#62307561 · 10 Oct 2025, 12:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ფორუმის კულინარულო ელიტავ და ჭეშმარიტების მაძიებელნო.
დიდხანს ვყოყმანობდი, გამემხილა თუ არა ეს უკანასკნელი საიდუმლო. ის, რასაც ახლა გაგანდობთ, სამუდამოდ შეცვლის თქვენს წარმოდგენას შემწვარ კვერცხზე. ეს არის მწვერვალი, რომლის იქითაც არაფერია.
დაივიწყეთ ყველაფერი: აჩიჩხინებული ტაფა?– ბარბაროსობა. ზღვა ზეთში მცურავი კვერცხი?– ვულგარულობა. გამაგრებული გული?– კულინარიული დანაშაული. და რაც მთავარია, ერთმანეთისგან განცალკევებული ცილა და გული?– ქაოსი და ანარქია თეფშზე.
სრულყოფილება ჰარმონიაშია. კვერცხის იდეალური ფორმა მის ერთიანობაშია.
იდეალური მეთოდი:
1. ჰარმონიზაცია (მოსამზადებელი ეტაპი): აიღეთ პატარა ჯამი ან საინი. გატეხეთ მასში კვერცხი. ახლა, დაივიწყეთ აგრესიული თქვეფა. აიღეთ ჩანგალი და ნაზი, მედიტაციური მოძრაობებით შეურიეთ ცილა და გული ერთმანეთს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან, ნაზ ყვითელ ფერს. თქვენ არ თქვიფავთ, თქვენ აერთიანებთ ორ სტიქიას. 2. ტაფის მომზადება:დადგით ტაფა ყველაზე, აი, ყველაზე დაბალ ცეცხლზე. დაასხით სულ რამდენიმე წვეთი ზეთი და გაანაწილეთ თხელ ფენად. ტაფა უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი. 3. შექმნის მომენტი:დაასხით ჰარმონიზებული კვერცხის მასა ტაფაზე. მას არ უნდა ჰქონდეს ხმა. არანაირი ჩიჩხინი. თუ ხმა გაიგეთ, ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. 4. ლოდინის ხელოვნება: ახლა კი ყველაზე მთავარი – მოთმინება. დააკვირდით, როგორ გადაიქცევა თხევადი მასა ნელ-ნელა ერთიან, ნაზ, აბრეშუმივით სტრუქტურად. ის არ იწვება, ის მყარდება.
შედეგი: თქვენ არ იღებთ არც ომლეტს, არც ჩვეულებრივ შემწვარ კვერცხს. თქვენ იღებთ კვერცხის იდეალურ ფორმას – ერთგვაროვან, ნაზ, ფაფუკ, ჰაეროვან მასას, სადაც არც ცილაა რეზინივით და არც გულია გამომშრალი. ეს არის სუფთა, კონცენტრირებული კვერცხის გემო.
ვინც ახლა იტყვის, "ეს ხომ ომლეტია", უბრალოდ ვერ ჩასწვდა არსს. ეს ისეთივე განსხვავებაა, როგორც "მონა ლიზასა" და ბავშვის მიერ დახატულ კაცუნას შორის.
სცადეთ და მიხვდებით, რომ აქამდე მხოლოდ კვერცხის პროფანაციით იყავით დაკავებული. მათ კი, ვინც ისევ ცალ-ცალკე ტოვებს ცილას და გულს... თქვენ უბრალოდ ქაოსის მხარეს ხართ.
ამით ყველაფერი ნათქვამია. წერტილი.
|