ხელისუფლების სათავეში ”ნაცმოძრაობის” მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული და მსხვერპლით დასრულებული სპეცოპერაციების ჩამონათვალი, რომელიც მედია საშუალებებმა მეტ-ნაკლებად გააშუქეს, ასე გამოიყურება:
2004 წლის 4 მარტს იმერეთში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიციის მიერ გაავრცელებული ინფორმაციით, ეს ოპერაცია განხორციელდა თერჯოლაში მდებარე ბენზინგასამართ სადგურიდან 2 ავტომობილის გამტაცებლების დევნის გამო, რომლებიც პოლიციამ ქუთაისში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის - გაგა ჭეიშვილის სახლში იპოვა. ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალნენ: პოლიციელები - თერჯოლელი როინ რობაქიძე და ქუთაისელი გია ხატიაშვილი; თავად ეჭვმიტანილი გაგა ჭეიშვილი და შემთხვევითი გამვლელი, გვარად შალიკიანი.
ამ სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავებს ეჭვმიტანილის სახლი შეეშალათ და უდანაშაულო ადამიანის ბინაში შეიჭრნენ, სადაც ფეხმძიმე ქალს ეძინა. ნიღბიანების დანახვაზე ფეხმძიმე ქალბატონს სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა.
2004 წლის 11 მარტს, ბასილ მკლავიშვილის დაპატიმრების საბაბით, გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ საზოგადოებაში ეკლესიაზე იერიშის მიტანამ - სატვირთო მანქანით ეკლესიის კარის შენგრევამ, მსხვერპლზე არანაკლები რეაქცია - შოკი გამოიწვია.
2004 წლის 24 მარტს დილის ექვს საათზე სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი ოჯახიდან სამი ადამიანი - მამა-შვილი ევგენი, გოჩა და ომეხ აფრასიძეები მოკლეს. მაშინ ”სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილი 40-მდე პირი დააკავეს”. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ოპერაციაში 200 სპეცრაზმელი მონაწილეობდა, რომლებიც კოპიტნარის აეროპორტიდან 10 ვერტმფრენით გადაიყვანეს. შსს-ს და უშუალოდ ამ სპეცოპერაციას მაშინ გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა.
- ”აფრასიძეების კლანი ეჭვმიტანილია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის - ლევან კალაძის ძმის მოტაცებაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს იმჟამინდელმა მინისტრმა გია ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ კალაძის ძმის გატაცების გამო ახლა სასჯელს სულ სხვა ადამიანები იხდიან. გია ბარამიძე კი სახელმწიფო მინისტრი გახლავთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ზუსტად 1 წლის თავზე - 2004 წლის 23-24 ნოემბერს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან ხელებაწეული 19 წლის ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გიორგი ბაშალეიშვილის ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. მანამ, სანამ საზოგადოება ამ მკვლელობის ირგვლივ სიმართლეს გაიგებდა და ეს საქმე გახმაურებულ მკვლელობათა რიცხვს მიემატებოდა, ტელევიზიით გასულ სიუჟეტებში, რომელსაც ვიდეოკადრები შსს-ს პრესსამსახურმა მიაწოდა, მოკლულის სიახლოვეს და იმ მანქანაში, რომელშიც ამირან რობაქიძე იჯდა, ავტომატები ჩაალაგეს, იმის დასამტკიცებლად, რომ ამირანი და მისი მეგობრები შეიარაღებულები იყვნენ.
2005 წლის მონაცემებით, სპეცოპერაციების დროს დაიღუპა 19 სამართალდამცავი და 24 ეჭვმიტანილი. 19 სამართალდამცავიდან ცხრამეტივე რომ შსს-ს თანამშრომელი იყო, ეს უდაოა, მაგრამ ამ 24 ეჭვმიტანილიდან მაგალითად აფრასიძეების მაგვარი ეჭვმიტანილი რამდენია, ეს საზოგადოებისთვის დღემდე გაურკვეველია, ისევე, როგორც ის, თუ რატომ არ ცდილობენ სამართალდამცავები მათივე განმარტებით ეჭვმიტანილების ცოცხლად აყვანას და შემდეგ გასამართლებას. სამართალდაცავების მოქმედებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მსხვერპლით დასრულებული სპეცოპერაციები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა.
2005 წლის 3 ივნისს დილის რვა საათზე, პანკისის რაიონის სოფელ დუისში, ეჭვმიტანილ ავთანდილ გუმაშვილის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია შუა სოფელში, ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა. სამართალდამცავებმა სახლს ცეცხლი წაუკიდეს, რათა იქიდან ავთანდილ გუმაშვილი გამოსულიყო. სახლიდან ხელებაწეული ვახტანგ გუმაშვილი (ავთანდილის ბიძაშვილი) გამოვიდა, რომელიც ნიღბიანებმა ჩაცხრილეს. ადგილობრივების მტკიცებით, პირველად ცეცხლი სამართალდამცავებმა გახსნეს, რასაც მოჰყვა ავთანდილ და ვახტანგ გუმაშვილების ლიკვიდაცია და ავთანდილ გუმაშვილის სახლის გადაწვა. იმათ, ვინც სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება გააპტროტესტეს, სამართალდამცავებმა ცეცხლი გაუხსნეს.
2005 წლის 21 ივლისს ვაშლიჯვარში ჩატარებულ სპეცოპერაციას - პრეზიდენტ ბუშზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ვოვა არუთინიანის დაკავებას, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ დაუგეგმავი და მოუმზადებელი იყო, ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.
2005 წლის ივლისში კოდორის ხეობაში, ”ამბოხებულ” ემზარ კვიციანის დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ სპეცოპერაციის უმძიმესი შედეგი 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ - კოდორის ხეობა დღეს საქართველოს იურისდიქციაში აღარ არის.
2005 წლის 10 აგვისტოს - მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშენკოს სვანეთში ჩასვლის წინ, დაბა მესტიიდან სოფელ ლენჯერში მიმავალი რევაზ ცალანი 4-მა სპეცრაზმელმა დაუმორჩილებლობის მიზეზით სასტიკად სცემა, რის შედეგადაც სიმსივნე განუვითარდა და 2006 წლის მაისის ბოლოს გარდაიცვალა.
შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2006 წლის 10 მაისს, გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ”2005 წელს პოლიციამ დააკავა 11’000 ადამიანი და აქედან, 15 შემთხვევაში მოუწია სასიკვდილო ძალის გამოყენება, რის შედეგადაც დანაშაულში ეჭვმიტანილი 21 ადამიანი დაიღუპა”.
2006 წლის 13 იანვარს, ”მეტროსადგურ სამგორის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 3 კრიმინალის ლიკვიდაცია მოხდა”, - ასეთი ინფორმაცია გაავრცელა იმავე დღეს საინფორმაციო საშუალებებმა და მათ შორის სააგენტო ”იფრინდამ”.
იქვე მითითებულია - ”სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოროტმოქმედები შეიარაღებულები იყვნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარი მონაცემებით, ისინი სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაზე თავდასხმისხთვის ემზადებოდნენ”. ამაზე ვრცელი ინფორმაცია ამ სპეცოპერაციის შესახებ, საზოგადოებას არ მიუღია. 3 წლის შემდეგ ამ სპეცოპერაციას ასე იხსენებენ - ”აა, იმაზე მეკითხები, კედელთან ჩაცუცქული სამი ბიჭი რომ დახვრიტეს?” ამ სამი ადამიანის ვინაობა ვერც საინფორმაციო საშუალებებში მოვიძიეთ და ვერც შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სასჯელაღსრულების არც ის დაწესებულებაა მითითებული, რომელზეც ”თავდასხმას” აპირებდნენ.
2006 წლის 28 იანვარს, გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, თავიდან შსს-ს ოფიციალური ვერსიით, ერთ-ერთ სვანურ დაჯგუფებას დაბრალდა, მაგრამ სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ტელეიმედის ეთერში, გადაცემა ”დროებაში” (12 თებერვალს) სიუჟეტი გავიდა. სანდრო გირგვლიანი ოფიციალური სპეცოპერაციის მსხვერპლი არ გამხდარა, მაგრამ საზოგადოებაში ამ ამბის გახმაურებამ უმწვავესი რეაქცია გამოიწვია, რადგან ამ ამბავში შსს-ს მინისტრის მეუღლე და მაღალჩინოსნები იყვნენ გახვეული.
სანდროს დედა, ირინა ენუქიძე სიცოცხლის ბოლომდე მოითხოვდა (მასთან ერთად არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები) მისი შვილის მკვლელობის დამკვეთების: შსს-ს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას, შსს-ს კონსტიტუციაური დაცვის დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას, შსს-ს გენინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის და შსს-ს თანამშრომლის ოლეგ მელნიკოვის დასჯას.
გირგვლიანის მკვლელობის გამო იმავე წლის 6 მარტს, შსს-ს თანამშრომლები: გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავეს. ალანიას 8, ხოლო დანარჩენებს 7-7 წელი მიუსაჯეს. უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელი 6 თვით შეუმცირა, ხოლო 2008 წლის ნოემბერში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სააკაშვილმა შეიწყალა - სასჯელი გაუნახევრა.
2006 წლის 27 მარტს, მე-5 საპყრობილეში ღამის 2 საათზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ 7 პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია ციხეში ბუნტის ჩასახშობად ჩატარდა. ამ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სისასტიკითა და პატიმართა ცემა-წამებით სახელგანთქმული ბაჩო ახალაია ხელმღვანელობდა. ის ახლა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა.
2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მანქანაში ჩახრილეს - შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწიესო. თვითმხილველები საპირისპიროს ყვებიან - ამბობენ თუ როგორც ესროდნენ ბოძს შეჯახებულ მანქანას და მასში მსხდომ ხელებაწეულ ბიჭებს სპეცრაზმელები. ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები, ადვოკატები, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები დღემდე უშედეგოდ მოითხოვენ მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას.
2006 წლის 1 ივლისს მესტიის რაიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თამანმშრომლებმა და შსს-ს სპეცრაზმმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარა, ”ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლებსა და ცენტრალურ მაგისტრალებს ძარცვავდა”. სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა - გელა ცინდელიანი, რომლის სახლიც ალყაშემორტმული იყო, მოკლეს.
- ”შსს-ს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სპეცოპერაციებს 40-მდე ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის 18 პოლიციელია. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განხადებით, ამ პერიოდში სპეცოპერაციების დროს გაცილებით მეტი ადამიანის ლიკვიდირება მოხდა, ვიდრე გასული 10 წლია განმავლობაში”, - წერდა გაზეთი ”ხვალინდელი დღე”, 2006 წლის 4-5 მაისის ნომერში.
2007 წლის 9 მარტს ოზურგეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა - შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას, ძებნილი ოლეგ მესხიძე სამართალდამცვებმა მისივე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.
2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე აკადემიკოსი გურამ შარაძე დახვრიტეს. ეს არ ყოფილა სპეცოპერაცია, მაგრამ იყო გახმაურებული მკვლელობა, რომლის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი დიდია.
მკვლელობიდან რამდენიმე წუთში - შესაშური სისწრაფით, ეჭვმიტანილის სახით გიორგი ბარათელი დააკავეს. მას ახლა 27 წელი აქვს მისჯილი, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და გურამ შარაძის ოჯახი მიიჩნევს, რომ გურამ შარაძე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, გიორგი ბარათელი კი ნამდვილი მკვლელი არ არის.
2007 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის ივანე კაპატაძის გასროლილ ტყვიას, 19 წლის ვალერი ფხაკაძის სიცოცხლე შეეწირა. საქმე აღიძრა არა განზრახ მკვლელობის, არამედ ”დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილების” მუხლით (სსკ 114-ე მუხლი) და კაპატაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2008 წლის 1 თებერვალს სენაკში, შამათავას ქუჩაზე, დღის 12 საათზე ჩატარებული რამდენიმწუთიანი სპეცოპერაციის შედეგად გამსახურდიასდროინდელი გვარდიის წევრი, 36 წლის თენგიზ გოგია საკუთარ სახლში ჩაცხრილეს და ბოლოს, იმ ოთახში, სადაც გოგია იმყოფებდა, ყელყუმბარა შეაგდეს, რამაც გოგიას სხეული ნაფლეთებად აქცია.
2008 წლის 8 მაისს, 32 წლის გიორგი გამცემლიძე ზანდუკელის ქუჩაზე, პატრულ-ინპექტორ ვახტანგ აბუაშვილის გასროლილი ტყვიის მსხვერპლი გახდა. აბუაშვილი ”გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის”, 116-ე მუხლით გაასამართლეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მიუსაჯეს. გამცემლიძის მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, პატრულის გაფრთხილებას არ დაემორჩილა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და მიმალვა სცადა, რა დროსაც პატრულმა ივარაუდა, რომ ”კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდა”. აბუაშვილმა გამცემლიძეს ესროლა და ტყვია კეფაში მოარტყა.
2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმის ცენტრში. ოქროს ბირჟასთან, სპეცრაზმი თავს დაესხა და ძალის გამოყენებით დააკავა ომიდან ორი დღის დაბრუნებული უფროსი სერჟანტი, პროფესიონალი მზვერავი როინ შავაძე. იმავე ღამეს, ჯარისკაცის ნაწამებ სხეულს ოჯახმა პროზექტურაში მიაკვლია. ოფიციალური ვერსიით, იგი ნარკოტიკების შენახვა-გადატანის ბრალდებით დააკავეს და გაქცევის მცდელობისას მოკლეს. სინამდვილეში, შავაძეს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სახლში მიაკითხეს და უშიშროების შენობაში წაიყვანეს.
როინ შავაძე სასტიკად აწამეს - სხეულის წინა მხრიდან მას 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მთელ სხეულზე ჰემატომები აჩნდა, მარცხენა ბარძაყი მოტეხილი ჰქონდა, მარცხენა ხელი, შუა მკლავთან შემოკერილი და დამოკლებული, მარჯვენა ხელი მოტეხილი, ნიკაპთან 12 ნაკერი ჰქონდა, ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი… შავაძის ქვრივი ციცინო შავაძე დაზარალებულად დღემდე არაა ცნობილი. ასევე ოჯახს და ადვოკატს არ აცნობენ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგს და იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოიძიონ, ჯარისკაცის ქვრივს მოკვლით ემუქრებიან, სანათესაოს ატერორებენ.
2009 წლის 17 იანვარს, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც ნარკორეალიზატორის აყვანას ისახავდა მიზნად, მსხვერპლით დასრულდა - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის 26 წლის თანამშრომელი თემურ ჭუმბურიძე დაიღუპა, რომელსაც სოდ-ში მუშაობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა და სპეცოპერაციაზე სხვის ნაცვლად ისე წაიყვანეს, რომ იარაღის ხმარება არ იცოდა.
ბოლო სპეცოპერაცია, რომელსაც თან უამრავი კითხვის ნიშანი ახლავს (იმაზე მეტი, ვიდრე არსებული ინფორმაციაა), 21 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაცია გახლავთ, რის შედეგადაც გენერალი გია კრიალაშვილი დღეს მკვდარია, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაჭრილები არიან. როგორც დაჭრილმა ოთანაძემ თავისი უფლებების დამცველ ადვოკატს უთხრა, ამირიძესთან ერთად სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და მიკროავტობუსში, სოდი-ს თანამშრომლებმა ჩაცხრილეს.
რაც შეეხება გია კრიალაშვილს, გავრცელებული ინფორმაციით, სხეულზე ნატყვიარები არ ჰქონდა. კიდევ ერთი დეტალი - კრიალაშვილი კვირას, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე სამარეში ისე ჩაასვენეს, რომ ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან საქართველოში ყველა ექსპერტმა ამაზე უარი თქვა, ხოლო უცხოეთიდან მომვალ ექსპერტს, საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს და არ შემოუშვეს.
2005 წლის მონაცემებით, სპეცოპერაციების დროს დაიღუპა 19 სამართალდამცავი და 24 ეჭვმიტანილი
უკაცრავად მგონი დაგაინტერესებთ
http://presa.ge/index.php?text=news&i=7838