#60878684 · 4 Dec 2023, 21:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან -
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!
|