https://kvirispalitra.ge/article/135353-rat...sa-da-batumshi/თბილისსა და აჭარაში, სადაც ამჟამად აქტიური ტურისტული სეზონია, მეწარმეებს განგაში აქვთ ატეხილი. როგორც ამბობენ, პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ სტუმარმასპინძლობის კულტურას, ქართულ ტრადიციულ კერძებს ახლებური ინტერპრეტაციით ამზადებდნენ და იმავდროულად ინარჩუნებდნენ ავთენტურ ქართულ კულინარიას, დღეს მასობრივად კარგავენ მომხმარებელს, ვერ უძლებენ არათანაბარ კონკურენციას უცხოეთიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესკომპანიებსა და კერძო პირებთან.
"რუსული კაპიტალით აშენებული "კუნძულოვანი ეკონომიკა" უნდა განვიხილოთ როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი"
ესმა კუნჭულია, "ქართული გასტრონომიული კულტურის ინსტიტუტის" დამფუძნებელი: - წლევანდელი ტურისტული სეზონი შარშანდელთან შედარებით უფრო არასახარბიელოა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა "ბედნიერ ციფრებს" ასახელებს. ჩვენი ინსტიტუტის ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურისტულ თუ კვების ობიექტებს ერთმანეთის მსგავსი პრობლემები აქვთ. მაგალითად, მესტიაში ან ახალციხეში ბევრ სასტუმროს კარზე აწერია, რომ ქირავდება ან იყიდება. მათი პატრონები ამბობენ, რომ ტურისტი გაქრა და ვეღარ აუდიან საბანკო კრედიტებს, ამიტომ იძულებული არიან შეწყვიტონ საქმიანობა. ამ ვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეკონომიკური პრობლემები, საშინლად გაძვირებული პროდუქტები, პოლიტიკური ვითარება. ამას ემატება კონკურენტუნარიანი "პარალელური ეკონომიკა". ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ თვალწინ წარმოიქმნა ერთგვარი "კუნძულოვანი ეკონომიკა", რომელიც უმეტესწილად რუსეთიდან მიგრირებულთა ბიზნესებით არის დახუნძლული. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციის რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა. ამას მოჰყვა უძრავი ქონების გაძვირება, 200-300 პროცენტით გაიზარდა ბინის ქირა. იყო უამრავი ფაქტი, გამქირავებლები ადგილობრივებს ატოვებინებდნენ ბინებს და მიგრანტებზე ბევრად სარფიანად აქირავებდნენ. 2022-დან 2025 წლამდე შექმნილი "პარალელური ეკონომიკის" ახალი მოდელი განსაკუთრებით ხილულია ტურიზმის, სარესტორნო და სერვისების სფეროში.
თუ 2022 წლამდე რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები ადგილობრივთა სერვისებით სარგებლობდნენ, მაგალითად, მოგზაურობდნენ ქართული ტურისტული კომპანიებით, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ გიდებთან, იყენებდნენ ჩვენს ტრანსპორტს, ჯავშნიდნენ ჩვენების სასტუმროებსა და რესტორნებს, დღეს მათ "საკუთარი" ტურიზმი აქვთ, ჰყავთ გიდები, აქვთ ტურისტული კომპანიები, თავიანთი ტურისტისთვის წინასწარვე ნაქირავები სასტუმროები და გახსნილი აქვთ რესტორნები.
ერთი შეხედვით, უცხოური კაპიტალის ტრიალი სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ... რუსეთის ფედერაცია არ არის ჩვენთვის "ჩვეულებრივი", "ნეიტრალური" ქვეყანა. საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და რუსული კაპიტალით აშენებული "კუნძულოვანი ეკონომიკა" უნდა განვიხილოთ როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი. ამიტომ უნდა განისაზღვროს ქვეყნის სტრატეგიული პოზიცია, რაც უზრუნველყოფს "პარალელური ეკონომიკის" გამჭვირვალობას. ერთ დღეს შესაძლოა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოგვიბრუნდეს, როგორც არაერთხელ მობრუნებულა. რუსეთის მთავრობებს სჩვევიათ მოულოდნელი სადამსჯელო ქმედებები, გავიხსენოთ ქართული ღვინისა თუ სხვა ქართული პროდუქტების ემბარგოები, აკრძალვები, საქართველოს მოქალაქეების საჩვენებელი დეპორტაციები და ა.შ. ჩვენი ტოლერანტობა არ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო იარაღად. ჩვენი ინსტიტუტის გამოკითხვით, "პარალელური ეკონომიკა" მძიმედ აისახება ადგილობრივ ბიზნესზე და რაც მთავარია, ხშირად რჩება "გაუკონტროლებელი". ბევრმა რესტორატორმა გვითხრა, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები "წილის" სანაცვლოდ სთავაზობენ ტურისტების მიყვანას ან სხვა შეღავათებს. აქ ჩნდება კითხვები: როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია ამ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესზე? ვინ იცავს ადგილობრივ მწარმოებელს, მეწარმესა და სარესტორნო ინდუსტრიას ამ არათანაბარ თამაშში?
"რაც ჩვენი შრომით ვაშენეთ, უცხოელები თავზე გვანგრევენ"
ქეთი ბაქრაძე, რესტორატორი და გასტრონომიული კულტურის ექსპერტი: - ერთიმეორის მიყოლებით კოტრდება ქართული რესტორნები თბილისსა და ბათუმში... საფრთხის წინაშე დგას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ქართული ტურისტული სექტორიც. როცა ადგილობრივი ბიზნესი ქრება, ქრება ტრადიციაც. იმას, რაც ჩვენი შრომით აქამდე ვაშენეთ, უცხოელები თავზე გვანგრევენ. უამრავი რესტორანი უკვე დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს. საქაბაბეებსა და სახინკლეებს რომ ჯერ კიდევ არა უშავთ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა. უკვე 2 რესტორანი დავკეტე და გახსნას აღარ ვაპირებ, ახლა მხოლოდ კერძო პროექტებით ვარ დაკავებული. "ვერის დუქანი" პეტრიაშვილზე კარგად მუშაობდა, მაგრამ ქირის ფასი ისე გაიზარდა, ვეღარ შევძელი გადახდა. ვაშლოვნის ქუჩაზე პატარა ბისტროც მქონდა, მაგრამ ნოემბრის მიწურულს ისეთ დღეში ჩავვარდი, ისიც დავკეტე...
მე რომ გამოვედი "ვერის დუქნიდან", სხვა რესტორატორი შევიდა, მაგრამ ექვს თვეში ისიც დაიხურა. ეს ბედი მასაც ვუწინასწარმეტყველე, მაგრამ არ დამიჯერა. ჩვენ გვყავდა მუდმივი მომხმარებელი, რომლებიც ლანჩზე ყოველდღიურად ჩვენთან მოდიოდნენ, შაბათ-კვირას კი "დინერი" მუშაობდა. ბოლოს აღარავინ დადიოდა.
პირველი დარტყმა პანდემიამ მოგვაყენა - ხან დაკეტეს რესტორნები, ხან გაგვახსნევინეს და მერე ისევ დაგვიკეტეს... ყველაზე მძიმე მდგომარეობა ორი წლის წინ დაიწყო. ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ხელფასები კი იგივე დარჩა. ხალხს აღარ აქვს რესტორნებში სიარულის საშუალება. ისინი, ვინც ადრე კვირაში სამ-ოთხჯერ მოდიოდნენ, ახლა ერთხელ, მაქსიმუმ, ორჯერ თუ მისცემენ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას. რაც შეეხება რუსებს, თუ ადრე დასასვენებლად და ფულის დასახარჯად ჩამოდიოდნენ, ახლა ბიზნესს აკეთებენ. ფულიანი რუსები თანამემამულეების რესტორნებში დადიან. ან კი რატომ შევა რუსი ქართულ რესტორანში, როცა ყოველ ნაბიჯზე რუსების რესტორნებია, სადაც გარდა იმისა, რომ რუსული მენიუ ხვდება, ვერსად დაინახავს სტიკერს "რუსეთი ოკუპანტია". რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ მივეცით ამის უფლება. ვერაზე ყოველ მესამე ნაბიჯზეა რუსების რესტორნები და კაფეები. ბათუმსა და თბილისში იხსნება და იხსნება.
"ასეთი ჩავარდნილი საზაფხულო სეზონი არ გვახსოვს"
მერიკო გუბელაძე, რესტორან "შავი ლომის", "ნინიას ბაღისა" და კაფე "ლეილას" მფლობელი: - ჩვენი ობიექტები ძალიან მიბმულია ტურიზმზე. ერთი მათგანი შავთელის ქუჩაზეა, ანჩისხატთან. ეს ტურისტული უბანია და სწორედ ამ ობიექტით ვსაზღვრავთ, როგორი სეზონია ქვეყანაში. პირდაპირ ვიტყვი: თავი ძლივს გააქვს. ასეთი ჩავარდნილი საზაფხულო სეზონი ამ ობიექტს არ ახსოვს.
პანდემიის დროს ერთხანს დაკეტილი ვიყავით, მაგრამ 2020 და 2021 წლები ბევრად უკეთესი იყო, შედარებაც არ შეიძლება დღევანდელ სეზონთან. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, რომლებიც არა მარტო ტურისტებზე, არამედ ქართველ მომხმარებელზეც მუშაობს, შედარებით უკეთესი ვითარებაა, თუმცა იქაც პრობლემებია. მაგალითად, 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, წლევანდელი ბრუნვა 20 პროცენტით ნაკლებია. ამას დავამატოთ 50-პროცენტიანი ფასების ზრდა პროდუქტზე, იჯარაზე, კადრებზე... საბოლოო ჯამში, სეზონი ჩავარდნილად შეიძლება ჩაითვალოს. უკვე ვემზადებით შემცირებებისთვის.
- ამ პრობლემებს რით ხსნით?
- მართალია, მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა თითქოს იზოლაციაშია. აღარ ჩამოდის იმ ტიპის სტუმარი, რომელთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ბევრი ევროპელი მომხმარებელი დღეს თითქმის აღარ გვყავს. რაც შეეხება ადგილობრივებს, რომლებიც ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ, მათ შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.
- როგორც ვიცი, თქვენს რესტორანში ტრადიციული ქართული სამზარეულო ახლებურად არის წარმოდგენილი. როგორ აფასებდნენ ამას სტუმრები?
- რესტორანი არის სივრცე, სადაც ქვეყნის იდენტობა კარგად იკითხება. ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, როცა რესტორანი გავხსენი. კარგი დრო იყო, ქვეყანა დასავლეთისკენ მიდიოდა. სასიამოვნო იყო, რომ სტუმრებისთვის შემეძლო მეჩვენებინა ჩვენი კულტურა, რა გამოვიარეთ, ვინ ვართ და საით მივდივართ. თუ რესტორანი ამ მისიას დაკარგავს და შიმშილის დასაკმაყოფილებელ ობიექტად იქცევა, მე პირადად ინტერესს დავკარგავ.
- ხინკალს რას ერჩით, ამ კერძს ხომ ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს?
- არაფერს ვერჩი, თავადაც მიყვარს, მაგრამ ხინკლის მსგავსი კერძი, ცომი და ხორცი ერთად, ბევრ კულტურაშია, მონღოლებით დაწყებული, ჩინეთითა და ტაივანით დამთავრებული. ჩვენ გვაქვს სხვა, მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო სამზარეულო. ისევე როგორც იტალიელებს სურთ მათ კულტურას მხოლოდ პიცით ან მაკარონით არ აფასებდნენ, ჩვენც გვინდა საქართველო მხოლოდ ხინკლითა და ხაჭაპურით არ იყოს წარმოდგენილი.
- ხომ არ არის საშიშროება, რესტორნების დახურვასთან ერთად, საქმის მცოდნე კადრიც გავიდეს ქვეყნიდან?
- ეს უკვე ხდება. საქართველოდან ორი ტიპის ადამიანი გადის: ის, ვინც ტვინით მუშაობს, და ის, ვინც ხელით ქმნის. ჩვენ უკვე კადრი გვიჭირს. იქამდე მივედით, რომ თუ ვინმეს ორი ხელი და ორი ფეხი აქვს, არც კვალიფიკაციას ვკითხულობთ, არც ენების ცოდნას, არც გამოცდილებას, უბრალოდ, ვასაქმებთ. ქვეყანა ამ გზით უზარმაზარ რესურსს კარგავს. იმავე მდგომარეობაში არიან მეღვინეები - ვენახში მუშახელი აღარ ჰყავთ. სრული კატასტროფაა.
„გადახდისუნარიანობა ეროვნებაზე არ არის დამოკიდებული“
გურამ ბაღდოშვილი, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე:
- წლევანდელი წელი აშკარად განსხვავდება შარშანდლისგან. მაგალითად, ივნისში, წინა წელთან შედარებით, შემოსავლების მაჩვენებლები დაბალია, მაშინ როცა მაისში პირიქით - წელს უკეთესი შედეგები გვქონდა, ვიდრე შარშან. წელს ივლისის მეორე ნახევრიდან კი ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა - ტურისტების რაოდენობამაც მოიმატა და შემოსავლებმაც.
- რაზეა დამოკიდებული ამგვარი მერყეობა?
- მიზეზები მრავალფეროვანია: ამინდი, გეოპოლიტიკური ვითარება, ომი - ეს ყველაფერი მოქმედებს ტურისტულ ნაკადსა და მათ ხარჯვით ქცევაზეც.
- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ქართველი რესტორატორები მომხმარებელს კარგავენ?
- მართალია, არსებობს რუსებზე გათვლილი ადგილები, მაგრამ ტურისტებისთვის მაინც ქართული გარემო და ტრადიციული მენიუა საინტერესო. როცა იტალიაში მიდიხარ, ქართულ რესტორანს ხომ არ ეძებ? პირიქით - ადგილობრივს, ნამდვილ იტალიურს. ასეა საქართველოშიც.
- მაგრამ ხომ შეიძლება რუსი ტურისტი თავს უფრო კომფორტულად გრძნობდეს ქართულ რესტორანში, სადაც მენიუ რუსულადაა და პერსონალიც რუსულად საუბრობს?
- არიან რუსები, რომლებიც აქ მუდმივად ცხოვრობენ და მათ მართლაც შექმნეს თავიანთი მიკროგარემო, კლუბების მსგავსი სივრცეები, სადაც იკრიბებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარი მთლიანად ჩაიგდეს ხელში.
- ხომ არ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ დასავლეთიდან ჩამოსული მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ქართულ რესტორნებზე ამან იქონია გავლენა?
- ტურისტები დღეს გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. მაგალითად, ხშირად 10 კაცი ზის სუფრასთან და მთლიანი ანგარიში 200 ლარს ძლივს აღწევს. ყოფილა შემთხვევა, ოთხი კაცი ერთ აჭარულ ხაჭაპურს შეექცევა საათობით ან ერთ ბოთლ ბორჯომს სვამს. გარედან რომ უყურებ, გგონია, რესტორანი სავსეა, მაგრამ როცა დღის ბოლოს ბრუნვას გადაავლებ თვალს, გაოცდები - თანხა მცირეა. ასე რომ, ვიზუალურ დატვირთულობას ყოველთვის არ მოსდევს მაღალი შემოსავალი. ტურისტების დაახლოებით მეოთხედი რუსია, მაგრამ შემოდიან ყაზახებიც, სომხებიც, უზბეკებიც და ყველა, ვინც რუსულად ლაპარაკობს.
- რუსების გარდა, ყველაზე ხშირად რომელი ეროვნების ტურისტები სტუმრობენ საქართველოს?
- ებრაელები ყოველთვის აქტიურად მოგზაურობდნენ, ბოლო დროს კი ინგლისელებისა და იტალიელების რაოდენობა აშკარად გაიზარდა.
- რომელი ეროვნების ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში?
- ასე კონკრეტულად ვერ განსაზღვრავ. ჩამოდის მდიდარი არაბი და ბევრ ფულს ხარჯავს, ჩამოდის ღარიბი არაბი და თითქმის არაფერს ხარჯავს. იგივე ითქმის ებრაელებზეც - ზოგი ეკონომიურია, ზოგი კი თამამად ხარჯავს. ასე რომ, გადახდისუნარიანობა ეროვნებაზე არ არის დამოკიდებული.
ხათუნა ბახტურიძე