“ამ აბსურდში ვართ” - როგორ იქცა ივანიშვილის ფული და მისი კომპლექსი საქართველოს პრობლემად
მოკლედ:
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ Credit Suisse-ს ბრიტანეთის უზენაეს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო, თუმცა სანქციების გამო, შესაძლოა თანხის მიღება ვერ შეძლოს.
“ქართული ოცნების” ლიდერები ივანიშვილის ფინანსურ დავას დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლის მაგალითად იყენებენ და “დიპ სტეიტის” გავლენებზე საუბრობენ.
Credit Suisse-ის პრობლემები მრავალ საერთაშორისო სკანდალს უკავშირდება, თუმცა ივანიშვილის საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.ივანიშვილის ადვოკატი მიუთითებს, რომ ივანიშვილსა და მის ოჯახს, “დიპ სტეიტის” ძალისხმევით, უცხოეთში წვდომა აქვთ შეზღუდული კიდევ ერთ მსხვილ აქტივზე შვეიცარიულ ბანკ „ჯულიუს ბაერშიც“, მიუხედავად იმისა, რომ, მისი განმარტებით, სანქციები ამ თანხას არ ეხება. 2025 წლის იანვარში ივანიშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დავას „ჯულიუს ბაერთანაც” გეგმავდნენ.
„რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“ - ასე იყო განმარტებული სანქციები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა 2024 წლის 27 დეკემბერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში დაუწესა; ეს გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ ტრამპის პირობებში არ შეცვლილა.
2022 წლის მაისში, როცა ბიძინა ივანიშვილის ქონების საზღვარგარეთ შეფერხება “ქართული ოცნების” ლიდერებმა საქართველოს ინტერესებს დაუკავშირეს, “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებელი პოლიტიკიდან უკვე მეორედ იყო წასული; ხოლო უკრაინაში რუსეთის ომი მესამე თვის დაწყებული იყო.
ამავე პერიოდს ემთხვევა ტერმინ “გლობალური ომის პარტიის” დამკვიდრებაც, რომელიც მოგვიანებით “დიპ სტეიტით” ჩანაცვლდა
ივანიშვილის კომპლექსი
“როდესაც ადამიანი თავისი ბუნებით ავტორიტარი, ტოტალიტარია - უნდა, რომ მთელი სამყაროს პროცესები მის ნებაზე იყოს ორიენტირებული; როცა წინააღმდეგობას აწყდება, საქართველოს შიგნით ამას ახსნა, გაყიდვა სჭირდება … ჩვენთან აფიშირება ასე მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი იდევნება, ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის, ომის არდაწყებისთვის - ანუ წამებულის მანტიას ასხამენ… შემდეგ ამით ხდება ოპერირება საერთაშორისო დონეზე, რომ, აი, ჩემი ქვეყანა, ხალხი დაგიპირისპირდებათ, თუკი მე ვერ მივიღებ ჩემს ფულს, თუ მე ვერ მივაღწევ მიზანს...”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია, პოლიტიკის ექსპერტი, ტელეწამყვანი, რომელიც წლების წინ ტელეგადაცემას „20/30“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვებოდა. გამზარდიასთვის ლოგიკურია, რომ “დიპ სტეიტს” “ქართული ოცნება” სწორედ იქ ეძებს, სადაც წინააღმდეგობას აწყდება და შემდეგ ამით ანტიდასავლურ ხაზს ამყარებს.
“დიპ სტეიტი” თავისი არსით მთლიანად მითოლოგემაა. ვერაფერს აკონკრეტებენ, არაფრის თქმა არ შეუძლიათ, წარმომადგენლებს ვერ ასახელებენ. რა ვიცი, იმ ე.წ. მასონებიდან გვარებს მაინც ასახელებდნენ ხოლმე, ვინც თითქოს მასონთა ლოჟაში იყო… ეს “დიპ სტეიტი” კი მთლიანად ამორფულია და მის მიმართ განწყობა იქმნება რწმენითი. ამ რწმენებით, სადაც პრობლემაა, იქ არის “დიპ სტეიტი” და სადაც არ არის პრობლემა, ე.ი. იქ არ არის ან ვერ იმარჯვებს "დიპ სტეიტი". ამ ლოგიკით: ბრიტანეთის სასამართლოში “დიპ სტეიტი”, როგორც ჩანს, არ იყო”, - გამზარდია დარწმუნებულია, რომ “ოცნების” პოლიტიკაში “დიპ სტეიტის” ხატი საერთოდ არ გაჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაფერი ჰარმონიულად რომ განვითარებულიყო.
როცა პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის შეფერხების გამო უარს ამბობდა სახელმწიფოს საკითხებზე მოლაპარაკებებში ჩართვაზე.
სხვადასხვა დროს, ივანიშვილი უარს ამბობდა აშშ-ის ელჩთან, კონგრესისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.
2025 წელს, უკვე სანქცირებულმა, მან აღარც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გზავნილი ჩაიბარა.
მანამდე, 2024 წლის 21 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე], ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს” უთხრა, რომ შეფერხებული ფულის თემამ “კომპლექსი” გაუჩინა და ამიტომ იკავებდა თავს სახელმწიფოს საკითხებზე საუბრებისგან, მათ შორის - აშშ-ის ელჩთან. “მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს”, - თქვა ივანიშვილმა.
ოდნავ მოგვიანებით, აწ უკვე ყოფილმა ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ივანიშვილი „თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%98...5t0UJNCabqU_jOgბაჩიაშვილი: შათირიშვილამდე ივანიშვილი მე მთავაზობდა „გლობალური ომის პარტიაზე“ გამომექვეყნებინა წერილები
https://www.radiotavisupleba.ge/a/33286105.html“მე სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ჩემი თანხები დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს”, - თქვა ღორის გაგდებულმა
This post has been edited by ჩეკო on 8 Dec 2025, 02:36