ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, ვიცით, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ეკლესია არ მართავს სახელმწიფოს და პირიქით. თუმცა:
1. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენი სარწმუნოება არ არის კავშირში საქართველოსთან, მის წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან.
2. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები შორს უნდა იყვნენ სარწმუნოებასთან და არ უნდა ეძიონ მხარდაჭერა უფლისგან.
3. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად უფალი ქრისტე ღმერთი, ღვთისმშობელი და უდიდესი წმინდანები აღარ იცავენ და აღარ მფარველობენ მრავალტანჯულ საქართველოს! დიახ, თანამედროვე, დღევანდელ და ხვალინდელ საქართველოს!
თავად ხართ მოწმე, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ეკლესიას და ზოგადად სარწმუნოების საკითხებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
ხელისუფლებამ უფლის, სარწმუნოების გზა აირჩია, ეს ყველამ ვიცით და ცხადია, სრულიად სწორი იყო და არის ეს გზა.
გასაკვირია იმ ხალხისა, ვინც უარი თქვა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კომუნიკაციაზე არჩევნების პროცესში.
კიდევ უფრო გასაკვირია ის ხალხი, რომელთაც პრეტენზია აქვთ საქართველოს მართვასთან და ამ დროს საქართველოს ეკლესიის შეურაცხმყოფელთან გააბეს კავშირები.
ახალგაზრდა თაობას (და ბევრს ალბათ ძველ თაობებშიც) ალბათ წარმოდგენაც არ აქვს, სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია და ღირებული ჩვენი სარწმუნოება (რომელიც დღევანდლამდე სწორედ სასულიერო პირებმა და ეკლესიამ მოგვიტანა და არა - თუნდაც ერისკაცებმა) ჩვენი სამშობლოსთვის.
შესაბამისად, ალბათ მათთვის არც არის ცნობილი, რომ სათაურში მითითებული სიტყვები ზვიად გამსახურდიამ მერაბ კოსტავას ლექსად მიუძღვნა! მერაბ კოსტავას, რომელიც 50 წლის ასაკში 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში სოფელ ბორითთან მომხდარ ავტოკასატროფაში ტრაგიკულად დაიღუპა და დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა...
ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ერთმანეთს საოცარი ლექსები მიუძღვნეს, რაც უბრალო მოკვდავი ქართველებისთვის უბრალოდ გასაოცარია და თითქმის შეუძლებელიც იმისი აღწერა, თუ რა უთხრეს ამით ერთმანეთს, ღმერთს და სრულიად საქართველოს - მის წარსულსა თუ მომავალ თაობებს. აღნიშნული ლექსები და მათი თითოეული ფრაზა გასაოცრად ინახავს და აჩვენებს იმას, თუ რა ედო საფუძვლად დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, რის გარშემო იყვნენ სინამდვილეში ისინი ერთიანნი, რა აძლიერებდა ამ ორ უდიდეს ქართველს და მათ ერთგულ მიმდევრებს სამშობლოს ხილულ თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში და რა იყო სინამდვილეში ის ზნეობრივი და სულიერი საძირკველი, რაზეც ეს ორი უდიდესი ქართველი როგორც სალი კლდე იყო და დღესაც არის უკიდეგანო სიმაღლეზე წამომართული!
აღნიშნული ლექსები ამსხვრევს იმ ცრუ ილუზიას და იაფფასიან ნარატივებს, თითქოს საქართველოს ბედ-იღბალი "მთელ დასავლეთსა" თუ "მთელ ჩრდილოეთზეა" დამოკიდებული და თითქოს ჩვენი სულიერი გზა, აზროვნების მიმართულება თუ ცხოვრების წესი ვიღაც გაუგებარმა არსებებმა თუ დედამიწის მეორე მხარეს სულიერ და ზნეობრივ უდაბნოში მცხოვრებმა პოლიტიკოსებმა უნდა გვიკარნახონ, საზოგადოების ერთი ნაწილი დაგვაშანტაჟონ, ხოლო მეორე ნაწილი ფოჩიანი კამფეტებით მოხიბლონ და "დაპირებების დაპირებით" მიიტყუონ ჯერ კიდევ არარარსებულ რაღაცაში.
ახლა კი თავად ლექსები.
ზვიად გამსახურდია - მერაბ კოსტავას:
მერაბ კოსტავასერზე მჭმუნვარი ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ, იცოდე!
ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები
და სერაფიმთა ჰაეროვნება,
არ გწამს მონღოლის ნატრაბახები
და არც მარდოხეს ყალბი ცხოვრება.
გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,
შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,
მაგრამ ხომ დავრჩით მაინც ჩვენ ორნი,
მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის.
კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს,
ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს,
ამგვარ წამებს ხომ შვებაც ახლავს,
ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს.
ცხოველმყოფელი თვალები იგი
გვიწამებია ცხოვრების წყაროდ,
დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგის,
ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროსს.
და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული,
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი!
მერაბ კოსტავა - ზვიად გამსახურდიას
ძმას ქრისტესმიერსროს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმიდა მამათა ძვალშესალაგებს,
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.
გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით
საუკუნეა არ განგვიცდია.
ხარ მწირი თამარ დედოფალისა,
საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმინდა
გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.
ვინც განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ძალა შორს გამიზნული,
როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.
ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი,
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.
თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.
გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას,
ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.
და წინაპართა ტანჯვით ვნებულმან
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე,
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.
შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მისეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.
შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს.
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს, ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული.
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისსწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.
როს ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.
მისთვისაც გაგთქვამს ზეცა და მყარი
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავით და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით მყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.
დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.
ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.
ალბათ გამოცდა ენება უფალს,
როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,
რადგან განგებას რომელი უყვარს
მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.
რას დაგაკლებდა ბედი ტიალი
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე;
რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც საპყარი,
როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.
https://www.aura.ge/101-poezia/12640-zviad-...-dzmisadmi.htmlhttps://www.aura.ge/101-poezia/14533-merab-...istesmiers.htmlhttps://1tv.ge/radiomuseum/merab-kostava-dzmas-qristesmiers/ყველას დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან, ვისაც სამშობლო და მოყვასი გიყვართ.
This post has been edited by შავლეგა on 8 Nov 2024, 07:22