მამუკა ხაზარაძე - გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მას და მის თანაგუნდელებს არაფერს ვერჩი და ბევრ რამეში ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? - თუ ეს სინერგიას მოიტანს, მე პიროვნული თემა არ მაქვს
გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას - მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი გახარიას გუნდთან თუნდაც საუბარი სინერგიის მომტანი არ იქნება და ეს ვიღაცის მოლოდინს დაანგრევს, მაშინ „ამის გაკეთება არ ღირს“. ხაზარაძემ განმარტა ისიც, რომ გიორგი გახარიას პარტიის და მათი ხედვები „თითქმის უმეტეს ნაწილში, ერთმანეთს ემთხვევა“.
„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე. ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას. ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით... ამიტომ, მე მინდა მაყურებელს ძალიან მკაფიოდ, გულახდილად და გულწრფელად ვუთხრა, არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება, ეს არც თანამდებობას ეხება, არც კვოტების განაწილებას, ეს ეხება მიიღებს თუ არა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე საუბარს ჩვენი ამომრჩეველი (დრო საკმარისია) და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი.
თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც ეს საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს, ან შეიძლება, მათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს. თქვენ კვლევების შედეგად ხედავთ, რომ დღეს ოთხივე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ ეს სინერგიას მოიტანს და დავრწმუნდებით, რომ სინერგიის მომტანია, კიდევ ვიმეორებ, მე პიროვნული თემა არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან. ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ თუ ეს ვერ მოახერხა "თეორიაში" ოპოზიციამ და მინდა ვთქვა, რომ ამას ახერხებს ამ მონაცემებით, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ ქვეყანა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იზოლირებული [ვიქნებით] და ვიქნებით რაღაცა მოდელი, აღარ მინდა რომელიმე ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ყველა მიხვდება რანაირი ტიპის ჰიბრიდული მმართველობა ჩამოყალიბდება აქ.
შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კვლევის, კონსულტაციების და იმ სინერგიის აღმოჩენის შედეგი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდეთ და მითხრათ, რომ „უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ა.შ“ კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა ჩემთვის არის, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნის მართლა ეგზისტენციალური საკითხი დგება. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ მე ოდესმე დამიყენებია პიროვნული საკითხი წინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ასეთი რაღაც არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს! უამრავი ჰობი მაქვს, უამრავი პროექტი მაქვს, მე არც თანამდებობას ვეძებ, არც დეპუტატობას ვეძებ. იცით, რომ ვიყავი დეპუტატი და დავტოვე მანდატი, სწორედ იმის გამო, რომ მეჩვენებინა - არ ვეფარები არანაირ პოლიტიკურ სარჩულს. თქვენ გახსოვთ, რომ მანდატი სასამართლომდე დავტოვე. ახლა სტრასბურგშია ჩვენი საქმე და იქაც მოვიგებთ. დრო სჭირდება ამას და მე ბრძოლას არასდროს შევწყვეტ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
აქვე მხარდამჭერი განცხადებები:
გია ხუხაშვილი - როგორ უნდა შემოწმდეს, მოიტანს თუ არა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება სინერგიას? ეს „თუ“ რას ნიშნავს? კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო აღარ არის, ახლა გადაწყვეტილების დროა და ასეთი გაერთიანება საქმეს წაადგებოდა
ასეთი გაერთიანება მხოლოდ წაადგებოდა საქმეს - სხვა საკითხია, რომ სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა, თუმცა, ახლაც შესაძლებელია - მათი გაერთიანება ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრებდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
ხუხაშვილის განმარტებით, მათი გაერთიანებით ამომრჩევლისთვის სურათი ბევრად უფრო გასაგები გახდებოდა.
„ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ცენტრის ჩამოყალიბება ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ამ შემთხვევაში სურათი ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა ამომრჩევლისთვის - მივიღებდით სამ ძირითად პოლიტიკურ მიმართულებას. ოპოზიციური ამომრჩეველი ამ მიმართულებებით არის დაყოფილი, შეიძლება ასე ითქვას. გარკვეულწილად ოპოზიციური ამომრჩეველი ერთმანეთთან ანტაგონისტურ მოცემულობაშია. არსებობს ამომრჩეველი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის და არსებობს ამომრჩეველი, რომლისთვისაც ისინი მიუღებლები არიან. დამალული არ მაქვს, მათ გაერთიანებაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. ასეთი გაერთიანება მხოლოდ წაადგებოდა საქმეს. სხვა საკითხია, რომ სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა, თუმცა ახლაც შესაძლებელია.
როგორ უნდა შემოწმდეს, მოიტანს თუ არა ეს სინერგიას? ეს „თუ“ რას ნიშნავს? დრო მის კითხვებზე პასუხის გასაცემად დარჩენილი აღარ არის. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა და არა რაღაც კითხვების დასმის. არ ვიცი, ის რეალურად განიხილავს თუ უბრალოდ იმ ადამიანებს სცემს პასუხს, რომლებიც დიდი ხანია ეუბნებიან, რომ ასეთი გაერთიანება წაადგებოდა საარჩევნო პროცესს, მათ შორის, მეც. პირადადაც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გაერთიანება კარგი იქნებოდა. შევხედოთ. საერთოდ კარგია, თუ საუბარს მოქმედებებიც მოჰყვება. პოლიტიკაში ასეა - საუბარი, სწორი გზავნილები კარგია, მაგრამ ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს, ძირითადად, აფასებს მოქმედებით და არა იმდენად რიტორიკით“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რაში ხედავს თავად ერთი მხრივ „ლელოსა“ და მეორე მხრივ - „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების უპირატესობას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მათი გაერთიანება „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მისცემდა არჩევანს, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე“.
„უპირატესობას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ გვყავს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა, არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ აგრეთვე, არ არის მზად აირჩიოს წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამომრჩეველი არჩევანს არა მხოლოდ გემოვნებით აკეთებს, არამედ მეტი გარკვეულობაა საჭირო, ძალის დემონსტრირება უნდა მოხდეს; გარკვეული სინერგია უნდა გაჩნდეს, ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ერთეულს არა მხოლოდ სურვილი აქვს ცვლილებების, არამედ ამის შესაძლებლობა და ძალაც აქვს. „ლელოს“ და გახარიას გაერთიანება იქნებოდა ძალის დემონსტრირება. ჩამოყალიბდებოდა პოლიტიკური ცენტრი, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მისცემდა არჩევანს, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე. გადაუწყვეტელი ამომრჩეველთა რაოდენობა კრიტიკულად მაღალია, დღესაც კი. რატომ? იმიტომ, რომ არ სჯერათ, რომ შეიძლება, არსებულმა პოლიტიკურმა ერთეულებმა რაღაც შედეგი გამოიღონ. ამიტომ, ეს გაერთიანება - არა „ნაც-ქოცური“ ელექტორატის რომელიც ყველაზე მსხვილი სეგმენტია ჩვენს ამომრჩეველში, ამის კაპიტალიზაცია სწორედ ამ გაერთიანებას შეეძლო ყველაზე ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გაერთიანება ამ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრებდა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ვახტანგ ძაბირაძე - ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება საუკეთესო ვარიანტი იქნება - ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუკი გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდება, ის ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი გაერთიანება იქნება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, გახარია-ხაზარაძის გუნდების გაერთიანებას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.
„თუ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, მიუხედავად მათ შორის არსებული პრობლემებისა და ა.შ., ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ოპოზიციაში გაჩნდებოდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროზე, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ამის აღქმა. თუ ეს გაერთიანება მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს იქნება არა მარტო ლიდერი პარტია, არამედ იქნება პარტია, რომელიც დაუპირისპირდება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს [„ქართულ ოცნებას“], პირველი ადგილისთვის იბრძოლებს არჩევნებში.
ჩემი შეფასებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“. ორივე ამ გაერთიანების, როგორც „ნაცების“, ისე „ქოცების“ ალტერნატიული პარტია შეიქმნება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გახარიასა და ხაზარაძეს შეუძლიათ ორივესთვის მისაღები პრემიერობის კანდიდატი დაასახელონ და დღევანდელ სიტუაციაში, იდეალური კანდიდატი ანა დოლიძე იქნება.
„მათ შეუძლიათ ისიც კი გააკეთონ, როგორც ხაზარაძე, ისე გახარია პრემიერობაზე თუ უარს იტყვიან და თავიანთი გაერთიანებული ჯგუფიდან, ორივესთვის მისაღებ სხვა კანდიდატს წამოწევენ. ჩემთვის ასეთი გაერთიანების ყველაზე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ანა დოლიძე, რომელსაც ვერც „ქოცობას“ დააბრალებს ვერავინ, ვერც „ნაცობას“, ვერც გაუნათლებლობას. მოკლედ დღევანდელი სიტუაციისთვის მორგებული კანდიდატია. ჩემი შეფასებით, ეს იქნებოდა საუცხოო ვარიანტი,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
სავარაუდოდ მხოლოდ თვალთხარიას პროცენტები არ ყოფნის ქოცრეჟიმს კოალიციური ხელისუფლების დასაკომპლექტებლად და ყ ლელოს შეწოვაც გადაწყვიტეს
ჰაა ანტიმიშა ჩაჩნებო...რომელს გაგიხარდათ ? რომელს გინდათ ნაცების დამარცხება და ასი თუმანი(ანუ საერთო ჯამში მთავარი ოპოზიციის დამარცხება)?
https://www.youtube.com/watch?v=g8RJ4HmR9KA