შეიძლება დაგვიანებული პოსტია მაგრამ მაინც დავწერ. რამდენიმე დღის წინ ვუყურე ტრამპის და ბაიდენის დებატებს. ამ დებატებში ყველაზე მომხიბლავი თავად პრეზიდენტის კანდიდატთა დებატების ტრადიცია იყო მაგრამ არა შინაარსი. კონკურენტთა არგუმენტირებული მსჯელობა არც ისე ღრმა იყო და მოკლებული იყო რეალურ ანალიზს, ასევე ფრიად შესამჩნევი იყო პოლარიზაციის საკმაოდ უსიამოვნო ხარისხი, პრეზიდენტის კანდიდატები ერთმანეთს ლანძღავდნენ, ბაიდენისთვის ტრამპი კრიმინალია ხოლო ამ უკანასკნელისთვის ბაიდენი კრიმინალთან ერთად. უუნარო გონებასუსტი ბებერი. ცხადია როცა ასეთი დაპირისპირებაა იქ ფაქტებით გამაგრებული ანალიტიკური არგუმენტაცია რთული წარმოსადგენია. ამის მიუხედავად არგუმენტები ორივე მხარეს იყო მაგრამ არა ღრმა, არამედ მარტივად აღქმადი. ცხადია ეს შემთხვევით არ მომხდარა, მაგრამ როცა დებატებს ვუსმენდი ეჭვი გამიჩნდა რომ სხვაგვარად არც შეუძლიათ.
მოდი რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენოთ დებატებიდან რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ტრამპის არგუმენტი რუსეთ უკრაინის ომზე არის შემდეგი, რომ რუსეთმა მოიგო ბუშის პრეზიდენტობის დროს (აგვისტოს ომი 2008 წ.), ობამას პრეზიდენტობის დროს (დონბასი და ლუგანსკი 2014 წ, სირიის ოპერაცია 2015 წ.), უკრაინის სამხრეთი ბაიდენის პრეზიდენტობის დროს 2022 წ.) ერთად ერთი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ჰქონია არავითარი ტერიტორიული მონაგარი და მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი რუსეთ უკრაინის ომი არ მოხდებოდაო.
მაპატიეთ და ასეთი სისულელე როგორ შეიძლება იყოს პრეზიდენტის არგუმენტი (ჰო, ტრამპიც პრეზიდენტი იყო სამწუხაროდ)?! ეს ხომ აბსოლუტურად არა არგუმენტირებული, ზედაპირული ფაქტია რომელსაც მოვლენის დიაგნოზთან არაფერი აქვს საერთო?! ის ფაქტი რომ რუსეთ უკრაინის ომი შედგა, როგორ შეიძლება იყოს ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალი, როცა რუსული იმპერიალიზმის აღზევება დაიწყო რესპუბლიკელ პრეზიდენტ ბუშის დროს?! განა ხელი არ მოეწერა სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის 6 პუნქტიან შეთანხმებას? მერე არ ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციას შანსი რომ მომხდარიყო საქართველოს დეოკუპაცია და სამხედროები დაჰბრუნებოდა ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებს? რატომ არ მოეთხოვა მკაცრი პასუხი რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის? რატომ არ შევიდა ძალაში ფინანსური სანქციების მთელი პაკეტი რომელიც უკრაინის დროს გამოიყენეს? ამ კითხვებს იმიტომ ვსვამ რომ, სწორედ ეს უმოქმედობაა რუსეთ უკრაინის მიზეზი. ამის მაგივრად პრეზიდენტმა ობამამ ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა აწარმოვა პუტინთან და დაგვახურდავა ვითომ არაფერი მომხდარა. ის ფაქტი რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს არ მომხდარა რუსეთის შემდეგი დამპყრობლური ომი, გამომდინარეობს მარტივი მოცემულობიდან, შემდეგ ომს სჭირდება მომზადება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ თუ დავუშვებთ შესაძლებლობას რომ რუსეთს დავუთმეთ უკრაინის სამხრეთი და აღვადგინეთ მათთან ურთიერთობა, ომი არ იქნება მინიმუმ ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ნუთუ ეს ეფექტურ საგარეო პოლიტიკას ნიშნავს?!
მეორეც, აბსოლუტურად გაუგებარია და შემაძრწუნებელია ტრამპის ბოდვა რომ ომს შეაჩერებს__როგორ?!__დავუთმოთ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორია და უკრაინას ვუთხრათ რომ ჩვენ ამიერიდან იარაღს აღარ მოგაწვდით, ჩვენი წინადადებაა გარკვეული ტერიტორიებზე ვაჭრობა რუსეთთან რომელშიც დაგეხმარებით?__ამას აპირებს? (!!!) ცხადზე ცხადია რომ, ტრამპს ზელენსკი გულზე არ ეხატება, მან განაცხადა რომ ზელენსკი საუკეთესო სეილსმენია ჩამოვიდა და 60 მილიარდი წაიღოო, აქედან ჩანს რა იგულისხმება ომის შეჩერების მისეულ ხედვაში. ეს იქნება უკრაინისთვის კატასტროფა, ევროპული უსაფრთხოება საბოლოოდ ჩამოიქცევა, და დიახ ტრამპი მიიღებს მისი პრეზიდენტობის ვადის დროს გამაძღარ რუსეთს, ამ იდიოტს ეგონება რომ შეშინებული ჰყავს და ამიტომ ვერ ბედავს.
ყველაზე უცნაური კი ბაიდენის აბსოლუტურად უსუსური პასუხი იყო, სინამდვილეში მე პასუხი ვერც მოვისმინე, ცხადია აბსოლუტურად სწორია რომ პუტინი არის ომის დამნაშავე. რატომ არ დაუპირისპირა ტრამპს რეალური არგუმენტები? ალბათ იმიტომ რომ ხელი დააფარა დემოკრატ ობამას ჩასვრილ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მაინც ეს არის ისტორიული კონტექსტი, ამის არ აღიარება არ შეიძლება, რომ პუტინის ბოროტმოქმედებას თავისუფლება სწორედ წინა პრეზიდენტებმა მისცეს და ამაში დამნაშავე თავად ტრამპიცაა რომელიც დითირამბებს უძღვნიდა ჰააგის ტრიბუნალის ძებნილს, არც ვიზიტები მოაკლო და არც მლიქვნელი მასპინძლობა.
დებატები დანარჩენი პასაჟები ჩვენთვის არც ისე საინტერესოა, მაგრამ აღსანიშნავია რომ ტრამპი უმრავლესობა მათგანში აბსოლუტურად მცდარ და მოგონილ არგუმენტებს იყენებს:
მაგალითად მოიტყუა რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე უსაფრთხო საზღვარი ჰქონდა, სინამდვილეში ტრამპის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკანონო იმიგრაცია კვლავ იზრდებოდა. მიგრანტთა, განსაკუთრებით უპატრონო არასრულწლოვანთა რიცხვის ზრდა დაიწყო 2020 წლის გაზაფხულზე ტრამპის ადმინისტრაციის დროს და, ზოგადად, ყოველთვიურად აგრძელებდა ასვლას. არალეგალური იმიგრაცია ტრამპის ადმინისტრაციის დროს უფრო მაღალი იყო, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირობებში.
ასევე აბსოლუტური სიცრუე დააბრეხვა რომ თურმე ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკაში შემოვიდა აუარებელი რაოდენობა მიგრანტების რომლებიც არიან ყოფილი პატიმრები და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები. თავისთავად ასეთი არგუმენტის გამოცხობა ძალიან ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ შეთქმულების თეორიების ჟანრს. სინამდვილეში ფედერალური მონაცემების თანახმად იმიგრაციის ოფიცრებმა დააკავეს დაახლოებით 103,700 არამოქალაქე, შესასვლელ წერტილებთან და მათ შორის.
ტრამპს არ ჰქონდა არც ერთი დამაჯერებელი პასუხი ისეთ არგუმენტებზე როგორიცაა დანაშაულები რომელშიც ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, აქ სრულიად ნაცნობი ჩვენებური ილეთი გამოიყენა, რომ მოსამართლე იყო თურმე დემოკრატი და ანტი ტრამპისტი, ასევე დაადანაშაულა ბავშვივით თავად ბაიდენი, ეგ უფროა დამნაშავე ვიდრე მეო.
ტრამპი დაასახელეს ყველაზე ცუდ პრეზიდენტად მეცნიერ ისტორიკოსთა გამოკითხვაში, რომელიც ბაიდენმა რამდენიმეჯერ მოიყვანა არგუმენტად, მაგრამ კვლავ ბანალური ცინიზმი და არგუმენტის ბანზე აგდება, იმიტომ დავბრუნდი პრეზიდენტობის კანდიდატად რომ ამაზე ცუდი პრეზიდენტი არ შეიძლება არსებობდესო, თორემ ვიქნებოდი ჩემთვის სადმე კარგ ადგილასო. არადა ხომ ცხადზე ცხადია რომ ტრამპი უბრალოდ „ფაუარ-ჰანგრი ბასტარდია“ ტიპმა კაპიტოლიუმზე ექსტრემისტთა შეტევა წაახალისა, ბოღმაზე გასკდა რომ არჩევნები წააგო და მთელი ეს 4 წელი ქამბექი სურდა.
ყველაზე სასაცილო იყო გოლფზე საუბრის ეპიზოდი დებატებში რომელიც მოყვა კითხვას მათი ასაკის და ჯანმრთელობის შესახებ. ტრამპმა თქვა მე კოგნიტიური ტესტი ჩავიტარე და წარმატებით ჩავაბარეო, ამან კი ჩააბაროს ერთი თუ მაგარიაო, მე გოლფის კლუბის ტურნირები მოვიგე, ამას ჭკუა და მოხერხება ჭირდებაო, იმიტომ რომ ერთი დარტყმით ბურთის 50 იარდზე გადაგდება შემიძლიაო, ეს კი ვერ შეძლებსო, ჰოდა ამაზე დაიბოღმა ბაიდენი და თუ გინდა გაგიმაზავ და გეთამაშებიო. ამ სამარცხვინო ეპიზოდში ორივეს დაავიწყდა რომ გოლფი ძვირიანი სპორტია და ამერიკელთა უმრავლესობას სნობური გოლფით ნებივრობის საშუალება არ აქვს, პლუს გოლფით ფუნქციურობის მტკიცება ხომ ცალკე ინფანტილურობაა. ჰოდა აქ ვიგრძენი რომ აშშ-ს სერიოზული პრობლემა აქვს ელიტათა რეკრუტირების პროცესში. იმიტომ რომ იქაც როგორც ჩანს ჩამყაყებული კადრებია, რომელიც ახალგაზრდებს არ იკარებს და დახურული ელიტის სისტემა შეიქმნა. სასაცილოა მაგრამ ჩემი აზრით უნდა ვაღიაროთ რომ ამერიკას გერონტოკრატია დაემართა! ეს ჩანს არა მხოლოდ კანდიდატების მხცოვანი ასაკით არამედ იმ ფაქტით რომ ისინი ვერ ჩაანაცვლეს, ეს კი მხოლოდ მხცოვან პოლიტიკოსებს დაემართებათ რომელიც ვერ რისკავს ახალგაზრდასთან პოლიტიკური კარიერის დაკავშირებას.
მთელს ამ დებატებში ბაიდენის პასუხები იყო ბევრად გამართული, ეს დაადასტურა ფაქტ ჩეკერმა, მაგრამ პრობლემა გახლდათ არგუმენტების მოწოდება, როგორც ამერიკელები იტყვიან „დილივერი/delivery“. მოხუცდა ბაიდენი, თანაც ძალიან მოხუცდა მეტიც არ არის გამორიცხული დემენცია განუვითარდეს, ხმა მისუსტებული და მინავლებული აქვს. არც ტრამპია ახალგაზრდამ(!!!) თუ აირჩიეს პრეზიდენტობას 82 წლის ასაკში დაასრულებს მაგრამ ამ ეტაპზე ჯანზეა. აი სწორედ ამ მიზეზით დებატებში აშშ-ს საზოგადოების უმრავლესობამ გადაწყვიტა რომ ტრამპმა გაიმარჯვა. როცა დებატების შედეგი წყდება არა არგუმენტებით არამედ სპიჩის მიწოდებით (დელივერი) ეს უკვე სისულელეზე მეტყველებს.
This post has been edited by mepar on 3 Jul 2024, 22:45