ქართული ოცნების მომხრეებში მაღალია კრიზისის შეგრძნება - კვლევა
მარი ახსიაშვილი
2025 წლის იანვარ-თებერვალში ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა (BISC Partners) ქართული ოცნების მხარდამჭერთა გადაწყვეტილების მიღების მამოძრავებელი ფაქტორების კვლევა ჩაატარა. დოკუმენტი ქართული ოცნების მხარდამჭერების გადაწყვეტილების მიღებისა და ქცევის ანალიზს მოიცავს. კერძოდ, რა განსაზღვრავს მათ ერთგულებას მმართველი პარტიისადმი, რა ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმები ტოვებს მათ არსებულ სტატუს კვოში და არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა მათ საკუთარი პოზიციის გადახედვისკენ უბიძგოს.
კვლევის ავტორებმა გამოიყენეს ქცევითი მეცნიერების მიდგომა იმ ძირითადი ფაქტორების გასაანალიზებლად, რომლებიც განსაზღვრავენ ქართული ოცნების მხარდამჭერთა გადაწყვეტილების მიღების პროცესს... საერთო ჯამში ჩატარდა 20 სიღრმისეული ინტერვიუ 26-დან 52 წლამდე 10 კაცსა და 10 ქალთან, თბილისსა და სხვა ურბანულ ქალაქებში.
* ბიზნესის მფლობელები – პირები, რომლებიც აფასებენ ეკონომიკურ სტაბილურობას და ამის გამო, შესაძლოა, ეგუებოდნენ სტატუს კვოს
* საჯარო სექტორის თანამშრომლები – ისინი, ვინც განიცდიან ინსტიტუციურ ლოიალურობას ან სამსახურის დაკარგვის შიშს, რაც ცვლილების მიმართ ინერტულობას იწვევს.
* სოციალურად მოწყვლადი მხარდამჭერები – დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ვისთვისაც სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარება პოლიტიკურ ლოიალურობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
* მაღალი სოციალური ფენის მხარდამჭერები – ურბანული მხარდამჭერები, რომლებიც თავის პოზიციას პრაგმატიზმით ან ალტერნატივებისადმი სკეპტიციზმით ამართლებენ...
ერთ-ერთი მთავარი მიგნება უკავშირდება ღირებულებით და იდეოლოგიურ ბმას. კვლევამ გვიჩვენა, რომ ჩვენდა გასაოცრად, ეს ბმა მმართველ პარტიასთან არ არსებობს. შესაბამისად, მხარდაჭერთა არსებულ ქცევას დავარქვით
“ტრანზაქციული ლოიალურობა”. კერძოდ, ქართული ოცნების მხარდაჭერა დაფუძნებულია მეტწილად
პირად სარგებელზე და არა ემოციურ ან რაიმე სხვა ტიპის მიჯაჭვულობაზე. იდეოლოგიური ბმა არ იკვეთება, ხოლო ერთგულება/ლოიალურობა მუშაობს მხოლოდ ე.წ. გამოყენებით, ცხოვრებისეულ დონეზე და შესაბამისად ის მყიფეა.
ასევე საგულისხმო მიგნებაა შინაგანი,
კოგნიტური დისონანსი, რომელსაც განიცდიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები. უკლებლივ ყველა რესპონდენტი განიცდიდა შინაგან დისონანსს, თუმცა სხვადასხვა ინტენსივობით. ეს გამოწვეულია ქართული ოცნების რეაგირებით მიმდინარე საპროტესტო მოვლენების მიმართ: ძალადობა, რეპრესიული ქმედებები, დაპატიმრებები მიუღებელია რესპონდენტების უმეტესობისთვის, ხოლო ამ შინაგანი დისკომფორტის დასაძლევად ისინი პროპაგანდისტულ ნარატივებს იშველიებენ ე.წ.
“ემოციური ან მორალური ალიბების” სახით.
სოციალური მიუღებლობა არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც მხადამჭერებში არსებულ კოგნიტურ დისონანსს კიდევ უფრო აძლიერებს. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ქართული ოცნების ქმედებები არ იმსახურებს მოწონებას და იწვევს დიდ შინაგან დისკომფორტს - პოლიტიკური აფილაცია დასაძრახია. მმართველი პარტიის მხარდაჭერა რესპონდენტებში უკვე ემოციურ ტკივილთან ასოცირდება და ამას სოციალური ფასი აქვს (გარიყულობის შეგრძნება).
ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტებში საკმაოდ მაღალია
კრიზისის შეგრძნება. ეს ძირითადად განპირობებულია ქუჩის პროტესტებითა და სოციალური წნეხით, რომელიც საზოგადოებიდან მოდის. არსებული კრიზისის უგულებელყოფა არის ამ შეგრძნებასთან გამკლავების მექანიზმი, რომელსაც მხარდამჭერები მიმართავენ - გადაბარება მმართველ პარტიაზე და პასუხისმგებლობის საკუთარი თავიდან არიდება.
პროპაგანდა, როგორც შეგუების მექანიზმი - გამოიკვეთა, რომ პროპაგანდისტული გზავნილები მყარად არის გამჯდარი და ამას აქვს ახსნა.
პროპაგანდა უაღრესად გამართულად სტრუქტურირებულია და ეხმიანება მოსახლეობის ამ ნაწილს, რადგან კარგად შეიძლება ამ ნარატივების გამოყენება შინაგანი დისკომფორტის დასაძლევად. კიდევ რამდენიმე მიგნებას გაგიზიარებთ, რომლებიც საგულისხმო და ვფიქრობ, ყურადსაღებია პოლიტიკურ პროცესში ჩართული მოთამაშეებისთვის:
რესპონდენტების წარმოდგენაში, პოლიტიკური ოპოზიცია გაიგივებულია მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კავშირში “კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“, სხვა პოლიტიკური პარტიები არც კი ტივტივდება მათ მყისიერ მეხსიერებაში.
ეს რესპონდენტების ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური კომფორტია. უმყარებს მათ რწმენას, რომ პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ქვეყნის სადავეებში მობრუნებას ნიშნავს და არ არსებობს რეალური პოლიტიკური სხვა ალტერნატივა. ეს ამართლებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას და ამცირებს კოგნიტურ დისონანსს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, უკმაყოფილოები არიან მმართველი პარტიით, თუმცა ალტერნატივის არარსებობა იგივე არჩევანში ტოვებს. ეს ამყარებს კომფორტს “ძველთან დარჩენის“ და უკვე ნაცნობი სისტემის შენარჩუნების იდეას, თუნდაც ეს სისტემა იდეალური არ იყოს. ერთ-ერთ უპირობო ფაქტორად აღიარებულია “ბიზნესის გათავისუფლება წნეხისგან“.
აქვე გამოიკვეთა, რომ
კოალიცია რესპონდენტებში ნიშნავს ქაოსს. მათი დიდი ნაწილი კოალიციური მთავრობის იდეას პერსპექტიულ ალტერნატივად კი არა, სახიფათო ექსპერიმენტად აღიქვამს. მთავარი შიშია, რომ კოალიციური მმართველობა საქართველოში ქაოსს, არეულობას და პოლიტიკურ პარალიზებას გამოიწვევს. გავრცელებულია აზრი, რომ კოალიციაში არავის ექნება რეალური ძალაუფლება, რაც შიდა კონფლიქტებსა და დაუსრულებელ კრიზისებს გამოიწვევს, ხოლო ქვეყნის განვითარება სრულიად შეჩერდება. კიდევ ერთი დიდი შიში ისაა, რომ კოალიციური მმართველობა არანაირ რეალურ ცვლილებას არ მოიტანს. ბევრის აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ახალი პარტია შევა ხელისუფლებაში, პოლიტიკური სისტემა იგივე დარჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შესაძლო დაბრუნებაა. რესპონდენტთა ნაწილი შიშობს, რომ კოალიცია ენმ-ისთვის ძალაუფლების დაბრუნების გზაა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი წევრები ახლა სხვა პარტიებში არიან.
„ჩემი აზრით, კოალიციური მთავრობა აქ ვერაფერს შეცვლის. გამოსავალი, ისევ და ისევ, ჩემი სუბიექტური აზრით, არის ახალი, ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციის გაჩენა - და არა 2000-იანი და 90-იანი წლების ეს ნარჩენები, რასაც დღეს ვხედავთ.“ - ამბობს კვლევაში მონაწილე ერთერთი რესპონდენტი.
კვლევის მონაწილეებში რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ფარული სიმპატიაც არ იკვეთება, თუმცა მაღალია ე.წ. “ნეტრალიტეტის მოთხოვნილება,” რაც აღქმულია როგორც მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმი. “გასაგებია, რომ რუსეთი არ არის ჩვენთვის საყვარელი, ჩვენთვის გადამკვდარი ქვეყანა, თუმცა მაინც იმას ვთვლი, რომ შენი მეზობელი არ უნდა გაანაწყენო იმ დონეზე, რომ ვიცით რამხელა სახელმწიფოა და ერთი ლუკმით შეუძლია ჩვენი ჩაყლაპვა” - შიშზე დაფუძნებული ეს მსჯელობა საქართველოს პატარა, დაუცველ სახელმწიფოდ წარმოაჩენს, რომელიც დიდ ძალებს შორისაა მოქცეული. ნეიტრალიტეტი, ან თუნდაც რუსეთთან გარკვეული დათბობის სტრატეგია ერთადერთ რაციონალურ გზად აღიქმება.
მმართველი პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესაძლოა, მიანიშნებდეს მოსკოვისკენ სვლას, მაგრამ რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ქართული საზოგადოება თავად არ დაუშვებს მსგავს განვითარებას. ეს რწმენა, რომ საქართველო ბუნებრივად წინააღმდეგია ავტორიტარიზმის, ამცირებს რუსული გავლენის შიშს და ამყარებს რწმენას, რომ საზოგადოება შეძლებს ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის დაცვას.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური “ნუგეში” რესპონდენტებისთვის არის რწმენა, რომ ახალგაზრდა მომიტინგეები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და ისინი გარე ძალების - დასავლეთის ან ოპოზიციის მიერ არიან მართული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რაციონალიზაცია ეხმარება მათ, გაამართლონ პროპაგანდისტული ნარატივები, დააკნინონ პროტესტი და თავი აარიდონ მისი რეალური მოთხოვნების სიღრმისეულ გააზრებას,
ეს მაინც გაუცნობიერებელი აღიარებაა იმისა, რომ რომ ქართული ოცნება ახალი თაობის იმედებს ვერ ამართლებს. რა დაადგინა კვლევამ - რას ეყრდნობა ქართული ოცნების სტრატეგია ამომრჩეველთან კომუნიკაციისას?
ავტოკრატიული რეჟიმები ხშირად იყენებენ ადამიანის კოგნიტურ მიკერძოებებს პროპაგანდის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, რაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებასა და ძალაუფლების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. მსგავსი რეჟიმები მიმართავენ ისეთ ევრისტიკებს (heuristics), როგორიცაა ხელმისაწვდომობის მიკერძოება (availability heuristics), დადასტურების მიკერძოება (confirmation bias) და ავტორიტეტის მიკერძოება (authority bias), რათა შექმნან ნარატივები, რომლებიც სიღრმისეულად ეხება ინდივიდების წინასწარ ჩამოყალიბებულ რწმენებსა და შიშებს. ეს მანიპულაცია ხშირად ეყრდნობა განმეორებას, ემოციურ მიმართვებს და ინფორმაციის სტრატეგიულ გამოტოვებას ან დამახინჯებას, რათა შეიქმნას სტაბილურობის, ძალაუფლების ან მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე საფრთხეების აღქმა.
ქართული ოცნების მაგალითზე, მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ კარგად ესმის ამ ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობა. მათი კომუნიკაციის სტრატეგია ხშირად ეყრდნობა ისეთ თემებს, როგორიცაა ეროვნული იდენტობა (ევროკავშირი ჩვენ თვითმყოფადობის საფრთხეს შეუქმნის), ეკონომიკური უსაფრთხოება (ცვლილება მოიტანს ქაოსს) და გარე საფრთხეები (ომში ჩათრევის პოტენციური საფრთხე), რაც ზუსტად ერგება მათ მხარდამჭერთა სოციო-კულტურულ ღირებულებებსა და შიშებს. ამ გზით ისინი აძლიერებენ მათ ერთგულებას და თრგუნავენ პროტესტს, მიუხედავად ეკონომიკური ან მმართველობითი გამოწვევებისა...მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ საკუთარი არჩევანის შეცვლაზე, კორუფციის, ნეპოტიზმისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაკარგვის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. თუმცა, ეკონომიკური არასტაბილურობის, რუსეთის გავლენისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ უნდობლობის შიში, მათ ხელს უშლის, აქტიურად ეძებონ ალტერნატივა და ტოვებს უკმაყოფილების ციკლში, ყოველგვარი ქმედების გარეშე.დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ისეთი ხელმძღვანელობის იმედი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ოლიგარქიულ კონტროლზე მაღლა აყენებს, შეიძლება იყოს მოტივატორი. თუმცა, ეს სარგებელი აბსტრაქტული და არასაკმარისად ხელშესახებია, რაც ართულებს მხარდამჭერებში ცვლილებისკენ აქტიურ სწრაფვას. შეჩვეული სტაბილურობა, რომელიც ამყარებს პოლიტიკურ ლოიალურობას და ხელს უშლის ცვლილებას - ბევრი მხარდამჭერი პროგნოზირებად სისტემაში კომფორტს პოულობს, მიუხედავად იმისა, რომ მის ნაკლოვანებებს აღიარებს... შიშები, რომლებიც პოლიტიკურ გარდამავალ პროცესს სარისკოდ და საფრთხის შემცველად აღაქმევინებს - ქაოსის, არასტაბილურობისა და გარე ძალების ჩარევის შიში ღრმად ფესვგადგმულია მხარდამჭერთა ფსიქოლოგიაში. გარე ძალებში რესპოდენტები გულისხმობენ ევროკავშირს (ნაკლებად აშშ) და მათ აქვთ განცდა, რომ დასავლეთთან ყოველი ნაბიჯით დაახლოება, ზრდის რუსეთთან კონფლიქტის რისკს. მიუხედავად იმისა, მათ ცალსახად სურთ საქართველო იხილონ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, გაწევრებამდე სავალ გზაზე, რუსეთის განრისხების დასაზღვევ ხელშესახებ მექანიზმებს ვერ ხედავენ. შესაბამისად, მათთვის დასავლეთთან დაახლოება გაცილებით მეტის რისკის მატარებელია, ვიდრე დაუცველად რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოქცევა. ამის გამო, უწევთ შინაგან კომპრომისზე წასვლა - აცნობირებენ რა საქართველოს დაშორებას ისტორიული ეროვნული მიზნისგან (ეს ძალიან ადარდებთ), ფიქრობენ, რომ ახლა შესაძლოა ასე სჯობდეს - “ბეწვის ხიდზე დავდივართ.”
ანტი-ოპოზიციური პროპაგანდა ამ შფოთვას კიდევ უფრო ამძაფრებს, რის შედეგადაც მხარდამჭერებს უყალიბდებათ განცდა, რომ მმართველი პარტიის ალტერნატივა ან წარსულ ქაოსს დაუბრუნებს ქვეყანას, ან გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდებს.ამ ციკლის გასატეხად საჭიროა:
* მხარდამჭერთა შიშების გადალახვა და მათი უსაფრთხოების განცდის გაძლიერება,
* ცვლილების ხელშესახები სარგებლის წარმოჩენა,
* პოლიტიკური ინერციის კომფორტის დაშლა, რათა ცვლილება აღიქმებოდეს არა როგორც რისკი, არამედ როგორც აუცილებელი და უსაფრთხო ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.
* კვლევით დგინდება, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების მმართველ პარტიასთან ღირებულებითი ბმა ძალიან სუსტია - რამ შეიძლება ქართული ოცნების მყიფე მხარდაჭერა ჩამოშალოს...სისტემური ცვლილების ჩვენება მნიშვნელოვანია - წამყვან მესიჯად მკაცრად იერარქიული სისტემის დეიერარქიზაცია უნდა გახდეს, როდესაც პარტიული პოლიტიკა ერთ ლიდერზე არ არის დამოკიდებული, არამედ წარიმართება შიდა დემოკრატიით, გამჭვირვალედ, არ არის დაფარული ინტერესები, ახალი სახეები არ არის მხოლოდ დეკორაცია და ა.შ.
ნაციონალური მოძრაობისგან დიფერენცირება მეორე მნიშვნელოვანი საკითხია და თუკი პარტიები ამ გზით წავლენ, მათ ცნობადობაზეც აისახება დადებითად. პარტიებს შორის შეჯიბრებითობაც კარგი საშუალება იქნება ამ მიზნის მისაღწევად.
გაერთიანების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ა) მიხეილ სააკაშვილის მმართველობაში მობრუნების საკითხი და ბ) ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის დარჩენა/დაბრუნების საკითხი.
სრულად - იხ.
https://tabula.ge/ge/news/732702-kartuli-ot...ghalia-krizisis