#62326701 · 23 Oct 2025, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამხნევების ან დაჯილდოების მიზნით საკვების ათასში ერთხელ გამოყენება სულაც არ არის ცუდი, მაგრამ როდესაც ჭამა ემოციური გამკლავების მთავარი მექანიზმია — როდესაც სტრესის, განაწყენების, მღელვარების, ბრაზის, მარტოობის, დაღლილობის, მოწყენილობის ან დადებითი ემოციების განცდისას არც თუ ისე იშვიათად იმპულსი მაცივრის გაღებაა — შესაძლოა არაჯანსაღ ციკლში ვიყოთ ჩაბმულები, რომელშიც რეალური პრობლემები არასდროს გვარდება.
დიეტა, როგორც წესი, ამწვავებს ემოციური კვებისადმი მიდრეკილებას.
ემოციური კვების ციკლისგან თავის დასაღწევად, პირველ რიგში უნდა შევძლოთ ემოციური და ფიზიკური შიმშილის ერთმანეთისგან განსხვავება.
განსხვავება ემოციურ და ფიზიკურ შიმშილს შორის
ემოციური შიმშილი მოულოდნელად ჩნდება. ის მყისიერად გეუფლებათ, საკვების მიღების დაუძლეველ სურვილით გავსებთ და მისი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებისკენ გიბიძგებთ. ფიზიკური შიმშილი კი თანდათანობით მოდის. ჭამის სურვილი არც ისე მწვავეა და არც მყისიერ დაკმაყოფილებას მოითხოვს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დიდი ხანია არ გიჭამიათ).
ემოციური შიმშილი სპეციფიკურ, ტვინის დამამშვიდებელ საკვებს მოითხოვს. როდესაც ფიზიკურად გშიათ, თითქმის ყველა კერძი მისაღებად ჟღერს - მათ შორის ჯანსაღი პროდუქტები, როგორიცაა ბოსტნეული. ემოციური შიმშილი კი არაჯანსაღ ან შაქრიან საჭმელს მოითხოვს, რომლის მიღებაც იმწუთიერ სტიმულს იძლევა. გრძნობთ, რომ მაგალითად, კრემიანი ნამცხვარი ან ხაჭაპური გჭირდებათ და სხვა არაფერი გამოგადგებათ.
ემოციური შიმშილი ხშირად იწვევს უმართავ კვებასაც. ზოგჯერ აღმოაჩენთ, რომ გაცნობიერების გარეშე გაქვთ შეჭმული ჩიფსების მთელი პაკეტი ან ნაყინის მთელი პინტა. როდესაც ფიზიკური შიმშილის საპასუხოდ ჭამთ, როგორც წესი, კვების პროცესს მეტად აცნობიერებთ.
ემოციური შიმშილი არ კმაყოფილდება ულუფის მიღებით. თქვენ მუდმივად გსურთ მეტი და მეტი, ხშირად ჭამთ მანამ, სანამ დისკომფორტს არ იგრძნობთ. ფიზიკურ შიმშილს კი ,,გასკდომა" არ სჭირდება. თავს დანაყრებულად გრძნობთ, როგორც კი ტვინი კუჭში საკვების მოხვედრის შესახებ სიგნალს იღებს.
ემოციური შიმშილი კუჭში არ არის ლოკალიზებული. მუცლის ყურყურის ან ტკივილის ნაცვლად, შიმშილს გრძნობთ როგორც ლტოლვას, რომლის თავიდან ამოგდებაც არ შეგიძლიათ. თქვენ კონცენტრირებული ხართ კონკრეტულ ტექსტურებზე, გემოებსა და სუნებზე.
ემოციური შიმშილი ხშირად იწვევს სინანულს, დანაშაულის ან სირცხვილის განცდას, თვითგვემას. როდესაც ფიზიკური შიმშილის დასაკმაყოფილებლად ჭამთ, ნაკლებად სავარაუდოა თავი დამნაშავედ იგრძნოთ, რადგან თქვენ უბრალოდ თქვენს სხეულს აძლევთ იმას, რაც სჭირდება. თუ ჭამის შემდეგ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ეს სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ გულის სიღრმეში იცით, კვებითი ღირებულების გამო არ გიჭამიათ.
This post has been edited by Genevieve on 23 Oct 2025, 22:11
|