საქართველოს პრეზიდენტის ამ ბოლო ვიზიტის დროს თურქეთში ერდოღანის წარმოთქმულ ფრაზას Ahıska Türkleri-ის (ქართულად − „ახალციხელი თურქების“) „ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების“ თაობაზე საქართველოში საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა. არადა, მიუხედავად უაღრესად საყურადღებო ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტისა, რაც ამჟამად კავკასიაში ყალიბდება, ერდოღანს თითქოსდა ახალი არაფერი უთქვამს: თურქეთის რიტორიკა ამ თემაზე დიდი ხანია, რაც ცნობილია და ის წლების განმავლობაში ოდნავადაც არ შეცვლილა. ეს პოზიცია თურქების მხრიდან რიტორიკულად აქამდეც არაერთხელ გამოხატულა, რაც თავისთავად უცნაური ან მოულოდნელი სულაც არ არის. მიუხედავად სახელმწიფოთა შორის სტრატეგიული პარტნიორობისა, რაც თანამედროვეობაში უდავოდ გვაკავშირებს დიდ მეზობელთან, თურქეთთან, ნებისმიერ ურთიერთობას თავისი შუქ-ჩრდილები ყოველთვის მაინც ახასიათებს: ამ საკითხის თაობაზე, ბუნებრივია, მხარეებს სრულიად განსხვავებული ინტერესები და შესაბამისად, დაშორებული პოზიციები აქვთ. ნათელია, რომ თურქეთი უკვე ათწლეულებია ცდილობს პერიოდულად ამ თემის აქტუალიზაციას, თუმცა ვერც იმას ვიტყოდით, რომ ამით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას რეალურ საფრთხეს უქმნის. მით უმეტეს, არ გვაქვს რაიმე საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგი საქართველოს ამ პრობლემის გამწვავებით ემუქრება; ე.ი. რეალურად და არა მხოლოდ რიტორიკაში, ამ მიმართულებით უყენებს იმგვარ მძიმე მოთხოვნას, რისი შესრულებაც, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ობიექტურად სრულიად შეუძლებელი იქნება. მიუხედავად ჩვენთვის არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი და უცვლელი რიტორიკისა, რითაც თურქეთი მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ პოზიციას, რაიმე მსგავსი კატეგორიული პოლიტიკური მოთხოვნა საქართველოს მიმართ არც დამდგარა და იმედია, ვერც ვერასდროს დადგება დღის წესრიგში. მხარეებმა იმთავითვე ზედმიწევნით იციან: ამგვარი პოლიტიკური მოთხოვნის რეალურად ჯერ დაყენება და შემდგომ მისი შესრულების პრაქტიკული მცდელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის უდავო კატასტროფული შედეგების გარდაუვალობის გამო არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას ნიშნავს, არამედ საქართველოს მხრივ, ეს არც მეტი არც ნაკლები − სულაც casus belli-ად განიხილება. ამიტომ, თურქეთი მხოლოდ რიტორიკულად და არა რაიმე პოლიტიკური ნაბიჯებით, რაც საქართველოსთვის რეალურ მუქარას წარმოშობდა, გამოხატავს თავის პოზიციას. ეს ბუნებრივია, რადგან ყველა სახელმწიფო, მათ შორის, რასაკვირველია − თურქეთიც, საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მაგრამ ასევე ცხადია: ვალდებულია მეზობლების და უწინარესად, სტრატეგიული პარტნიორების, ინტერესებიც გაითვალისწინოს და რეალური პოლიტიკის გატარებისას აუცილებლად ანგარიში გაუწიოს მათ. უნდა გვახსოვდეს: რაც უნდა მტკიცე იყოს სტრატეგიული პარტნიორობა, მხარეთა შორის ურთიერთობებში ყოველთვის იქნება გარკვეული პრობლემური საკითხები, რის თაობაზეც მათ სხვადასხვა და ზოგჯერ, სულაც შეუთავსებელი, საპირისპირო პოზიციები აქვთ. ამგვარ საკითხებს შორისაა, მაგალითად, ასევე უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორთან − აზერბაიჯანთან ურთიერთობებში დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი საზღვრის არცთუ რიგითი პრობლემა. იმავე კატეგორიისაა, თუმცა, ცხადია, გაცილებით ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობისა (ვინაიდან რეალურ მუქარად მისი გადაქცევა, თუკი აშკარა სიშლეგესთან არ გვექნება საქმე, დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია), ე.წ. თურქი მესხების, რაც თურქულენოვანი გაბატონებული აღქმებით სულაც არ არიან მესხები, არამედ Ahıska Türkleri-ის, ანუ ახალციხელი თურქების (ახალციხეს თურქულად − „ახისკა“ ჰქვია), რომლებიც მათ ისტორიულ მეხსიერებაში ახალციხის საფაშოს მკვიდრ, თურქ მოსახლეობას წარმოადგენენ, პრობლემაც.
თურქეთის, ვუწოდოთ ამას − „რიტორიკული პოზიციის“ ერთმნიშვნელოვანი ხასიათი და ურყეობა, ამ საკითხში აბსოლუტურად აშკარაა. ისტორიულ-პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ამ მიმართულებით მოვლენები ასე ვითარდებოდა:
1990-იანი წლები – ჰუმანიტარული და დიასპორული რიტორიკათურქეთი უკვე საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოხატავდა მზადყოფნას, დახმარებოდა რეპრესიებით განდევნილ „მესხურ“ მოსახლეობას სამშობლოში დასაბრუნებლად.
ოფიციალურად ამ თემას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიასპორული ორგანიზაციები ჰუმანიტარულ საკითხად წარმოაჩენდნენ, როგორც „ისტორიული უსამართლობის გამოსწორებას“.
იმ წლებში თურქეთში უკვე მოქმედმა „მესხურმა“ ორგანიზაციებმა (მაგ. საკმაოდ მძლავრი ორგანიზაცია Ahıska Türkleri Derneği) არაერთი მიმართვა გააკეთეს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ უნდა მოხდეს მათი „სამართლიანი და უსაფრთხო დაბრუნება“. 1992-1995 წლებში ასევე კეთდებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, რითაც ოფიციალურად მიმართავდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ცდილობდნენ ამ თემის აქტუალიზებას. ამ დროიდან Ahıska Türkleri, ე.ი. „ახალციხელი თურქების საკითხი, ისევე, როგორც სხვა „დიასპორული თემები“, უკვე ჩამოყალიბდა თურქეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ 1999 წელს თურქი პარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, რომლის დროსაც საქართველოს ხაზგასმით მოუწოდეს „დროის დაკარგვის გარეშე“ გადაეწყვიტა საკითხი და უზრუნველეყო რეპრესიების მსხვერპლთა „უსაფრთხო და სამართლიანი“ რეპატრიაცია.
2000-იანი წლები – სტრატეგიულ პარტნიორობაზე რიტორიკულად მიბმული თემათურქეთი საქართველოსთან ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ სტრატეგიულ პროექტებში (მაგ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი; ბაქო-თბილისი-ყარსი) აქტიური თანამშრომლობის პარალელურად, პერიოდულად გვახსენებდა „მესხების“ საკითხს, თუმცა ყოველთვის როგორც „მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ნაწილს. 2004 წელს, ერდოღანმა, რომელიც მაშინ თურქეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, სააკაშვილის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად გამართული პირველივე ვიზიტისას ხაზი გაუსვა „მესხი-თურქების“ რაც შეიძლება დროულად „დაბრუნების აუცილებლობას“.
2007 წელს საქართველოს მიერ რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღებას ანკარამ პოზიტიურად უპასუხა, მაგრამ პარალელურად ასევე დააფიქსირა, რომ „პროცესი უნდა დაჩქარდეს“ და „საჭიროა რეალური შედეგები, არა მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩო“.
პირადად ერდოღანის პერიოდული რიტორიკა2014, 2016, 2017 წლებში ერდოღანმა „ახალციხელი თურქების“ თემაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა, განსაკუთრებით თურქეთში მცხოვრები დიასპორის წინაშე გამოსვლებისას. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მათი დაბრუნება საქართველოში არის „ისტორიული ვალი“ (1); თურქეთი მზად არის უზრუნველყოს პროცესის მხარდაჭერა ფინანსურად და ორგანიზაციულად (2).
ეს განცხადებები ხშირად კეთდებოდა თურქეთში ადგილობრივი არჩევნების ან რეგიონული პოლიტიკის გატარების დროს, როგორც გზავნილი თურქეთში მცხოვრები Ahıska Türkleri დიასპორისადმი, რომ მათი ინტერესები ეროვნული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ყოველთვის რჩება.
ბოლო წლების კონტექსტი2020-2023 წლებში, როცა კავკასიაში არსებითად გაიზარდა თურქეთის როლი (აზერბაიჯანთან ერთად ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ), „მესხების“ თემა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, როგორც თურქეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტი. ყარაბაღის ომის შემდგომ ერდოღანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ Ahıska Türkleri ისტორიულ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ „ძმობის და სტაბილურობის გასაძლიერებლად“.
ბოლო წლებში ერდოღანი და თურქეთის მედია ხშირად აქცენტს ამახვილებენ არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ თურქეთის კულტურულ-ისტორიულ, ზოგიერთ პუბლიკაციაში კი ასევე პოლიტიკურ კავშირზე მესხეთთან და არა მხოლოდ, არამედ აჭარასთანაც.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს თემა რიტორიკის ფარგლებს არ გასცდენია და თურქეთის მხრიდან რაიმე რეალურ პოლიტიკურ ზემოქმედებას საქართველოზე, გარდა ამ „რბილი ძალის“ ინსტრუმენტის პერიოდული გამოყენებისა, დღემდე ადგილი არ ჰქონია.
იმავეს ვერ ვიტყვით ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროპის საბჭოში გაწევრიანების წინ საქართველოზე ხორციელდებოდა ძალზე სერიოზული პოლიტიკური ზემოქმედება, რაც რიტორიკას შორს გასცდა და სავსებით რეალური საფრთხის ხასიათი მიიღო. ევროპის საბჭოში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ პირობად საქართველოს თავს მოახვიეს უმძიმესი ვალდებულებები. კერძოდ: 2 წელიწადში უნდა მიღებულიყო სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მოაწესრიგებდა რეპატრიაციას და სამოქალაქო ინტეგრაციას, მათ შორის რეპატრიანტებისთვის უზრუნველყოფდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლებასაც (1); 3 წელიწადში უნდა დაწყებულიყო რეპატრიაციის ინტენსიური პროცესი და ჩამოსახლებულთა სამოქალაქო ინტეგრაციაც (2); 12 წელიწადში რეალურად უნდა დასრულებულიყო მთელი პროცესი (3). ეს ვალდებულებები იურიდიულადაც აისახა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის დოკუმენტშიც, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირობებს ეძღვნებოდა (იხ. PACE-ის Opinion No. 209 (1999)
https://pace.coe.int/en/files/16669/html).
საქართველოს რომ ეს ვალდებულებები მართლაც შეესრულებინა, ჩვენს სახელმწიფოებრიობას სრული კატასტროფა დაემუქრებოდა და ამას 12 წელი არ დასჭირდებოდა. საფრთხის მასშტაბის გასაცნობიერებლად საკმარისია ვიცოდეთ, რომ „თურქი მესხების“ (იგივე „ახალციხელი თურქების“, Ahıska Türkleri) ანუ პოტენციური რეპატრიანტების რაოდენობა დემოგრაფიული გამოთვლებით, დღეს მთელ მსოფლიოში მერყეობს 500 000-600 000-მდე (!); ამ რაოდენობიდან არანაკლებ 100 000 ცხოვრობს ჩვენს მეზობლად − თურქეთში და თითქმის ამდენივე აზერბაიჯანში. ისინი ასევე გაფანტულნი არიან რუსეთში, უკრაინაში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც. რეალური რაოდენობა, თუ მათგან რამდენს სურდა საქართველოში გადმოსახლება, ზუსტად არავის დაუთვლია, თუმცა სხვადასხვა კვლევაში მოყვანილი მიახლოებითი გამოთვლებით საუბარი შეიძლება იყოს 300 000-მდე, შეიძლება მეტიც, პოტენციურ რეპატრიანტზე!
ასევე ხაზგასასმელია: ყოველგვარი საუბარი მათ შორის ე.წ. პროქართული ორიენტაციის მქონე მესხებზე, პრაქტიკულად უსაფუძვლოა. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ამ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მთლიანად არაქართული, თუ საერთოდაც ანტიქართული არა, ცნობიერება აქვს, ვინაიდან მათი ისტორიული მეხსიერებით უეჭველად მიიჩნევა, რომ უმძიმესი, საშინელი ტრავმა მიაყენეს საქართველოში და თანაც სწორედაც თურქეთის მტერმა ქართველებმა: სტალინმა და ბერიამ. ხოლო თურქეთში მათ დღესაც მასობრივად განიხილავენ ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამემამულეებად; ამიტომაც ისინი ლოიალურნი არიან სწორედ თურქეთის მიმართ, ხოლო საქართველოსადმი საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალურნი, განურჩეველნი, ხოლო უმეტესწილად, არცთუ კეთილგანწყობილნი არიან. საქართველოში მათი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის, გარდა ენისა, გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს მენტალური, კულტურული, რელიგიური, სოციალური თუ ეთნოფსიქოლოგიური შეუთავსებლობა ქართველთა ცხოვრების წესთან; მათი ბუნებრივი სიუცხოვე უჩვეულო ქართულ გარემოში; ბუნებრივია, მათი დაბრუნება მესხეთში, ე.ი. იქ, რასაც ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევენ, პრაქტიკულად ამ ძირძველი ისტორიული მხარის საქართველოსგან ჩამოშორებას და აბსოლუტურ გაუცხოებას ნიშნავს, რაც, თუკი მოხდა, გარდაუვალ კატასტროფულ შედეგად ამთავითვე გამოიყურება. აღარაფერს ვამბობ შესაძლო კონფლიქტების დიდ რისკზე ადგილობრივ მოსახლეობასთან − არა მხოლოდ ქართველებთან, არამედ სომხებთანაც.
აქ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსათვის ზემოთ ნახსენები უმძიმესი ვალდებულებების თავს მოხვევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1998-1999 წლებში ევროპის საბჭოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი ინიციატივით გამართულ ორ საერთაშორისო შეხვედრას ამ თემაზე − ჯერ ჰააგაში და შემდგომ ვენაში. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ დელეგაციები რუსეთიდანაც, აზერბაიჯანიდანაც, ევროპული ქვეყნებიდანაც და რაც მთავარია, თავად „თურქი მესხების“, ე.ი. Ahıska Türkleri-ების დელეგაციებიც. ისინი წარმოდგენილნი იყვნენ ორი ორგანიზაციის − „ვათანის“ (თურქულად „ვათან“ − სამშობლოა) და პოტენციურ რეპატრიანტთა ქართული დასახელების მქონე მეორე გაერთიანების − „ხსნის“ წევრების სახით. ეს თითქოს მიანიშნებდა შერეულ ქართულ-თურქულ ეთნიკურ შემადგენლობაზეც, რაც მთავარია, პოტენციურ რეპატრიანტთა ვითომდა ორ სხვადასხვა, „პროქართულ“ და „პროთურქულ“ ორიენტაციაზე; თუმცა, ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა, რადგან ამ საერთაშორისო შეხვედრებზე მიღებული საბოლოო დოკუმენტებით ისინი აღიარებულნი არიან ერთ მთლიანობად, როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფი. აქ ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ შესანიღბად გამოგონილი ე.წ. პროქართული ორიენტაცია საბოლოოდ თითქმის სრულად მივიწყებულ იქნა, ხოლო ამ ცალკე ეთნიკურ ჯგუფად აღიარებული მასის, როგორც Ahıska Türkleri იდენტობა კიდევ უფრო მეტად აქცენტირებული შემდგომ წლებში. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ ამ წარმომავლობით მართლაც შერეული ეთნიკური შემადგენლობის დღევანდელი იდენტობა არსებითად თურქულია და არაფერი საერთო ქართველობასთან, არც ენობრივი, არც ტერიტორიული, არც სარწმუნოებრივი, კულტურული, სოციალური თუ რაც გნებავთ, ნიშნით, აღარ გააჩნია. ისტორიის მსვლელობამ მოასწორა მათი წარმომავლობის ეთნიკური არაერთგვაროვნება. თუკი 1944 წელს როცა აყარეს და გადაასახლეს 200-მდე სოფელი, არავინ არჩევდა მათ ეთნიკურ შემადგენლობას, დღეს ისინი ცალკე, გამორჩეულ ეთნიკურ ჯგუფად აღიარებული Ahıska Türkleri (ე.ი. ახალციხელი თურქები, რაც სპეციფიკური ქვეჯგუფია მთლიან თურქულ ეთნოსში) არიან. დიახ, მაშინ რეპრესიებში ნამდვილად მოჰყვნენ ეთნიკური ქართველები − მესხები. ისევე, როგორც თურქებიცა და სხვათა შორის, გათურქებული სომხებიც. ამ ეთნიკურად ჭრელ მოსახლეობას მაშინ აერთიანებდა მაჰმადიანური რჯული და მეტ-ნაკლებად ლოიალური დამოკიდებულება იმდროინდელი სსრკ-ის მიმართ მტრული სახელმწიფო თურქეთისადმი. ცხადია, მათდამი განსაკუთრებული სისასტიკე და დაუნდობლობა გამოიჩინა საბჭოთა რეჟიმმა, მაგრამ ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა იმჟამინდელ რეპრესირებულთა ეთნიკური სურათის „გაცოცხლება“ და ამის მიხედვით მათი უკვე მესამე-მეოთხე თაობის შთამომავლების, რომლებიც სრულიად სპეციფიკურ პირობებსა და გარემოში ჩამოყალიბდნენ გარკვეულ ისტორიულ ერთობად, ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით დიფერენცირება. ეს პრაქტიკულად არაფრის მომცემია და შეუძლებელიც არის. როგორც ვხედავთ, ევროპის საბჭოში გაწევრიანების ფასად საქართველო აიძულეს, დათანხმებულიყო „ცალკე ეთნიკურ ჯგუფად“ აღიარებული სრულიად უცხო, დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უზარმაზარი, ფაქტობრივად შეუზღუდავი ნაკადის მიღებას და ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო 12 წლის განმავლობაში! მართლაც ძნელი წარმოსადგენია საქართველოს მიმართ დასავლური ე.წ. პარტნიორობის ცინიზმის ხარისხი: ქვეყანას, რომელსაც 300 000-მდე შიდა ლტოლვილი უკვე ჰყავდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ერთი ამდენი პოტენციური რეპატრიანტის მიღება და უზრუნველყოფა დაავალეს დემოკრატიის სახელითა და საბჭოთა წარსულთან „სამართლიანი ანგარიშსწორების“ ლიბერალური „მორალით“. აი, ეს გახლავთ უდავო საბუთი, რომ „ცივ ომში“ საქართველო გამარჯვებულთა ბანაკში, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, არ მიგვაჩნდეს.
ამრიგად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეზობელი თურქებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ თემას „რბილ ინსტრუმენტად“ იყენებენ და რიტორიკის ფარგლებს იქით არ მიდიან, დასავლელმა „ატლანტისტმა პარტნიორებმა“ 1990-იანი წლების ბოლოს Ahıska Türkleri საქართველოს სუვერენიტეტის დასათრგუნ მძიმე პოლიტიკურ იარაღად გამოიყენეს; თანაც იმ კრიტიკულ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უმწვავესი პრობლემა და რუსეთის მიერ ორი რეგიონის სამხედრო ოკუპაციის უშუალო საფრთხე შეექმნა; საქართველო ორმაგ პრესში აღმოჩნდა: ჩრდილოეთიდან რუსეთი გვემუქრებოდა სამხედრო ოუპაციით, ხოლო დანარჩენ საქართველოზე დამოკლეს მახვილივით აღმართეს უცხოტომელების მასობრივი ე.წ. რეპატრიაციის, სინამდვილეში − შემოსევის მომაკვდინებელი მუქარა. მათი ურცხვი მოთხოვნები საქართველოს მიმართ არა პარტნიორობად, არამედ მტრულ ულტიმატუმად გამოიყურებოდა და გლობალისტური ნეოლიბერალური დემოკრატიით ქვეყნის ფარული ანექსიის აშკარა წინაპირობას ქმნიდა. ეს შეფარული ანექსია „ვარდების რევოლუციის“ სახით რეალურად განხორციელდა კიდეც. სააკაშვილის კორპორაციამ საქართველოს სუვერენიტეტი ნომინალური გახადა, ხოლო მისი რეჟიმი − დასავლეთის ქვეშევრდომი ხელგაწვდილი კლიენტი, რაც პატრონ-ყმობას კი არა, უფრო სამარცხვინო ბატონ-ყმობას ჰგავდა. საქართველოს სახელმწიფო სააკაშვილის კორპორაციამ ჩაანაცვლა. კორპორაციამ, რომელიც ყურმოჭრილი ყმა იყო და დასავლური ინტერესების მომსახურების გარდა, სხვა არანაირი ვალდებულება, მით უმეტეს − ქართველთა მიმართ, არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, 2005-2006 წწ-ში „თურქი მესხების“ თემაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას რეზოლუციაზე „აცხობდა“. ამ რეზოლუციებით მკაცრად შეგვახსენებდნენ მასობრივი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად აღებულ მძიმე ვალდებულებებს და მოგვიწოდებდნენ პროცესის დაჩქარებას. სააკაშვილი ამ პერიოდში ვალდებულებების შესრულებაზე უარს არ ამბობდა, თუმცა მოითხოვდა დიდძალ სახსრებს რეპატრიაციის დაჩქარებისა და პოტენციურ რეპატრიანტთა სამოქალაქო ინტეგრაციისათვის. საბოლოო ჯამში, ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმისთვის მაშინდელი გეოპოლიტიკური კონიუნქტურით სტრატეგიულ ამოცანად „რუსეთისათვის ნიღბის ჩამოგლეჯა“ განსაზღვრეს, ისიც და საქართველოც ნელ-ნელა გაათავისუფლეს „თურქი მესხების“ მასობრივი რეპატრიაციის საბედისწერო ვალდებულებებისგან. საკითხი ფაქტობრივად დაიხურა, საქართველოს ვალდებულებები კი ფაქტობრივად შესრულებულად იქნა მიჩნეული, როგორც კი 2007 წლის ივნისში საქართველომ მიიღო კანონი „ყოფილი სსრკ-ს მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“. საქართველომ მიიღო საკანონმდებლო ჩარჩო, განსაზღვრა ადმინისტრაციული პირობები და პროცედურები, რითაც შესაძლებელია რეპატრიანტის სტატუსის, ხოლო დაბრუნების შემდეგ ამ სტატუსის გამოყენებითვე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაც გამარტივებული წესით. ბუნებრივია, პოტენციური რეპატრიანტი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დაწესებულ ელემენტარულ პირობებს − მან უნდა დაასაბუთოს, რომ რეპრესირებულთა შთამომავალია, არ აქვს კრიმინალური წარსული, ისეთი ვალდებულებები, რამაც მიმღები ქვეყანა შეიძლება დააზიანოს, ასევე − ლოიალურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ და არ მიმართავს საფრთხის შემცველ არანაირ საქმიანობას. რაც მთავარია, საკითხები წყდება არა მასობრივი რეპატრიაციის, არამედ მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში. ეს ფაქტობრივად ჰუმანიტარული რანგიდან საკითხის პოლიტიკურ განზომილებაში გადატანას და მის ეგზისტენციალურ საფრთხედ გადაქცევას გამორიცხავს.
ამჟამად „რეპატრიაციის კანონი“ მოქმედია და გამართულად მუშაობს. კანონით გაწერილია მკაფიო ადმინისტრაციული პროცედურა, რის გამოყენებითაც პოტენციურ რეპატრიანტ პირს საკუთარი განცხადების საფუძველზე, თუ იგი კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ენიჭება რეპატრიანტის სტატუსი. არსებული სტატისტიკით რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად 2007 წლიდან დღემდე სულ შემოტანილ იქნა 6000-მდე ინდივიდუალური განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 2000-მდე. ხოლო საქართველოს მოქალაქეობა სულ, ჯამში 500-მდე პირმა მოიპოვა. რეპატრიანტები საცხოვრებლად განაწილებულნი არიან სხვადასხვა ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საზოგადოებების დახმარებით მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ ინტეგრირებას.
მიუხედავად ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საკითხი საბოლოოდ დახურული არ არის. თემის პრობლემურად აქტუალიზაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ მოხდეს, რასაც მიანიშნებს თუნდაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუცია, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ კანონის მიღებამ სასურველი შედეგი არ გამოიღო და რეპატრიაციის პროცესი, თურმე ნუ იტყვით, და ხელოვნური ბარიერებით ყოვნდება.
ასევე პრობლემური აქტუალიზაციის მაღალ რისკს უკავშირდება დასავლეთის ქართული კლიენტელა, უცხოეთიდან უხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტურული, ღიად მოღალატეობრივი საქმიანობა; მათაც ნებისმიერ დროს, მიღებული დავალების შესაბამისად შეუძლიათ მობილიზება, რათა საკითხის სასწრაფოდ აქტუალიზება და მძაფრად პოლიტიზება მოხდეს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ USAID-ის დაფინანსებით შესრულებული და გამოქვეყნებულ კვლევა: „მესხების რეპატრიაციის პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური დაბრკოლებები“. ეს უაღრესად ტენდენციური კვლევა სამარცხვინოდ ანტიქართული შინაარსისაა და მიმართულია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ისე დასანგრევად, რომ გზა გაეხსნას ე.წ. თურქი მესხების სტიქიურ და მოუწესრიგებელ მასობრივ ჩამოსახლებას.
საბოლოო დასკვნის სახით კი ეს უნდა აღვნიშნოთ: თურქეთის მხრიდან, ვინაიდან საქართველოსთან თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, საკითხის საშიში აქტუალიზაცია მოსალოდნელი არ არის. ქართველებსაც ზომიერი რეაქცია გვმართებს, რათა პრობლემა არ გავამწვავოთ, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესებში. როგორც ჩანს, წარმოსადგენ პერსპექტივაში ეს საკითხი თანამდევ რიტორიკულ ფონად უთუოდ დარჩება, თუმცა ისეთნაირად, რომ სერიოზული ჩრდილი ვერ მიაყენოს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს.
ასევე: წარსულის უმძიმესი გამოცდილებიდან გამომდინარე და საქართველოს წინააღმდეგ დღეს წარმოებული ჰიბრიდული შეტევის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რა მძიმე ზემოქმედება ხორციელდებოდა საქართველოზე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ამ საკითხის უკიდურესად პრობლემური აქტუალიზაციით, რაც ეგზისტენციალური საფრთხის შექმნას წარმოადგენდა საქართველოსთვის, სულაც არ არის გამორიცხული, Ahıska Türkleri-ის თემის სავარაუდოდ კვლავ წინ წამოწევა დასავლეთის მიერ პროვოკაციულად იქნეს გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთსა და საქართველოს შორის დღეს უაღრესად გართულებული, კონფრონტაციული ურთიერთობები არ დასტაბილურდა, ამ თემამ შესაძლოა ისევ მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტზე შესატევი საკმაოდ მრისხანე ინსტრუმენტის სახე…
https://geo-first.com/davit-zardiasvili-ram...RCDqGOazlTOCkww