#62209755 · 8 Aug 2025, 15:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
CBT – კოგნიტურ-ქცევითი თერაპია: რა არის, როგორ მუშაობს და ვის შეიძლება დაეხმაროს?
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT) არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული და მეცნიერულად გამოკვლეული მეთოდი. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანს შეცვალოს არაეფექტური აზრები და ქცევები, რომლებიც გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე.
CBT-ის მთავარი იდეაა: ჩვენს ემოციებზე და ქცევებზე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ ვხედავთ და ვაფასებთ მას.
როგორ მუშაობს CBT
აზრების იდენტიფიცირება – ადამიანი სწავლობს საკუთარი უარყოფითი, ავტომატური აზრების ამოცნობას.
აზრების შემოწმება – სპეციალისტის დახმარებით სწავლობს მათ რეალობასთან შედარებას.
ახალი, ჯანსაღი ხედვის ჩამოყალიბება – უარყოფითი აზრების ჩანაცვლება უფრო რეალისტური და დადებითი აზრებით.
ქცევის შეცვლა – ახალი აზრები აისახება ყოველდღიურ ქცევასა და რეაქციებში.
რომელი პრობლემებისთვის არის ეფექტური : დეპრესია, შფოთვითი აშლილობები (პანიკური შეტევები, ფობიები, სოციალური შფოთვა), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD),კვების დარღვევები, სტრესის მართვა, თვითშეფასების პრობლემები.
უპირატესობები : მოკლევადიანი და შედეგზე ორიენტირებული, მეცნიერულად დამტკიცებული ეფექტურობა, ადამიანისთვის პრაქტიკული უნარების სწავლება,ეხმარება გრძელვადიანად პრობლემების დამოუკიდებლად მართვაში.
CBT (Cognitive Behavioral Therapy) სტრუქტურით ჩამოყალიბებული მაგალითი :
ქმედება (სიტუაცია)
აზრი
ემოცია
შედეგი
ალტერნატიული აზრი
ალტერნატიული შედეგი
მაგალითი:
1. ქმედება / სიტუაცია: სამუშაოზე უფროსმა შეხვედრის დროს შენს წინადადებაზე კომენტარი არ გააკეთა და სხვა თემაზე გადავიდა.
2. აზრი: „ალბათ ჩემი იდეა სულელური იყო. მე არაფერში ვარგივარ.“ ( 75/90 )
3. ემოცია: შერცხვენა, უხერხულობა, სევდა (ინტენსივობა: 80/100).
4. შედეგი: მომდევნო შეხვედრაზე აღარ გამოთქვი აზრი და ჩუმად დარჩი.
5. ალტერნატიული აზრი (გადაფასება): „შეიძლება უბრალოდ დრო არ ეყო ჩემი იდეის განსახილველად ან სხვა პრიორიტეტი ჰქონდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი იდეა ცუდია.“
6. ალტერნატიული შედეგი: შეინახე შენიშვნები და შეხვედრის შემდეგ ელფოსტით გაუგზავნე უფროსს დეტალები. შედეგად მიიღო მადლობა და დამატებითი კითხვები.
ალტერნატიული აზრის ჩამოყალიბების შემდეგ, ვახდენთ პირვანდელი აზრის და ემოციისთვის ხელახლა პროცენტის განსაზღვრას და ვაფასებთ ალტერნატიულ აზრსაც.
CBT არის თვითთერაპიის და საკუთარი თავის დახმარების მეთოდი, რომელიც პრაქტიკულია და ამავდროულად ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. ხორციელდება წერით რამდენჯერაც პრობლემა წარმოიშვება დღის, კვირის ან თვის განმავლობაში.
This post has been edited by Polarizing on 8 Aug 2025, 15:23
|