ლანჩხუთში ერთი სოფელია - შუხუთი. სოფლის დასაწყისშივე გადასახვევია და ოღრო-ჩოღრო გზა იწყება. ამ გზას თუ ბოლომდე გაყვებით, ერთ ნაკვეთთან მიგიყვანთ. მიწა შემოღობილია, დაცვის ჯიხურიც დგას. დაცვის თანამშრომლები რუსები არიან და მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიას იცავენ.
ამ მიწაზე კოსმოდრომ “კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი ქალები, იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მაშინ ჩამოვიდნენ, როცა უკრაინაში მათმა ქვეყანამ ომი დაიწყო. თებერვალში საქართველოში ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი მიითვისეს და იმ საქმეს შეუდგნენ, რაც კარგად იციან.
ორივე, იულიაც და მარიაც კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროდან მოდიან. მარიას მაგისტრის ხარისხი აქვს კოსმოსური ინდუსტრიის საჯარო ადმინისტრირებაში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ფაკულტეტზე. შემდეგ მუშაობდა ორბიტალური სადგურის "მირ-2" მშენებლობის კოორდინატორად და კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის იურისტად.
იულია კი 2016 წელს დაარსებული რუსული “კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის” თავმჯდომარეა. კონსორციუმი მიზნად ისახავს კერძო კოსმოსური ინიციატივების განვითარებას.

მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი - ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.
წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია ამბობდა, ჩემმა ცოლმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე იცის, რომ ქალი ვარ და სქესის შეცვლისას მხარსაც მიჭერდაო.
ქალები, საკუთარი ოჯახური მდგომარეობის გარდა, გურულებს კიდევ ბევრ რამეს უმალავენ. მაგალითად, როგორ აწვდიან ინფორმაციას და ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. ამ მიმოწერებმა “პრავფონდიდან” გამოჟონა და OCCRP-ს ჩაუვარდა ხელში. “აი, ფაქტი”, როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში.
რა ვიცით ლანჩხუთში ასაშენებელ კოსმოსურ სადგურზე?
არხიპოვებს YouTube-ის რამდენიმე გვერდი აქვთ, მათ შორის, ერთი “კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმს” ეკუთვნის. ამ გვერდებზე რამდენიმე ვიდეო დევს კოსმოდრომ “კოლხიდას” შესახებ. ასე გავიგეთ, რომ ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის და დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც.
კოსმოდრომის ასაშენებლად არხიპოვების კომპანია “სერვიუკ აგრომ” გურიაში, ლანჩხუთში სამი ნაკვეთი იყიდა - ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. ამ ნაკვეთებიდან უნდა გაეშვას ხომალდები ორბიტაზე.
2023 წელს საჯარო რეესტრში იულია არხიპოვას მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს, მაგალითად, დაამონტაჟეს ელექტროგაყვანილობა, დააყენეს მრიცხველები, გაარემონტეს შენობის კარ-ფანჯარა, გაიყვანეს კანალიზაცია, წყალი და ტერიტორია ხე-მცენარეებისგან გაწმინდეს. თუმცა, თუ ფოტო და ვიდეომასალას დააკვირდებით, თქვენც ნახავთ, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული.

შეიძლება, ამ ყველაფერზე თქვენ გეცინებათ, მაგრამ არხიპოვების გეგმა მხოლოდ არხიპოვების გეგმა არაა. მათ უკან უფრო დიდი ამბავი დგას.
2023 წლის 27 აგვისტოს მარია არხიპოვა წერილს უგზავნის “პრავფონდის” აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრ უდალცოვს. მეილში წერია, რომ იულია არხიპოვა საქართველოში კოსმოსური საწარმოს მშენებლობას გეგმავს და ახალი თაობის კოსმოდრომის შექმნა სურს.
“წამყვან პოზიციებზე მუშაობენ რუსეთის მოქალაქეები, მოვიწვიეთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ყველა სამუშაო ტარდება საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით… აღნიშნული საწარმოები და კოსმოდრომი, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას რუსეთის მხრიდან გაშვებებისთვის და აპარატების აწყობისთვის და სასარგებლო იყოს ყველა მხარისთვის”, - წერს მარია გაგზავნილ მეილში.
აქვე ახსენებს იმასაც, რომ იულია აწყდება ზეწოლისა და დისკრიმინაციის ფაქტებს მისი ეროვნების გამო. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მუდმივ მუქარას, ასევე მუქარას, რომ პროექტებს რუსული წარმოშობის გამო დაუხურავენ. არხიპოვა ჰყვება იმასაც, რომ რუსეთის საკონსულოსთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, პროკურატურასა და პოლიციასთან მიმართვებს არ მოაქვს შედეგი და მუქარა კვლავ ძალაში რჩება.
28 აგვისტოს კი იულია არხიპოვა ფონდში კიდევ ერთ წერილს გზავნის ვიდეომასალების ბმულებით, სადაც ჩანს კოსმოდრომის განთავსების ადგილი. წერილში კი შემდეგი ტექსტია: “სპეციალისტებმა წარმოადგინეს, სად იქნება განთავსებული კოსმოდრომი „კოლხიდა“ და ისაუბრეს, რომელი საწყისი სამუშაოებია ჩასატარებელი, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის - ელექტროენერგიის მიერთება, მისასვლელი გზების მოასფალტება და სხვა.”
ამ თემაზე შემდეგი წერილი არხიპოვებმა “პრავფონდს” 30 აგვისტოსაც გაუგზავნეს: სადაც ჯერ პასუხისთვის მადლობა გადაუხადეს შემდეგ კი მისწერეს: "მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ დევნასა და დისკრიმინაციასთან რუსეთის მოქალაქეობის გამო. როცა რუსეთის მოქალაქეს პირდაპირ უწოდებენ „რუს ფაშისტს,“ „ოკუპანტს“. თუ თვლით, რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიცვას თავისი მოქალაქე, მაშინ არ ვიცი, კიდევ რა კრიტერიუმს მიიჩნევთ რუსოფობიის გამოვლინებად და როგორ უნდა იქნეს რუსეთის მოქალაქე დამცირებული.”
ახლა კოსმოდრომის პროექტი შეჩერებულია. არხიპოვებს ვკითხეთ, რა არის ამის მიზეზი და რას აპირებენ მომავალში:
“კოსმოდრომის მშენებლობის საკითხი ამჟამად გაჩერებულია პროექტის შეთანხმების ეტაპზე. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მზად ვართ მშენებლობისთვის. თქვენი მთავრობა გასცემს ნებართვას, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ გვჭირდება ერთი წელი, მშენებლობის დაწყებიდან სრულად გამართული მუშაობის დაწყებამდე”, - მოგვწერეს არხიპოვებმა.
ლანჩხუთის მერიას ვკითხეთ, არხიპოვებს მათთან რაიმე განცხადება ხომ არ შეუტანიათ მშენებლობის ნებართვისთვის ან საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის. კანონით განსაზღვრული ვადა კი ამოიწურა, მაგრამ მათგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია. მერიაში დავრეკეთ და ვუთხარით, რომ თუ პასუხს არ დაგვიბრუნებდნენ, მოგვიწევდა სტატია მათი პასუხის გარეშე გამოგვექვეყნებინა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი იყო.
https://ifact.ge/rusebis-guruli-kronikebi/ეს 2 ორკი ცოლ/ქმარი აქიპოვები დაკავშირებულები არიან კრემლის დაარსებულ "პრავფონდთან"
რა არის “პრავფონდი”?
“თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი” 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, დადგენილებით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად. ფონდის მიზანი, ოფიციალურად, რუსული დიასპორებისა და საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი ფონდი კრემლის მიზნებს ემსახურება: ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოაგდენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.

ვინ მართავს ,,პრავფონდს"?
“პრავფონდი” აფინანსებს ადვოკატებს და ანაზღაურებს საზღვარგარეთ რუსების სამართლებრივი დაცვის ხარჯებს; აწარმოებს საინფორმაციო კამპანიებს და დიპლომატიურ მხარდაჭერას; მოქმედებს რუსეთის საელჩოებისა და კულტურული ცენტრების მეშვეობით.
ესტონეთისა და ლატვიის დაზვერვის სამსახურების ცნობით, “პრავფონდი” რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინსტრუმენტია. იგი აფინანსებს ე.წ. “სამართლებრივი დახმარების ცენტრებს“ და პრორუსულ Telegram-არხებს ამ რეგიონებში.
“პრავფონდი” იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვლადიმ კრასიკოვის ადვოკატის ხარჯები დაფარა. ჯამში, 220 000 ევროზე მეტი. მას გერმანიაში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2024 წელს კრასიკოვი რუსეთმა ამერიკელ ჟურნალისტებში გაცვალა. აეროპორტში მას პირადად პუტინი დახვდა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრასიკოვი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (FSB), "ალფა"-ჯგუფის ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.
OCCRP-სა და ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (LRT-ს) ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ “პრავფონდი” ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აფინანსებდა კრემლთან დაახლოებულ პირებს, იურისტებს,

რა აკავშირებთ არხიპოვებს "პრავფონდთან"?
არც ჩვენი რუსი ქალების ამბავია ამ ამბიდან შორს. მარია და იულია არხიპოვები, მინიმუმ, 2014 წლიდან თანამშრომლობენ “პრავფონდთან.”
კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობამდე, 2000-იანი წლებიდან, მარია და იულია იურისტები იყვნენ და რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდნენ. მაშინ მარია ჯერ ისევ ევგენი იყო. მან შექმნა რუსი ადვოკატების ასოციაცია “ადამიანის უფლებებისთვის”. 2023 წლის თებერვალში ეს ასოციაცია იყო ერთ-ერთი, რომელმაც პუტინსა და ლავროვს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით მიმართა. პუტინის ბრძანებულებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2023 წლის მაისში გააუქმა.
"პრავფონდი" არხიპოვებთან თანამშრომლობით ყირიმში შეჭრის პარალელურად დაინტერესდა. ფონდის შიდა მიმოწერებში კარგად ჩანს მიზეზებიც თუ რატომ დაინტერესნდნენ მარიას და იულიას ორგანიზაციით - არხიპოვების სექსუალური ორიენტაციისა და ოპოზიციური განცხადებების გამო, ისინი დასავლეთის თვალში უფრო სანდოდ გამოჩნდებიანო. ფონდმა თანამშრომლობა გააგრძელა მაშინაც, როცა მათი მრჩეველი არხიპოვების შეხედულებებისა და ბლოგების გამო სწერდათ - მათთან (არხიპოვებთან) დაკავშირება არ ღირსო.

ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სერგეი პანტელეევი კოლეგებს წერდა: “ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ რუსეთი მუდმივად აკეთებს ანგარიშებს და ღონისძიებებს შიდა მოხმარებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო პლატფორმებზე სერიოზულად არ აღიქვამენ... ვიმედოვნებ, რომ მათი (იგულისხმება მარიას და იულიას ორგანიზაცია) დახმარებით საბოლოოდ ვიპოვით ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმს.”
მიმოწერის ავტორი, სერგეი პანტელეევი არ არის "პრავფონდის" უბრალო თანამშრომელი, ის ევროკავშირმა, ამერიკამ, კანადამ, შევიცარიამ, ბრიტანეთმა და იაპონიამაც კი დაასანქცირა 2023 წელს, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი. ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი განმარტავს, რომ პანტელეევი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) 54777 დანაყოფის ოფიცერი. მიმოწერის დროს კი, ის ოფიციალურად, "პრავფონდის" მრჩეველის მოვალობის შემსრულებელი იყო.
“პრავფონდმა” არხიპოვების ასოციაციას "ადამიანის უფლებებისთვის" გადასცა 71 000 დოლარზე მეტი ოდენობის გრანტები. ამ პროექტების მიზანი იყო უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშების მომზადება და ორგანიზაციის საოპერაციო ხარჯების დაფარვა.
შენიშვნა: ეს მხოლოდ ის თანხაა, რომლის დამადასტურებელი ხელშეკრულებების მოპოვებაც ჩვენ შევძელით, თუმცა, ეს ორგანიზაცია “პრავფონდთან” 10 წელზე მეტია თანამშრომლობს და მას პერიოდულობით აცნობს თავისი საქმიანობის შედეგებს. უგზავნის ანგარიშებს, კვლევებს და მოსაზრებებს. მათგან იღებს რჩევებსაც. სავარაუდოა, რომ მათ ამ ორი საგრანტო პროექტის გარდა კიდევ ჰქონდათ სხვა აქტივობები. (სტატიის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა და 72 000 ევროს ნაცვლად წერია 71 000 დოლარზე მეტი).
2014 წელს არხიპოვების ასოციაციამ მართლაც მოამზადა ანგარიშები უკრაინა-რუსეთის ომში ადამიანის უფლებათა შესახებ. ისინი კრემლის ინტერესებთან თანხვედრაში იყო. კერძოდ, უკრაინის მთავრობა ნეონაცისტებად იყო მოხსენიებული, ხოლო რუსული აგრესია გამართლებული, თითქოს რუსეთი იცავდა ეთნიკურ რუსებს ყირიმში შეჭრის დროს.

ეს ანგარიში წარდგენილი და ნახსენები იყო გაეროშიც. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო “პრავფონდის” მიზანიც. იულიას და მარიას უშუალო კურატორი "პრავფონდში" იგორ პანევკინია. ერთ-ერთ წერილში ის მადლობას უხდის მარიას და მის პარტნიორს გამორჩეული მუშაობისთვის. „შესანიშნავია, აღფრთოვანებული ვარ, ყოჩაღები ხართ!“ - პასუხი მას შემდეგ, რაც მარიას მიერ მომზადებულ ანგარიშს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი გამოეხმაურა და ყირიმში ჩადენილი დანაშაულების შესასწავლად სპეციალური ჯგუფი გამოგზავნა.
არხიპოვების გზავნილები საქართველოდან
2023 წლის თებერვალში არხიპოვები "პრავფონდს" წერენ, რომ მოხარული იქნებიან, თუ მათ გამოცდილებას და ცოდნას საქართველოშიც გამოიყენებენ. "2004 წლიდან მოყოლებული გამოცდილების გათვალისწინებით, მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი ცოდნა და უნარები გამოდგება ადგილზე მუშაობისთვის - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უკვე კარგად ვიცნობთ აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და სხვა მონაწილე მხარეებს…ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ საქართველოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის შექმნაზე ვიმუშაოთ."
ამ წერილის მიწერის შემდეგ მარია და იულია არხიპოვები რუსებს პერიოდულად უგზავნიან ანგარიშებს და უზიარებენ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათი წერილებს კი ფონდი აგზავნიდა ხან რუსეთის განათლების სამინისტროში, ხანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

არხიპოვას ვერსიით, აქ მცხოვრები ეთნიკური რუსები რთულ სიტუაციაში არიან, რადგან არ იციან ქართული ენა და სახელმწიფო უწყებებში თარჯიმნები სჭირდებათ; ხდებიან ბულინგის და ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი.
ანგარიშის მეორე ნაწილი რუსული ენის გამოყენებასა და პოპულარიზაციას ეხება. აქვე, არხიპოვა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, საქართველოში რუსული მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადდეს. რუსეთის სამთავრობო უწყებებისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღწერს, თუ როგორ უჭირთ რუსებს საქართველოში რუსულად კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა რუსული იცის.
“ცნობილია შემთხვევები, როცა საქართველოს პრეზიდენტის მისაღებში [სალომე ზურაბიშვილის] ადგილობრივ რუსებს აძლევენ შენიშვნას იმის გამო, რომ საუბრობენ რუსულად და მიუთითებენ, სახელმწიფო ორგანოებში ქართულად კომუნიკაციისკენ. ეს ქმნის გარკვეულ ვაკუუმს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის და უქმნით მცდარ განცდებს, თითქოს, საჭიროა, წავიდნენ და ა.შ… ,” - ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ლიცენზირებული თარჯიმნების სიმწირის გამო, სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში ეთნიკური რუსების უფლებები ირღვევა.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში, არხიპოვა გასცემს “რეკომენდაციებს,” რომლებიც საქართველოში რუსების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გატარდეს:
ვითარების შესაცვლელად რეკომენდებულია აქტიური პოლიტიკის წარმოება და ღონისძიებების გატარება, რომლის მიზანიც უნდა იყოს რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება;
რეკომენდებულია რუსების პოზიციების გაძლიერება, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სფეროში. ამისათვის აუცილებელია, როგორც ადგილობრივი, ასევე, ახლად ჩამოსული რუსების ჩართვა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობაში;
რეკომენდებულია საქართველოში მყოფი რუსებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის პირობების და საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება, რაც საჭიროა მათი პოლიტიკური ემანსიპაციისთვის;
რეკომენდებულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება, რათა დადგინდეს საქართველოში მცხოვრები რუსების რეალური რაოდენობა.

ამ ბოლო ხანებში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გარკვეულწილად ეხმიანება არხიპოვების რეკომენდაციებს. მაგალითად:
1. 2023 წლის ნოემბერში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა და მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდა. ასე მაგალითად, 10-დან 5 წლამდე შემცირდა საქართველოში უწყვეტად ცხოვრების ვალდებულების ხანგრძლივობა; ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1 წლის ნაცვლად 6 თვეში შეეძლება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები ხელმეორედ დაიწყოს, მას შემდეგ, რაც პირველ განაცხადზე უარს ეტყვიან.
2. საქართველოში სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა საჯარო მოხელეებისთვის. მაგრამ, 2024 წლის დეკემბერში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები უკვე საჯარო მოხელეებად აღარ ითვლებიან და ქართული ენის ცოდნაც აღარაა სავალდებულო.
არხიპოვების მიერ 2023 წლის მარტში რუსებისთვის გაგზავნილ ანგარიშში აღწერილი ამბები შინაარსით და აქცენტებით ჰგავს იმ ანგარიშს, რომელიც მათ 2014 წელს ყირიმში, რუსების უფლებების შეფასებისას დაწერეს. მაშინ არხიპოვა უკრაინის შესახებ წერდა, რომ “ნეონაცისტები” ავიწროვებდნენ რუსებს, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა დევნისა და ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და რომ რუსეთის ყირიმში შეჭრის მიზეზი ეთნიკურად რუსების დაცვა იყო.
ახლა საქართველოშიც იმავეს აკეთებს და შემდეგ ამაზე რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობს. ამბობს, რომ რუსების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციები მომდინარეობს ოპოზიციისა და “მაიდნის” დამგეგმავი ჯგუფისგან და თუ მათი უფლებები დაირღვევა, საქართველოს “დაბრუნებაც” აუცილებელი გახდება.
“ერთ-ერთი ძირძველი ერი საქართველოში - რუსებია. რუსეთის დიპლომატიამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. რუსულ ენას უნდა მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, უნდა გაიხსნას რუსული სკოლები, რუსებს უნდა ჰქონდეთ დიპლომატიური დაცვის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს საქართველოს დაბრუნება ზუსტად ისე, როგორც ახლა ვიბრუნებთ უკრაინას,“ - ამბობდა არხიპოვა 2024 წლის ოქტომბერში რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
მარია არხიპოვა “პრავფონდთან” და რუსეთის განათლების სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სოციალურ ქსელებში რუსულენოვან ჯგუფებს ქმნიან და მართავენ ან უკრაინელები, ან ანტირუსულად განწყობილი, პროუკრაინელი რუსები. აგზავნის ამ ადამიანების სიასაც. მაგალითად, ერთ-ერთია Facebook ჯგუფისა და Telegram არხის ადმინისტრატორი, რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ლევშიცი. მარიას მტკიცებით, ეს ადამიანი ჩართული იყო ანტირუსულ აქციებში 2023 წლის 7-9 მარტს, ის იყო ქუთაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ამასთანავე მის ჯგუფში ყველაფერი რუსულ ენასა და რუსულ კულტურაზე მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. მხოლოდ 2023 წელს არხიპოვებს “პრავფონდში” მინიმუმ 10 მსგავსი მოხსენება აქვთ გაგზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ დევნიან რუსებს საქართველოში.
პარალელურად, ისინი რუსებს არწმუნებენ, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებები ლოიალურია და მათ აქ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მსგავს ტექსტებს “პრავფონდშიც” აგზავნიან და მედიაშიც ავრცელებენ.
იულია და მარია ცდილობდნენ, რუსეთისთვის მათი სარგებლიანობა მუდმივად დაემტკიცებინათ. ხან "სამშვიდობო ფორმულას" სთავაზობდნენ რუსებს, ხანაც სანქცირებული ნივთების მიწოდებას. მათეული "სამშვიდობო ფორმულა" ასე ჟღერს: საქართველოსა და რუსეთისთვის საჭიროა ურთიერთსასარგებლო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გულისხმობს იმასაც, რომ საქართველო შეიძლება ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ არასოდეს ნატოსი; რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმოს სავიზო მიმოსვლა; შეიზღუდოს ქართველი ნაციონალისტების მოქმედებები; რუსეთმა საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები იმ პირობით, რომ დევნილების უსაფრთხოებაზე თავადვე იზრუნებს; სანაცვლოდ კი საქართველოში ქართულთან ერთად განთავსდება რუსული სამხედრო ბაზებიც, სადაც რუსი სამხედროები იქნებიან.
"ახლა ნამდვილად უნიკალური მომენტია, როცა შესაძლებელია მოლაპარაკება მოქმედ ადეკვატურ მთავრობასთან ("ქართულ ოცნებასთან"), რომელიც, რეალურად, ფლობს უმრავლესობას; ტერიტორიების დაბრუნება რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ არის რეალისტური პოლიტიკა, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა - როგორც უბრალო ადამიანებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის," - ამონარიდი 2023 წლის 20 თებერვლის წერილიდან.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არხიპოვა “პრავფონდს” სანქციების გვერდის ავლით ტექნოლოგიური ნაწილების გადაცემასაც სთავაზობდა. აი, რა წერია 2022 წლის 9 აპრილს მის მიერ ფონდისთვის გაგზავნილ წერილში: “მაქვს შესაძლებლობა, რომ დაგეხმაროთ ელექტრონიკისთვის საჭირო ნებისმიერი კომპონენტის მიწოდებაში. ასევე, ახალი სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკის, რომელსაც ადრე რუსეთი საზღვარგარეთიდან იძენდა. მიწოდება შემიძლია მესამე ქვეყნების გზით ან პირდაპირ ჩემი მეშვეობით. თუ ამ მიმართულებით დაგჭირდებათ დახმარება, მაცნობეთ.”
არხიპოვებს წერილობით გავუგზავნეთ კითხვები, მათ შორის იმაზეც, თუ რატომ გზავნიდნენ “პრავფონდში” მოხსენებებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ეთნიკურ რუსებს ავიწროვებენ, ასევე მხარს უჭერდნენ რუსული ენის სახელმწიფო სტატუსს და სთავაზობდნენ სამშვიდობო ინიციატივებს, მათ შორის, რუსული სამხედრო ძალების განლაგებას.
მათ პასუხს უცვლელად გთავაზობთ: “რაც შეეხება რუსული ჯარების განთავსებას, ეს ჩემი პოლიტიკური პოზიციაა. საჯაროდ, სოციალურ ქსელებში გამოვედი წინადადებით რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონვერგენციის [ინტეგრაცია, დაახლოვება] შესახებ. ისტორიულად, რუსეთი იყო საქართველოს დამცველი თურქეთისა და ისლამური სამყაროსგან. საქართველო შედის ევროკავშირში, რუსეთი ამას არ უშლის ხელს იმ პირობით, რომ საქართველოსი განთავსდება რუსეთის სამხედრო ბაზები. ამავდროულად, რუსეთი ხელს არ უშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციას. სამაგიეროდ, საქართველო არ შედის ნატოში. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, ასევე სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით. რუსეთი არ ერევა შიდა საქმეებში, გარდა მასობრივი არეულობებისა, რომლებიც რუსების გენოციდითაა განპირობებული. რუსული ენა - ეს არის ენა, რომელზეც საუბრობს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. რუსებისთვის ეს მშობლიური ენაა, ეს ნორმალურია, რომ რუსულს მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი საქართველოში - მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის ქვეყნებშიც. ენის უფლება ადამიანის უფლებაა.”
როგორ დაფუძნდნენ და მოეწყვნენ არხიპოვები საქართველოში?
ლანჩხუთთან ადაპტაციაში მარია და იულია არხიპოვებს გელა ზოიძე დაეხმარა და ადგილობრივ მეწარმეებსაც მან გააცნო. ზოიძე რუსი ქალების ბიზნესპარტნიორიც გახდა - ორ კომპანიაში არხიპოვებთან ერთად წილებს ფლობს. თუმცა, მათი ერთობლივი ბიზნესიც ისე ამუშავდა, როგორც კოსმოდრომის მშენებლობა მიმდინარეობს ახლა.
* * *
გელა ზოიძე ლანჩხუთში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის მენეჯერია. წარსულში ხელმძღვანელობდა მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს სახელად “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი.” ეს ორგანიზაცია 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო აქტიური.
არხიპოვებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა 2022 წლის თებერვალში დაიწყეს.
3 თებერვალს დააფუძნეს შპს “სევრიუკი აგრო,” რომლის მიზანიც წესდებაში დაკონკრეტებული არაა. ამავე კომპანიაში 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე წილებს ფლობდა გელა ზოიძეც.
4 თებერვალს დააფუძნეს შპს “საქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიები.” აქ მესაკუთრეებიც და ხელმძღვანელებიც მხოლოდ არხიპოვები არიან.
3 მაისს დაარეგისტრირეს შპს “ჩაი ჩიბათი,” სადაც ახლა მფლობელები არიან გელა ზოიძე, მარია და იულია არხიპოვები და მალხაზ ქათამაძე. ამ კომპანიის საქმიანობა ჩაის წარმოებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ზოიძე ამბობს, რომ ეს კომპანია ვერ აამოქმედეს, რადგან არხიპოვებს “არანაირი სახსრები არ ჰქონდათ.”
30 ივნისს მარია და იულია არხიპოვები გელა ზოიძესთან ერთად ხდებიან შპს “ლიმონის” მეწილეები. დირექტორად კი იულია არხიპოვა ინიშნება. ამ კომპანიის ამბავი შედარებით ჩახლართული და კონფლიქტურია. აი, რას ვგულისხმობთ:
შპს “ლიმონი” 1999 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც შუხუთში ნახევარ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ფლობს. ამ მიწაზე ადრე საკონსერვო ქარხანა იდგა, სადაც ხილისა და ბოსტნეულის კონფიტიურს ამზადებდნენ და ექსპორტით უკრაინაში უშვებდნენ. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავდა. გელა ზოიძემ არხიპოვები მათ 2022 წელს გააცნო. “ლიმონის” მეწილეების თქმით, რუსები დაჰპირდნენ, რომ ამ ძველ საწარმოს აამუშავებდნენ და 2 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციასაც ჩადებდნენ.
ამას გელა ზოიძე “აი, ფაქტთან” სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს და ამბობს, რომ შეთანხმების თანახმად, საწარმოს თავდაპირველი სახე უნდა შეენარჩუნებინა. ზოიძე იმასაც აღნიშნავს, ძველი საწარმოს აღდგენას “სოლიდური ინვესტიცია” სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ იყო არხიპოვების ჩართვა საჭიროო. თუმცა, არც მას და არც “ლიმონის” დანარჩენ მეწილეებს რუსი “ინვესტორების” ფინანსური შესაძლებლობები არ გადაუმოწმებიათ.

“ჟურნალისტი: - ბატონო გელა, როდესაც უცხოეთის მოქალაქეებს რაიმე ტიპის ინვესტიციაში ეხმარებით, ფულის წარმომავლობით არ ინტერესდებით? იქნებ არალეგალური ფულია, ნარკოტიკიდან, ირაღით ვაჭრობიდან, ან ტრეფიკინგიდან, იქნებ ფულის გათეთრება ხდება…
გელა ზოიძე: ასეთი ადამიანები საქართველოში შემოდიან, მიდიან-მოდიან, მუშაობენ, თანამშრომლობენ რაღაც ოფიციალურ სტრუქტურებთან და ახლა მე საიდან შევამოწმებდი. მე, სხვათა შორის, მქონდა ამგვარი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელს ვუთხარი ამის შესახებაც, თუ რამე ასეთი პრობლემებია, მიაქციეთ ყურადღება და შეამოწმეთ და ნახეთ-თქო. ჩვენ ახლა მეწარმეებმა რა ვიცით, ვინ რას გეგმავს და რას ფიქრობს,” - გვითხრა ზოიძემ.
ზოიძეს ისიც ვკითხეთ, სად და როგორ გაიცნო არხიპოვები.
“ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის სანოტარო კანტორიდან. წესდების შემუშავებაში და საწარმოს დარეგისტრირებაში სჭირდებოდათ დახმარება, რომ რაღაც საქმინობა ეწარმოებინათ რეგიონში. ასე ვეხმარებოდით ჩვენ საწარმოებს, კოოპერატივებს, მცირე მეწარმეებს, რომ მოემზადებინათ დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ... მერე შევთავაზეთ, რომ თვითონ “ლიმონის” ხელმძღვანელს, თამაზ იმნაიშვილს ეჩვენებინა თავისი საწარმო. მივედით, ვნახეთ, წარმოება დიდი ხნის გაჩერებული იყო და [არხიპოვებმა] გამოთქვეს სურვილი, რომ საწარმოში შევიდოდნენ და გარკვეულ ინვესტიციას განახორციელებდნენ, ასე მოხდა ამ შპს-ში ამ ადამიანების გაწევრიანება."
როგორ მ
--------------------
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24