კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტ ხანს მცხოვრები პირები, მათ შორის მიგრანტები, მუდმივ მცხოვრებლებად ჩაითვლებიან - საქსტატი
საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ჩაატარებს, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. საკითხზე BMGTV-ს გადაცემა “საქმის კურსში” საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე საუბრობს.
“იმისთვის, რომ სრულფასოვნად და სრულყოფილად შევძლოთ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება მომავალ წელს, წინაპირობას წარმოადგენს მოსამზადებელი სამუშაოები: ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება, მათი სიის შედგენა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სიითი შემადგენლობის განსაზღვრა მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, კარდაკარ გამოკითხვის პრინციპით, სულ ორი ტიპის კითხვა ისმება. ერთი ოჯახის ერთ-ერთი წევრის საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ და მეორე, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე მუდმივად”, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
რაც შეეხებათ მიგრანტებს, რომელთა რაოდენობაც ბოლო 18 თვეში განსაკუთრებით გაიზარდა, საქსტატის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სტატისტიკაში მუდმივი და დროებითი მცხოვრებლების კატეგორიებიც შევა.
“აღწერის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტულ მომენტში მცხოვრები ყველა პირი აღიწეროს, მათ შორის ისეთიც, ვინც 6 თვეზე მეტია ცხოვრობს აქ, ან რამდენიმე დღით არიან შემოსულები, ან პირიქით, დროებით არიან საზღვარგარეთ გასულები.
რაც შეეხებათ მიგრანტებს, თუ პირი კონკრეტულ მისამართზე 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, ის მუდმივ მცხოვრებლად ჩაითვლება, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნიდანაა შემოსული”, - განმარტავს გოგიტა თოდრაძე.
მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2014 წელს, ტრადიციული მეთოდით, ქაღალდის კითხვარის გამოყენებით ჩატარდა. მომდევნო წლის სამუშაოები კი გაციფრულდება და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარდება.
საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებში ქვეყნის მასშტაბით 3 500 ადამიანია ჩართული, უშუალოდ აღწერის პროცესში კი ეს რიცხვი 12 500-მდე გაიზრდება. აღწერისათვის საქსტატის ბიუჯეტი, დაახლოებით, 29 მლნ ლარია, საიდანაც ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის კონტრიბუციაა
BM.GE