https://www.ambebi.ge/article/326617-did-br...dobis-shemtxve/საცალო ვაჭრობის მომსახურების კომპანიის, Kingdom Services Group-ის ცნობით, ცხოვრების გაძვირების გამო ბოლო წლის განმავლობაში პენსიონერების მიერ მაღაზიებში ქურდობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ჯონ ნუსბაუმი, კომპანიის დირექტორის თქმით, გაზრდილია "ახალი ტიპის ქურდების" რაოდენობა, რადგან ცხოვრების სიძვირე "ადამიანებს ისეთი ქმედებებისკენ უბიძგებს, რაც მათ არასდროს ჩაუდენიათ".
მთელი გაერთიანებული სამეფოდან, ქურდობის შესახებ Kingdom-ის თანამშრომლები ყოველკვირეულად 20-30 შეტყობინებას იღებენ. ჩივილების დიდი ნაწილი იმ ადამიანებს უკავშირდებათ, "რომელთაც, უბრალოდ, არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება". ნუსბაუმის შეფასებით, ყოველკვირეულად დაკავებული ქურდების დაახლოებით 5% 50 წელზე მეტი ასაკისაა.
ინგლისსა და უელსში პოლიციის მიერ დაფიქსირებული ქურდობების რაოდენობა რეკორდულ დონემდე ავიდა და, 2024 წელს, სულ 516 971 შემთხვევით, პირველად გადააჭარბა ნახევარ მილიონს - ეს 2023 წელს დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით 20%-ით მეტია. როგორც ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმი აცხადებს, მაღაზიებში საკვების ქურდობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც წელიწადში 2.2 მილიარდ ფუნტზე მეტი ჯდება.
გამყიდველების მტკიცებით, 2014 წელს, ინგლისსა და უელსში კანონის ცვლილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 200 ფუნტზე ნაკლები ღირებულების საქონლის ქურდობისთვის ადამიანებს პატიმრობისთვის თავის არიდება შეუძლიათ, საცალო მაღაზიები იოლ სამიზნედ იქცნენ.
"ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩვენთან დანაშაულმა სხვა ხარისხს მიაღწია. ახალ ფენომენს ვაწყდებით - იპარავენ პენსიონერები, ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ, მაღაზიებში არ ქურდობდნენ... ამასთანავე, ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მაღაზიაში შვილებთან ერთად მყოფი დედები იპარავდნენ საქონელს, - აღნიშნა ნუსბაუმმა