ყველაზე ცხელი წერტილი ამ ეტაპზე დობროპოლიეს შვერილია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვახტანგ კაპანაძე, გადამდგარი გენერალი, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრისას.
„რუსები მომარაგებას ვერ ახერხებენ, მომარაგების ერთადერთი საშუალება დრონებია. ცხადია, ეს მომარაგება მასიური და დიდი მასშტაბის ვერ იქნება. უკრაინელებიც არ ჩქარობენ – არ უნდათ ზედმეტი დანაკარგები ამ მიმართულებაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ალყაში მოქცეულების განადგურებას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.
მისი განმარტებით, რუსებს სხვა მიმართულებით მცირედი წინსვლაც აქვთ, მაგრამ მასშტაბურ გარღვევას ვერ ახერხებენ. ვერც მოახერხებენო, მიიჩნევს სამხედრო ანალიტიკოსი. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამ გაჭიანურებული ომის ბედი რესურსებზეა დამოკიდებული.
ამასობაში, რუსეთში ნავთობის კრიზისი შეიქმნა – ნავთობის წარმოება 38 %-ით შემცირდა და ზოგიერთ რეგიონში ტალონებიც კი შემოიღეს, ერთჯერადად 20 ლიტრი საწვავის გაცემაა მხოლოდ შესაძლებელიო, გვიყვება გენერალი და დასძენს, გაუგებარია, ამ ვითარებაში რის იმედი აქვს პუტინსო.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, წუხელ რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ასევე, რუსებმა შეუტიეს უკრაინაში ენერგოობიექტებს. მოგვიყევით, რა ხდება?ეს არის უბრალოდ საჰაერო სივრცეში გააქტიურება ფრონტის ხაზისგან განსხვავებით. ზამთარი ახლოვდება, ამიტომაც რუსები ცდილობენ დაარტყან ენერგოობიექტებს, უკრაინის მოსახლეობისთვის ცივი ზამთარი რომ იყოს. რუსები ამას იმუქრებოდნენ 2022 წლიდან, მცდელობებიც ჰქონდათ, თუმცა არც თუ ისე შედეგიანი.
კიევის მარცხენა ნაპირი გათიშეს გუშინდელი დარტყმების შედეგად და ახლა ამის აღდგენა ხდება უკრაინაში, მაგრამ ეს არც ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო და არც სიახლე. ეს იყო კომბინირებული მოქმედება დრონებით, ფეიკი დრონებით და შემდგომ უკვე შაჰედებით – ეს ყველაფერი არეული ერთმანეთში.
რეალურად, 2022 წლიდან ვითარება მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ახლა უკვე ზელენსკი აცხადებს – თუ თქვენ ჩაგვიბნელებთ კიევს, მე ჩაგიბნელებთ მოსკოვს. დღეს ეს უკრაინას ნამდვილად შეუძლია.
როგორ ახერხებენ რუსები ისევ კიევზე თავდასხმას?100%-იანი საჰაერო თავდაცვა არ არსებობს. კიევი ძალიან დიდი ქალაქია, წარმოიდგინეთ, საქართველოს მოსახლეობის ოდენობის ხალხი ცხოვრობს მარტო კიევში. კიევი ტერიტორიულადაც დიდი ქალაქია. საუბარია კიევის რაიონების დაბომბვაზე.
საერთოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ითვლება წარმატებულად, თუ ის ახერხებს მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების 70%-ის დაზიანებას. ამას უკრაინა დღეს ახერხებს.
რუსებიც ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა რეაქტიული შაჰედების გამოყენება, რაც ართულებს მათ დაზიანებას. ცვლიან ტაქტიკასაც, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, ეს იქნება დრონების კონცენტრირება, ვერტიკალური პიკირება თუ 3 კმ-ზე ზევით შაჰედების მოძრაობა.
არის ეს სირთულეები, მაგრამ – კიევი კოლაფსშია – ასეთი ვითარება არ არის. თავისთავად, ძალიან მძიმე სანახავია, როცა საბავშვო ბაღებიდან ხელჩაკიდებული ბავშვები გამოჰყავთ და ჩაჰყავთ თავშესაფარში.
თქვენ ახსენეთ, რომ უკრაინელებსაც შეუძლიათ მოსკოვის ჩაბნელება. რა გათვლით არ აკეთებს ამას უკრაინა?უკრაინა არ ურტყამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, უკრაინელებისთვის პრიორიტეტულია ენერგომატარებლების და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი წერტილების განადგურება. ამ წერტილების რაოდენობა დიდია – მოსკოვამდე უხეშად რომ გავავლოთ მრუდი, 2000 -მდე სამიზნეა.
უკრაინელების ამ აქტიური დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი წარმოება 38%-ით შემცირდა.
საწვავის კრიზისი რუსეთში პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინელების დარტყმებზე?
რა თქმა უნდა, ეს კრიზისი ამას უკავშირდება.
ამას დაემთხვა ისიც, რომ სოფლის მეურნეობის სამუშაოებია საწარმოებელი. რეგიონებია, სადაც კილომეტრიანი რიგებია საწვავზე. მკვეთრად მოიმატა საწვავის ფასმა. ერთჯერადად ხელზე გაიცემა მხოლოდ 20 ლიტრი საწვავი, ზოგიერთ რაიონში ტალონებიც შემოიღეს.
ნავთობის კრიზისი როგორ აისახება ომზე?უცებ არ აისახება ომზე, ვინაიდან რუსეთი ახერხებს ომისთვის საჭირო ნავთობგადამამუშავებელი საშუალებების მობილიზებას, მაგრამ არაპირდაპირი გზით, რა თქმა უნდა, აისახება.
ეს კრიზისი აისახება იმ თანხებზეც, რომელიც რუსეთმა უნდა დახარჯოს საომარ მოქმედებებზე, აისახება სოციალურ ვითარებაზე, ვინაიდან „ხაჭაპურის პრინციპია“: ერთი ხაჭაპურიდან მე თუ მეტს მოვიჭრი, შენ – ნაკლები დაგრჩება.
შესაბამისად, ეს მოაკლდება პენსიონერს, დასაქმებულს, შიდა ეკონომიკას, თუმცა ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამით რუსეთი დამთავრდა და ვეღარ შეძლებს ომის წარმოებას.
ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში და ახლაც გავიმეორებ: ამ ტემპით და ინტენსივობით კიდევ დაახლოებით 5-7 წელი შეუძლია რუსეთს ომის წარმოება, მაგრამ ეს რუსეთზე ძალიან მძიმედ აისახება.
ამიტომაცაა, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო რუსეთი ხდება ჩინეთის სატელიტი.
უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა სიახლეებია? რა სახის წინსვლა აქვთ რუსებს და რა ტაქტიკით მოქმედებენ უკრაინელები ფრონტის ხაზზე?უკრაინელებისთვის ყველაზე ცხელი წერტილი ალბათ მაინც არის დობროპოლიეს შვერილი – სადღაც 15 კილომეტრამდე შევიდნენ რუსები უკრაინელების დაცვის სიღრმეში და გარღვევის სიგანე სულ იყო 2 კილომეტრამდე.
უკრაინელებმა მოახერხეს ის, რომ ეს შვერილი ორ ნაწილად გაყვეს და აქ სრული ალყაა. უკრაინელები მეთოდურად ცდილობენ ალყაში მოქცეული რუსული დანაყოფების განადგურებას.
რუსები მომარაგებას ვერ ახერხებენ, მომარაგების ერთადერთი საშუალება არის დრონებით მომარაგება, მაგრამ ცხადია, ეს მომარაგება მასიური და დიდი მასშტაბის ვერ იქნება.
უკრაინელებიც არ ჩქარობენ – არ უნდათ ზედმეტი დანაკარგები ამ მიმართულებაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ალყაში მოქცეულების განადგურებას.
კუპიანსკის მიმართულებაზე კი რუსები აქტიურობენ – ცალკეული ჯგუფები აღწევენ ქალაქის ცენტრამდე. როცა მთელი ქალაქის სიგანე 3 კმ-ს აღწევს, რუსები 1,5 კმ-ზე ცენტრამდე, თითქმის ნახევარზე შედიან, მაგრამ ვერ მაგრდებიან და ისევ უკან გამოსვლა უწევთ. რუსები აქ ცდილობენ დანგრეულ შენობებს ჩაეჭიდონ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. თუ ეს შეძლეს, მაშინ დასახლებულ პუნქტებში საომარი მოქმედების კანონებით, შემტევების და დამცველთა შესაძლებლობები გათანაბრდება.
ფრონტის ხაზზე, ე.წ. „ნულოვან ზონაში“ რუსების გარკვეული წინსვლა ალბათ იქნება, მაგრამ ამინდები ფუჭდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის კარგი ჯარისთვის, მაგრამ რუსული ჯარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ზუსტად რომ მოგიყვეთ და გავყვეთ სტატისტიკურ მონაცემებს: ივნისში რუსების წინწაწევის ტემპი იყო 575 კვადრატული კილომეტრი, აგვისტოში – 475 კვადრატული კილომეტრი, სექტემბერში კი მხოლოდ 225 კვადრატული კილომეტრი.
თუ როგორ ზემოქმედებს ამინდი უკრაინის ფრონტზე, ილუსტრირებისთვის – მარტში, ეს მონაცემები, მაგალითად, იყო სულ 135 კვადრატული კილომეტრი.
ამინდი ფუჭდება, დაიწყება წვიმები, „რასპუტიცა“ და იგივე მოტოციკლეტების გადაადგილება შეუძლებელი იქნება ტალახში. ფოთოლცვენაც მალე დაიწყება და დამალვაც გართულდება.
ასე რომ, დიდი გარღვევები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. მალე ალბათ რუსეთ მოუწევს გაზაფხულისთვის მომზადება.
რა რესურსი აქვს რუსეთს წინსვლისთვის? შესაძლებელია, რომ გავიდნენ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე?არა, ეს გამორიცხულია. დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებზე რომ გავიდნენ, უნდა დაიკავონ კრამატორსკი და სლავიანსკი. დავალება აქვთ ასეთი, რომ შემოდგომამდე უნდა აეღოთ დონბასი, მაგრამ დასრულდა ფაქტობრივად შემოდგომა და რუსები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცდილობენ გავიდნენ კონსტანტინოვკის ვექტორზე. ეს არის აღნიშნული თავდაცვის რაიონის სამხრეთის მხარე. აქ უკვე იმდენი თვეა მიმდინარეობს ბრძოლა, რომ უკრაინელებმა უკვე დიდი ხანია გადაიტანეს მომარაგების ჰაბი სხვა მიმართულებებზე.
რუსებმა კუპიანსკი შეიძლება რომ აიღონ აი, ამდენი თვის შეტევების შემდეგ, უკვე ქალაქში ხდება ბრძოლები. რუსები გადასულები არიან მდინარე ასკოლის მეორე ნაპირზე და მომარაგებას ასე თუ ისე წარმატებით ახერხებენ.
რა ჩანს ამ გადასახედიდან, რის იმედი აქვს პუტინს?
ვერ გეტყვით ამას ნამდვილად. დასავლეთი აძლიერებს უკრაინის დახმარებას, აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვისუნარიანობას.
უკრაინას უკვე აქვს „ფლამინგო“, რომელიც 3 ათას კილომეტრზე დაფრინავს, „გრძელი ნეპტუნი“, რომელიც 2 ათას კილომეტრზე დაფრინავს, ს-200 ათას კილომეტრამდე, „საპსანი“ 500 კმ-მდე. ანუ უკრაინა თავად აწარმოებს ბალისტიკას და ფრთოსან რაკეტებს, რომლითაც შეუძლია დაარტყას რუსეთს „ტომაჰავკების“ გარეშე.
„ტომაჰავკებს“ როცა მიიღებს უკვე უკრაინა, რომელიც ქსელურცენტრული იარაღია – სატელიტიდან იმართება, კოსმოსიდან, მიწიდან, რიგითი ქვეითიდან ან ცალკეული ტანკიდან – ათასი მიმართულებით შეიძლება მიიმართოს და შეიძლება დამიზნება, რა თქმა უნდა, რუსების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, პირიქით – დამძიმდება.
ამას ემატება ისიც, რომ აშშ თანახმაა, გაუზიაროს უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე და არ ვიცი, რის იმედი აქვს რუსეთს.
რატომ არ დათანხმდა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას ამ მოცემულობაში, თქვენი აზრით?როგორც ჩანს, მას მაინც იმის იმედი აქვს, რომ ეს გრძელი ომია. გამოფიტვაზე ომის ფარგლებში იქნებ უკრაინა გადაიღალოს და რაღაც გამოსტყუოს.
დარწმუნებული ვიყავი, რომ წლის ბოლომდე ცეცხლი შეწყდებოდა. ამაზე თქვენთანაც ვსაუბრობდი. ახლაც ვთვლი, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისევ შესაძლებელია, მაგრამ 50/50-ზე. უკვე სხვა დრაივერები შემოვიდა ამ ომში: პუტინი სხვა ჰონორით დაბრუნდა ჩინეთიდან და ეს მის საუბარს ეტყობოდა. ამავდროულად, ზელენსკიც გულმოცემულია ამერიკელებთან შეხვედრების შემდეგ, დასავლეთში შეხვედრების შემდეგ. ჩემი აზრით, ორივე მხარე ახალი ენერგიით აივსო.
ნამდვილად ორივესთვის გამოსავალია ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ძნელია ახლა რუსეთზე ისაუბრო რაღაც ლოგიკით, ხომ?! ყოველთვის სუბიექტური იყო რუსული გადაწყვეტილებები, გინდა პოლიტიკური, გინდა – სამხედრო.
ალიევს შეხვდა გუშინ პუტინი. ეს შეხვედრა და გზავნილები რას აჩვენებს თქვენთვის?როგორ გგონიათ, ეს რუსეთის სიძლიერეს აჩვენებს? რუსეთს ზედმეტი მტერი აღარ უნდა და ეს არის – აზერბაიჯანის გადაკიდება თურქეთთან ერთად ნამდვილად არ უნდა.
ისედაც ვერ აქვს პუტინს დალაგებული საქმეები სამხრეთ კავკასიაში. რუსეთს აღარ უნდა თავის პრობლემებს კიდევ ერთი მიუმატოს.
რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს ეს ომი უახლოეს პერსპექტივაში, რაზეა უფრო უკრაინის წარმატება დამოკიდებული – კრიზისების გაღრმავებაზე რუსეთში, თუ დასავლეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მასშტაბის გაზრდაზე?ფაქტობრივად ეს დაპირისპირება გადასულია გამოფიტვაზე. ეს გაჭიანურებული ომია, ოპერატიული ჩიხია. ახლა ძირითადი ფაქტორია, რა რესურსები გააჩნია ორივე მხარეს ჯერ კიდევ გამოუყენებელი. ჩემი აზრით, ამ მხრივ უკრაინა უკეთეს ვითარებაშია, ვინაიდან მის უკან დგას დასავლეთი.
დასავლეთის ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის და ირანის. ჩინეთიც ეხმარება რუსეთს, მაგრამ ჩინეთის დახმარება არც ისე მასიურია.
ასე რომ, ჩემი აზრით, უკრაინას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გაძლიერდეს ვიდრე რუსეთს. წარმოიდგინეთ, უკრაინამ დაიწყო ბრძოლა საბჭოთა შეიარაღებით და დღეს მის ცაში დაფრინავენ F-16-ები და „მირაჟები“.
ახლა უკვე საუბარია შვედური თვითმფრინავების მიღებაზე – „გრიპენებზე“. ეს არის მსუბუქი, ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური, დელტას ტიპის ფრთებიანი თვითმფრინავი. რომლის მომსახურებაც და გამოყენებაც არც თუ ისე რთული და ძვირია. როდესაც მე ვიყავით თავდაცვაში, საჰაერო ძალების მაშინდელ სარდალთან ერთად გეგმაში გვქონდა, რომ საქართველო გადასულიყო ამ „გრიპენებზე“, მაგრამ შემდგომ რატომღაც ისევ სუ-25 დარჩა შეიარაღებაში.
ახლა უკრაინაში, ძალიან დიდი ალბათობით მალე, გამოჩნდება ცაში ეს თვითმფრინავები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააძლიერებენ მის საჰაერო ძალებს.
https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/5...-Tb1V1rsKDr7P9g * * *
სმოლენსკის ავიაქარხანას ხიეს ჩვენებმა
შედეგებს ალბათ რამდენიმე დღეში შევიტყობთ