ღირებულებას.
"კონკრეტული მარკეტის გასაყიდი ფასის გარჩევაში არ შევდივარ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი საბაზრო ფასებს, ეს უფრო საფუძვლიანი კვლევის საგანია.
თუმცა, ზოგადად, თხილის რეალიზაციის პროცესში ბევრი სტადიაა: ჩაბარების, გამოშრობა, დახარისხება, დისტრიბუციისთვის გადაცემა, სუპერმარკეტების ქსელში შეტანა. ბიზნესის თითოეული სფერო მოგების მარჟას ამატებს, რაც, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მოვლენაა. მოგების ინტერესის გარეშე არცერთი ბიზნესი არ მუშაობს". – დასძენს კირთაძე.
მარკეტში თხილის გასაყიდი ფასი არასდროს არ ასახავს მის თავდაპირველ ღირებულებას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, საცალო მოვაჭრეებს უწევთ, დაფარონ ისეთი ხარჯები, როგორიცაა, ქირა, დაქირავებული პერსონალის ხელფასები და ა.შ. ეს ხარჯები კი პროდუქციის გასაყიდ ფასებზეც აისახება. პირობითად, მარკეტისთვის საჭირო შენობის ქირის ფასი თბილისის ცენტრში გაცილებით ძვირია, ვიდრე გარეუბანში. სწორედ ამ ტიპის ხარჯია ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც პროდუქტები დედაქალაქის ცენტრში მდებარე მარკეტში უფრო ძვირი ღირს.
ამასთანავე, ნებისმიერი პროდუქტის გასაყიდ ფასზე გავლენას ახდენს ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა. თუ მარკეტში გასაყიდ თხილზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ შეზღუდული მიწოდება, ფასები შეიძლება გაიზარდოს. ანალოგიურად, ბაზარზე სხვადასხვა მიმწოდებელს შორის კონკურენციამ, შესაძლოა, დამატებით გავლენა იქონიოს ფასებზე.
ხაბეიშვილის შედარება რეალობას მოწყვეტილია იმის გამოც, რომ არ ითვალისწინებს იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში თხილის ცუდი მოსავალს აქვს.
თხილის ხარისხთან დაკავშირებით დღეს, 30 აგვისტოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა აზიური ფაროსანას სახით არსებულ გამოწვევაზე, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თხილის მოსავალს და შესაბამისად, აზარალებს ფერმერებს. შამუგიას თქმით, სახელმწიფო "ამ მავნებელთან საბრძოლველად ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს, თუმცა, ეს საკმარისი არაა". იქვე, მინისტრის თქმით, "ვინც მოუარა სწორად, იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი, იმის ფასი უკეთესია".
ის, თუ როგორი თხილის მოსავალი იყო ქვეყანაში, კიდევ უფრო არაადეკვატურს ხდის ხაბეიშვილის მიერ მარკეტში გასაყიდი და ჩასაბარებელი თხილის ფასებს შორის კონტრასტზე აპელირებას. ცუდი მოსავლის პირობებში, გლეხების მიერ ჩაბარებული გადაურჩეველი თხილი განსაკუთრებით მაღალი ალბათობითაა გაფუჭებული. შესაბამისად, ამ ტიპის თხილის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე მარკეტში გასაყიდად დადებული თხილის, რომელიც დახარისხებული, ნარჩევი და გასუფთავებულია.
ლევან ხაბეიშვილის შემოთავაზებული შედარება ზედმეტად ამარტივებს სოფლის მეურნეობაში პროდუქტების მიწოდების ჯაჭვზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენას და სათანადოდ არ ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამართლიანი კონკურენციის მნიშვნელობას.
"თუ ნაციონალურ მოძრაობას სურვილი აქვს, სფეროს პრობლემებზე ილაპარაკოს, შეუძლია, ილაპარაკოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საირიგაციო სისტემა, ტექნოლოგიების არარსებობა, სასათბურე შესაძლებლობების ნაკლებობა, ადგილზე ცოდნის არქონა, რაც თხილის დაბალ ხარისხს და მის დაბალ სარეალიზაციო ფასს იწვევს". – ამბობს კირთაძე.
https://tabula.ge/ge/news/705882-khabeishvi...ilis-tavsatekhi * * *
ევროპული საქართველო მთავრობაშია?