ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებ იმ ამბის მოყოლას, თუ რამდენად დიდი იყო შანსი ჩემი ვერ გადარჩენისა ერთი უყურადღებო ექიმის დამსახურებით. მცირე შესავალი თუ მაინც საჭიროა ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ გადამაწყვეტინა იმ ექიმის და მთელი ავერსის კლინიკის დასჯის სურვილმა და გარდა ამისა, სხვა ადამიანების გადარჩენის სურვილმა. როგორც ექიმები ამბობენ, ჩემს მდგომარეობაში ასიდან ერთი თუ გადარჩებოდა სისხლის მოწამვლას და კიდევ უარესს. როგორც ჩანს, ჩემმა ორგანიზმა იბრძოლა მაქსიმალურად და დროულად მივუსწარით კიდეც…
დაახლოებით ერთი თვის წინ ასე ცამოწმენდილზე შევნიშნე გამონადენი ჭიპიდან, სავარაუდოდ ჩირქოვანი. ვარაუდებს, რა თქმა უნდა, არ დავეყრდენი იმიტომ, რომ პანიკიორი ვარ (საბედნიეროდ) და დავურეკე ჩემს თერაპევტს. გარდა ჩირქოვანი გამონადენისა, მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილი მუცლის კუნთების – მიჭირდა გასწორება, დაჯდომა, სიარული, წამოდგომა. თერაპევტმა მითხრა, რომ წავსულიყავი ქირურგთან და სავარაუდო პროცედურების შესახებაც რომ ვკითხე მითხრა, რომ ალბათ დამჭირდებოდა ექოს გადაღება და სისხლის საერთო ანალიზი.
ექიმთან წასვლის წინა დღეს მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ მაინც ავდექი და წავედი ავერსის კლინიკაში, რომელსაც მგონი ნორმალური იმიჯი აქვს და არ გამიგია მწვავე არაფერი მათ შესახებ.
aversმივედი, გადავიხადე 40 ლარი ქირურგთან კონსულტაციისთვის. კონსულტაცია კი რა გამოვიდა? მიმღებიდან რაც უთხრეს ჩემი „ჩივილი“ რაც იყო, ამ ინფორმაციით დაკმაყოფილდა ჩემთვის აღარ უკითხავს (სანამ მე არ გავუბურღე ტვინი) და შემიყვანა გადახვევის პროცედურაზე პირდაპირ (ეს + 15 ლარი). დამიმუშავა, მასწავლა დამუშავება, არაფერი საშიში არააო და გამომიყვანა.
მივიდა ჩემს ქმართანაც და დაამშვიდა ისიც, ყველაფერი კარგადაა, გადასარევადააო. კითხვაზე – სიცხე რატომ მაქვს? პასუხი მივიღე , რომ სიცხე ამის ბრალი არ იყო და ეს იყო ლოკალური ანთება. ასევე ჩავეკითხე რაიმე ანალიზი ხომ არ მჭირდებოდა და მითხრა, რომ არ მჭირდებოდა არც ექო, არც სხვა რაიმე ანალიზი. დამიწერა დანიშნულება (ნახევარი საათი რატომ მოანდომა არ ვიცი) და გამიშვა სად? რა თქმა უნდა, ავერსის აფთიაქში.
დანიშნულებაში იყო – კუჭი რომ არ გაეღიზიანებინა რაღაც ისეთი წამალი, მუცლის კუნთის ტკივილი აღიქვა ჩვეულებრივ მუცლის ტკივილად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი წამალი დამინიშნა და ანტიბიოტიკი „კვადიმაქსი“, რომელიც წესით ქირურგს მგონი არ უნდა ქონდეს ხმარებაში იმიტომ, რომ ძალიან მსუბუქია (ავერსის წამალია, ქართული ეროვნული წარმოების, რა თქმა უნდა) და ანტისეპტიკური მაზი, რომელიც როგორც მასწავლა ისე უნდა მომეხმარა. ხუთ დღეში მოდი ისევო მითხრა.
თერაპევტს წავუკითხე დანიშნულება და მანაც ამოისუნთქა, როგორც ჩანს მსუბუქი ფორმა გაქვს და მალევე გაგივლისო (ქირურგის დიაგნოზი: ჭიპის ჩირქოვანი ანთება).
აქვე: ანთება საიდან წამოვიდა კონკრეტულად ვერავინ მეუბნება. ყველაზე ლოგიკური ვარიანტი გამოდის წყალი. თუმცა არც აუზში ვცურავ, არც სადმე ტბა-ზღვაში მიბანავია ბოლო დროს. როგორც ჩანს ჩვეულებრივი წყლის რაღაც ბაქტერია ჩავიდა ცუდად ბანაობის დროს.
ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვედი, საჭესთან კლინიკიდან სახლამდე 38,5 სიცხიანი ვიჯექი, თურმე.
მოკლედ, სიცხე არა და არ ჩადგა. რადგან ვიყავით დაიმედებულები ქირურგისგან, რომ ეს იყო ლოკალური ანთება და სიცხეს არ გამოიწვევდა, გვეგონა ვირუსი, რაც იყო ლოგიკური – ვირუსული პერიოდი იყო თბილისში. მაგრამ ვირუსს ხომ აქვს თავისი ვადები? ოთხი დღე, ხუთი დღე, ექვსი დღე…?
„ქირურგის“ დანიშნულებამ მეგონა იმოქმედა – გამონადენი თითქმის აღარ იყო (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აღარ იყო კი არა, მისმა „მკურნალობამ“ ორგანიზმში ჩააბრუნა ეს ყველაფერი).მოკლედ, ველოდები როდის გამივლის სიცხე, რომ მაინც წავიდე ქირურგთან და ვაჩვენო მორჩა, თუ არა ბოლომდე ეს ლოკალური ანთება და გავარკვიო რატომ მტკივა კუნთი მაინც.
ამასობაში გავესინჯე ფილტვებზეც იმიტომ, რომ სიცხე უკვე 39,4-ზე ნაკლები არ მქონდა. 24/7-ზე სიცხე. ვერ ვჭამდი ვერაფერს, ვერ ვდგებოდი საწოლიდან და ა.შ. ფილტვებშიც არაფერი…ლამის უკვე გლანდების შესამოწმებლად რომ წავედი, ჩემი თერაპევტი გაბრაზდა ამდენი მკითხაობით და შარდის და სისხლის ანალიზზე წადი სასწრაფოდო მითხრა…კიდევ კარგი.
ანალიზის გასაკეთებლად უკვე ძლივს მივაღწიე. ისევ ავერსის კლინიკაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საჭესთან ვეღარ ვჯდებოდი, ამიტომ იქვე გლდანში ახლოს რაც იყო და ფეხით სადამდეც მივიდოდი (სამჯერ მეტი დრო მოვანდომე მისვლას ისე ცუდად ვიყავი ოღონდ და მირიანის მკლავზე ვიყავი თან ჩამოკიდებული). ანალიზის პასუხი რამდენიმე საათში იყო და ტელეფონით წავუკითხე ჩემს ექიმს (თერაპევტს).
რა თქმა უნდა, იმ მომენტში არაფერი შეიმჩნია იცის რა ჩემი პანიკიორობის შესახებ და მითხრა, რომ მოდი, ამდენ გაურკვევლობას ჯობია, რომ გამოიძახო სასწრაფო და გადაგიყვანონ საავადმყოფოშიო. იქვე გაგიკეთებენ ყველა გამოკვლევას რაც საჭიროა და გახდები კარგადო. ამ წყნარი ტონის მიუხედავად მე მაინც ავტირდი. დავრეკეთ სასწრაფოშიც და მოვიდნენ. ვაჩვენე სისხლის ანალიზი და იმათაც შეიცხადეს. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვდივართ აზრზე რატომ კითხულობენ გაფართოებული თვალებით (კიდევ კარგი.).
ჩამიდგეს კათეტერი და გამაქანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. თან გზაში ვიძახი ნეტა აქ რა მინდა და ახლა ესენი კიდე სხვაგან წამიყვანენ და ა.შ.
მიმღებში ასევე გაფართოებული თვალებით კითხულობენ სისხლის ანალიზს და მორიგე ქირურგს (შოთა ძაგანია, რომელიც არის ძალიან ნორმალური ადამიანი და ნორმალური, სანდო ექიმი) ეძახიან…
სანამ მოვლენების განვითარებას მოვყვები – აღმოჩნდა, რომ სისხლის ანალიზი მქონია საშინელება. ლეიკოციტები პირდაპირ მიანიშნებდნენ ანთებაზე და როცა მაქსიმუმ ზღვარია 9 მე მქონდა 18 (მგონი ათასებში ზომავენ ოღონდ). და როე (ახლა დავგუგლე და ერითროციტების დალექვის რაღაც ბლაბლა არისო) მქონდა 75 ათასი. მაქსიმუმი ნორმა არის 20. ოცი ხალხო, ო ც ი. და მქონდა 75. ახლა და ახლაღა გვეუბნებიან, რომ თურმე ასიდან ერთია ამ მდგომარეობიდან გამოძრომის შანსი. რომ ოპერაციის პარალელურად და მომდევნო დღეებში ყოველი შემთხვევისთვის სეფსისის ცენტრში ქონდა ჩვენს თერაპევტს დარეკილი, რომ გაეგო ვინ იყო მორიგე და გაეფრთხილებინა შესაძლო გადაყვანის შესახებ და ა.შ. ახლაღა გვეუბნებიან, რომ გადავრჩენილვარ.
ქირურგმა დამხედა, გამომკითხა რა ხდებოდა და მოარბენინა ექოს აპარატი თავის სპეციალისტიანად. ექომ აღმოაჩინა, რომ აბსცესი მქონდა სამი სანტიმეტრის სიღრმეზე, 41 მილილიტრამდე ორგანიზმში, ჭიპის ქვეშ ტერიტორიაზე. ქირურგი ეცადა ნემსით ჩაეღწია იქამდე და ასე უცერემონიოდ ორი ნემსი ჩამარჭო მუცელში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ჩავიდა.
დაინიშნა ოპერაცია სასწრაფოდ (სიცხის დამწევის მოქმედება იწურება და თან მიწევს პარალელურად სიცხე).
მე გონზე ვერ მოვდივარ, ვერც ვფიქრობ – რა ოპერაცია, რის ოპერაცია…ვერც შეშინება მოვასწარი კარგად, ვერც გააზრება. ფეხებზე ბინტებს მახვევდნენ, კათეტერებს მიდგამდნენ… მოკლედ, საოპერაციოდ მამზადებდნენ.
ოპერაციამდე ერთხელღა ვნახე ჩემი ექიმი, ხელი მოვუწერე რაღაცაზე. მითხრა, რომ სპინალური გაყუჩება კეთდებოდა (ადგილობრივი არ გააყუჩებდა ამას) და გამაქანეს კიდეც საოპერაციოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზურგში დარჭობილმა ორმა ნემსმა შედეგი ვერ გამოიღო და დამაძინეს. რომ გავიღვიძე უკვე საბანი მეფარა და მამზადებდნენ პალატაში გადასასვლელად.
თურმე, გაჭრისას ბევრად რთული სიტუაცია დახვედრია ექიმს, ვიდრე ელოდა. ექომ ვერ აჩვენა მთლად ზუსტი სიღრმე და მოცულობა აბსცესის. აღმოჩნდა, რომ მუცლის კუნთი ქონდა ჩათრეული, რის გამოც მოუხდათ მისი ამოჭრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო ბევრი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 4-5 კილოს აწევა შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თიაქარის შანსი მაქვს. შესაბამისად, საჭირო იყო რამდენიმე თვეში მეორე ოპერაცია ე.წ. ბადის ჩადგმა. ასევე, ჭიპი ძლივს გადაარჩინეს და სადღაც გადააკერეს, რომ შემრჩენოდა და ცალკე მაგის პლასტიკური ოპერაცია არ დამჭირვებოდა. დეფორმირება, რა თქმა უნდა, მექნება შეხორცების შემდეგ და დიდი შრამიც, მაგრამ ამას არ ვჩივი ნამდვილად.
ოპერაციის შემდეგ წინ მქონდა ერთი თვე სარეაბილიტაციო პერიოდი და ეს მოიცავდა რეგულარულ შეხვევებს. ანუ, უკვე ორი კვირაა მაქვს ღია ჭრილობა, რომლის გაკერვაც არ შეიძლება. თავიდან ყოველ დღე, ახლა ყოველ ორ დღეში ერთხელ დავდივარ ექიმთან და მიკეთებს საშინელ პროცედურას, რომელიც აუცილებელია სანამ „დავიმსახურებ“ გაკერვას. წინა შეხვევაზე ძალიან კმაყოფილი იყო შეხორცების პროცესით და შესაძლოა აღარ დამჭირდეს ის მეორე ოპერაცია და კუნთი რეგენერირდეს, არ ვიცი. შესაძლოა მომდევნო შეხვევაზე უკვე გამკეროს.
ხოდა, რომ გამკერავენ, რომ ავიღებ სისხლის ანალიზს და იმუნიტეტს მოვიძლიერებ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის განმავლობაში მიღებული ტონა ანტიბიოტიკების სმის შემდეგ, მივალ ავერსის კლინიკაში, ავალ მეოთხე სართულზე ბატონ გიორგი ჩხაიძესთან და პირადად მივახლი, რომ არის იდიოტი, რომ მეორედ აღარ აიღოს თავის თავზე ვინმეს მკურნალობა და რომ თავის ფეხით წავიდეს და დატოვოს სამუშაო ადგილი სანამ ვინმე მოუკლავს (თუ უკვე არ ყავს მოკლული), მერე ჩავთვლი, რომ წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა.
ამ პოსტის დაწერაც მხოლოდ ამიტომ მინდოდა, რომ მეთქვა: ე რ ი დ ე თ ავერსის კლინიკას, ერიდეთ გიორგი ჩხაიძეს, ერიდეთ ყველანაირ საპასუხისმგებლო პროცედურას იქ. მე არ ვიცი ყველა ექიმი და არც არავის მივაყენებ უცოდინრად შეურაცხყოფას, არაა ჩემი სტილი, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ თუნდაც ერთი ექიმი რომ არის იქ ასეთი, ეს არ გამორიცხავს, რომ სხვა დანარჩენებშიც არ გამოერევა მსგავსი უყურადღებო, უცოდინარი და უპასუხისმგებლო ექიმი. მას რომ წესიერად მოექცია ყურადღება (შე კაი ადამიანო, ვიხდი ამდენ ფულს და მზად ვარ კიდევ მეტი დავხარჯო ოღონდ კარგად გავხდე), დაენიშნა ნორმალური ანტიბიოტიკი და სწორი მკურნალობა, ამ ყველაფერს გადავრჩებოდი.
http://tiny.ge/no-avers/
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █