ეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ფარგლებში აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მიმოიხილავს.
იალოვიცი სტატიაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ტრამპის მიდგომა, პირველ რიგში, ამერიკული ინტერესების დაცვას ემსახურება, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაციისგან ტარიფებისა და სანქციების დაწესების რისკი თანაბრად უდგათ როგორც მტერ სახელმწიფოებს, ასევე - მეგობრებს.
ყოფილი ელჩი საქართველოსა და აშშ-ს შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაუარესებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტნიორობა ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია და რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონი მიიღო. იალოვიცი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადაცდენებზე, პროევროპული აქციების ძალადობრივ დაშლასა და მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლაზე საუბრობს.
კენეტ იალოვიცი სტატიაში აღნიშნავს, რომ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საგარეო პოლიტიკა კონცენტრირებული ჩინეთზე, რუსეთ-უკრაინაზე, სამეზობლოსა და შუა აღმოსავლეთზე იქნება, საქართველო კი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული არ არის.
"საქართველო ტრამპის საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტი არ არის და აშშ-ის საქართველოსადმი ამჟამინდელი მიდგომის დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ევროკავშირი საქართველოსთვის მეტი სანქციის დაწესებას ვარაუდობს და ტრამპის გუნდმა შესაძლოა ეს გზა პირველმა გაიაროს.
საქართველო ამერიკული ეკონომიკური და სამხედრო დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმღები იყო, სამომავლოდ კი ამ დახმარების ბედი უცნობია... ტრამპის გუნდი აუცილებლად შეისწავლის "ქართული ოცნების" პოლიტიკას, რომელიც აშშ-ის მიმართ კრიტიკულია და რუსეთისკენ იხრება და დასვამს კითხვას: რატომ უნდა გავაგრძელოთ ამ მთავრობის მხარდაჭერა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით? საქართველოს ტრამპისთვის საინტერესო არაფერი აქვს, ამიტომ მისი ყურადღება სხვაგან იქნება მიმართული.
რესპუბლიკური პარტიის წევრი კონგრესმენები საქართველოსადმი კრიტიკულად არიან განწყობილი და მეტ სანქციას უჭერენ მხარს. "ქართული ოცნება" ალბათ ეცდება, ტრამპს თავი მოაწონოს მისივე რიტიკორიკის გამოყენებით და ამისთვის ვაშინგტონელ ლობისტებსაც დაიქირავებენ. თუმცა ეს, შესაძლოა, რთული ამოცანა იყოს, იმ ხვრელების გათვალისწინებით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავის თავს გაუთხარა", - წერს იალოვიცი.
კენეტ იალოვიცი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 1998-2001 წლებში ორჯერ იკავებდა.
https://bm.ge/news/saqartvelo-trampistvis-p...Qyn8i1JBjYqNOLw